სასარგებლოსაქართველო

ძირს ნარკომანია


შემზარავი ამბავი, რომელიც საქართველოში მოხდა. მე თვალებს არ დავუჯერე ეს რომ წავიკითხე და ხელმეორედ გადავიკითხე. არ მეგონა ადამიანს ამ ყველაფრის გაკეთება თუ შეეძლო :O :O :O :O

– გამოძახების ადგილზე მისულებს მართლაც მძიმე სურათი დაგვხვდა, – 13 წლის ბიჭს თოკი კარის სახელურზე გამოება და ისე ჩამოეხრჩო თავი. დაჩოქილი გადავარდნილიყო გვერდზე. მიშიკო მეზობლის ქალს უნახავს და ბიჭის გადარჩენაც უცდია, მაგრამ უშედეგოდ…
ნანა ზვიადაძე (აქაც და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია) გარდაცვლილი ბიჭის კარის მეზობელი აღმოჩნდა.
– ოჯახის უფროსი თინა ვაშაყმაძე ძალიან კარგი ქალი იყო! – ასე დაიწყო ჩვენების მიცემა მეზობელმა, – მედდად მუშაობდა საავადმყოფოში და ყველა პატივს სცემდა, რადგან გაჭირვებულს ყოველთვის უანგაროდ ეხმარებოდა. ადრე დაქვრივებულმა მარტომ გაზარდა მარინა, თავისი ერთადერთი ქალიშვილი. არაფერს აკლებდა. ხშირად ღამის ცვლაში მუშაობდა და მარინას მე ვიტოვებდი ხოლმე. 13-14 წლისა რატომღაც ძალიან შეიცვალა: სწავლას მოუკლო, გაუხეშდა. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ იყო. თინამ ძალიან განიცადა შვილის ამბავი. რა არ გააკეთა, მაგრამ მარინას ვერაფრით ათქმევინა, ვინ იყო ბავშვის მამა. სახლიდან გაგდებითაც დაემუქრა, მაგრამ ვერ გაიმეტა. ჰოდა, 15 წლისას გაუჩნდა მიშიკო. შეიძლება ითქვას, დედას შვილისთვის ერთი ღამეც არ გაუთევია, ბიჭს ბებია ზრდიდა.
მარინა კი სულ გაგარეულდა.
5 წლისა იყო ბიჭი, შინ რომ მოვიდა მარინა და დედას კატეგორიულად განუცხადა, – მიშიკოს მამამ რომ გაიგო, შვილი გავუჩინე, გადაწყვიტა, ბავშვს გვარი მისცეს და ცოლადაც შემირთოს. მალე ხელს მოვაწერთ და ბიჭი ჩვენთან იცხოვრებსო!..
არ უნდოდა ბავშვის დათმობა თინას, მაგრამ ვერაფერს გახდა. მარინას მალე ბიჭის მამაც მოჰყვა და თინას ძალიან უხეშად ელაპარაკა, – ჩემი შვილია და რა უფლება გაქვს, არ დამითმოო?!
არც მიშიკოს უნდოდა დედასთან და მით უმეტეს, იმ მამასთან ერთად წასვლა, რომელიც მანამდე არასოდეს ენახა. 5 წლის ბიჭისთვის ბებია იყო ყველაფერი, მაგრამ რადგან მარინამ იმ კაცთან ხელი მოაწერა, კანონით მათ მიაკუთვნეს ბიჭი…
თინამ ისე ინერვიულა შვილიშვილთან განშორება, ინფარქტი დაემართა და ძლივს გამოვგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან. დედასავით მიყვარდა.
თავიდან მიშიკოს არ უშვებდნენ ბებიასთან. მერე, სკოლაში რომ დაიწყო სიარული, გაკვეთილებიდან იპარებოდა და თინას ეხვეწებოდა, არ გაეშვა მშობლებთან. ბიჭს კარგად ეცვა, არც ჭამა-სმა აკლდა თითქოს, მაგრამ მაინც ძალიან უბედური იყო. ამბობდა, რომ არც დედა უყვარდა და არც მამა… თავის მოკვლით ადრეც იმუქრებოდა! – გაახსენდა უცებ ზვიადაძეს და ცრემლიც კი შეაშრა, – ვგრძნობდი, რომ ბიჭი რაღაცას მალავდა, ალბათ ჰქონდა მიზეზი, რის გამოც თავი ჰქონდა მოძულებული, მაგრამ არ ამხელდა, ან აშინებდნენ და ვერ ამხელდა… თინა ორი წლის წინ გარდაიცვალა და ეს ბინა ბიჭის სახელზე დატოვა, სრულწლოვანებამდე კი მე უნდა შევუნახო. არ ენდო შვილს: გაუყიდის და ცარიელზე დატოვებსო… სიკვდილის წინ მეხვეწებოდა, რომ მიმეხედა მიშიკოსთვის, – გულიანი ბიჭია, გაიზრდება და დაგაფასებსო!..
მეც მიყვარდა ბიჭი. გაუთხოვარი ვარ და ვინ დამითმობდა, თორემ სიხარულით ვიშვილებდი. ხშირად მოდიოდა ბებიას სახლში, გასაღებს გამომართმევდა და საათობით შეეძლო შინ მარტო ყოფნა. დღესაც ადრე მოვიდა. მითხრა, ჩემი კლასი შატალოზე წავიდა. მე ქუჩაში ხეტიალს აქ მოსვლა ვამჯობინე და საღამომდე დავრჩებიო! – გასაღები გამომართვა. სადილის დრო რომ მოვიდა და სუფრა გავშალე, დასაძახებლად გამოვაკითხე. აქ კი ასეთი უბედურება დამხვდა…
…ბავშვის დედ-მამის მოძებნა გაჭირდა. ნანა ზვიადაძის მითითებულ მისამართზე სხვა ოჯახი დაგვხვდა. მეზობლებისგან შევიტყვეთ, რომ მარინა ვაშაყმაძე არც არასოდეს ყოფილა ამ ბინის პატრონი და მხოლოდ ქირით ცხოვრობდნენ. დიდი ხნის წინ გადასულან. სად, არავინ იცოდა:
– ძალიან უცნაური ხალხი იყო. ჩაკეტილად ცხოვრობდნენ, არავის ეკონტაქტებოდნენ და ჩვენც არ ვუმტვრევდით კარს. ფაქტობრივად, არც ვიცნობდით. იმისი თქმა კი შეგვიძლია, რომ ცხოვრება არ უჭირდათ. მარინა არ მუშაობდა და თითქმის სულ შინ იყო. ავადმყოფის შთაბეჭდილებას ტოვებდა: აივანზეც მოუწესრიგებელი გამოდიოდა. სახეც გაფითრებული ჰქონდა ხოლმე. მათი სახლიდან ხმამაღალი ლაპარაკიც არასოდეს გაგვიგონია. ქმარს გიგო ჰქვია. მანქანაც ჰყავთ და სულ დატვირთული მოდიოდა შინ… ბიჭი კი, საწყალი მიშიკო, სულ გულჩათხრობილი დადიოდა. ეზოს ბავშვებთან ურთიერთობასაც გაურბოდა, არასდროს გვინახავს, მათთან ეთამაშოს… ამიტომ ძალიან გვეცოდებოდა. რამდენჯერმე, როცა სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, დავუდარაჯდით და ვთხოვეთ, ჩვენს შვილებთან სტუმრად მოსულიყო, ვფიქრობდით, ერთმანეთს გაიცნობენ და იმეგობრებენო, მაგრამ არ მოინდომა…
მიუხედავად ყველაფრისა, დაღუპული ბავშვის მშობლების ძებნით აღარ შეგვიწუხებია თავი. ბოლოს და ბოლოს, ბიჭი შინ რომ არ მივიდოდა საღამოს, ხომ დაუწყებდნენ ძებნას?!
არც შევმცდარვართ.
გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გავგზავნეთ.
დაახლოებით საღამოს 6 საათზე დაგვირეკა ნანა ზვიადაძემ, რომ მიშიკოს მშობლებმა მოაკითხეს…
…მარინა ვაშაყმაძე მართლაც ავადმყოფის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ვერ ვიტყვი, რომ შვილის თვითმკვლელობას გულგრილად შეხვდა, მაგრამ ეს შვილმკვდარი დედის რეაქცია არ ყოფილა. ცრემლი ერთხელაც არ გასჩენია თვალში. იჯდა ერთ ადგილას გახევებული და წამდაუწუმ წყალს ითხოვდა. ჩემმა ერთ-ერთმა თანაშემწემ, რომელიც ძირითადად ნარკომანებთან მუშაობდა, შეამჩნია, მისი შფოთვა და ყურში ჩამჩურჩულა:
– ბატონო მიხეილ, ეს ქალი აშკარად ნარკომანია და მისი საქციელის მიხედვით, არ იქნება გასაკვირი, რომ “ლომკა” დაეწყოს…
გიგო ქასრაშვილიც დამფრთხალს უფრო ჰგავდა, ვიდრე დამწუხრებულს:
– ეს რა გვიყო, – თავიც დაიღუპა და ჩვენც ამოგვაგდო. რატომ გაგვიკეთა ეს, არაფერს ვაკლებდით. ჩვენი ერთადერთი შვილი იყო…
– ვერ ხვდებით, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მისი თვითმკვლელობის მიზეზი?! – ჯიქურ ჩავხედე კაცს თვალებში.
– ვერ გეტყვით, ნამდვილად! – სცადა არ აღელვებულიყო, – უცნაური ბავშვი კი იყო. შინ სულ ჩუმად იჯდა ხოლმე. მაღიზიანებდა კიდეც…
– იქნებ ისიც ღიზიანდებოდა? – ახლა ჩემმა თანაშემწემ მიიტანა ქასრაშვილზე იერიში.
– მიზეზი ხომ უნდა ეთქვა?! – მხრები აიჩეჩა კაცმა.
– თუნდაც დედის ნარკომანობა! – აღარ დაიხია უკან გამომძიებელმა.
– რააა?! – ვითომ გაიკვირვა ქასრაშვილმა, მაგრამ ამ დროს მარინა ვაშაყმაძე ალაპარაკდა:
– კმარა, გიგო… ცუდად ვარ და თუ ახლა წამალს არ გავიკეთებ, მოვკვდები! – ქალმა ჩვენ თვალწინ გახსნა ხელჩანთა და შპრიცი ამოიღო… ეს იმ დროს საკმარისი მიზეზი იყო მის დასაკავებლად!
– ჰო, ნარკომანი ვარ, მაგრამ ამით შვილისთვის არც რამე დამიკლია და არც რამე დამიშავებია… უმადური იყო, ბებიამისს მიჰყვებოდა საფლავში და ჯანდაბამდე გზა ჰქონია! – თითქოს საკუთარ შვილზე კი არა, ვიღაც უცნობზე ლაპარაკობდა.
– იქნებ შვილის დასაფლავებამდე გვაცალოთ… მარინა არსად გაიქცევა! – ხმა ამოიღო ქასრაშვილმა, – გამატანეთ შინ და პირობას გაძლევთ, დაკრძალვის შემდეგ ჩემი ხელით მოგიყვანთ.
– არა, არ წამოვალ შენთან, ციხეში მირჩევნია! – მოულოდნელი განცხადება გააკეთა მარინა ვაშაყმაძემ და ქმარს ზიზღით გახედა.
– ქმარს რაიმეში ადანაშაულებთ?! – ვკითხეთ მარინას.
– არა… ჩემი თავი მე დავიღუპე… გიგო არაფერ შუაშია. გაუშვით. მიხედოს ჩვენს უბედურ შვილს…
მარინა ვაშაყმაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადავიყვანეთ…
– მიცვალებულის გადმოსვენება როდის იქნება შესაძლებელი პროზექტურიდან? – გვკითხა ქასრაშვილმა.
– ალბათ ორ-სამ საათში… მისამართი გვითხარით, სად დაასვენებთ ბიჭს?!
– ალბათ აქ, ბებიამისის სახლში. ჩვენ ქირით ვცხოვრობთ და არა მგონია, სახლის პატრონმა მიცვალებულის იქ დასვენების ნება მოგვცეს…
– საღამოს დავბრუნდებით! – ვუთხარით ქასრაშვილს და განყოფილებაში წავედით, სადაც უკვე ექსპერტი გველოდებოდა დასკვნით:
– ბატონო მიშა, ბიჭი მამათმავლობის მსხვერპლია და აშკარაა, რომ გაუკუღმართებულ სქესობრივ ძალადობას მის მიმართ დიდი ხანია იჩენდნენ… ჩანს, ფსიქიკამ ვეღარ გაუძლო – 13 წელი ისედაც რთული ასაკია ბიჭისთვის. ჰოდა, სიცოცხლეც ასე დაასრულა…
გაოგნებული ვუცქერდით ერთმანეთს მე და ჩემი თანაშემწე.
– სასწრაფოდ ქასრაშვილი უნდა მოვძებნოთ! – ხმამაღლა თქვა ჩემმა თანაშემწემ ის, რაც მე გავიფიქრე, – ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მოძალადე სწორედ ის იყო…
გავგზავნეთ პოლიციელები მის დასაკავებლად, მაგრამ გიგო ქასრაშვილი ვერსად ვიპოვეთ. გაქცეულიყო… მარინა ვაშაყმაძე მოვაყვანინეთ სასწრაფოდ დასაკითხად:
– ყველაფერი იცოდი და ხელს არ უშლიდი?!
– გიგო მიშიკოს მამა არ ყოფილა… ჩემი შვილის მამა ნარკომანი იყო და კარგა ხნის წინ მოკვდა. თუმცა, ჩემი წამალზე შესმა მოასწრო. ბავშვი არაფერში გვჭირდებოდა არც ერთს, ამიტომ მივუგდეთ დედაჩემს, მაგრამ მერე გამოჩნდა გიგო, მას პატარა ბიჭები “უყვარდა”. ამის გამჟღავნება რა თქმა უნდა, არ უნდოდა. გამირიგდა, მიშა მის შვილად გამესაღებინა და თან ჩუმად ვყოფილიყავი…
– და შენც ნარკოტიკზე გადაუცვალე შვილი?! – ყოვლისმნახველი გამომძიებლებიც კი გაგვაკვირვა ქალის ზნედაცემულობამ. თავიც ასე გაიმართლა: “აბა, რა მექნა, წამლის გარეშე არ შემეძლო, არც ფული მქონდა. ლომკა რომ მეწყება, ისეთი საშინელი ტკივილები მაქვს, ყველაფერზე მოვაწერ ხელს. გიგო კი ნარკომოვაჭრეა და წამალი ყოველთვის მოეძევება”.
…გიგო ქასრაშვილი აზერბაიჯანში დაიჭირეს ოთხი თვის შემდეგ, რაც მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. სამწუხაროდ, 8 წელიწადზე მეტი არ მიუსაჯეს, რადგან ბავშვის უშუალო მკვლელი არ იყო. მარინა ვაშაყმაძე კიდევ უფრო ნაკლებს დააჯერეს.
არადა, ასეთ ზნედაცემულთათვის სიკვდილით დასჯაც ალბათ მცირე სასჯელად ჩაითვლებოდა…

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close