არქივი

ვინ თამაშობდა მსოფლიოში პირველი თოჯინით?

a80c08d6cbcd
თოჯინების შესახებ..

როდის გაჩნდა პირველი სათამაშო? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კაცობრიობასთან ერთად. არქეოლოგები გათხრების დროს უამრავ ფიგურას პოულობენ ცხოველებისა და ადამიანების გამოსახულებით. გადიოდა დრო და უმარტივესი სათამაშოები საკმაოდ რთული მოწყობილობისა ხდებოდა. სათამაშოს წარმოადგენდა ნებისმიერი ნივთი, რითაც თამაში და გართობა შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სათამაშო კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან არსებობდა და ყველა ერი მას თავისებურად ქმნიდა.

მაგალითად, ეგვიპტელები მათ ხისგან ამზადებდნენ, იაპონელები – ქაღალდისაგან, გერმანელები კი ფაიფურისაგან.

მკვლევრების ვარაუდით, თოჯინებს უფრო დიდი ხნის ისტორია აქვთ, ვიდრე სხვა სათამაშოებს. სავარაუდოდ, მათი ისტორია 4 ათას წელს ითვლის. თოჯინის ნაწილები ეგვიპტეში იქნა ნაპოვნი. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ მიცვალებულებს სათამაშოები საიქიოშიც გაართობდნენ.

ახალშობილებისათვის უძველესი დროიდან პირველი სათამაშო საჩხაკუნო იყო. დედები და ძიძები პატარას თან უმღეროდნენ, თან სათამაშოს აჩხაკუნებდნენ და ასე აძინებდნენ. მათ მიაჩნდნათ, რომ ეს სათამაშო თავისი ხმაურით პატარას ბოროტი სულებისაგან იცავდა.

არაერთ ქვეყანაში თოჯინებს რიტუალებისთვისაც იყენებდნენ. ძველი სლავები დიდი ხნის განმავლობაში ბუნების “დედა–ღმერთს” გოგონებს სწირავდნენ. ერთხელ რომელიღაც გენიოსს აზრად მოუვიდა, რომ ღმერთისათვის ქალიშვილების ნაცვლად თოჯინა შეეწირათ. ხის თეთრი მერქნისგან ქალის ფიგურა გამოთალეს, ჩააცვეს სარაფანი, მოახვიეს თავსაფარი, კოლო–დია დაარქვეს და კერპს მსხვერპლად შესწირეს. მოგვიანებით ასეთი უამრავი ფიგურა შეიქმნა.

ძველ საბერძნეთში ქალიშვილები თავიანთ თოჯინებს ნაყოფიერების ქალღმერთ არტემიდას სამსხვერპლოზე ტოვებდნენ.

აფრიკაში, კერძოდ კი განაში, ქალები დღესაც დადიან წელზე თოჯინებშემორტყმული, რადგან სჯერათ, რომ ლამაზი შვილები ეყოლებათ. არ აქვს მნიშვნელობა, ამ დროს ორსულად არიან თუ არა.

უძველეს სათამაშოებს შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა ქვისაგან გაკეთებულ იო–იოს – ძაფზე გამობმულ ბურთს, რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია, ოღონდ სხვა მასალისგან კეთდება. გავრცელებული იყო სპილოს ძვლისაგან გაკეთებული სხვადასხვა ფიგურებიც.

საბერძნეთის ეროვნულ მუზეუმში ინახება ძველი ბორბლები, რომლებზეც თიხისაგან გამოძერწილი გაურკვეველი ცხოველი დგას. ის შეიძლება უძველესი სათამაშო იყოს.

მე–17 საუკუნეში იაპონიაში თოჯინების გაკეთება მხოლოდ ბავშვებისთვის დაიწყეს. მათ ადამიანებს ამსგავსებდნენ. მე–19 საუკუნეში მთელი მსოფლიო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სათამაშო ბავშვის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ნივთი იყო, რის შედეგადაც სათამაშოების, ძირითადად კი თოჯინების წარმოებამ ფართო მასშტაბები შეიძინა.

საინტერესო ისტორია უკავშირდება პლუშის დათუნია ტედის შექმნას. როგორ უჩვეულოდაც უნდა მოგეჩვენოთ, ეს ისტორია აშშ–ის პრეზიდენტ თეოდორ რუზველტთანაა დაკავშირებული, რომელმაც ერთ–ერთი ნადირობის დროს პატარა დათვის ბელი დაინდო და არ მოკლა. მაშინდელმა გაზეთებმა ეს ფაქტი ფართოდ გააშუქეს და კარიკატურებიც დაურთეს. ერთ–ერთი ასეთი ნახატი ხელთ ჩაუვარდა სათამაშოების მაღაზიის მფლობელ მორის მიჩტომს. მის მეუღლეს იმდენად მოეწონა დათუნიას კარიკატურა, რომ მისი მსგავსი სათამაშო შეკერა რბილი ქსოვილისაგან და მაღაზიის ვიტრინაში გამოკიდა გაზეთის იმ ამონაჭერთან ერთად, სადაც კარიკატურა იყო დახატული. ამ დათუნიას ტედი (თეოდორის მოფერებითი ვარიანტი) დაარქვა. ტედმა საიცარი სიყვარული დაიმსახურა და მალე მისი გამოშვება დაიწყეს. მოგვიანებით, ტექნიკის განვითარებასთან ერთად, ტედიმ ლაპარაკი, მოძრაობა და სიმღერაც კი “ისწავლა”.

მე–19 საუკუნის ბოლოს გერმანელმა მეწარმეებმა გამოიგონეს ისეთი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც თოჯინას შეეძლო ორი სიტყვის წარმოთქმა – “დედა” და “მამა”. მოგვიანებით მათ მოსიარულე თოჯინებიც შექმნეს. ამერიკელმა გამომგონებელმა, თომას ედისონმა, თოჯინების ამეტყველებაც შეძლო, ისინი რამდენიმე წინადადებას ამბობდნენ. ფრანგებმა კი ისეთი თოჯინა შექმნეს, რომელსაც ლაპარაკთან ერთად ჭამაც შეეძლო. დღეს ეს უკვე არავის უკვირს, მაშინ კი სენსაცია იყო. მე–20 საუკუნეში თოჯინების წარმოებაში კიდევ ერთი გადატრიალება მოხდა, როცა შეიქმნა პლასტმასის თოჯინა ბარბი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 1959 წელს გამოჩნდა და დღეს ყველაზე პოპულარულ სათამაშოდ ითვლება.

დღეს თოჯინებს არამარტო ბავშვების, მოზარდების ცხოვრებაშიც დიდი ადგილი უკავია. ყოველწლიურად, 3 მარტს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ტარდება თოჯინების დღესასწაული, რომელმაც დასაბამი ჩინეთიდან აიღო. ეს იყო განწმენდის რიტუალი, რომელიც მდინარის ნაპირას ტარდებოდა და ყველა თავის თოჯინას მდინარის წყალში ბანდა.

იაპონიაში “ბავშვების დღესასწაულზე”, რომელიც ყოველი წლის მაისში ტარდება, წარმოდგენილია მეომრის სამოსში გამოწყობილი თოჯინა, რომელიც ბიჭებს სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში სათამაშოების წარმოება იქამდე განვითარდება, რომ დათუნიებს და თოჯინებს სავსებით შეეძლებათ ძიძების ჩანაცვლებაც კი. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი.

წყარო :wIkipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button