არქივი

სტოუნჰენჯი – “მოცეკვავე”, ანუ “მოხეტიალე ქვები”

ff459199a0e5

მართალია სტოუნჰენჯზე ინფორმაცია უკვე დევს, მაგრამ ეს განსხვავებულია და შედარებით ვრცელი :) საინტერესოა, წაიკითხეთ

სტოუნჰენჯი – “დაკიდებული (გელების ენაზე – “მოცეკვავე”) ქვები”. ეს სახელწოდება ასეც შეიძლება ითარგმნოს: stone – ქვა და hang – ხეტიალი, ხეტიალა, მოხეტიალე. ალბათ, გაგიკვირდებათ კიდეც – “მოხეტიალე ქვები!” საიდან წარმოიშვა და რატომ დაერქვა ამ უზარმაზარ, მონოლითურ ქვებს ასეთი უცნაური სახელი?

ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, სტოუნჰენჯის “ქვები” ცოცხლები იყვნენ. ისინი ღამღამობით დადიოდნენ ან ცეკვავდნენ, ზოგჯერ მახლობელ მდინარეზე წყურვილის მოსაკლავად ჩადიოდნენ. გელები მათ მაქციებს ეძახდნენ.

ვინ ააშენა ძეგლი?

ძველი ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი სტოუნჰენჯს აპოლონის ტაძრად მიიჩნევდა, მაგრამ არც იფიქროთ, თითქოს იგი ბერძნებს ან თუნდაც ინგლისში მოლაშქრე რომაელებს აეგოთ. სტოუნჰენჯი არც დრუიდებს ეკუთვნით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გღესაც ასრულებენ თავიანთ რიტუალებს ამ ნაგებობასთან.

მეცნიერთა ნაწილი ამ ძეგლის აშენებას მიაწერს ლეგენდარულ ბრიტანელ დედოფალს ბოადიცას, რომელმაც მოაწყო აჯანყება რომალეთა წინააღმდეგ. ზოგი მას ბრიტანელ მეფეთა კორონაციის ადგილად მიიჩნევს, ზოგი კი – მითური, წარღვნამდელი გიგანტების სამყოფლად; ზოგს ფინიკიელების აგებული ჰგონია, ზოგს ბელგებისა, მაგრამ…

ყველაზე გავრცელებული ვერსიით, სტოუნჰენჯი კელტური წარმოშობის ლეგენდარულმა მოგვმა და ჯადოქარმა მერლინმა ააგო.
მერლინის დროს საქსების წინამძღოლმა ჰენგისტმა თავი მოუყარა საქსებსა და ბრიტებს სოლზბერიში და აქ გამართული დიდი საბჭოს შემდეგ 460 ბრიტანელ დიდებულს მუხანათურად მოჰკვეთა თავი.
ამ დიდი სისხლისღვრის შემდეგ, მერლინს მონანიეთათვის უთვამს: “თუ ოცნებობთ დახოცილებისთვის ძეგლის აგებაზე, წავიდეთ “მოცეკვავე გიგანტების” ქვეყანა კილაროსაში, ირლანდიის მთაზე. უზარმაზარი ქვების დაძვრა მხოლოდ მას ხელეწიფება, ვისი გონებაც მათს სიდიდეს შეეფარდება. აქ, სოლზბერიში, დააწყვეთ ისინი წრიულად და დასჯილებიც უკუნისამდე მოგიტევებენ”.
“მოცეკვავე გიგანტების” ქვეყნისკენ 15-ათასიანი ჯარი და სამხედრო ფლოტილია გაემართა, მაგრამ უმცირესი ქვაც კი ვერ დაძრეს ადგილიდან. მაშინ მერლინმა “ეშმაკური მანქანების მოშველიებით” ქვები გემზე აზიდა, სოლზბერიში ჩაიტანა და მათგან წრიული ნაგებობა ააგო.
დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ მერლინი ისტორიული პიროვნება იყო, მაგრამ სტოუნჰენჯის მშენებლობა შუა საუკუნეების ეპოქას არაფრით უკავშირდება. XIV საუკუნისათვის სტოუნჰენჯი იმდენად ძველი იყო, რომ მისი ჭეშმარიტი დანიშნულება არავის ახსოვდა.

სტოუნჰენჯის მეგალითური ძეგლი მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლზბერის მახლობლად.
არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ეს ნგებობა სხვადასხვა ეპოქის სამ სამშენებლო ფენას შეიცავს.
პირველი ფენა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1900-1700 წლებით თარიღდება. ეს არის 97,5 მეტრი დიამეტრის გოდოლი, რომლის შიგნითაც 56 ორმოა. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ამ ორმოებს კრემაციისთვის იყენებდნენ.
მეორე ფენა გოდოლის შიგნით ორ კონცენტრულ წრეზე ვერტიკალურად აღმართული 38 წყვილი თლილი ქვითაა ნაგები. ეს ფენა ჩვ. წ.-მდე 1700-1550 წლებით თარიღდება.
მესამე ფენა ყველაზე გვიანდელია და ჩვ. წ.-მდე 1500-1400 წლებს აკუთვნებენ. ამ ფენის თითოეული ქვა 8,5 მ სიმაღლისაა და 28 ტონას იწონის. 30 მ დიამეტრის ამ წრეში 5 უზარმაზარი ტრილიტია, ანუ ორ თლილ მონოლითს ზემოდან მესამეც ადევს. მესამე ფენა ცისფერი ბლოკებისა და საკურთხევლის ქვის ირგვლივაა განლაგებული.

სტოუნჰენჯი მზის კულტთან დაკავშირებული უძველესი ტაძარია.ცნობილი ასტრონომი ჯერალდ ჰოკინსი მას ასტრონომიულ ობსერვატორიადაც მიიჩნევს. ბრიტანეთის მეგალითური ძეგლების აღწერის შემდეგ ჰოკინსმა განაცხადა, რომ სტოუნჰენჯი ერთი დიდი კომპლექსის ნაწილია.
მეგალითური კულტურის ძეგლები აღმოჩნდა, აგრეთვე, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, კრეტაზე, კორსიკაზე, მალტაზე…

ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მეგალითური ძეგლები მოშორებულია კარიერებს, მით უფრო, მათი ხელოვნურ კუნძულებზე აგება უფრო აბუნდოვნებს ამ ძეგლების შექმნის მიზანსა და დანიშნულებას. იქნებ რაღაც მიზეზთა გამო, მათი აგება ყველგან არ შეიძლებოდა? იქნებ თვით ეს მონუმენტები ნეგატიურად ზემოქმედებდნენ გარემოზე ანდა სულაც განსაკუთრებული დანიშნულება თვით ადგილებს ჰქონდა და ისინი გარკვეულ ენერგეტიკულ წერტილებს უკავშირდებოდნენ?

წყარო: ჩემი საყვარელი ენციკლოპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button