კულტურა

იაპონური სასწაულები

e026826c5ec8
“უჩინმაჩინის ლაბადა”
ვის არ წაუკითხავს უჩინმაჩინის ქუდის შესახებ? დაიხურავ ამ ქუდს და მთელ ქვეყანას ისე შემოივლი, ვერავინ შეგამჩნევს. ის, რაც ძველ ზღაპრებშია მოთხრობილი და რაც ერთ დროს მიუწვდომელი ფუფუნება გვეგონა, თანამედროვე მეცნიერებისთვის სულაც არ არის მიუწვდომელი.

ქუდი არა, მაგრამ იაპონელმა მეცნიერებმა “უჩინმაჩინის ლაბადა” ნამდვილად გამოიგონეს და საზოგადოებასაც წარუდგინეს. მისი მოქმედების პრინციპი განსაკუთრებულ ოპტიკურ ეფექტს ემყარება, რომლის წყალობითაც ლაბადის შიგნით ნებისმიერი ობიექტი უჩინარი ხდება. სინათლის ტალღების დახმარებით სიცარიელის ილუზია იქმნება და ჩვენ ვერ ვხედავთ ვის აცვია “უჩინმაჩინის ლაბადა”.
საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ, არც ის არის ცნობილი, როდის გამოვა ეს პროდუქტი ბაზარზე და არც ის, რა ეღირება.

რატომ ტირის თქვენი პატარა

276c4d8a30cb

ხიროსიმელი მკვლევარები მუშაობენ პროგრამულ ალგორითმზე, რომელიც ახალგაზრდა მშობლებს ბავშვის ტირილის მიზეზის გაგებაში დაეხმარება. ამ ეტაპისათვის პროგრამა 96%-იანი წარმატებით ასხვავებს, ბავშვს რაიმე სტკივა თუ სხვა მიზეზით ტირის. ხიროსიმელ მეცნიერთა საბოლოო მიზანი ისეთი მოწყობილობის შექმნაა, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით დაადგენს ჩვილის უკმაყოფილების კონკრეტულ მიზეზს. ამგვარი მოწყობილობა ახალგაზრდა მშობლებს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ყოფას და ოჯახურ კონფლიქტებსაც ააცილებს თავიდან. ხუმრობა ხომ არ არის – დედ-მამა სულ ადვილად დაადგენს, რა აწუხებს მათ პატარას.

რობოტი-მასწავლებელი

800fbfd6ccab
იაპონელებმა შექმნეს რობოტი-მასწავლებელი, რომლის სიმაღლეც 120 სმ-ია წონა კი 15 კილოგრამი. ის განკუთვნილია სკოლებში ბავშვების სწავლებისათვის. რობოტი სპეციალური ბატარეით იკვებება, მოწყობილობა შეიძლება ვმართოთ უკაბელო ლოკალური ქსელის დახმარებით. ამ უცნაური პროექტის ავტორთა აზრით, რობოტი წარმატებით გაართმევს თავს მასწავლებლის ფუნქციებს.

P.S. ალბათ, მკითხველი დამეთანხმება, რომ სამივე გამოგონება ერთდროულად იწვევს როგორც გაოცებას, ასევე პატივისცემას იაპონელების მიმართ, თუმცა ამ გამოგონებების პრაქტიკაში დანერგვა უამრავ ადამიანს დაუფრთხობს ძილს: პირველ რიგში – მოღალატე მეუღლეებს, მიდი და გაიგე, უჩინმაჩინის ლაბადაში გამოწყობილი მეორე ნახევარი გღალატობს თუ არა… და პედაგოგებს, რომლებსაც რობოტი-მასწავლებლის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდებათ.

kvirispalitra.ge

მსგავსი ამბები

Back to top button