არქივი

თბილისის თავგადასავალი ისტორია

undefined

ჩვენი საყვარელი დედაქალაქი თბილისი მსოფლიო ქალაქთა შორის ერთ-ერთი უძველესთაგანია. იგი მდინარე მტკვრის ნაპირზეა გაშენებული და სამი მხრიდან მთებითაა შემოზღუდული.

თბილისის დაარსება

ჩვენი საყვარელი დედაქალაქი თბილისი მსოფლიო ქალაქთა შორის ერთ-ერთი უძველესთაგანია. იგი მდინარე მტკვრის ნაპირზეა გაშენებული და სამი მხრიდან მთებითაა შემოზღუდული. აღმოსავლეთით მახათას მთა, სამხრეთით სოლოლაკის მთა, დასავლეთით მთაწმინდა თბილისის ბუნებრივ თავდაცვით სიმაგრეს ქმნიდა. მხოლოდ ჩრდილოეთი მხარე იყო შედარებით გაშლილი. არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ აქ დასახლება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა. ამ ადგილზე მიემართებოდა სავაჭრო-სანაოსნო და საქარავნო გზები.

თბილისის შესახებ ლეგენდა მოგვითხრობს:

ერთხელ ვახტანგ გორგასალი უამრავი თანმხლებით თბილისის მიდამოებში ნადირობდა, ეს სანახები მაშინ ტყით ყოფილა დაფარული. მონადირეთა მწევრებმა ხოხობი ააფრინეს, ხოხობს ვახტანგის მიმინო გამოედევნა. მალე ორივე ფრინველი თვალს მიეფარა. მონადირენი კვალდაკვალ მიჰყვნენ და ბოლოს მიადგნენ ადგილს, სადაც ცხელი წყარო მოჩუხჩუხებდა. იქ მათ უცნაური სანახაობა დახვდათ – ორივე ფრინველი ცხელ წყალში ჩავარდნილიყო და ჩაფუფქულიყვნენ. მეფეს მოახსენეს, ამ თბილ წყალს სამკურნალო თვისებები აქვსო. ჩანს, მეფემ ბევრი აღარ დააყოვნა, ეს ადგილი მოეწონა, ქალაქის აშენება იწყო და აქ არსებული თბილი წყლების გამო ახლადაშენებულ ქალაქს თბილისი უწოდა. ვახტანგ გორგასალს სურდა, საქართველოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოეტანა, მაგრამ თავად ამ მოვლენას ვერ მოესწრო, რადგან 502 წელს სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა. მამის დაწყებული საქმე მისმა შვილმა დაჩიმ დაამთავრა. ვახტანგის ისტორიკოსი ჯუანშერ ჯუანშერიანი მოგვითხრობს: „…ამან დაჩი მეფემან… შემდგომად სიკვდილისა ვახტანგისა… განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი და ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეფოდ“.

ამიერიდან თბილისი უფრო და უფრო წინაურდებოდა და უკან იტოვებდა სხვა ქალაქებს, მათ შორის, მცხეთასაც. მალე თბილისმა სახელი გაითქვა, როგორც ქართლის დედაქალაქმა. VI საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ისტორიკოსი თეოფანე პირდაპირ მიუთითებს, „იბერთა დედაქალაქი თბილისი არისო“.

თავდაპირველად თბილისი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: კალა და თბილისი. შემდეგში მესამე უბანიც მიემატა – ისანი. ისანი ეწოდებოდა დღევანდელი მეტეხის ციხის უბანს, კალა – სიონისა და ნარიყალას მიდამოს, ხოლო თბილისი – აბანოების უბანს.

თბილისი მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ხალხის ისტორიასთან. აქ წყდებოდა ქართველის ბედი, აქ ყველაზე მძლავრად იგრძნობოდა ქართული სახელმწიფოებრიობა. ისევე, როგორც მთელ ქვეყანას, თბილისსაც მრავალი განსაცდელი დატყდომია თავს. არაერთგზის აოხრებულა, მიტაცებულა და დანგრეულა, მაგრამ კვლავ აღმდგარა და გაძლიერებულა.

სპარსელი დამპყრობლები

523 წელს სპარსელებმა აღმოსავლეთ საქართველოში მეფობა მოსპეს და სპარსული მმართველობა – მარზპანობა დააწესეს. მარზპანი თბილისში იჯდა და აქედან განაგებდა თავის საბრძანებელს. მაგრამ მალე ქართველმა დიდებულებმა შეავიწროვეს მისი ძალაუფლება და საკუთარი უმაღლესი მოხელე – ერისმთავარი დასვეს, რომელმაც თავისი, ქართულწარწერიანი მონეტა მოჭრა. ეს ქართველთა სერიოზული გამარჯვება იყო. მალე, VI-VII საუკუნეების მიჯნაზე თბილისში ქრისტიანული საკათედრო ტაძარი – სიონი აშენდა.

ბიზანტიელები და ხაზარები

VII საუკუნის 20-იან წლებში მდგომარეობა შეიცვალა. სპარსეთი და ბიზანტია ერთმანეთს აეშალნენ. საომარი მოქმედებები ამიერკავკასიაში გაიშალა. ბიზანტიის კეისარმა ჰერაკლემ ხაზარები მოიშველია და თბილისს შემოადგა. დაიწყო სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. ქალაქის დაცვას ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი მეთაურობდა, მაგრამ იგი ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა. ამით ისარგებლეს ჰერაკლე კეისარმა და მისმა ხაზარმა მოკავშირემ ჯიბღუ ხაკანმა და ქალაქში შეიჭრნენ. ქართველები და მათი მოკავშირე სპარსელები ნარიყალას ციხეში გამაგრდნენ და მედგრად უტევდნენ მტერს. მიუხედავად დიდი საბრძოლო შესაძლებლობებისა, ბიზანტიელ-ხაზართა ჯარმა თბილისს ვერაფერი დააკლო და ალყის მოხსნა გადაწყვიტა. ეს რომ თბილისელებმა გაიგეს, გათამამდნენ, დიდ გოგრაზე ხაკანის სახე ამოჭრეს, კედელზე გადმოჰკიდეს და ისრების ცემა დაუწყეს, ისინი ჰერაკლე კეისარსაც დასცინოდნენ, თქვენი მეფე თხის წვერებააო, ეძახდნენ ბიზანტიელებს.

მტერი თბილისს გაეცალა, მაგრამ ჯიბღუ ხაკანმა მცირერიცხოვანი ჯარი მაინც დატოვა, რომელსაც დროდადრო თბილისზე თავდასხმები დაევალა. ერთი წლის მანძილზე გამუდმებულმა თავდასხმებმა და ბლოკადამ თბილისი გახეტა. 627 წელს ციხე დაეცა. მტერი ქალაქში შეიჭრა და სისხლის ნიაღვრები დააყენა. ქალაქი კი გადაწვა. მიუხედავად გამარჯვებისა, ჰერაკლე იძულებული გახდა თბილისი ისევ ქართველებისათვის გადაეცა და ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევაზე ხელი აეღო.


არაბი დამპყრობლები

დაიწყო თბილისის აღდგენა და მრავალი დიდებული შენობა აიგო. მაგრამ საქართველოს მალე ახალი დამპყრობელი მოევლინა. 654 წელს ქართლში არაბები შემოვიდნენ. VIII საუკუნის დამდეგიდან აქ არაბი ამირა დაჯდა. განაწყენებული ხაზარები კიდევ ერთხელ შეესიენ თბილისს, ქალაქი გაძარცვეს და დარიალის გზით სამშობლოში დაბრუნდნენ.

არაბი ამირა კი დროთა განმავლობაში მეტად გაძლიერდა. იგი უკვე აღარ უგზავნიდა აქ აკრეფილ ხარკს თავის ხელმწიფეს – არაბეთის ხალიფას. ურჩ ამირებს ხალიფები დროდადრო დამსჯელ არმიებს მიუსევდნენ ხოლმე. 853 წელს ერთ-ერთ ასეთ დამსჯელ ლაშქრობას მეთაურობდა სისასტიკით ცნობილი სარდალი ბუღა თურქი.

ბუღა თურქმა თბილისი სასტიკად ააოხრა. ქალაქი თითქმის მთლიანად გადაიწვა, ზოგი ცნობით, ამ შემოსევის დროს 50 000 ადამიანი დაიღუპა. ეს მოწმობს, რომ იმ ხანისათვის თბილისი საკმაოდ დიდი და განვითარებული ქალაქი ყოფილა.

ბრძოლა თბილისის შემოერთებისათვის

VIII საუკუნის დამლევს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეულები – სამთავროები – ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი იყო თბილისის საამირო. ამ სამთავროებმა დაიწყეს ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, რომელსაც სათავეში უდგნენ ტაო-კლარჯელი ბაგრატიონები.

1037 წელს ბაგრატ IV ჯარი შეკრიბა და თბილისს მოადგა. მაშინ თბილისში ამირა ჯაფარი იჯდა. ქართველებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს. ალყა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ შინაშუღლის გამო, თბილისის აღება ვერ მოხერხდა. თუმცა მოგვიანებით ბაგრატიონებმა შესძლეს, რომ თბილისის ამირა თავის მოხარკედ გაეხადათ.

არაბი დამპყრობლებისაგან თბილისი საბოლოოდ გათავისუფლდა დავით აღმაშენებლის დროს. 1122 წელს დავითმა ქალაქი იერიშით აიღო. ამით დასრულდა თბილისის 400 წლიანი ტყვეობა და საქართველოს გაერთიანება. დავით აღმაშენებელმა სამეფო რეზიდენცია ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა და თბილისი კვლავ საქართველოს დედაქალაქი გახდა.

თბილისი – კულტურის კერა

ამის შემდეგ თბილისი აღმავლობას განიცდის. როგორც ქართველი მემატიანეები, ისე უცხოელი მოგზაურები მოგვითხრობენ, რომ საქართველოს დედაქალაქი მსოფლიო ქალაქთა შორის ულამაზესი ქალაქი იყო კეთილმოწყობილი ქუჩებით, მიუვალი და უზარმაზარი ციხე-კოშკებით, მეფეთა, დედოფალთა და დიდ-ვაჭართა ულამაზესი სრა-სასახლეებით.

თბილისი უდიდესი კულტურული და სავაჭრო-ხელოსნური ცენტრი იყო, სადაც წყდებოდა სხვადასხვა საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი, კულტურული თუ მეცნიერული პრობლემები. აქ იმართებოდა სამხედრო აღლუმები, სამეცნიერო მსჯელობები, ლიტერატურული საღამოები, დიპლომატიური თათბირები…

ხვარაზმელების შემოსევა

1226 წელს თბილისს ახალი განსაცდელი დაატყდა თავს. შუა აზიიდან საქართველოში ხვარაზმელთა ურდოები შემოიჭრა, რომელთაც სათავეში ჯალალედინი ედგა. მან კარგად იცოდა, რომ თბილისი საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა და მისი ხელში ჩაგდებით ქვეყანას დაასუსტებდა. ამავე დროს, სმენოდა, რომ თბილისი უმდიდრესი ქალაქი იყო და ესეც იზიდავდა. ჯალალედინი მთელი ჯარით დაიძრა თბილისისაკენ და სოღანლუღს დაბანაკდა.

მეფე რუსუდანი ქუთაისში გაიხიზნა. თბილისის დაცვა ძმებს – მემნა და ბოცო ჯაყელებს დაევალათ.

მთავრობის გახიზვნამ ქალაქის მოსახლეობა შეაშფოთა, თავდაცვისუნარიანობა დაეცა. ამას ისიც დაერთო, რომ თბილისის მოსახლეობა მაშინაც ჭრელი იყო. აქ მრავალი ერისა და სარწმუნოების წარმომადგენელი ცხოვრობდა. თბილისელი მაჰმადიანები ხვარაზმელთა მხარეს გადავიდნენ. მათ მემნა ჯაყელს თავი სასიკვდილოდ გაუჩეხეს. მტრის ბანაკში გადავიდა რუსუდან მეფის მეუღლეც. მიუხედავად ამისა, ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი, რომელთა უმეტესობასაც ხელოსნები შეადგენდნენ, მედგრად იცავდა საყვარელ ქალაქს.

პირველი შემოტევები ქართველებმა მოიგერიეს, მაგრამ თბილისელმა მაჰმადიანებმა ხვარაზმელებს ქალაქის კარი გაუღეს და ბრძოლის ბედიც მომხდურთა სასარგებლოდ გადაწყდა.

ჯალალედინის ჯარები ქალაქში შეიჭრნენ და არნახული სისასტიკით იწყეს მოსახლეობის ჭლეტა. მემატიანე მოგვითხრობს, რომ ისინი არ ინდობდნენ თვით ჩვილ ბავშვებსაც კი, დედებს ხელებიდან სტაცებდნენ და ფილაქანზე ანარცხებდნენ. ქუჩები გვამებით გაივსო, სისხლის მდინარეები დიოდა.

ჯალალედინმა სიონს გუმბათი მოანგრია, ზედ თავისი ბინძური დასაჯდომელი დაადგმევინა, ქალაქის მოსახლეობა ორად გაჰყო – ქრისტიანებად და მაჰმადიანებად. ქრისტიანი მოსახლეობა მეტეხის ხიდთან მირეკა, ხიდზე ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები გულაღმა დააწყო და ქრისტიანებს უბრძანა ფეხით შემდგარიყვნენ ხატებზე. უარის შემთხვევაში თავებს ჭრიდნენ და წყალში ყრიდნენ. საგულისხმოა, რომ 100 000-ზე მეტი ადამიანი მოწყდა ურჯულოთაგან იმ დღეს და არ აღმოჩენილა ქრისტიანთა შორის ისეთი, ვინც გაკადნიერდებოდა და სიწმინდეებს შეურაცხყოფდა.

მოსახლეობას რომ გაუსწორდა, ჯალალედინმა ქალაქის სიმდიდრის ძარცვას მიჰყო ხელი. ნაძარცვის აღმნუსხველები დილიდან დაღამებამდე მუშაობდნენ და საქმეს მაინც ვერ აუდიოდნენ. ჯალალედინის ისტორიკოსის ნესავის თქმით, მიტაცებული ქონების აღმრიცხველი გრაგნილებისაგან მთები დაიდგა. ჯალალედინმა არც მაჰმადიანი მოსახლეობა დაინდო და მათი ქონებაც იავარჰყო. ახლა კი მიხვდნენ მაჰმადიანი თბილისელები, რომ მწარედ შეცდნენ, მაგრამ გვიანი იყო.

1226 წლის დამლევს ქართველებმა ისარგებლეს ჯალალედინის წინაშე წამოჭრილი გართულებებით, თბილისში მყოფ მის ჯარს მოულოდნელად დაეცნენ თავს და მწარე დამარცხება აგემეს. ეს რომ ჯალალედინმა შეიტყო, დაუყონებლივ მობრუნდა უკან, მაგრამ ქართველებმა ბრძოლა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს და ქალაქი გადაწვეს.

ჯალალედინის სისხლიანი ბატონობა 1231 წლამდე გაგრძელდა, იმ წელს ეს სასტიკი მტარვალი ბასიანის ბრძოლაში მოკლეს. სამეფო ხელისუფლება ქუთაისიდან კვლავ თბილისს დაბრუნდა. დაბრუნდა მთებში გახიზნული მოსახლეობაც. ქალაქმა თანდათან იწყო აღდგენა.


მონღოლები

თბილისს ჯალალედინისაგან მიყენებული ჭრილობები ჯერ არ მოეშუშებინა, რომ ახალი დამპყრობელი მოევლინა. ესენი იყვნენ მონღოლები, რომლებიც საქართველოში XIII საუკუნის შუახანებში გამოჩდნენ. ისინი ცეცხლითა და მახვილით მოიწევდნენ საქართველოს დედაქალაქისაკენ. რუსუდან მეფე ისევ ქუთაისში გადაიხვეწა, ქალაქის დაცვა კი მუხასძეს დაავალა. როცა მტერი ქალაქს მოუახლოვდა, მუხასძემ თბილისი გადაწვა, რომ დამპყრობლებს არ ჩავარდნოდა ხელთ. ცეცხლს მხოლოდ ისნის ციხე გადაურჩა. მონღოლებმა ადვილად აიღეს ციხე და რადგან ქალაქი გადამწვარი დახვდათ, ქართლის სოფლებს შეესივნენ.

მეფე იძულებული გახდა მონღოლთა უზენაესობა ეცნო და ხარკი ეძლია. საგანგებო შეთანხმებით, სამეფო კარი კვლავ თბილისში გადმოვიდა. ქალაქმა გამოცოცხლება იწყო, მაგრამ ღორმუცელა მონღოლების გასტუმრება ძალზე ძვირი უჯდებოდა, ამიტომ ძველი დიდება ვეღარ აღიდგინა.

როცა მონღოლთა ბატონობა აუტანელი გახდა, ქვეყნის თავკაცები თბილისში შეიკრიბნენ, გამართეს საიდუმლო ბჭობა და მონღოლთა განდევნის გეგმა დასახეს. მაგრამ, სავაგლახოდ, შეკრებილთა შორის მოღალატეები გამოჩდნენ, რომელთაც ქართველთა განზრახვა მონღოლებს აუწყეს. მონღოლებმა მოთათბირეთ ალყა შემოარტყეს და ყველა დააპატიმრეს. მართალია, ამ აჯანყებას შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ ქართველებმა ბრძოლის სხვა ხერხებს მიმართეს. ზოგჯერ საყოველთაო აჯანყება იფეთქებდა, ზოგჯერ კი პატარ-პატარა რაზმებად ესხმოდნენ თავს მტერს. მონღოლები ამან ძალიან დაასუსტა, საბოლოოდ კი მათი უღელი ქართველმა ხალხმა XIV საუკუნეში, გიორგი ბრწყინვალის დროს გადაიგდო.

თემურ-ლენგი

ამის შემდეგ თბილისმა განვითარება იწყო. მან კვლავ დაიბრუნა ძველი დიდება და საერთაშორისო ავტორიტეტი. იმდროინდელი რომის პაპის ერთ-ერთ წერილში თბილისი დახასიათებულია, როგორც „საუკეთესო, მეტად შესანიშნავი და სიმდიდრით უხვი ქალაქი“.

მაგრამ თბილისის მშვიდობიანობის ხანა ხანმოკლე აღმოჩნდა. 1386 წელს ჩვენს ქვეყანას მოადგა აზიელი ტირანი – თემურ-ლენგი, რომელმაც სისასტიკითა და კაცთმოძულეობით ყველა ადრინდელ დამპყრობელს გადააჭარბა.

თემურ-ლენგი სამარყანდიდან იყო. ჯერ კიდევ ჭაბუკობაში მიჰყო ხელი ქურდობასა და ყაჩაღობას, ერთ-ერთი დაყაჩაღების დროს დაიჭრა, რის შედეგადაც დაკოჭლდა. სწორედ ამიტომ უწოდებენ „ლენგს“, ანუ კოჭლს. იგი უსასტიკესი ადამიანი იყო, სიამოვნებას ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა გვრიდა, დახოცილთა მოკვეთილი თავებით მინარეთებს აგებდა. ერთხელ ერთ კოშკში 2000 ადამიანი ცოცხლად ჩაამარხინა. აი, ასეთი კაცთმოძულე მტარვალი რვაჯერ შემოესია საქართველოს.

თემურ-ლენგს საქართველოს დედაქალაქის დაპყრობა ორი მიზეზის გამო სურდა: თბილისისა და საქართველოს დაკავებით, იგი ჩამოიშორებდა ოქროს უდროს მბრძანებელს – თოხთამიშხანს, რომლის ჯარში ქართველებიც იყვნენ, ამასთან, ჩაკეტავდა დარიალისა და დარუბანდის გადმოსასვლელებს, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

საქართველოს მეფე – ბაგრატ V – კარგად ხვდებოდა თემურ-ლენგის განზრახვას. ამიტომ თბილისის ციხე-სიმაგრენი საგანგებოდ შეაკეთა, ქალაქში საომარი მასალა შეიტანა, ჯარი შეყარა და საომრად მოემზადა.

გაიმართა სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. ქართველები მედგრად იცავდნენ თავიანთ საყვარელ ქალაქს. ომმა ექვს თვეს გასტანა. თემურ-ლენგს ციხე-სიმაგრეთა ნგრევის დიდი გამოცდილება ჰქონდა, თანაც უახლესი სამხედრო ტექნიკით იყო აღჭურვილი და ჯარიც ქართველებისაზე მნიშვნელოვნად დიდი ჰყავდა. ამასთან, თბილისი მოწყდა რაიონებს, მაშველ ჯარსა და სურსათ-სანოვაგეს ვეღარ იღებდა. ამიტომ ექვსი თვის შემდეგ ქალაქის წინააღმდეგობა შეწყდა. 1386 წლის 21 ნოემბერს ხეიბარი ქალაქში შეიჭრა. მტერმა ქალაქი მოსრა, დაანგრია ციხეები, მოსახლეობის ნაწილი მოწყვიტა, ნაწილი კი ტყვედ წაასხა, მათ შორის, თვით მეფე ბაგრატი და დედოფალი ანა. სასტიკმა მტარვალმა ციხე დაიპყრო და შიგ თავისი მხედრები დააყენა.

თემურ-ლენგის ბატონობა ჩვენს ქვეყანაში 1403 წლამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში იგი რვაჯერ შემოესია საქართველოს და ყველაფერი გააჩანაგა. მიუხედავად ქვეყნის უკიდურესი გაპარტახებისა, დამპყრობელმა ქართველთა წინააღმდეგობა ვერ გატეხა. ქართველი ხალხის თავგანწირულმა ბრძოლამ არაერთხელ აგემა ხეიბარს სასტიკი დამარცხება და საბოლოოდ სრულიად ამოუკვეთა ფეხი საქართველოდან.

თემურ-ლენგის გადაშენების შემდეგ მთებში გახიზნული მოსახლეობა კვლავ დაბრუნდა და დანგრეული დედაქალაქის აღდგენა იწყო. თბილისის აღდგენა-გაძლიერების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს მეფემ ალექსანდრე პირველმაც. მაგრამ ქვეყანა ძლიერ იყო დასუსტებული და სათანადო სახსრები არ მოეპოვებოდა, ამიტომ დაწესდა ახალი გადასახადი, რომელიც ციხე-სიმაგრეებისა და ეკლესია-მონასტრების აღდგენას ხმარდებოდა. განსაკუთრებით, ნარიყალას, სიონისა და ისნის შეკეთებას მოხმარდა. მაგრამ ალექსანდრეს წამოწყება ახალმა შემოსევებმა ჩაშალა.

1440 წელს, აღდგომა დღეს, როცა მთელი საქართველო საზეიმოდ მორთულიყო და დღესასწაულობდა, ქვეყნის საზღვრები გადმოლახა და მოულოდნელად დაატყდა თავს ქართველებს თავრიზის მფლობელი ჯეჰან-შაჰი. თბილისისაკენ მომავალმა მტერმა გზად ქალაქი სამშვილდე და ქართლის სოფლები მოარბია. ეს შემოსევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ქართველებმა ჯარის შეყრა ვერ მოასწრეს. მიუხედავად ამისა, თბილისელები მედგრად დაუხვდნენ მტერს, მაგრამ მომხდურნი ქალაქში მაინც შემოიჭრნენ, ეკლესია-საყდრები მიანგრ-მოანგრიეს, ციხე-სიმაგრენი მიწასთან გაასწორეს, მოსახლეობა დაატყვევეს, რასაც მოერიენ, წაიღეს და ქალაქი გადაწვეს.

XV საუკუნის მეორე ნახევარში მეტად გართულდა მდგომარეობა საქართველოს საზღვრებს გარეთ. 1453 წელს დაეცა ბიზანტიის იმპერია და იქ თურქები გაბატონდნენ. ამით საქართველო მოსწყდა აღმავლობის გზაზე მდგარ ევროპას და მთლიანად მაჰმადიანურ გარემოცვაში მოექცა.

ჯეჰან-შაჰის შემოსევის შემდეგ თბილისი დაკნინდა. მტრისგან მიყენებულ ზარალს ისიც დაემატა, რომ 1475 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ქალაქს თავს შავი ჭირის ეპიდემია დაატყდა. ამ სენმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

უზუნ-ჰასანის შემოსევები

1477 წელს ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი 40 000 კაცით საქართველოს შემოესია და თბილისიც აიღო, აქ თავისი გარნიზონები ჩააყენა და ქალაქის გაძარცვის შემდეგ უკან გაბრუნდა. 1478 წელს ქართველები აჯანყდნენ, თბილისს მყოფი მტრის ჯარები ამოწყვიტეს და ქალაქი გაათავისუფლეს.

1488 წელს იაყუბ-ყაენმა საქართველოს წინააღმდეგ დიდი ჯარი გამოგზავნა ხალილ-ბეგის მეთაურობით. მტერი თბილისს მოადგა. ქართველებმა ქალაქის მისადგომები საგანგებოდ გაამაგრეს და მომხდურს მედგრად ეკვეთნენ. მტერმა ციხე ვერ გატეხა.

მტრის ზურგი რომ მოეშალათ, ქართველებმა ჭანდარს მდგომ სპარსელებს შეუტიეს და სასტიკად დაამარცხეს. როცა ეს თბილისის ციხეზე მოიერიშე სპარსელებმა გაიგეს, ბრძოლა შეწყვიტეს და უკან წავიდნენ. კუმისის ბოლოს ქართველებმა მათ გზა გადაუჭრეს და სასტიკად დაამარცხეს.

თბილისის დაკნინება


მას შემდეგ, რაც საქართველო ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაიშალა და თბილისი ქართლის სამეფოს რეზიდენციად იქცა, ქალაქის გავლენის სფერო მნიშვნელოვნად შემცირდა. თბილისური საქონელი არა მარტო შორეულ ქვეყნებში აღარ გადიოდა, არამედ საქართველოს რაიონებსაც აღარ სწვდებოდა. შინაური შუღლი და ქიშპობა აძაბუნებდა მტრისაგან ისედაც გავერანებულ ქვეყანას. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, საქალაქო ცხოვრება აღმავლობას ვერ განიცდიდა და კნინდებოდა.

ოსმალები და სპარსელები

XVI საუკუნის დამდეგს შაჰის ირანი და ხონთქარის თურქეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეეჯახნენ. ისინი პირველობისათვის იბრძოდნენ, რაც იმას დარჩებოდა, ვის ხელშიც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი აღმოჩნდებოდა.

XVI საუკუნის 20-იან წლებში მოულოდნელად ქართლში ოსმალები შეიჭრნენ და თბილისის დაკავებას შეეცადნენ. ქართლში სასწრაფოდ ჯარი შეყარეს, მტერს ეკვეთნენ და უკუაგდეს, მაგრამ ჯერ არც კი ამოესუნთქათ, რომ ახლა სპარსელები შემოიჭრნენ. ქართველებმა მესხები მოიშველიეს, ლეკ-ოს-მთიულნი დაიქირავეს, თბილისი საგანგებოდ გაამაგრეს და ბრძოლისათვის განემზადნენ. თელეთთან ქართველთა ჯარმა სპარსელებს დიდი დამარცხება აგემა, მაგრამ ვერაგმა შაჰ-ისმაილმა ქართველებს ზურგიდან მოუარა და ბრძოლა გაუმართა, ქართველები დამარცხდნენ. მტერი თბილისისაკენ დაიძრა. თბილისის ციხისთავი მოღალატე გამოდგა, მომხდურისაგან დიდი ქრთამი აიღო, ციხე-სიმაგრეთა გასაღებები მტერს გადასცა და ქალაქში შემოუშვა. მტერმა ქალაქის აოხრება იწყო, სიონის ეკლესია შებილწა, ციხე-სიმაგრეებში თავისი ჯარი ჩააყენა, მოსახლეობა გაძარცვა და დაატყვევა. ესეც არ იკმარა და მეტეხის ხიდის ყურზე მაჰმადიანური სამლოცველო – მეჩეთი ააშენა. ჩანდა, მტერი დიდხანს აპირებდა აქ დარჩენას.

ეს ამბავი 1522 წელს მოხდა. ქართველებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, თბილისის გასათავისუფლებლად ხმალს ლესავდნენ, ძალას იკრებდნენ და ბრძოლისათვის ემზადებოდნენ. 1524 წელს შაჰ-ისმაილი გარდაიცვალა. ქართველებმა ამით ისარგებლეს და თბილისის გასათავისუფლებლად შეტევაზე გადავიდნენ. დავით მეფემ ქალაქი აიღო, მოსრა სპარსელები და ციხე-სიმაგრეები დაიბრუნა. ქართველებმა საძირკვლითურთ მოთხარეს მტრის მიერ აგებული მეჩეთი და ის ადგილი ნაკურთხი წყლით გაბანეს. ამრიგად, მტრის ეს ცდაც, თბილისი თავის საყრდენად ექცია, მარცხით დამთავრდა.

ჩვიდმეტი წელიწადი თბილისში მშვიდობა სუფევდა. ეს დაეტყო ქალაქს: შეკეთდა და აიგო არაერთი შენობა, იმატა მოსახლეობის რიცხვმაც, გამოცოცხლდა ვაჭრობა-ხელოსნობა. მაგრამ შაჰ-ისმაილის მემკვიდრე, შაჰ-თამაზი თბილისის დაკარგვას ვერ ინელებდა. 1541 წელს სპარსელთა ურდოები კვლავ შემოიჭრნენ ქართლში. მტერი თბილისისაკენ მოიწევდა. როგორც წესი, თბილისის დაცვის ორგანიზება ქალაქის ციხისთავს ევალებოდა. მაშინ ეს თანამდებობა ეკავა ვინმე გულბაათს, რომელიც მოღალატე გამოდგა. როდესაც მტერი თბილისს მოუახლოვდა, გულბაათი სპარსელთა მხარეს გადავიდა, მაჰმადიანობა მიიღო და მომხდურებს ქალაქში შემოუძღვა.

სპარსელთა მძვინვარებას საზღვარი არ ჰქონდა, მათ ქალაქს ცეცხლი წაუკიდეს და უამრავი ადამიანი ამოხოცეს. თავგანწირული მოქალაქეები პატარ-პატარა ჯგუფებს ქმნიდნენ და მტერს ძვირად უსვამდნენ თითოეული ქუჩისა და სახლის აღებას. მართალია, თბილისელი ბევრი დაიხოცა, მაგრამ მტერმაც საკმაო ზარალი ნახა. ბოლოს სპარსელთა სიმრავლემ თავისი გაიტანა, თბილისელები დამარცხდნენ.

მომხდურებმა ბირთვისის ციხეს ალყა შემოარტყეს. ეს ციხე ცნობილი იყო თავისი შეუპოვრობით. მემატიანის თქმით, ომითა და ძალით იგი არ აიღებოდა. მაგრამ ეს ციხეც შიგნიდან გატყდა. წყალობის მომლოდინე მოღალატეებს იმედი გაუცრუვდათ, სპარსელებმა ნაწილი გაათათრეს, ვინც ქრისტეს რჯულის უარყოფაზე უარი თქვა, თავები დააყრევინეს და ცოლ-შვილი დაუტყვევეს.

ქართველები თბილისის დაკარგვას არც ამჯერად შეურიგდნენ, მათ ცენტრი გორში გადაიტანეს, ქუდზე კაცი შეჰყარეს და პარტიზანული ბრძოლა გააჩაღეს. ამ საყოველთაო ბრძოლას სათავეში ჩაუდგა ნიჭიერი მხედართმთავარი, დიდი პატრიოტი ქართლის მეფე ლუარსაბ პირველი. XVI საუკუნის შავბნელ ხანაში ლუარსაბის ხელმძღვანელობით წარმოებულმა ბრძოლამ ჩაშალა მტრის მზაკვრული გეგმები და ჩვენი ქვეყანა ფიზიკური განადგურებისაგან იხსნა. შაჰ-თამაზმა ჩვიდმეტი წლის მანძილზე ვერ მოიხელთა ლუარსაბ მეფე. ლურსაბი არაერთხელ დაესხა თავს თბილისში მყოფ სპარსელებს და ერთხელ კიდეც აიღო თბილისი, მაგრამ მტერი კვლავ შეიჭრა ქალაქში და ისევ თავისი მეციხოვნეები ჩააყენა.

1556 წელს გარისის ველზე თბილისისათვის წარმოებული ბრძოლის დროს ლუარსაბ პირველი დაიღუპა.

ლუარსაბის სიკვდილის შემდეგ თბილისის გათავისუფლების საქმეს სათავეში ჩაუდგა სიმონ პირველი. თბილისის ციხეები საგანგებოდ იყო გამაგრებული. სპარსელებმა იცოდნენ, რომ თბილისის დაკარგვით მთელ ქართლს დაკარგავდნენ, ამიტომ მის შესანარჩუნებლად არაფერს იშურებდნენ.

სიმონი იერიშისათვის ემზადებოდა, მაგრამ ჯერ მცირე-მცირე რაზმებით ესხმოდა თავს თბილისის გარეუბნებს და სპარსელებს ჟლეტდა. სიმონმა დახმარებისათვის ლევან კახთა მეფესაც მიმართა, რომელმაც დიდი რაზმი გამოუგზავნა თავისი ძის – გიორგის მეთაურობით. ქართლ-კახელთა შეერთებული ლაშქარი ციხედიდს დადგა და თბილისზე წამოსასვლელად ემზადებოდა. მაგრამ მტერმა შეიტყო ეს და განთიადისას მოულოდნელად დაეცა თავზე ქართველებს. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ქართველებმა რამოდენიმეჯერ აბრუნებინეს პირი სპარსელებს, მაგრამ ბრძოლაში დაუღუპა გიორგი უფლისწული, რამაც ქართველებში არეულობა გამოიწვია და გამარჯვება სპარსელებს დარჩათ. სიმონ მეფემ ხმლით გაიკაფა გზას და გორში ავიდა. თბილისის გათავისუფლებისათვის ბრძოლის შეწყვეტას მეფე არ აპირებდა და გაათავისუფლებდა კიდეც, რომ არა მისი მოღალატე ძმა – დავითი, რომელიც მეფობაზე ოცნებობდა. იგი შაჰ-თამაზს ეახლა, მაჰადიანობა მიიღო და თავისი ძმის წინააღმდეგ ომიც იკისრა. დავითს დაუთხანი უწოდეს და ქართლისაკენ გამოისტუმრეს. მაგრამ ქართლის დიდი ნაწილი სიმონს ემორჩილებოდა, ამიტომ დაუთხანის მფლობელობაში მხოლოდ თბილისი და საბარათიანო აღმოჩნდა.

1567 წელს, დიღმის ველზე სიმონმა დაუთხანსა და მის მოკავშირე სპარსელებს სძლია და თვით თბილისამდე სდია. ერთი წლის შემდეგ სიმონმა კვლავ მიიტანა იერიში თბილისზე. ქალაქს უსათუოდ გაათავისუფლებდა, ვაჭრებს რომ მისთვის მხარი დაეჭირათ. თბილისის გათავისუფლება ვერც ამჯერად მოხერხდა.

1569 წელს მოხდა კიდევ ერთი ბძოლა სიმონსა და დაუთხანს შორის ფარცხისის ველზე. ბრძოლის დროს სიმონი ტყვედ ჩავარდა. იგი სპარსეთში წაიყვანეს და ალამუტის ციხეში გამოკეტეს. ამასობაში ოსმალებმა სპარსეთთან დადებული ზავი დაარღვიეს და ირანის წინააღმდეგ გაილაშქრეს. მოღალატეობას ჩვეული დაუთხანი ახლა ოსმალთა მხარეს გადავიდა და ციხეები ჩააბარა. სპარსელები მიხვდნენ, რომ სიმონის მეტი ქართველებს ოსმალთა წინააღმდეგ ვერავინ დალაშქრავდა. ქართლის მეფე გაათავისუფლეს და საქართველოში გამოუშვეს.

1579 წელს სიმონი ქართლში დაბრუნდა, შემოიკრიბა ქართველი პატრიოტები და განმათავისუფლებელ ბრძოლას შეუდგა. მან ოსმალებს ბევრი ციხე წაართვა და თბილისსაც მოადგა. 1581 წელს სიმონმა მუხრანთან სასტიკად დაამარცხა სინან ფაშა. შეშფოთებული ოსმალები თბილისში ჩაიკეტნენ. სიმონმა ასეთ ხერხს მიმართა: ლილოსთან დაბანაკდა და მებრძოლებს ოსმალთა ნახირის მოტაცება დაავალა. სინან ფაშა მოტყუვდა, მოტაცებულ ნახირს დაედევნა. სიმონმა ისარგებლა, მოხერხებულ ადგილას დაეცა ოსმალებს და დიდი ნაწილი გაჟლიტა.

სიმონი ცდილობდა თბილისის ციხეში მყოფი ოსმალები დანარჩენ ციხე-სიმაგრეებში გამაგრებული ოსმალებისაგან მოეწყვიტა, ამიტომ ლორეს ციხე აიღო და შემდეგ თბილისისაკენ წამოვიდა. 1583 წელს, თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელაში სიმონმა სასტიკად დაამარცხა თბილისის ფაშა და ქალაქი გაათავისუფლა. მაგრამ ოსმალები ასე ადვილად არ შეურიგდებოდნენ თბილისის დაკარგვას, მათ ყველაფერი იღონეს და ქალაქი კვლავ დაიკავეს. სიმონი ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ 1600 წელს ფარცხისის ველზე უთანასწორო ბრძოლაში იგი ტყვედ ჩავარდა, ოსმალებმა კონსტანტინეპოლის ციხეში გამოკეტეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ოსმალთაგან თბილისი 1606 წელს გათავისუფლდა, მაგრამ ოსმალ-ყიზილბაშთა ომები კვლავ გრძელდებოდა.


მშვიდობიანი ხანა

შედარებით მშვიდობიანი დრო დადგა როსტომის მეფობის პერიოდში (1632-1658). მოსახლეობას მშვიდობიანი შრომის საშუალება მიეცა, ჩამკვდარი ვაჭრობა გამოცოცხლდა, განაგდურებული ხელოსნობა კვლავ აღორძინდა. თბილისის ავტორიტეტი ისევ ამაღლდა. აქ არა მარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოტანილი, უცხოური საქონელიც უხვად იყო. ვაჭრობა-ხელოსნობის ზრდას თბილისის მოსახლეობის მატებაც მოჰყვა. მე-17 საუკუნის დამლევისათვის თბილისში უკვე 20 000-მდე მცხოვრები იყო. ძლიერ შეიცვალა ქალაქის გარეგნული სახეც. აქ როსტომმა მშვენიერი სასახლე ააშენა, რომელიც მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. აშენდა ქარვასლები, სასტუმროები, ხიდები, მოედნები, წყალსადენები, პარკები. ქალაქის ზრდა-გაშენება გეგმის მიხედვით წარმოებდა, რომელსაც „ქალაქური წესი“ ეწოდებოდა.

დიდი შემოქმედებითი მუშაობა გაიშალა კულტურის სფეროშიც. გაიხსნა სკოლები, 1708 წელს დაარსდა სტამბა, დაიწერა სამართლის წიგნი, საქართველოს ისტორია. შეიქმნა მრავალი სახელმძღვანელო. მაგრამ მშვიდობა ამჯერადაც არ გაგრძელებულა დიდხანს.

კრწანისის ბრძოლა

იმ ხანებში საქართველო უფრო საიმედო და ერთმორწმუნე მოკავშირეს ეძებდა და ასეთად რუსეთი ესახებოდა. ერეკლემ რუსეთში ელჩობა მიავლინა, რის შედეგადაც 1783 წელს ორ ქვეყანას შორის დაიდო ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც რუსეთმა თავს იდო ქართველ მეფეთა დახმარება დამპყრობლებთან ბრძოლებში. რამოდენიმე რუსული ბატალიონი კი მუდმივად უნდა მდგარიყო ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე. რუსეთმა მართლაც გამოგზავნა ორი ბატალიონი.

თბილისში რუსული ბატალიონების გამოჩენამ შეაშფოთა მაჰმადიანი მეზობლები. 1795 წელს საქართველოსაკენ სპარსეთის მბრძანებელი, დაუნდობელი აღა-მაჰმად-ხანი დაიძრა.

ერეკლე მზადებას შეუდგა. პირველ მოხმობაზე 40 000-მდე მეომარმა მოიყარა თავი, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, 4-5 ათასი კაცი ძლივს შეგროვდა.

სექტემბრის პირველ რიცხვებში აღა-მაჰმად-ხანი თბილისს მოადგა. ერეკლემ ჯარი ცალკეულ რაზმებად დაყო და თვითოეულს თავისი წინამძღოლი დაუნიშნა. მთავარი ძალა სეიდაბადის ბაღების ბოლოს განალაგა და სანგრები და სხვა თავდაცვითი თხრილები გააკეთებინა.

მარჯვენა ფრთის სარდალი დავით ბატონიშვილი იყო. მას 6 ზარბაზანი და 400 ჯარისკაცი ჰყავდა, იგი თელეთ-შავნაბადას მხრიდან მომავალ ბილიკებს იცავდა.

მოწინავე ნაწილს იოანე ბატონიშვილი სარდლობდა. მარცხენა ფრთა იოანე მუხრანბატონს ებარა. თავად ერეკლე ცენტრს იცავდა, მასთან იყვნენ იმერლები ზურაბ წერთლის მეთაურობით. ერეკლეს ზურგს უმაგრებდნენ ვახტანგ ბატონიშვილი და ამილახვარი. ქალაქის მისასვლელში სოლომონ მეორე იდგა 1000 კაცით.

აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ჯარი 12 ნაწილად დაჰყო. ჯარის ავანგარდს სპარსელები ქმნიდნენ. მათ უკან მიჰყვებოდნენ თურქმენთა რაზმები, რომელთაც ნაბრძანები ჰქონდათ ტყვია დაეშინათ და არ დაენდოთ ის, ვინც უკან დაიხევდა.

10 სექტემბერს აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი შეტევაზე გადავიდა. ქართველებმა სულ ახლოს მიუშვეს მტერი და შემდეგ ძლიერი ცეცხლი დაუშინეს. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა დარტყმას და უკან დაიხია. აღა-მაჰმად-ხანი დააფიქრა პირველმა მარცხმა. მან არ იცოდა ქართველთა ჯარის მცირერიცხოვნება.

11 სექტემბერს ბრძოლა განახლდა. მებრძოლი ქართველების შემხედვარე აღა-მაჰმად-ხანს უთქვამს: ამდენი ბრძოლა გადამიტანია, ვის არ შევბმივარ, მაგრამ მე არ შემხვედრია ისეთი გმირი მოწინააღმდეგე, როგორიც ქართველები არიანო.

ქართველებმა არაერთხელ უკუაგდეს მტერი და კრწანისის ველი მათი სისხლით მორწყეს, მაგრამ მომხდურთა რიცხობრივ სიმრავლეს მაინც თავისი გაჰქონდა, აშკარა იყო, რომ გამარჯვება მტრის მხარეს იხრებოდა. 75 წლის ერეკლე ჭაბუკურად მხნედ იქნევდა ხმალს და არაერთი ყიზილბაშის თავი გააგორა მიწაზე. მაგრამ მასაც ძალა ელეოდა, თანაც მტრის რაზმები გარს ერტყმოდნენ მეფეს და მის დატყვევებას ცდილობდნენ.

იოანე და ვახტანგ ბატონიშვილებმა ალყა გაარღვიეს და ერეკლე გადაარჩინეს. ამ ცხარე ბრძოლაში გმირულად დაიღუპა სამასი არაგველი. ერეკლე არაგვის ხეობაში გაიხიზნა.

მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველი მტერს დარჩა, იგი ქალაქში შეიჭრა და რბევა-აწიოკებას მიჰყო ხელი. აღა-მაჰმად-ხანმა თბილისში შვიდი დღე დაჰყო და იგი მთლიანად იავარჰყო. გაძარცვა და გადაწვა ეკლესიები, სახლები, სასახლეები, მოსახლეობის ნაწილი გაჟლიტა, ნაწილი კი ტყვედ წაასხა. ეკლესიის მსახურებს თავი ერთად მოუყარა, ხელები შეუკრა და მტკვარში გადაყარა.

მეფის შესანიშნავი სასახლე თავისი ფლიგელებით, სამეურნეო შენობებითა და მარმარილოს ლომისთავიანი შადრევნებით, წიგნთსაცავი, სტამბა, სემინარია, ზარაფხანა, თოფხანა და სხვა მრავალი ცეცხლს მისცეს. მიწასთან გაასწორეს თბილისის ცნობილი აბანოებიც.

20 სექტემბერს აღა-მაჰმად-ხანი საქართველოს გაეცალა. თბილისში თანდათან ბრუნდებოდნენ გახიზნული მოქალაქეები. მათ აღარც სახლ-კარი ჰქონდათ, აღარც სარჩო-საბადებელი. მამა-პაპათა ნამემკვიდრალი ცეცხლს შთაენთქა. ქალაქში დაბრუნდა თვალცრემლიანი მეფე ერეკლეც. მრავაჭირნახული და მრავალ გამარჯვებათა მქონე ერეკლე დამწუხრებული უყურებდა მტრისგან გადამწვარ და ფერფლად ქცეულ თავის საყვარელ ქალაქს.

გამოყენებული ლიტერატურა:
პროფ. დ. გვრიტიშვილი „თბილისის თავგადასავალი“
თბილისი, 1958

საავტორი უფლებები დაცულია :lol:

მსგავსი ამბები

Back to top button