საკითხავისასარგებლო

თამბაქოს ისტორია

მაიას ტომის აღმოჩენა, რომელიც XXI საუკუნის სენად იქცა

თამბაქო თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა. ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს ამავე მცენარის ფოთლებში ახვევდნენ და რელიგიურ დღესასწაულებზე ეწეოდნენ.
“ამერიკის აღმოჩენდამდე, – წერდა ერთ-ერთი ისტორიკოსი,- თამბაქოს შესახებ არავითარი ცნობები არ არსებობდა. პირველად აბორიგენებმა თამბაქო კოლუმბს შესთავაზეს”.

თამბაქოს დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს. მისი სამოცამდე სახეობა არსებობს და მათგან მხოლოდ ორია ძირითადი _ ნიკოტინიანი ტობაკუ და ნიკოტინიანი რუსტიკა. პირველის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, თუმცა დღეს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაშია კულტივირებული. ნიკოტინიანი რუსტიკა კი ძირითადად ინდოეთსა და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთში ხარობს.

თამბაქო ოცდაათამდე ინგრედიენტს შეიცავს. ფარმაკოლოგიურად აქტიური ძირითადი ნივთიერებებია ნიკოტინი და ფისი. ერთ ღერ სიგარეტში
9 მგ-მდე ნიკოტინი და თითქმის ორჯერ მეტი ფისია. მოწევისას ადამიანის ორგანიზმი 90-დან 10 პროცენტამდე ნიკოტინს შეიწოვს.

თამბაქო ევროპას კოლუმბმა გააცნო. იგი ამერიკიდან ევროპაში XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. პირველად დეკორატიულ და სამკურნალო მცენაედ მოაშენეს. რუსეთში თამბაქო XVII საუკუნის დასაწყისში გავრცელდა. საქართველოში კი XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს გახლდათ დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხიანი თამბაქო კი XIX საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა.

პირველად კოლუმბმა თამბაქო საფრანგეთში შეიტანა. მსუბუქი ყოფაქცევის ფრანგი ქალები აღმოჩნდნენ პირველები, რომლებმაც სიგარეტი დააგემოვნეს. სწორედ თამბაქოს ექსპორტმა გადაარჩინა ჯეიმსტაუნი, მკვიდრი ინგლისელებით დასახლებული პირველი ქლაქი ჩრდილოეთ ამერიკაში. კოლუმბი ფრანგებს მოუყვა, როგორ დახვდნენ აბორიგენები თამბაქოს ფოთლებით ხელში.

თამბაქოს ისტორია კიდევ ორ სახელთანაა დაკავშირებული. პირველი, როდრიგო დეჯირეზი, ღარიბი ახალგაზრდა იყო. თამბაქოს წევა ევროპაში პირველმა მან დაიწყო. როდესაც პორტუგალიის სამღვდელოებამ დაინახა, როგორ უშვებდა კვამლს როდრიგო ცხვირ-პირიდან, ეშმაკეულად ჩათვალა. ის დააპატიმრეს და მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს. ამ ხნის განმავლობაში მას ბევრმა მიბაძა, თუმცა ოფიციალურად თამბაქოს წევა კიდევ დიდხანს იყო აკრძალული. მხოლოდ 1691 წლიდან დაიწყო მისი ოფიციალურად გატანა მთელ ევროპაში.

მეორე ადამიანი, რომლის სახელთანაც თამბაქო ასოცირდება, ფრანგი ჟან ნიკო გახლავთ. იგი საფრანგეთის სამეფო კარმა ქორწილის ორგანიზებისთვის ლისაბონში გაგზავნა. სწორედ იქ შეიტყო მან თამბაქოს სამკურნალო თვისებების შესახებ და მცენარე დედოფალ ეკატერინე მედიჩის გაუგზავნა, რომელსაც შაკიკი სტანჯავდა. თამბაქომ დედოფალს შვება მოჰგვარა. ამის შემდეგ ეს მოსაწევი საფრანგეთშიც პოპულარული გახდა.
1828 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა მისი აქტიური ინგრედიენტი გამოყვეს და ნიკოს პატივსაცემად ნიკოტინი დაარქვეს.
მხოლოდ 80 წლის შემდეგ დაამტკიცა ექიმმა ლეგარმა (საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტის წყალობით) თამბაქოს სამკურნალო ეფექტის მოჩვენებითობა. თამბაქოს მავნებლობის შესახებ კაცობრიობამ მხოლოდ გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიტყო. მანამდე კი ექიმებსაც არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ თამბაქო სრულიად უვნებელი იყო.

თამბაქოთი ვაჭრობამ ხელი შეუწყო ამერიკის რევოლუციის დაფინანსებას. ეს მცენარე ამერიკის პრეზიდენტებს, ჯორჯ ვაშინგტონსა და თომას ჯეფერსონს საკუთარი ხელით მოჰყავდათ და მოიხმარდნენ კიდეც. უფრო ახლო წარსულში ჰოლივუდი სიგარეტს რომანტიკულობის, მიმზიდველობისა და ვაჟკაცობის სიმბოლოდ იყენებდა. ამერიკელი ჯარისკაცები სიგარეტს იმ ქვეყნის ადამიანებს აძლევდნენ, რომლებშიც ომობდნენ. ამბობდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წლებში სიგარეტს პარიზიდან პეკინამდე გაცვლა-გამოცვლის საგნადაც იყენებდნენ.

მოგვიანებით მდგომარეობა შეიცვალა. ამერიკის სახელმწიფო ჯანდაცვის მთავარმა ექიმმა 1964 წლის 11 იანვარს გამოსცა 387 გევრდიანი ნაშრომი მოწევით გამოწვეული დაავადებების შესახებ. სწორედ ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებელი გახადა გაფრთხილება: “ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!”, რომელიც ამერიკაში გაყიდული ყველა სიგარეტის კოლოფს ეწერა. ახლა დადგენილია, რომ შტატებში წლიურად 434 000 ადამიანის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი მოწევაა.

12 წლის წინ კოლორადოში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალა. როცა ნიუ იორკის რესტორნებში მოწევა ოფიციალურად აკრძალეს, მეპატრონეების მხრიდან ამას საპროტესტო აქციები მოყვა.
ასეა თუ ისე, თამბაქოს წევა ძირითადად მაინც XX საუკუნის ფენომენია. მას მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით დაახლოებით მესამედი ეწევა.
მოზარდები თამბაქოს ჩუმად ეწევიან, ამიტომ სწრაფად ისუნთქავენ ბოლს, ასეთ დროს კი თამბაქოს კვამლში მავნე ნივთიერებები უფრო მეტია (ნელი მოწევისას კვამლში ნიკოტინის დაახლოებით 20% გადადის, ხოლო სწრაფი მოწევიას _ 40%-ზე მეტი).
ყველაზე მეტ შხამს სიგარეტის ბოლომდე მოწევის შემთხვევაში ჩავისუნთქავთ.

როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ადამიანები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ (ასეთი კი მწეველთა 70%-ია), 20-25 წლით უფრო ადრე იღუპებიან, ვიდრე ისინი, ვისაც არასოდეს მოუწევიათ.
თამბაქოს მსხვერპლი გახდა ცნობილი მუსიკოსი, ჯგუფ “ბითლზის” წევრი, 58 წლის ჯორჯ ჰარისონი, აგრეთვე ამერიკელი რეჟისორი და ანიმატორი უოლტ დისნეი. ორივე მათგანის სიკვდილის მზიეზი მოწევისგან გამოწვეული ყელის კიბო გახლდათ.

ბოლო დროს წიგნებისა და ფსიქოლოგების დახმარებით ბევრმა შეძლო სიგარეტის გადაგდება, ბევრისთვისაც სიგარეტზე უარის თქმა ძალიან ძნელია.
ცნობილი მწერალი მარკ ტვენი წერდა : “მოწევისთვის თავის დანებება ძალია ადვილი საქმეა. პირადად მე 74-ჯერ დავანებე თავი”.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close