არქივი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

2e2d82c0fbd6

ცოტა რამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრზე ;)

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი — ოპერის სახლი ქ. თბილისში, საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი, თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრი უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე. დაარსდა 1851 წელს.

საქართველოში ოპერის თეატრის დაარსება იმ ზოგად პოლიტიკურ-კულტურული პროცესების უშუალო გამოძახილი და გაგრძელება იყო, რამაც იგი რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მოიცვა და მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კულტურული ცხოვრების და ეროვნულ-საგანმანათლებლო მოძრაობის გააქტიურების თვალსაზრისით.6782d96ff95b

1844 წელს საქართველოში დანიშნულმა კავკასიის მთავარმართებელმა, გენერალ-ფელდმარშალმა, დიპლომატმა გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. 1845 წელს მან სტავროპოლიდან მოიწვია მსახიობთა დასი იაცენკოს ხელმძღვანელობით, რომელთაც სპეციალური სცენა გამოუყო. ამ მიზნით იაცენკომ მანეჟის შენობა გამოიყენა, რომელიც გადააკეთებინა საოპერო სცენად და შეიქმნა თეატრის დირექცია ცხრა კაცის შემადგენლობით. დასმა სპექტაკლების გამართვა 1845 წლის 20 სექტემბრიდან დაიწყო. წარმოდგენები კვირაში ორჯერ იმართებოდა და უმთავრესად ვოდევილებისა და კომედიებისაგან შედგებოდა.

1845—1846 წლების სეზონში თეატრში დირიჟორობდნენ კამენსკი და პეტროვი, შემდეგ მოიწვიეს მალაგანი და შენინგი.

1846 წლის 15 სექტემბერს მალაგანის ხელმძღვანელობით სპექტაკლის დაწყებამდე შესრულდა ობერის ოპერა „ფენელას“ უვერტიურა, ხოლო შესვენების დროს — მალაგანის სიმფონია, რაც ოპერისათვის განკუთვნილ სცენაზე სიმფონიური მუსიკის შესრულების პირველი პრეცედენტი იყო. შემდგომში ეს ტრადიციადაც კი იქცა. ვორონცოვმა მსახიობები საიმპერატორო თეატრებიდანაც მოიწვია. შემდგომში წარმოდგენები ქართულ ენაზეც ითარგმნებოდა.

1850 წლის 2 იანვარს დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“. ამ პროცესების პარალელურად თბილისში მუდმივი საოპერო თეატრი შენდებოდა. 1851 წლის გაზაფხულზე თბილისში მოწვეული იყო იტალიური საოპერო დასი იმხანად ცნობილი დირიჟორის ბარბიერის ხელმძღვანელობით, რომელმაც სამი თვის განმავლობაში თორმეტი საოპერო დადგმა განახორციელა. ამასთან დაკავშირებით ორკესტრი გამდიდრდა ახალი საკრავებით, ნოტებით. თბილისში ჩამოვიდნენ და დამკვიდრდნენ უცხოელი ორკესტრანტები.

5d55e55adb28

1851 წლის 9 ნოემბერს თბილისის პირველი საოპერო სეზონიც გაიხსნა. წარმოდგენილი იყო გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, რომელსაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად, მასპინძლები ბარბიერის დასს და ოპერაში იმ საღამოს შეკრებილ საზოგადოებას მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ წამოუძღვნენ. ჭეშმარიტად სახალხო ზეიმად ქცეულმა სანახაობამ პირდაპირ მდინარე მტკვარში გადაინაცვლა, სადაც ტივებზე მოკალათებული ხალხი მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა ოპერის თეატრის გახსნას თბილისში. არიებს იტალიური ოპერიდან დილამდე ენაცვლებოდა ადგილობრივი ქალაქური მუსიკის ჰანგები.

პირველ წარმოდგენას მოჰყვა „ერნანი“, „ნორმა“, „სევილიელი დალაქი“ და სხვა ოპერები. ამ შესანიშნავმა თეატრმა ახლად დადგმული საოპერო სპექტაკლებით მნიშვნელოვნად აამაღლა თბილისის კულტურული ცხოვრების საერთო დონე. თბილისელ მელომანთა შორის იტალიელი კომპოზიტორებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ბელინი, დონიცეტი, როსინი, ვერდი. ლამაზი საბალეტო სცენებით და ვირტუოზული ვოკალური ტექნიკის მდიდარ საოპერო სპექტაკლებს არ შეიძლებოდა არ მიეზიდა სანახაობებისადმი ემოციური დამოკიდებულებით გამორჩეული ტემპერამენტული აუდიტორია. მას ხიბლავდა მეიერბერის „ჰუგენოტები“ და „აფრიკელი ქალი“, ჰალევის „კარდინალის ქალიშვილი“, ობერის „ფენელა“. მოგვიანებით თბილისში საოცარ დაინტერესებას იჩენდნენ გერმანული ოპერის, კერძოდ რიხარდ ვაგნერის მუსიკის მიმართ. შესანიშნავია ისიც, რომ ევროპაში შექმნილი ყოველი მაღალმხატვრული საოპერო თხზულება ერთი ან ორი წლის შემდეგ უკვე თბილისის ოპერის სცენაზე იდგმებოდა.

თბილისი XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტობრივად „ოპერომანიით“ იყო შეპყრობილი. ამ გარემოებამ გადაწყვიტა საოპერო დასის შექმნაც, რაც აუცილებელი იყო სრულფასოვანი დადგმების განსახორციელებლად. ამ მიზნით 1852 წელს, უკვე მეორე სეზონზე მოიწვიეს რუსული საბალეტო დასი პეტერბურგიდან, რომელმაც 1852 წლის 5 ოქტომბერს მაყურებელს შესთავაზა ტალიონის ბალეტ „სილფიდას“ II მოქმედების ნაწყვეტი და სხვადასხვა ცეკვები. ეს გახლდათ პირველი საბალეტო წარმოდგენა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე. პირველი მთლიანი საბალეტო სპექტაკლი კი ბალეტმაისტერ მანოხინის მიერ დადგმული შმიდტის ბალეტი „გიტანა“ იყო, რომლის პრემიერა 1894 წლის 18 იანვარს შედგა. თეატრი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ საოპერო სპექტაკლებით და 1860 წლის ზაფხულში ორკესტრი შენინგის და კატანის დირიჟორობით კონცერტებსაც მართავდა იმხანად ყველაზე დიდ, მუშთაიდის პარკში, აგრეთვე თბილისის სხვა შენობებში.

1874 წელს ოპერის შენობა დაიწვა, მიუხედავად ამისა დასმა მუშაობა არ შეწყვიტა და დროებით „საზაფხულო თეატრის“ სცენაზე გადაინაცვლა. ამ პერიოდმა 22 წელი გასტანა. თბილისის კულტურული ცხოვრება ახალ-ახალი ღირსშესანიშნავი მოვლენებით მდიდრდებოდა. თეატრის სცენაზე მუშაობა დაიწყო რუსულმა საოპერო დასმა; დაიდგა პეტრე ჩაიკოვსკის, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის, ანტონ რუბინშტეინის ოპერები. თეატრის მხატვრული დონის ამაღლებას ხელი შეუწყო რუსი კომპოზიტორის — იპოლიტოვ-ივანოვის მოღვაწეობამ, რომელიც თეატრს სათავეში 1883—1893 წლებში ედგა.

80-იან წლებში განსაკუთრებით გამოცოცხლდა ქალაქის საკონცერტო ცხოვრება. თბილისში კონცერტებით გამოდიოდნენ ცნობილი შემსრულებლები: გალი, პატი, ბარძი, მაზინი, კუბელიკი, ჩაიკოვსკი, რუბინშტეინი, რახმანინოვი, ზარუდნაია, იაკოვლევი, უსატოვი და ამ უკანასკნელის მოწაფე, დიდი რუსი მომღერალი ფიოდორ შალიაპინი.

თეატრის ახალი შენობა 1896 წლის 3 ნოემბერს მიხაილ გლინკას ოპერით „ივან სუსანინი“. ეს დადგმა განახორციელა რუსულმა საოპერო დასმა, რომლის რეპერტუარის წყალობით ქართული საზოგადოება რუს კომპოზიტორთა საოპერო ნაწარმოებებსაც გაეცნო.

სხვადასხვა დროს ამ სცენაზე ცნობილი საოპერო და საბალეტო დასები გამოდიოდნენ: იტალიური ოპერა (1897-98, 1910), ვენის საიმპერატორო ოპერეტა (1903), მოსკოვისა და პეტერბურგის კომიკური ოპერები (1907), პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი (1907-08, 1913); მღეროდნენ XIX—XX საუკუნეში მოღვაწე შესანიშნავი მომღერლები: შალიაპინი, სიბირიაკოვი, მოზჟუხინი, დავიდოვი, სობინოვი და სხვა. აღსანიშნავია, რომ 1905 წელს დაფუძნებულმა თბილისის ფილარმონიულმა საზოგადოებამ განახორციელა რუსული და დასვლეთ ევროპული ოპერების ქართულ ენაზე დადგმა, რაც საოპერო ხელოვნების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს უწყობდა ხელს და შესაბამისად, მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს იზიდავდა. ყოველივე ამან და ქართულმა სასიმღერო თუ პოეტურმა ტრადიციამ ხელი შეუწყო ქართული ეროვნული ოპერის შექმნას, რომელსაც ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიის პირველი ეტაპი უკავშირდება.
ცოტა რამ ზაქარია ფალიაშვილის შესახებ:

ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი(დ. 4 აგვისტო/16 აგვისტო, 1871, ქუთაისი — გ. 6 ოქტომბერი, 1933, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.

58bb166fd5ca

მამამისი ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. მუსიკოსები იყვნენ აგრეთვე ფალიაშვილის 4 ძმა და და. თავდაპირველი მუსიკალური განათლება ივანემ და ზაქარიამ მიიღეს პიანისტ-ორღანისტთან ფელიქს მიზანდართან (ალოიზ მიზანდარის ძმასთან) სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას წმინდა მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში, მღეროდა იგივე ეკლესიის გუნდში, 1887-იდან კი თბილისში – ლ. აღნიაშვილის გუნდში. 1891-იდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას, 1895-1899 – თეორიული დისციპლინებში მეცადინეობდა ნ. კლენოვსკის ხელმძღვანელობით. 1896-იდან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება, შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო 1900-1903 მოსკოვის კონსერვატორიაში ს. ტანეევის ხელმძღვანელობით. მოსკოვში ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართულ ხალხური მუსიკის საღამოებს.

1903 წელს ფალიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო (ორგანისტი და დირიჟორი) მოღვაწეობა. მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში, აქტიურად მონაწილეობდა “ქართული ფილარმონიული საზოგადოების” დაფუძნებაში (1905), დაარსა გუნდი და ორკესტრი, 1908-1917 სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას. იყო აქტიური წევრი “ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა”, დირიჟორობდა სპექტაკლებს. 1905 მოსკოვში დაიბეჭდა ფალიაშვილის პირველი რომანსები “ახალ აღნაგო სულო”, “ნანა, შვილო” (მიეძღვნა ი. ჯავახიშვილს). ამ პერიოდს ეკუთვნის აგრეთვე “მრავალჟამიერი” (სოლისტი, გუნდი და ორკესტრი, 1908), “ქართული ლიტურგია” (1910), განაგრძობდა ხალხური სიმღერების შეკრებასა (300-მდე) და დამუშავებას. გამოსცა 2 კრებული – “40 ქართული ხალხური სიმღერა” (1910) და “8 ქართული ხალხური სიმღერა” (დამუშავება; 1910). 1910 დაიწყო მუშაობა ოპერა “აბესალომ და ეთერზე”, რომლის ნაწყვეტები 1913 წელს შესრულდა. 1919 წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა ამ ოპერის პრემიერა. ფალიაშვილი განაგრძნობდა აქტიურ შემოქმედებით, პედაგიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი (1918-იდან) და დირექტორი (1919, 1923, 1929-1932) წლებში. შექმნა ოპერები – “დაისი” (1923, პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს) და “ლატავრა” (1927; პრემიერა 1928 წლის 16 მარტს), “საზეიმო კანტატა” (1927) და სხვა.

ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. მან ფუძემდებლური როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში, მისი ესთეტიკური პრინციპებისა და სტილური თავისებურებების ფორმირებაში. ფალიაშვილის საუკეთესი ქმნილებებით ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში. ფალიაშვილის შემოქმედება მაღალი იდეურობისა და ხალხურობის ნუმუშია. იგი თანამიმდევრულად რეალისტურია. ფალიაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორი იყო, რომელმაც თავის ნაწარმოებებში განასახიერა ქართველი ხალხის სულიერი ძალა და მუსიკალური გენია. თავისი შემოქმედება ფალიაშვილმა ააგო ქართული ხალხური მუსიკის კულტურის მხატვრული განზოგადებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო ტრადიციებთან მისი სინთეზირების საფუძველზე. ფალიაშვილი ნოვატორი კომპოზიტორია, გადაწყვიტა რა იმ დროის ქართული მუსიკის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემები – მოახდინა მისი პროფესიონალიზაცია. იგი პირველი დაეუფლა მონუმენტური მუსიკის ფორმას, შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები.

a7bca63208f8

კომპოზიტორის მემკვიდრეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს, რომლებიც ცოცხლად წარმოგვისახავს ისტორიული წარსულის ჰეროიკას, ხალხის ცხოვრების სურათებს, ეროვნული ეპოსის დიად სახეებს. ფალიაშვილმა შექმნა ქართული ოპერის 3 განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა-ტრაგედია “აბესალომ და ეთერი”, ლირიკულ-დრამატული “დაისი”, გმირულ-პატრიოტული – “ლატავრა”. პირველი ორის სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. ფალიაშვილის გენიალური ოპერა “აბესალომ და ეთერი” ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი მწვერვალია (ლიბრეტო ხალხური თქმულების “ეთერიანის” საფუძველზე შეადგინა პ.მირიანაშვილმა). სიყვარულსა და სიკვდილზე ამაღლებული პოემა კომპოზიტორმა მუსიკალური ტრაგედიის სადა და ამავე დროს მონუმენტურ ფორმებში გადაწყვიტა. ღრმა სოციალურ-ეთიკურმა იდეამ (სიავარულის ძალა გადალახავს სოციალური უთანასწორობის ზღუდეს და ამარცხებს თვით სიკვდილს) განსაზღვრა ოპერის მუსიკის ამაღლებულობა და მონუმენტურობა, მხატვრული სახეებისა და დრამატურგიის ეპიკური ხასიათი, რაც საგუნდო მასობრივი სცენების სიჭარბითა და მოქმედების დინჯი განვითარებით არის ხაზგასმული. ამავე დროს, ოპერის მუსიკა უდიდესი შინაგანი ექსპრესიითა და დინამიზმითაა გამსჭვალული. “აბესალომ და ეთერი” სისტემატურად იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე ყოფილ სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქებში: ხარკოვში (1931), მოსკოვში, სსრკ “ბოლშოი” თეატრში (1939 და 1946), ლენინგრადში (1972), კიევში (1972), ქუთაისში (1969), უცხოეთში – ლოძსა (1972) და ზაარბრუკენში (1974). გამოცემულია ოპერის კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფიტაზე, გადაღებულია ფილმი.

მაღალმხატვრული თვისებით, მკაფიო ეროვნული ნიშნებით არის აღბეჭდილი ფალიაშვილის მეორე შესანიშნავი ქმნილება ოპერა “დაისი” (ლიბრეტო ვ. გუნიასი), რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულ-დრამატულ ჟანრს ქართულ საოპერო მუსიკაში. მხატვრულ სახეთა სიმდიდრემ და ფერადოვნებამ, მუსიკის იშვიათმა პოეტურობამ და გამომსახველობამ, ნათელმა მელოდიურობამ განაპირობა ოპერის ისტორიული მნიშვნელობა და პოპულარობა. ოპერაში შეხამებულია ლირიკულ-სატრფიალო და გმირულ-პატრიოტული მოტივები. გმირთა პირადი დრამა ცოცხალ და ფერადოვან ჟანრულ ფონზე იშლება. ოპერა დღემდე დიდი წარმატებით იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. დაიდგა აგრეთვე სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქებში: მოსკოვში (1937), კიევში (1938), ალმა-ათაში (1943), ბაქოში (1956), აგრეთვე სარატოვში, ოდესაში, ნოვოსიბირსკში, ერევანსა და გორკიში. 1974 დაიდგა ზააბრიუკენში, 1975 – პლეზენში. გამოცემულია “დაისის” კლავირი და პარტიტურა. ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე.

მნიშვნელოვანი მუს. ღირსებით გამოირჩევა “ლატავრა” (ლიბრეტო ს.შანშიაშვილი) ცალკეული სოლო ნომრები და საგუნდო ეპიზოდები.

ფალიაშვილის ოპერებზე ქართველ მომღერალთა თაობები აღიზარდა. მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი (1937-იდან), რესპუბლიკის რამდენიმე სამუსიკო-სასწავლო დაწესებულება, ქუჩები – მოსკოვში, თბილისში, ქუთაისში; თბილისსა და ქუთაისში გახსნილია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმები; დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1971-იდან).

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button