არქივი

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი

b72a6753bc50

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი დაიბადა 1892 წლის 3 იანვარტს, ბლუმფონტეინში, სამხრეთ აფრიკაში, ართურ რუელ ტოლკინის (1857–1896), წარმოშობით ინგლისელი ბანკის მმართველისა და მისი მეუღლის, მეიბლის (ქორწინებამდე – საფილდის, 1870–1904) ოჯახში. ინგლისი მათ დატოვეს, ვინაიდან ართური გადაყვანილი იქნა თავისი ბანკის ბლუმფონტეინის ოფისში. ჯონს ჰყავდა ერთი დედმამიშვილი, უმცროსი ძმა ჰილარი, დაბადებული 1894 წლის 17 თებერვალს.

ბავშვობაში ჯონს ბაღში უკბინა დიდმა ობობამ – ბევრი თვლის, რომ ამ მოვლენამ გავლენა იქონია მის ლიტერატურულ შემოქმედებაზეც, თუმცა ჯონი ამბობდა, რომ ამ შემთხვევაზე მოგონებები არ ჰქონია და არც ობობებისადმი ზიზღი გასჩენია. ერთ-ერთი ინციდენტი ასევე იყო ოჯახის ახლობელი ბიჭუნას მიერ ჯონის საკუთარ კრაალში წაყვანა და მისი მეორე დილით დაბრუნება

1911 წელს მეფე ედვარდის სკოლაში სწავლისას ტოლკინმა და მისმა მეგობრებმა, რობ გილსონმა, ჯეფრი სმითმა და კრისტოფერ უაიზმენმა ჩამოაყალიბეს ნახევრად გასაიდუმლოებული საზოგადოება T.C.B.S. – ეს იყო ფრაზის Tea Club and Barrovian Society (ჩაის კლუბი და ბაროვიული საზოგადოება) შემოკლება. ასეთი სახელწოდებით ისინი ხაზს უსვამდნენ სკოლასთან ახლოს მდებარე ბარებსა და სკოლის ბიბლიოთეკაში მათ მიერ ჩაის სმის ტრადიციას. სკოლის დასრულების შემდეგ წევრები კვლავ ურთიერთობდნენ და 1914 წელს ლონდონში, უაიზმენის სახლში გამართეს დიდი „საბჭო“. ტოლკინზე ამ შეხვედრამ უშუალო გავლენა იქონია და შთააგონა ლექსების წერა.

1911 წლის ზაფხულში ტოლკინი ისვენებდა შვეიცარიაში – ამ მოგზაურობას იგი იხსენებდა 1968 წლის წერილში, სადაც აღნიშნავდა, რომ ბილბოს მოგზაურობა ნისლიან მთებში ეფუძნება 12 კაცისგან შემდგარი ჯგუფის მოგზაურობას ლაუტერბრუნენში და მურენის მორენებს მიღმა დაბანაკების ამბავს. 57 წლის შემდეგ ტოლკინი იხსენებდა, თუ როგორ განიცდიდა იუნგფრაუსა და ზილბერჰორნის დათოვლილი წვერების მიტოვებას. პატარა შაიდეგიდან მოგზაურები ასევე გრინდელვალდში გადავიდნენ, ეწვივნენ ალეტჩის მყინვარებსა და ცერმატს.

იმავე წლის ოქტომბერში ტოლკინმა დაიწყო სწავლა ექსეტერის კოლეჯში, ოქსფორდში. თავდაპირველად სწავლობდა კლასიკურ ლიტერატურას, მაგრამ 1913 წელს გადავიდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის კურსზე. 1915 წელს, კოლეჯის დასრულებისას, გამოცდებზე მან მიიღო უმაღლესი ქულები.

16 წლის ასაკში ჯონმა გაიცნო ედით მერი ბრეტი, რომელიც მასზე სამი წლით უფროსი იყო. ეს მოხდა პანსიონში, რომელშიც ჯონი ჰილარისთან ერთად ისვენებდა. ტოლკინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რომელიც ჰემფრი კარპენტერის მიერ არის შედგენილი, ნახსენებია, რომ ამ ორს შორის წარმოიშვა რომანტიული ურთიერთობები. მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო და ბევრი რამ სჭირდებოდათ, რაც ერთმანეთში ნახეს. 1909 წლის ზაფხულში ისინი მიხვდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ.

ფრენსის მორგანი, ჯონის მეურვე ედითს თვლიდა ტოლკინის სასკოლო საქმიანობაში ხელშემშლელ ფაქტორად და შოკირებული იყო, რომ მისი აღსაზრდელი შეყვარებული იყო პროტესტანტ გოგონაზე. იგი უკრძალავდა ჯონს მასთან შეხვედრას, საუბარს ან მიმოწერას 21 წლის ასაკამდე. თუმცა, ჯონი მაინც ახერხებდა ედითთან მიმოწერას, მანამ სანამ ერთხელ მორგანი არ დაემუქრა მისი უნივერსიტეტული კარიერის დასრულებით.

21-ე დაბადების დღის საღამოს ტოლკინმა ედითს მისწერა წერილი, სადაც კიდევ ერთხელ გამოუტყდა სიყვარულში და ცოლობა სთხოვა. ედითმა უპასუხა, რომ ამასობაში უკვე სხვის ცოლობაზე დათანხმდა – მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობდა, თითქოს ჯონმა იგი დაივიწყა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს მატარებლის ხიდთან და კვლავ იგრძნეს სიახლოვე. ედითმა საქმროს ბეჭედი დაუბრუნდა და განაცხადა, რომ ჯონს მიჰყვებოდა. ამას ასევე მოჰყვა ის, რომ მან ჯონის თხოვნით კათოლიკედ მოინათლა. მისი სახლის პატრონი, რომელიც პროტესტანტი იყო, ამან ძლიერ გააღიზიანა და როგორც კი ედითმა შესძლო სხვა საცხოვრებლის პოვნა, მან გამოასახლა იგი.

ედითი და ჯონი დაინიშნენ ბირმინგემში, 1913 წლის იანვარში და იქორწინეს უორვიკში, წმ. მარიამის უმწიკლო კათოლიკურ ეკლესიაში, 1916 წლის 22 მარტს.

1914 წელს ბრიტანეთი ჩაერთო I მსოფლიო ომის ქარტეხილში. ტოლკინის ნათესავები შოკირებულები იყვნენ იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა ჯარში პირდაპირ წასვლაზე და მოითხოვა სამხედრო სამსახურის 1915 წლის ივლისამდე (ანუ სწავლის დასრულებამდე) გადავადება. მოგვიანებით იგი ლანკაშირელი ფუზილიერების მეორე ლეიტენანტად იქნა დანიშნული. სტაფორდშირში იგი 13-ე ბატალიონთან ერთად 11 თვიან მომზადებას გადიოდა. ედითთან წერილში ის ჩიოდა – „ზემდგომთა შორის ჯენტლმენობა იშვიათია, ადამიანობა კი უფრო მეტად“. შემდეგ ტოლკინი გადაყვანილი იქნა ბრიტანეთის მოძრავი ძალების 11-ე ბატალიონში და დაბანაკდა მათთან ერთად საფრანგეთში, 1916 წლის 4 ივნისს. ბრიტანეთის დატოვებით შთაგონებულმა მან მოგვიანებით დაწერა ლექსი „ეული კუნძული“. ის წერდა – „უმცროს ოფიცრებს კლავდნენ, წუთში ათი იღუპებოდა. იმ პერიოდში მეუღლის დატოვება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო“.

ომში ჯონის ყოფნის პერიოდი ედითის ცხოვრებაში მძიმე იყო – შიშობდა ყოველ წამს, რომ მის კარზე დააკაკუნებდნენ და აცნობდნენ ქმრის დაღუპვის შესახებ. წერილების გადაგზავნისას ბრიტანული ფოსტის თანამშრომლები ყველაფერს ამოწმებდნენ – ყოველი წერილი საჭიროების შემთხვევაში, ცენზურას გადიოდა. მაგრამ ტოლკინებმა შეიმუშავეს საიდუმლო კოდირება, რომელსაც წერილებს თან ატანდნენ. ასე ედითს შეეძლო, დაედგინა, თუ სად იმყოფებოდა მისი მეუღლე.

1916 წლის 27 ოქტომბერს ჯონი დაავადდა სანგრის ციებ-ცხელებით, რომელიც გადაჰქონდათ სანგრებში გავრცელებულ ტილებს. 1916 წლის 8 ნოემბერს ტოლკინი დააბრუნეს ინგლისში. T.C.B.S.-დან მისთვის ახლობელი თითქმის ყველა მეგობარი ომში იქნა მოკლული.

ჯონის პირველი საჯარო ნაშრომი ომის შემდეგ იყო „ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონი“, რომელშიც წარმოდგენილი იქნა გერმანული წარმოშობის სიტყვების ისტორიისა და ეტიმოლოგიის კვლევა, დაწყებული W ასოთი. 1920 წელს მან ლიდსის უნივერსიტეტში ინგლისური ენის ლექტორის ადგილი დაიკავა და იმ დროისათვის იყო ამ უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი. ლიდსის პერიოდში გამოიცა „შუა საუკუნეების ინგლისური ენის ლექსიკონი“. ე. გორდონთან თნამშრომლობით ასევე გამოვიდა „სერ გავეინი და მწვანე რაინდი“. ძველი ინგლისურიდან მან ასევე თარგმნა „პერლი“ და „სერ ორფეო“. 1925 წელს იგი დაუბრუნდა ოქსფორდს, როგორც ანგლო-საქსონური ენების პროფესორი.

ამ პერიოდში, ნორთმურის 20-ში, ჩრდილოეთ ოქსფორდში ცხოვრებისას (2002 წელს ამ სახლზე საპატიო დაფა გაიხსნა) ტოლკინმა დაწერა „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ პირველი ორი ტომი. 1932 წელს მან გამოსცა ფილოლოგიური ესე სახელის „ნოდენსი“ შესახებ.

1936 წელს მან წაიკითხა ლექცია „ბეოვულფი: ურჩხულები და კრიტიკოსები“, რასაც მოჰყვა თავად ბეოვულფის კვლევა. ლუის ნიკოლსონის თქმით, ტოლკინის მიერ დაწერილი სტატია ითვლება ახალ ეტაპად ბეოვულფის კრიტიკის სფეროში. იგი ხაზს უსვამდა, რომ ტოლკინმა, მის ლინგვისტურ ელემენტებთან ერთად, წარმოაჩინა ნაშრომის პოეტური პირველობა. იმ პერიოდში სასკოლო სისტემამ გააპროტესტა „ბეოვულფი“ ურჩხულებთან ბავშვური ბრძოლების გამო, რომელიც უფრო გამოკვეთილი იყო, ვიდრე რეალისტური საბრძოლო ბრძოლები. ტოლკინი ეწინააღმდეგებოდა კრიტიკოსთა აზრს და თვლიდა, რომ პოემის ავტორი თავისი ნაშრომით მიმართავდა ზოგადად კაცობრიობას და ურჩხულები მასში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ჯონი ამბობდა: „ბეოვულფი არის ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო“. პოემის გავლენა იგრძნობა შუამიწეთის აღწერისას. 2003 წელს ტოლკინის ხელნაწერი ვერსია და კომენტარები ბეოვულფის შესახებ აღმოჩენილი იქნა ბოდლიანურ ბიბლიოთეკაში. ეს იყო 2000 გვერდამდე ხელნაწერი მასალა.

1939 წელს, II მსოფლიო ომის პერიოდში ტოლკინს უნდა ემსახურა კრიპტოგრაფიულ დეპარტამენტში< თუმცა უცნობი მიზეზით, როგორც ცნობილია, ჯონმა უარი თქვა 500 გირვანქიან სამუშაოაზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი აკრიტიკებდა ჰიტლერსა და ნაციზმს, იგი ასევე უარყოფითად საუბრობდა გერმანიაზე საჰაერო იერიშებზე.

1945 წელს ჯონი სამუშაოდ გადავიდა ოქსფორდში, მერტონის კოლეჯში. ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორის სახით მან იქ 1959 წლამდე იმუშავა. დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯში იგი წლების მანძილზე საგამოცდო კომისიის მოწვეულ წევრად მუშაობდა. 1954 წელს მან ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტისგან მიიღო საპატიო წოდება. 1948 წელს „ბეჭდების მბრძანებელი“ მას დასრულებული ჰქონდა, თითქმის 10 წლიანი მუშაობის შემდეგ. 1966 წელს მან ასევე იმუშავა იონას წიგნის თარგმანზე, „იერუსალიმური ბიბლიისათვის“.

ტოლკინის მეუღლე, ედითი, გარდაიცვალა 1971 წლის 29 ნოემბერს, 82 წლის ასაკში. ვულვერკოუტის სასაფლაოზე დასაფლავებული ედითის საფლავის ქვაზე ჯონის თხოვნით ამოიკვეთა სახელი ’ლუთიენი’. 21 თვის შემდეგ ჯონი, 81 წლის ასაკში, 1973 წლის 2 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი იგივე საფლავში იქნა დაკრძალული, ხოლო საფლავის ქვაზე ამოტვიფრული იქნა ’ბერენი’:

6295687115cf

a9aebb510437

75d9464b8ade

წყარო:ka.wikipedia.org

 

Back to top button