გასართობისაკითხავი

კატისებრნი


კატისებრნი (Felidae), ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებლების რიგისა

გენეტიკურად ახლოს დგანან ვივერებთან, მანგუსტებთან და აფთრებთან. მათი სხეულის სიგრძე 50-380 სმ აღწევს. მასა 1,5-275 კგ. აქვთ კუნთოვანი და მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ჩამალული ან ნახევრად ჩამლული ბრჭყალები. თითითმავალი მტაცებლებია. ტყის კატები ღიაფერისანი არიან, ველისა და უდაბნოს სახეობები — ყვითელი ან ქვიშისფერი. გავრცელებული არიან ყველა მატერიკზე ავსტრალიის, მისი მოსაზღვრე კუნძულებისა და მაგადასკარის გარდა. ბინადრობენ ტყეში, მდინარის სანაპიროზე, ველზე, უდაბნოში, ალპურ ზონაში. ბინდისა და ღამის ცხოველებია. ცხოვრობენ ცალ-ცალკე ან ოჯახებად. კატისებრნთა მრავალი წარმომადგენელი კარგად დაცოცავს ხეზე ან ცურავს. იკვებებიან ძუძუმწოვრებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით, თევზებით, ზოგჯერ მწერებითაც. მსხვერპლს უმთავრესად უსაფრდებიან ან ეპარებიან, შემდეგ კი თავს ესხმიან დიდი ნახტომით (მარტო ავაზა იჭერს მსხვერპლს დადევნებით). აერთიანებს რამოდენიმე გვარს, რომელთაგან კარგად ცნობილია გვარები Felis (სადაც შედის შინაური და ტყის კატები, ლელიანის კატა, ჩრდილოეთამერიკული პუმა და კიდევ რამოდენიმე შედარებით მცირე ზომის სახეობა), Panthera (სადაც შედის ჯიქი, ვეფხვი, ლომი და იაგუარი), Lynx (ფოცხვერები), Ascynonix (ავაზა). სულ ოჯახში შედის 37 სახეობა. მათგან ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 12 სახეობა, საქართველოში — 4 (ტყის კატა, ლელიანის კატა, ფოცხვერი და ჯიქი; მეოცე საუკუნის დასაწყისამდე საქართველოში პერიოდულად შემოდიოდნენ ვეფხვებიც). კატისებრების დედალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 12-15 თვისა. მაკეობა 55-270 დღე გრძელდება, შობენ 2-6 ნაშიერს. კატისებრნი შობენ ცოცხლობენ 30 წლამდე. სარეწაო ცხოველებია, ზოგან ზიანს აყენებენ მეცხოველეობას. ლომებს და ვეფხვებს ზოგ ქვეყანაში იცავენ.
გამოყოფენ დიდ კატათა (პანთერათა) და მცირე კატათა ქვეოჯახებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close