სამხედროსაქართველოუცნაური

საახალწლო ” სიურპრიზი”, ანუ ” იღბლიანი” ადრესატი

ის იყო 11 საათი შესრულდა და შამპანური ბოკალებში ჩამოვასხი, რომ აფეთქების ხმა გაისმა და ისეთი ძლიერი ტალღა დაეტაკა ჩვენს კორპუსს, ჩაკეტილი ფანჯარაც კი გახეთქა და ჩარჩოიანად გარეთ გადააგდო. ლამის ვიფიქრე, რომ ომი დაიწყო.

აფეთქება ხუთსართულიანი სახლის პირველ სართულზე მოხდა, ერთოთახიან ბინაში, სადაც მარტოხელა ქალი ცხოვრობდა. ბინაში შესულმა მაშველებმა იმ უბედურის ნაფლეთებიღა შეაკოწიწეს. როგორც თქვეს, ან თვითონ აიფეთქა ხელყუმბარით თავი თავმობეზრებულმა (საამისო მიზეზიც ჰქონდა თითქოს: ორი ვაჟის დედა მარტო ცხოვრობდა, რადგან დაქორწინების შემდეგ შვილები ცოლებთან გადავიდნენ და დედა აღარც გახსენებიათ), ან ცხვირწინ აუფეთქდა ხელყუმბარა, რომელიც არავინ იცის, საიდან და როგორ შეიძლებოდა მის სახლში აღმოჩენილიყო…
67 წლის მზია ალავიძეს რომ დამთმობი ხასიათი არ ჰქონდა, ამას ყველა მეზობელი ერთხმად აღნიშნავდა. მას კონფლიქტის წამოსაწყებად სულ მცირედიც ჰყოფნიდა, ამიტომ შეძლებისდაგვარად ყველა ერიდებოდა. არც მის შვილებს ამტყუნებდნენ, რომ დედასთან ცხოვრება არ ისურვეს. ადრე ისინი სხვა სადარბაზოში ცხოვრობდნენ სამოთახიან ბინაში, რომელიც უფროსი ვაჟის დაქორწინების შემდეგ ერთ და ოროთახიან ბინებში გადაცვალეს. უფროსმა თავისი წილი მიიღო და ქალაქის სხვა უბანში დასახლდა. უმცროსმა კი დედისერთა გოგო შეირთო ცოლად და მის ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად. მზია ორივე რძალს ძალიან უხეშად შეხვდა და არც მათი გამტყუნება შეეძლო ვინმეს, რომ ასეთ ქალთან ურთიერთობა გაწყვიტეს.
იმის გარკვევაც ვცადეთ, თუ ასეთი გართულებული ურთიერთობები ჰქონდათ, რომელიმე შვილს ან რძალს ხომ არ შეეძლო მის სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა აბეზარი ქალის თავიდან მოსაშორებლად, მაგრამ ყველამ ერთხმად გამორიცხა მსგავსი რამის შესაძლებლობა.
– მისი შვილები პატიოსანი, მშრომელი ბიჭები არიან. ჩხუბი და აყალმაყალი რომ ნდომოდათ, დედას თავის ჭკუაზე კი არ მიუშვებდნენ, სხვაგვარად ეცდებოდნენ მის დამორჩილებას. გაეცალნენ და მორჩა. იმდენად გულდაწყვეტილები იყვნენ, ორი-სამი წელიწადია არც ერთი არ გვინახავს აქ მოსულიო, – ამბობდნენ მეზობლები.
აფეთქების შედეგად ჭერიც ჩამოინგრა და მეორე სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ცოლ-ქმარიც დაშავდა. საბედნიეროდ, სიკვდილს ორივე გადაურჩა, მაგრამ ცოლს ბეჭის მოტეხილობა ჰქონდა. ქმარი შედარებით იოლად გადარჩა – თუმცა, მსუბუქად ისიც დაშავდა. ორივე საავადმყოფოში გადავიყვანეთ…
ასე უცნაურად დაიწყო ის ახალი წელიწადი ჩემთვის. რადგან ჩემი სამოქმედო უბანი იყო და შემთხვევასაც თავად შევესწარი, საქმის გამოძიებაც მე დამევალა.
შემთხვევის ადგილზე დილიდანვე მივედი. ჩემთან ერთად კიდევ ერთი გამომძიებელი, ვახტანგ ბჟალავა იყო და სწორედ მან შეამჩნია კედლებზე მოთეთრო, მოყავისფრო ლაქები, რომელიც ჩვეულებრივი კრემი აღმოჩნდა, რომელსაც საკონდიტრო ნაწარმში ხმარობენ…
– ტორტი რაღა ჯანდაბამ ააფეთქა?! – წავიბუზღუნე უკმაყოფილოდ.
– რა გასაკვირია, რომ სწორედ ტორტით შემოუგზავნეს ამ უბედურს სიკვდილის იარაღი?! – ჩემზე მიხვედრილი აღმოჩნდა ბჟალავა და წაყირავებული სანაგვე ურნა გაასწორა. სახურავი ახადა და შიგთავსი იატაკზე მიმოფანტა.
– მანდ რას ეძებ?
– რა ვიცი, იქნებ ტორტი რომელიმე მაღაზიის საფირმო ყუთში იყო გახვეული?
ყუთი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ გაგვიმართლა და ნაგავში წითელი ბაფთები ვნახეთ… როგორც ჩანს, ტორტი მართლაც საჩუქრად მოუტანეს მზია ალავიძეს. ყუთის ნარჩენებიც ვიპოვეთ, მაგრამ წარწერის მსგავსი მასზე ვერაფერი აღმოვაჩინეთ…
გვერდზე წაფერდებულ მაცივარში (რომელსაც აფეთქებამ შეუცვალა მდებარეობა), ტკბილეული და ისეთი ეგზოტიკურიი ხილი ვიპოვეთ, რომლისთვისაც დაღუპული ნამდვილად ვერ გაიმეტებდა ფულს…
სახლის ჩხრეკას რამდენიმე მეზობელიც ესწრებოდა და ერთ-ერთმა ხილს რომ დახედა, ეჭვი გამოთქვა:
– არ ვიცი სხვაგან აკეთებენ თუ არა მსგავს სასაჩუქრე კალათებს ხილით, მაგრამ ამას წინათ, ჩვენმა უფროსმა რომ ოპერაცია გაიკეთა და მის სანახავად წავედით თანამშრომლები, ზუსტად ასეთი ხილი ვუყიდეთ, ლამის 100 მანეთი დაჯდა. მზია მაგ ხილს ვერ იყიდდა და არც მისი შვილები არიან ასეთი ძღვნის გამომგზავნები…
დაღუპულის მეზობელმა არ იცოდა, სად შეიძინეს ის ხილიანი კალათა, მაგრამ თავის თანამშრომელ ქალებს დაურეკა და ასე დაგვიდგინა იმ მაღაზიის მისამართი, სადაც მართლაც ეგზოტიკური ხილით ვაჭრობდნენ და მგონი ბანანს, ავოკადოს თუ მანგოს იმ პერიოდში იქ თუ ნახავდით მხოლოდ. ახლა რომ იყიდება ყოველ ნაბიჯზე, ეგრე სად იყო!..
ჩვენდა საბედნიეროდ, აღმოვაჩინეთ, რომ იმავე მაღაზიაში სადღესასწაულო ტორტებსაც აცხობდნენ და როცა დავინტერესდით, როგორ უფუთავდნენ დამკვეთს, სწორედ ისეთი ქაღალდი და ფერადი ბაფთები გვიჩვენეს, როგორიც მზია ალავიძის სახლში ვიპოვეთ…
საეჭვო აღარ იყო, რომ სასიკვდილო ძღვენი სწორედ აქედან გაუგზავნეს მოხუცს. სასწრაფოდ მაღაზიის დირექტორი გამოვიძახეთ და როცა კაბინეტში განვმარტოვდით, არაფერი დაგვიმალავს, საქმის ვითარება გავაცანით:
– რას მეუბნებით, – გაფითრდა კაცი, – ჩემს მაღაზიაში და ტორტებში რა უნდა ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ასზე მეტი სასაჩუქრე ტორტი და ხილის კალათა გავყიდეთ ამ რამდენიმე დღეში, ქალაქში ცნობილი და მდიდარი ოჯახებიდან გვქონდა შეკვეთები… ტორტის ბისკვიტებს ორი ქალი აცხობს, ორიც კრემით რთავს. ოთხივეს ახლავე აქ მოგგვრით და თუ რომელიმეს ხელს დაადებთ, ყოჩაღ თქვენ!..
ოთხივე ქალი 40 წელს იყო გადაცილებული და მართლა ისე მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ, ძნელი იყო, რომელიმეზე ეჭვის მიტანა. სანამ მათ გავესაუბრებოდით, მათ შესახებ უფროსს ვკითხეთ. აღმოჩნდა, რომ ოთხიდან ორი განქორწინებული იყო, რომელთაგან ერთი, ვალიდა ცაავა ორ შვილს ზრდიდა მარტო. ქმარი გალოთებოდა და ამიტომ თვითონვე ყოფილა ოჯახის დანგრევის ინიციატორი. მეორე – მარინა გაბუნია ქმრის ღალატის მსხვერპლი იყო. 10 წელი შვილი არ ჰყოლია და ქმარმა საყვარელი გაიჩინა. მალე მასთან შვილი შეეძინა და პირველი ცოლიც მიატოვა. ისე მოხდა, რომ მარინასთან განქორწინების შემდეგ კაცმა ბევრი ფული იშოვა, მაღალი თანამდებობაც დაიკავა და ქალაქის პრესტიჟულ უბანში ის და მისი ცოლი ორსართულიან სახლში ცხოვრობდნენ. უკვე სამ შვილს ზრდიდნენ…
– მარინას რომ არ ულხინს, აშკარაა, მარტო ცხოვრობს? – დავინტერესდი მე.
– არა, მარტო არ ცხოვრობს. ამ რამდენიმე წლის წინ ვიღაც სამხედრო მოსამსახურე გაიცნო და… – სიტყვა გაუწყდა მაღაზიის დირექტორს, შუბლში შემოირტყა ხელი. როგორც ჩანს, მანაც იგივე გაიფიქრა, რაც ჩვენ, – ხელყუმბარას ვგულისხმობ.
– და, რა?! – ჩაეკითხა მაინც ბჟალავა.
– მოკლედ, ის იმ კაცთან ერთად ცხოვრობს. კაცს დალევა უყვარს, შვილიც არ ეყოლათ და მიკვირს, რომ იტანს. რასაც შოულობს, სასმელში ხარჯავს და როგორც ვფიქრობ, ცოლს არაფერს აძლევს…
მარინა გაბუნია გამოვიძახეთ სასწრაფოდ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე წავუყენეთ ბრალი მოხუცი ქალის განზრახ მკვლელობაში…
ისე დაიბნა, სულელური შეკითხვა დასვა:
– ვინ მოხუცი ქალი, ვინ ოხერია მზია ალავიძე?
– სხვის მოკვლას აპირებდი?! – დავუსვი შეკითხვა და ვაგრძნობინე, რომ მისთვისვე აჯობებდა თუ სიმართლეს აღიარებდა…
არც უტირია. როგორც ჩანს, მართლა ძალიან იყო გაბოროტებული, როცა ასეთი რამის ჩადენა გადაწყვიტა:
– არავითარ ალავიძეს არ ვიცნობ. ხელყუმბარა ჩემმა ქმარმა მომიტანა, მისთვის არც გამიმხელია, რა მიზნით ვაპირებდი მის გამოყენებას. ვუთხარი, რომ მყიდველი გამოჩნდა, რომელსაც რაღაცის ასაფეთქებლად სჭირდებოდა და კარგადაც გადაიხდიდა. მანვე მასწავლა, რა შემთხვევაში იყო შესაძლებელი მისი ამოქმედება. მოკლედ, ბედს მივანდე ჩემთვის საძულველი ადამიანების სიცოცხლე. მძულდა ჩემი ქმარყოფილი და მით უმეტეს, ის ქალი, ვინც ოჯახი დამინგრია. მას რომ ჩემი ქმრისთვის შვილი არ გაეჩინა, ბავშვის აყვანა გვქონდა გადაწყვეტილი…
– ვისი სახელით გაუგზავნეთ “ძვირფასი” საჩუქარი?
– ჩემი სახელით. ცოტა ხნის წინ ავარიაში მოვყევი და რომ არა ჩემი ქმარყოფილი, შეიძლება მოვმკვდარიყავი, ძვირფასი წამლები გამოაგზავნინა საზღვარგარეთიდანაც კი…
– მერე ასე უხდიდით სიკეთეს?! – გაუკვირდა ბჟალავას.
– ამის შემდეგ კიდევ უფრო დავიბოღმე, რომ მათი სამოწყალო გავხდი და საბოლოოდ გადავწყვიტე შურისძიება. გაუკვირდებოდათ ჩემგან ძვირფასი ძღვენი. იციან, ფინანსურად არ მილხინს, მაგრამ რატომ არ უნდა მიეღოთ?!
გაბუნია წინასწარ დაკავების იზოლატორში გადავიყვანეთ და მისი ქმარყოფილის ოჯახში მივედით. კაცი შინ არ იყო, მაგრამ დავურეკეთ და მოვაყვანინეთ. ლამის გაგიჟდა, ეს ამბავი რომ გაიგო. ქალივით ატირდა იმოდენა კაცი:
– ასე როგორ გამიმეტა, – სხვა ჩემს ადგილზე აღარც გაიხედავდა ცოლყოფილისკენ, მით უმეტეს, რომ გათხოვდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი, გვერდით დავდგომოდი, რადგან ოდესღაც მაინც მიყვარდაო…
– ის ძღვენი როგორ მოხვდა მზია ალავიძესთან, ბატონო ბიძინა?! – მძლია ცნობისმოყვარეობამ.
– სრულიად უბრალოდ: მზია ალავიძე, რადგან პენსიის ამარა იყო დარჩენილი, ხშირად ეხმარებოდა შეძლებულ ოჯახებს სახლის დალაგებაში. იმ ოჯახშიც ამ მიზნით დაუქირავებიათ წინასაახალწლოდ. როცა გაბუნიას გაგზავნილი ძღვენი მოიტანეს, მისი ქმარყოფილი შინ არ ყოფილა. ცოლი კი ისე გაუღიზიანებია არასასურველ საჩუქარს, ჯერ გადაგდება დაუპირებია, მაგრამ მერე ალავიძისთვის შეუთავაზებია, – თუ გინდა წაიღე, მე იმ ქალისა არაფერი მჭირდებაო!.. მასაც უარი არ უთქვამს და მერე რაც მოხდა, უკვე გიამბეთ…
– მართლა უცნაურია ბედისწერა, ვისთვის გამიზნული სიკვდილი ვის დაატყდა თავს?! –

წყარო: www.kvirispalitra.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close