გართობაუცნაური

თამაში ჭვავის ყანაში(ნაწილი23,24,25,26)

8069b8011991

ნაწილი 23

ტელეფონზე ლაპარაკს ჩქარა მოვრჩი, მეშინოდა მშობლებმა არ მომისწრონ-მეთქი. მაგრამ გადავრჩი. მისტერ ანტოლინის ძალიან გაეხარდა. თუ გინდა ახლავე მოდიო, მითხრა. ეტყობა ეძინათ – ცოლსაც დამასაც – დიდხანს არ მოსულან ტელეფონთან. ხომ არაფერი მომხდარაო, პირველად ეს მკითხა, და არაფერი-მეთქი, მეც ვუპასუხე. ოღონდ პენსიდან გამორიცხვის ამბავი მაინც ვუთხარი. გადავწყვიტე, რომ მისთვის კი შეიძლებოდა ამის თქმა. ღმერთო დიდებულოო, ესღა წამოიძახა. ხუმარა კაცი იყო. თუ გინდა, ახლავე მოდიო, მითხრა.
ამ მისტერ ანტოლინისთანა მასწავლებელს მე არავის შევხვედრივარ. სასიამოვნო ახალგაზრდა კაცი იყო; დ.ბ.-ზე ცოტათი უფროსი. რამდენიც არ უნდა გეხუმრა და გელაზღანდარა მასთან, პატივისცემას ერთი ბეწოთი არ დაჰკარგავდა. მე რომ ჯეიმს კასლი ვახსენე – ფანჯრიდან გადახტა-მეთქი – პირველად სწორედ ანტოლინი მიიჭრა და აიყვანა, მაშინვე მაჯა გაუსინჯა, მერე პალტო გაიხადა, გადააფარა და საავადმყოფოში გააქანა. სულაც არ დაფიქრებულა, პალტო სისხლში არ მოითხვაროსო.
დ.ბ.-ს ოთახში რომ შევბრუნდი, ფიბის უკვე რადიო ჩაერთო. საცეკვაო მუსიკას გადმოსცემდნენ. დაბალ ხმაზე დაეყენებინა, რომ მოსამსახურე გოგოს არ გაეგონა. უნდა გენახათ ჩემი ფიბი! ზის ლოგინში, საბანზე, ფეხები იოგივით მოურთხამს და მუსიკას ისმენს. კინაღამ გავგიჟდი.
– ადექი, – ვუთხარი მე, – არ გინდა, ვიცეკვოთ?
სულ პატარა იყო, ცეკვა რომ ვასწავლე. დიდებულად ცეკვავს. მე იმდენი არაფერი მისწავლებია, თვითონვე ისწავლა. ნამდვილი ცეკვის სწავლება, საერთოდ, შეუძლებელია, თვითონვე უნდა ისწავლოს ადამიანმა.
– ფეხსაცმელები რომ გაცვია! – მითხრა ფიბიმ.
– გავიხდი. ადექი!
მაშინვე წამოხტა და დამიცადა, მანამ ფეხსაცმელებს გავიხდიდი. კარგა ხანს ვიცეკვეთ. მართლაც რომ დიდებულად ცეკვავს. პატარებთან რომცეკვავენ ხოლმე, როდი მიყვარს, საშინელი საყურებელია. რესტორანში, მაგალითად, ან ამისთანა ადგილებში, ადგება ვინმე ბერიკაცი და თავის პატარა გოგონას გამოიყვანს. ისე უხერხულად მოსდებს ხელს ზურგზე, რომ კაბას სულ წამოუჩეჩავს, ბავშვიც ხეირიანად ვერ ცეკვავს. ერთი სიტყვით, საშინელი საყურებელია. ასეთ ადგილებში არაფრისდიდებით არ ვიცეკვებ ფიბისთან. ჩვენ მარტო შინ ვცეკვავთ ხოლმე, თავის შესაქცევად. თუმცა ფიბი ისე კარგად ცეკვავს, რომ ხალხშიც არ შეგარცხვენს. რაც არ უნდა იცეკვო, გამოგყვება. ოღონდ მჭიდროდ უნდა მიიკრა და მაშინ, თუნდა გაცილებით გრძელი ფეხები გქონდეს, აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. კოხტად მოგყვება. გინდა მიუხვიე, რაც გინდა გააკეთე, ჯიტენბაგსაც კი ისე აგიწყობს, ვითომც არაფერიო. თუ გინდა ტანგოც აცეკვე.
ოთხი რამე ვიცეკვეთ. უნდა ნახოთ, რა სასაცილოა ცეკვასა და ცეკვას შუა. ერთის ამბით დგას გაწკიპული და ახალი ცეკვის დაწყებას ელოდება. კრინტსაც კი არა ძრავს. ჩაგჭიდებს ხელს და დგახართ ასე, მანამ ორკესტრი ახალ საცეკვაოს დაიწყებდეს. ვგიჟდები პირდაპირ, მაგრამ გაცინების ნებას ვინ მოგცემს!
ერთი სიტყვით, ოთხი რამე ვიცეკვეთ და მერე რადიო გამოვთიშე. ფიბი ისევ ახტა საწოლზე და საბანში შეძვრა.
– ხომ უფრო კარგად ვცეკვავ? – მკითხა მან.
– მერე როგორ! – მე ვუპასუხე. ისევ ლოგინზე ჩამოვუჯექი. სულს ძლივს ვითქვამდი. იმდენს ვწევდი იმ ოხერ სიგარეტს, რომ უკვე სუნთქვა აღარ მყოფნიდა. ფიბი კი ვითომც არაფერიო, დამშვიდებით სუნთქავდა.
– აბა შუბლზე დამადე ტუჩები, – მითხრა უცებ.
– რათა?
– დამადე, დამადე!
ვაკოცე, მაგრამ არაფერი არ მიგრძვნია.
– დიდი სიცხე მაქვს?
– არა, ვითომ რარტომ უნდა გქონდეს?
– მაქვს… მე თვითონ ვიწევ სიცხეს; აბა კიდე დამადე.
კიდევ დავადე და არც ახლა მიგრძვნია რამე, მაგრამ მაინც ვუთხარი:
– ახლა კი, მგონი მართლა აგიწია. არ მინდოდა, რომ ის ოხერი არასრულფასოვნების განცდა განვითარებოდა.
თავი დამიქნია.
– თერმომეტრზედაც კი შემიძლია ავწიო.
– თერმომეტრზე? სად ისწავლე?
– ალის ჰოლმბორგმა მასწავლა. ფეხები უნდა გადაჯვარედინო, სუნთქვა შეიკრა და ძალიან, ძალიან ცხელ რამეზე უნდა იფიქრო. მაგალითად, რადიატორზე, ან ასეთ რამეზე. ისე გაგიხურდება შუბლი, ვინმემ ხელი რომ დაგადოს, დასწვავ კიდეც.
ერთბაშად მომსპო კაცი. ისე უცებ ავაცალე შუბლიდან ხელი, თითქოს დიდ საშიშროებაში ვყოფილიყავი.
– კიდევ კარგი, რომ გამარფრთხილე, – ვუთხარი მე.
– ო, შენ კი არ დაგწვავდი. ადრევე შევაჩერებდი, მანამ.. ჩჩუ! – და ერთბაშად გაეკრა ლოგინს. საშინლად დამაფეთა.
– რა მოგივიდა? – ვკითხე მე.
– დერეფნის კარები! – ჩურჩულით მიპასუხა, – მოვიდნენ!
ხელად წამოვხტი, მაგიდასთან მივირბინე და სინათლე ჩავაქრე. მერე სიგარეტი ფეხსაცმლის ლანჩზე მივასრისე და ჯიბეში ჩავიდე. ჰაერში თამბაქოს კვამლი იდგა და ხელის ქნევას მოვჰყევი – იქნებ გავფანტო-მეთქი. პაპიროსი მაინც არ მომეწია! ბოლოს ფეხსაცმელებს დავტაცე ხელი და კარადაში შევძვერი. კარი მივიხურე. ჰოი ბიჭო, რა ბაგა-ბუი გაჰქონდა ჩემს გულს!
გავიგონე, როგორ შემოვიდა დედაჩემი.
– ფიბი! – თქვა მან, – თავს ნუ იმძინარებ, დავინახე, რომ სინათლე გენთოთ, ქალბატონო!
– ჰელო! – ფიბის ხმა გავიგონე. – აღარ დამეძინა. კარგი დრო გაატარეთ?
– დიდებული, – ეს დედაჩემმა თქვა, მაგრამ მაშინვე შეატყობდით, რომ მართალს არ ამბობდა. მაინცდამაინც ვერ ერთობა, როცა სტუმრად დადის, – რატომ არა გძინას, ქალბატონო? ხომ არ შეგცივდა?
– სულაც არშემცივნია. ისე, არ დამეძინა.
– ფიბი, პაპიროსი ხომ არ მოგიწევია? მართალი მითხარი, ქალბატონო.
– რაო? – ფიბი შეეკითხა.
– გაიგონე, რა გითხარი?
– ერთი წუთით მოვუკიდე და ხელადვე ჩავაქრე. ერთხელ მეტად არ მომიწევია, მაშინვე ფანჯრიდან გადავაგდე.
– იმ ერთხელაც რარტომ მოსწიე?
– არ დამეძინა.
– ცუდი გიქნია, ფიბი. ძალიან ცუდი გიქნია, – უთხრა დედამ, – მეორე საბანი ხომ არ გინდა?
– არა, მადლობელი ვარ. ღამე მშვიდობით. – თქვა ჩემმა ფიბიმ. უნდოდა, როგორმე ჩქარა მოეშორებინა თავიდან.
– კინო მოგეწონა? – ჰკითხა დედამ.
– მშვენიერი იყო. მაგრამ ალისის დედამ გააწყალა გული. ხომ არ გაჟრჟოლებსო, რომ დაჟინა ალისს, აღარ მოასვენა – წარამარა გადმოიხრებოდა და ჰკითხავდა. ტაქსით დავბრუნდით.
– მოდი ერთი, შუბლზე გაკოცო.
– ნუ გეშინია, მე არ გადმომდებია, არც არაფერი სჭირვებია. დედამისმა აიკვიატა მხოლოდ.
– კარგი, დაიძინე. სადილი როგორი იყო?
– საძაგელი, – უთხრა ფიბიმ.
– ხომ არ გახსოვს, მამაშენმა რა გითხრა მაგ სიტყვისთვის?!
მაინც რა იყო საძაგელი? მშვენიერი ბატკნის კატლეტი მოგართვეს. მთელი ლექსინგტონ ავენიუ შემოვიარე მაგით…
– ბატკნის კატლეტს არა უშავდა, მაგრამ ჩარლინამ არ იქნება, რო მსახეში არ შემომასუნთქოს, როცა საჭმელს მაწვდის. სულ დაორთქლავს ხოლმე კერძს. ყველაფერს უნდა დააორთქლოს.
– კარგი, დაიძინე. დედას აკოცე. ხომ ილოცე?
– სააბაზანოში ვილოცე. ღამე მშვიდობისა.
– ღამე მშვიდობისა. დაიძინე ახლა. თავი ისე მტკივა, რომ მისკდება პირდაპირ, – თქვა დედამ. ხშირად იცის თავის ტკივილი. აწამებს.
– ასპირინი დალიე, – უთხრა ფიბიმ, – ჰოლდენი ალბათ ოთხშაბათს ჩამოვა, არა?
– მე მგონი. აბა, დაიხურე და დაიძინე.
დედაჩემი ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა. ორი კიდევ დავიცადე და კარადიდან გამოვძვერი. უცებ ფიბის დავეჯახე კარგა მაგრად – თურმე ამ სიბნელეში ლოგინიდან წამოხტა და ჩემსკენ გამოიქცა, გამოდიო, უნდა ეთქვა.
– ხომ არაფერი გატკინე? – ვკითხე. ჩურჩულზე გადავედით, რადგან დედაც და მამაც ორივენი შინ იყვნენ უკვე. – ახლავე უნდა მოვუსვა. სიბნელეში ლოგინი მოვძებნე და ჩამოვჯექი, ფეხსაცმლის ჩაცმა დავიწყე. ძალიან ვღელავდი, უნდა გამოგიტყდეთ.
– ჯერ ნუ მიდიხარ, – ფიბიმ წამჩურჩულა, – ბარემ დაიძინონ!
– არა, უნდა წავიდე. ახლა ჯობს, – ვუთხარი მე, – მანამ დედა სააბაზანოშია. მამა ალბათ ახალ ამბებს ისმენს რადიოში. ახლავე ჯობს, – ისე ვღელავდი, რომ ძლივსძლივობით შევიკარი ფეხსაცმლის თასმები. განა მომკლავდნენ ან რამეს მიზამდნენ, კიდეც რომ დავეჭირე, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა, – შენ სადღა ხარ? – ვკითხე ფიბის. ისე ბნელოდა, რომ ვერაფერს ვერ ვხედავდი.
– აქა ვარ, – თურმე გვერდში მიდგას და მე კი ვერ ვხედავ.
– ჩემოდნები სადგურზე მაქვს დატოვებული, – ვთქვი მე, – მოიხედე, ცოტა ფული ხომ არ გექნება ფიბი? სულ გამოვიფხიკე.
– საშობაო საჩუქრების ფულიღა მაქვს. ჯერ არაფერი მიყიდია.
– აჰ! საშობაო საჩუქრების ფულს როგორ წავართმევდი.
– გინდა? – მკითხა ფიბიმ.
– საშობაო საჩუქრების ფულს არ გამოგართმევ.
– ცოტას მოგცემ, – თქვა მან. მერე გავიგონე, როგორ ფათურობდა დ.ბ.-ს მაგიდასთან. ათასი უჯრა მაინც გამოაღო და გადმოქექა. ოთახში ისე ბნელოდა, რომ თვალთან თითს ვერ მიიტანდი, – თუ მართლა წახვედი, სცენაზე როგორღა მნახავ? – მითხრა ფიბიმ. სასაცილოდ აუთრთოლდა ხმა.
– გნახავ, როგორ არ გნახავ. გნახავ და მერე წავალ. შენ გგონია, წარმოდგენაზე არ მოვალ? – ვუთხარი მე, – ახლა ავდგები და მისტერ ანტოლინისთან მივალ, სამშაბათ საღამომდი იქ დავრჩები. მერე კი შინ მოვალ. თუ მოვახერხე, დაგირეკავ.
– გამომართვი, – მითხრა ჩემმა ფიბიმ. უნდა მოეცა, მაგრამ ვერ მომაგნო. – სადა ხარ? – ხელში ჩამიდო ფული.
– დაიცა, ამდენი არ მინდა, – ვუთხარი მე – ორი დოლარი მეყოფა. არ გეხუმრები… აჰა, – ვცადე უკანვე დამებრუნებინა. მაგრამ არ გამომართვა.
– სულ წაიღე, და მერე გადამიხადე. წარმოდგენაზე რომ მოხვალ, იქ მომიტანე.
– მერე, აქ რამდენია?
– რვა დოლარი და ორმოცდახუთი ცენტი… სამოცდაექვსი ცენტი. დანარჩენი დამეხარჯა.
უცებ ტირილი არ წამსკდა! ვერასდიდებით ვერ შევიმაგრე თავი. ვცდილობ არავის გავაგონო, თან კი ცრემლად ვიღვრები. ფიბი საშინლად დაფეთდა, მე რომ ტირილი დავიწყე, მოვიდა და ფერება დამიწყო. ცდილობს დამამშვიდოს, მაგრამ
ერთი თუ წაგსკდა ცრემლები, რაღა ოხრობა გაგაჩერებს! ლოგინიდან არც ავმდგარვარ. ფიბიმ მხარზე მომხვია ხელი, მეც გადავეხვიე, მაგრამ მაინც დიდხანს ვერ დავმშვიდდი. მეგონა, ვიხრჩობოდი. ჰოი, ბიჭო, როგორ დავაფეთე ჩემი საწყალი ფიბი! იმ ოხერი ფანჯარაც ღია იყო და ვგრძნობდი, როგორ კანკალებდა, რადგან პიჟამას ამარა იყო. ლოგინში ჩაწექი-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ არ დამიჯერა. ბოლოს, როგორც იყო, დავჩუმდი. მაგრამ ამასობაში დიდი ხანი გავიდა. მერე პალტოს ღილები შევიკარი. უსათუოდ დაგიკავშირდები-მეთქი, ფიბის ვუთხარი. დარჩი და ჩემს ოთახში დაიძინეო, ფიბიმ შემომთავაზა, მაგრამ არა-მეთქი, მე ვუპასუხე, მისტერ ანტოლინი მელოდება და ისედაც არ ღირს-მეთქი. მერე ჯიბიდან ჩემი სანადირო ქუდი ამოვიღე და ფიბის მივეცი. ჭკუას კარგავს ხოლმე ამისთანა სულელურ ქუდებზე. ჯერ უარზე იდგა, არ იღებდა, მაგრამ ძალათი მივეცი. სანაძლეოს ჩამოვალ, რომ იმ ქუდიანად დაიძინებდა. პირდაპირ გიჟდება ამისთანა ქუდებზე. ბოლოს კიდევ ვუთხარი, თუ მოვახერხე უსათუოდ დაგირეკავ-მეთქი და წამოვედი.
წამოსვლა, რატომღაც გაცილებით ადვილი გამოდგა. მისვლა უფრო გამიძნელდა. ჯერ ერთი, დიდად უკვე აღარ ვწუხდი, დამიჭერდნენ თუ არა. ის კი არადა, სულაც არ შევწუხდებოდი. დამიჭერენ და დამიჭირონ-მეთქი, ვფიქრობდი. გულში ვნატრობდი კიდეც, ნეტა დამიჭირონ-მეთქი.
ლიფტში აღარ ჩავმჯდარვარ, ფეხით დავეშვი. ეზოს კიბეებით ჩამოვედი. ათასჯერ კინაღამ მოვიტეხე კისერი სანაგვე ყუთებზე, როგორც იქნა ჩამოვედი დაბლა. მელიფტეს აღარც კი დავუნახივარ. ალბათ ახლაც იმ დისკტაინებთან ვგონივარ.

ნაწილი 24

მისტერ და მისის ანტოლინებს სანაქებო ბინა ჰქონდათ სატონ პლეისზე, ორ საფეხურს ჩაინაცვლებდი და სასტუმრო ოთახში შევხვიდოდი. რაღა ეს ოთახი და რაღა ბარი! მშვენივრად ჰქონდათ მოწყობილი. ბევრეჯერ ვყოფილვარ იმათსა, რადგან ჩემი ელექტროჰოლიდან წამოსვლის შემდეგ მისტერ ანტოლინი ხშირად მოდიოდა ხოლმე სადილად ჩვენთან და ჩემს ამბავს გებულობდა. მაშინ უცოლო იყო. ცოლი რომ შეირთო, ჩოგბურთს ვეთამაშებოდი ხშირად მასაც და მისის ანტოლინისაც, ფორესტ-ჰოლის საჩოგბურთო კლუბში, ლონგ აილენდზე. მისის ანტოლინი იმ კლუბში იყო ჩაწერილი. ფული თავზესაყარი ჰქონდა ქალს. ბარე სამოცი წლით უფროსი იქნებოდა მისტერ ანტოლინიზე, მაგრამ, ეტყობოდა, კარგად შეეთვისნენ ერთმანეთს. ჯერ ერთი, რომ, ორივე ძალიან განათლებული იყო, განსაკუთრებით მისტერ ანტოლინი. ოღონდ, საუბარს რომ გაუბამდი, ხუმრობა უფრო უყვარდა, ვიდრე ჭკვიანური ლაპარაკი. დ.ბ.-ს ხასიათი ჰქონდა. მისის ანტოლინი უფრო სერიოზული ქალი გახლდათ. ასთმა აწვალებდა საწყალს. ცოლსაც და ქმარსაც დ.ბ.-ს მოთხრობები სულ გადაკითხული ჰქონდათ, და დ.ბ.-მ რომ ჰოლივუდში დააპირა წასვლა, მისტერ ანტოლინიმ დაურეკა, ნუ წახვალო. მაინც წავიდა. ვისაც დ.ბ.-სავით უჭრის კალამი, ჰოლივუდში რაღა ესაქმებაო. მეც სულ ამას არ გავიძახი?
ფეხით წავალ-მეთქი, ვიფიქრე, ფიბის საშობაო საჩუქრების ფული მინდოდა დამეზოგა, მაგრამ ქუჩაში რომ გამოვედი, ცუდად შევიქენი. თავბრუ დამესხა რაღაცნაირად. რა უნდა მექნა _ ტაქსი დავიჭირე. სხვა გზა არ იყო. ტაქსის შოვნაც კი გაჭირდა.
ვიღაც ნაბიჭვარი მელიფტე იყო, არასდიდებით არ მიშვებდა ლიფტში. ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე. კარი თვითონ მისტერ ანტოლინიმ გამიღო. აბანოს ფლოსტებში ჩაეყო ფეხები, ხელში კი ვისკიანი მოზრდილი ჭიქა ეჭირა. მაგარი მსმელი იყო.
_ ჰოლდენ, ჩემო ბიჭო! _ შესძახა მისტერ ანტოლინიმ, _ ღმერთო ჩემო, ოცი გოჯით კიდევ გამაღლებულა. როგორ გამახარე!
_ როგორ გიკითხოთ, მისტერ ანტოლინი? მისის ანტოლინი როგორა ბრძანდება?
_ რა გვიჭირს, დენდებივით ვართ. პალტო მომეცი, _ გამომართვა და დაჰკიდა, _ მე მეგონა, ხელში ახალდაბადებული ბავშვი გეყოლებოდა. საშველი არ არის. წამწამები თოვლით გევსება. _ ზოგჯერ რომ დაიქოქება, სულ ხუმრობს და ხუმრობს. მიბრუნდა და სამზარეულოსკენ გასძახა: _ ლილიან! ყავა არ გაამზადე? _ ლილიანი ერქვა მისის ანტოლინის!
_ მზად არის! _ გამოსძახა ცოლმა, _ ჰოლდენი მოვიდა? გამარჯობა, ჰოლდენ!
_ გამარჯობა, მისის ანტოლინი!
ამათ სახლში მუდამ ღრიალია. იმიტომ, რომ თავისდღეში ერთად ვერ ნახავთ, სულ სხვადასხვა ოთახში არიან. საოცარია, პირდაპირ!
_ დაჯექი, ჰოლდენ, _ მითხრა მისტერ ანტოლინიმ. გადაკრულში იყო. ეტყობოდა, ახლახან დაემთავრებინათ ქეიფი: ირგვლივ სულ ჭიქები და თხილიანი თეფშები ეწყო. _ ბოდიშს ვიხდი, ალაგება ვერ მოვასწარით, _ თქვა მან, _ მისის ანტლინის ბუფალოელი მეგობრები გვეწვივნენ… მართალი თუ გინდა, თვითონაც კაი გამწევი ხარები არიან.
გამეცინა. მისის ანტოლინიმ სამზარეულოდან რაღაც დამიყვირა, მაგრამ ვერ გავიგე.
_ რა მითხრა? _ ვკითხე მისტერ ანტოლინის.
_ რომ შემოვალ, ნუ შემომხედავო. ლიგინიდან წამოდგა. პაპიროსი მოსწიე. აღარ სწვე?
_ გმადლობთ. _ კილოფიდან სიგარეტი ამოვიღე, _ ცოტასღა ვწევ. ათასში ერთხელ.
_ ვიცი, როგორ არა! _ მაგიდიდან უშველებელი სანთია აიღო და მომიკიდა, _ ესეც ასე. მაშ, პენსი და თქვენ საბოლოოდ გაეყარეთ ერთმანეთს! _ ამისთანა ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი იცოდა. ზოგჯერ ვერთობოდი, მაგრამ ყოველთვის არა. გადაამლაშებდა ხოლმე ენამოსწრებული არ იყო-მეთქი, როდი ვამბობ, პირიქით, მაგრამ ზოგჯერ ნერვები აგეშლება, კაცი რომ ატყდება და სულ ასე გელაპარაკება: «მაშ, პენსი და თქვენ საბოლოოდ გაეყარეთ ერთმანეთს!» ზოგჯერ დ.ბ.-მაც იცის ხოლმე გადამლაშება.
_ მაინც რა მოხდა? მკითხა მისტერ ანტოლინიმ, _ ინგლისური ჩააბარე? მაგაშიაც თუ ჩაფლავდი, იცოდე, სახლიდან გაგადებ, ინგლისურ წერაში ჩემი პატარა ფალავანი შენ იყავი.
_ ო, ინგლისური კარგად ჩავაბარე. თუმცა, უმთავრესად ლიტერატურას გავდიოდი. მთელს მეოთხედში ორად-ორი თხზულება თუ მექნება დაწერილი, _ ვუთხარი მე, _ ზეპირში ჩავვარდი. ზეპირიც შემოიღეს.
და ჩავფლავდი კიდეც.
_ რა მოგივიდა?
_ რა ვიცი. _ სულაც არ მეხალისებოდა ამის ლაპარაკი. თავბრუ ხომ მესხმოდა, და ახლა საშინელი თავის ტკივილიც დაემატა. მისკდებოდა თავი.
მაგრამ ისე ჩანდა დაინტერესებული ჩემი გამოცდებით, რომ სხვა გზა არ იყო, უნდა რამე მეამბნა, _ რაღაც უცნაური კურსია: ყოველი მოწაფე უნდა წამოდგეს და სიტყვა წარმოთქვას _ სახელდახელოდ უნდა მოიფიქროს რაიმე თემა და იმ თემაზე ილაპარაკოს. თემას თუ გადაუხვია, ყველა ერთხმად შებღავლებს _ «გადაუხვია! გადაუხვია!» ვგიჟდებოდი პირდაპირ. სწორედ ამაში ჩავფლავდი.
_ რა მოგივიდა?
_ რა ვიცი. ნერვებს მიშლიდა ხოლმე ის შებღავლება. თვითონვე არ ვიცი, რა მომივიდა. მთელი უბედურება ის არის, რომ მე სწორედ თემიდან გადახვევა მიყვარს. უფრო საინტერესოა.
_ კაცი რომ ამბავს დაიწყებს, არ გინდა ბოლომდე გიამბოს?
_ მინდა, როგორ არ მინდა! თუ დაიწყებს, უნდა დაამთავროს კიდეც, მაგრამ ვერ ვიტან, როცა ააწყობენ და სულ ერთსა და იგივეს უტრიალებენ. არ ვიცი. ალბათ ჩემს ხასიათს არ ეგუება სულ ერთსა და იგივეზე ლაპარაკი. ვინც ერთი თემა აირჩია და ბოლომდე იმ თემას გაჰყვა, კარგი ნიშნებიც მიიღო _ ამაზე რა მეთქმის. მაგრამ ერთი ბიჭი იყო, რიჩარდ კინსელა, მაინცდამაინც არა ცდილა ერთ თემაზე ლაპარაკს და საშველიც აღარ მისცეს _ სულ «გადაუხვია!» უძახეს. საშინელებაა პირდაპირ. ჯერ ერთი, რომ ძალიან ნერვიული ბიჭი იყო _ მეტისმეტად ნერვიული _ მისი ჯერი რომ მოვიდოდა, სულ ტუჩები უთრთოდა. უკანა რიგებში თუ იჯექი, ვერაფერსაც ვერ გაიგონებდი. მაგრამ, როცა დამშვიდდებოდა და ტუჩებიც დაუწყნარდებოდა, ყველაზე კარგად ის ბიჭი ყვებოდა ხოლმე. რა გინდა, ფაქტიურად ისიც ჩაჭრეს. ორიანი მიიღო პლიუსით. იმიტომ, რომ აღარ მოასვენეს «გადაუხვიას!» ძახილით. მამამისს ვერმონტში ერთი ფერმა უყიდია და ვთქვათ იმის ამბავი დაიწყო. ვინ დააცლის _ სულ «გადაუხვია-გადაუხვიას» ბღავიან! მასწავლებელი მისტერ ვინსონიც ორიანს უწერს _ რა ცხოველები გყავთ იმ ფერმაში ან რა ბოსტნეულს იწევდით, ეს რატომ არ გვიამბეო. ეს რიჩარდ კინსელა კი ჯერ ფერმის ამბავს მოჰყვება, და უცებ ბიძის წერილზე გადახტება. დედამისს მიუღია წერილი. ორმოცდაორი წლის ბიძას თურმე პოლიომელიტი შეჰყრია, და საავადმოფოში კაციშვილს არ უშვებს, არ უნდა რკინის კორსეტში ნახოს ხალხმა. სად ფერმა და სად ბიძის ავადმყოფობაო… და მართალიცაა, მაგრამ თუკი საინტერესოა?! იმას რა სჯობს, როცა კაცი თავისი ბიძის ამბავს გიამბობს! მით უმეტეს, მამის ფერმის აღწერით თუ დაიწყებს და უცებ უფრო საინტერესო ამბავზე გადახტება. კაცი გატაცებით ყვება, აღფრთოვანებულია, და უცებ «გადაუხვია», «გადაუხვია!» ამაზე მეტი საშინელება იქნება!.. რა ვიცი. ძნელი ასახსნელია, _ თუმცა არც კი ვცდილვარ ახსნას. ახსნის დარდი ვის ჰქონდა _ თავი მისკდებოდა. იმასღა ვნატრობდი, ბარემ შემოვიდეს მისის ანტოლინი და ყავა შემოიტანოს-მეთქი. გულზე ვკსდები ხოლმე _ ყავა მზად არისო, გეუბნებიან, და არ შემოაქვთ.
_ ჰოლდენ… ერთი პატარა, ცოტა არ იყოს, ვიწრო პედაგოგიკური შეკითხა მინდა მოგცე. როგორა გგონია _ განა ყველაფერს თავისი დრო და ადგილი არ უნდა ჰქონდეს? მამის ფერმის აღწერას თუ დაიწყებ, არა სჯობია ფერმაზე ილაპარაკო, და ბიძის ავადმყოფობის ამბავს კი მერე მოჰყვე? ან არა და, თუკი ასეთი მაცდუნებელია ბიძის ამბავი, რაღა ფერმას გადასწვდი, ადექი და ბიძაშენის ავადმყოფობა გვიამბე!
არც ფიქრის თავი მქონდა და არც პასუხისა. თავი მისკდებოდა, საძაგელ გუნებაზე ვიყავი. მართალით გინდა, მუცელიც წამომტკივდა.
_ ჰო… რა ვიცი. ალბათ ასეა. თუკი ბიძა უფრო აინტერესებს, მართლაც და რაღა ფერმა აიღო _ ბიძის ამბავი დაეწყო! მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ მანამ უინტერესო საგანზე ლაპარაკს დაიწყებდე, ხშირად არც კი იცი, რა უფრო დაგაინტერესებს. ზოგჯერ ვერაფერს ვერ გაუგებ. ჩემის აზრით, უნდა აცალო კაცს, თუკი რამემ დააინტერესა და გატაცებით ჰყვება, გაუშვი _ მოჰყვეს. ძალიან მიყვარს, როცა კაცი გატაცებით ჰყვება. ამას რა სჯობს! თქვენ არ მოსწრებიხართ იმ მასწავლებელს, მისტერ ვინსონს. გაგაგიჟებდათ, ისიც და მთელი ჩვენი კლასიც. რომ ჩაგაცივდებოდათ _ «განაზოგადე, გაამარტივეო», აღარ მოგცემდათ საშველს. მაგრამ ზოგჯერ რომ შეგხვდება ისეთი რამე, ვერაფერს რომ ვერ მოუხერხებ. ესე იგი, სხვისი ხუშტურის მიხედვით ვერც განაზოგადებ და ვერც გაამარტივებ. თქვენ არ მოსწრებიხართ იმ ვაჟბატბს, მისტერ ვინსონს. განათლებულიც იყო და ყველაფერიც, მაგრამ მაშინვე შეატყობდი, რომ ცოტა ჭკუა აკლდა.
_ აბა, ჯენტლმენებო, როგოც იქნა გაღირსეთ ყავა, _ თქვა მისის ანტოლინიმ. ლანგარით შემოიტანა ყავა, ნამცხვარი და ამისთანა რაღაცეები. _ ნუ მომაშტერდით, ჰოლდენ, საშინლად ჩამობრანძული ვარ.
_ გამარჯობათ, მისის ანტოლინი, _ ვთქვი მე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ მისტერ ანტოლინიმ პიჯაკის კალთას დამწია და დამსვა. თმის დასახვევად რომ რკინის პაპილოტებს ხმარობენ, მთელი თავი იმითOჰქონდა დაფარული მისის ანტოლინის, თან ტუჩებიც არ ჰქონდა შეღებილი და ვერ იყო მაინცდამაინც სასიქადულო სანახავი. შებერებულიც ჩანდა.
_ აგერ დაგილაგებთ ყველაფერს. მე წავალ, თქვენ კი დაბრძანდით და შეექეცით, _ ლანგარი სიგარეტების მაგიდაზე დადო, ჭიქები გვერდზე მისწია. _ დედა როგორ არის, ჰოლდენ?
_ კარგად გახლავთ, გმადლობა. დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ ბოლოს რომ…
_ ა, გენაცვალე, ჰოლდენს თუ რამე დასჭრდეს, თეთრეულის კარადაში აწყვია ყველაფერი, ზემოთა თაროზე. მე დავწვები. ქანცი გამწყდა, _ თქვა მისის ანტოლინიმ. ზედვე ეტყობოდა, რომ საშინლად დაღლილი იყო, _ ლოგინს ხომ გაიშლით თქვენ თვითონ, ბიჭებო?
_ ყველაფერს გავაკეთებთ. შენ გაიქეცი, დაწექი, _ უთხრა მისტერ ანტოლინიმ. მერე აკოცა. ქალმა ღამე ნებისა მისურვა და საწოლ ოთახში გავიდა. ხალხს სულაც არ ერიდებოდნენ, ყველას დასანახად რომ პროშტნიდნენ ერთმანეთს.
ცოტა ყავა მოვსვი და ქვასავით მაგარი ნამცხვარი მოვკბიჩე. მისტერ ანტოლინიმ კი არაფერს არ დააკარა პირი, ისევ ვისკი დალია. ეტყობოდა, მაგარ ვისკის ამზადებდა. ნამდვილად გალოთდება, თუ თავს არ მიხედა.
_ ამ ორი კვირის წინათ მე და მამაშენმა ერთად ვისაუზმეთ, _ მითხრა მან, _ არ გაგიგია?
_ არა, არ გამიგია.
_ ძალიან აწუხებს შენი ამბავი. ეს ალბათ შენც გეცოდინება.
_ ვიცი. ვიცი რომ ძალიან აწუხებს. _ ვუთხარი მე.
_ მანამ დამირეკავდა, ეტყობა, შენი უკანასკნელი დირექტრის სალანძღავი წერილი მიეღო _ არაფერს არ აკეთებსო, სკოლას აცდენსო, გაკვეთილებს არ ამზადებსო. ერთი სიტყვით, თავს არაფერზე არ…
_ სულაც არ გამიცდენია ანკი ვინ გაგაცდენინებდა! ათასში ერთხელ იმ ზეპირს თუ გავაცდენდი, მე რომ გიამბეთ, თორემ სხვა არაფერი გამიცდენია.
ბევრი ლაილაის თავი აღარ მქონია. მუცლის ტკივილი კი დამიყუჩა ცოტათი ყავამ, მაგრამ თავი ისევ მისკდებოდა.
მისტერ ანტოლინიმ მეორე სიგარეტს მოუკიდა. გამწარებით ქაჩავდა. მერე თქვა:
_ უნდა გამოგიტყდე, არც კი ვიცი, რა გითქრა, ჰოლდენ.
_ მესმის. ძნელია ჩემთან ლაპარაკი. მე თვითონ ვხვდები.
_ ასე მგონია, რაღაც საშინელი უფსკრულისკენ მიჰქრიხარ-მეთქი. მაგრამ, სინდისს გეფიცები, მე თვითონ ვერ… არ მისმენ?
_ როგორ არა.
ცდიობდა სერიოზული ყოფილიყო. ამას მაშინვე შეატყობდით.
_ ოცდაათი წლისა რომ გახდები, სულ ადვილი შესაძლებელია, უმიზეზოდ შეიზიზღო ვინმე: ვთქვათ ბარში ზიხარ და ვიღაც შემოდის. საკმარისია რომელიმე კოლეჯის ყოფილ ფეხბურთელად მოგეჩვენოს, რომ მაშინვე შეიზიზღებ. ან იქნებ კაი განათლებაც მიიღო და უსწორო მეტყველებისთვის შეიძულო ხალხი. მაგალითად ასე რომ ლაპარაკობენ ერთმანეთში: «ეს შენი და ჩემს შორის დარჩეს». ან იქნებ კანტორაში მოეწყო სადმე და შენს მეზობელ სტენოგრაფისტს ქინძისთავები დაუშინო. რა ვიცი. მგონი, მიმიხვდი, რისი თქმა მინდა!
_ დიახ. რა თქმა უნდა, _ ვუთხარი მე. მართლაც მივუხვდი, _ მაგრამ ხალხს შეიძულებო, რომ მეუბნებით, ამაში ცდებით. ფეხბურთელები რად უნდა შევიზიზღო. ამაში არა ხართ მართალი. არც იმდენი ხალხი მძულს. ისეთი ხასიათი მაქვს, ცოტა ხნით თუ შევიძულებ ხალხს. პენსიში მაგალითად, ერთი ბიჭი იყო, სტრედლეიტერი, და რობერტ ეკლი კიდევ. ერთიც შემძულებია და მეორეც _ არ დავფიცავ _ მაგრამ ცოტა ხნით. ის კი არა და, დიდხანს თუ ვეღარ ვნახე _ ან ოთახში არ შემოვიდნენ ან სასადილოში ერთი-ორი ჯერი გამოტოვეს, თვალშიც დამაკლდებიან. ნამდვილად დამაკლდებიან.
მისტერ ანტოლინის კარგა ხანს არ გაუღია ხმა. მერე ადგა, ყინულის ნატეხი აიღო, ჭიქაში ჩააგდო და ისევ დაჯდა. ეტყობოდა, რაღაცას ფიქრობდა. ვინატრე ნეტა ახლა მომეშვას და დილით გააგრძელოს ლაპარაკი-მეთქი, მაგრამ მაგრად იყო მომართული. სწორედ მაშინ აეშლება ხოლმე ხალხს ლაპარაკის საღერღელი, როცა გუნებაზე არა ხარ.
_ კეთილი და პატიოსანი. ახლა ერთი წუთით დამიგდე ყური… იქნებ ისე გარკვევით ვერ ჩამოვაყალიბო ჩემი მოსაზრება, როგორც მინდა, მაგრამ ამ ორ დღეში ყველაფერს წერილით მოგწერ. მაშინ კი ნამდვილად მიმიხვდები. მაინც დამიგდე ყური _ ისევ ჩაფიქრდა და ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო: _ უფსკრული, საითკენაც შენ მიჰქრი _ სულ სხვა უფსკრულია, საშინელი უფსკრული. იქ გადაჩეხილი კაცი თავის დღეში ფსკერს ვერ შეეხება და ვერც იგრძნობს. სულ ვარდება და ვარდება. ეს ისეთ ხალხს მოსდის, ვისაც ცხოვრების გარკვეულ პერიოდში რაღაც ახალი მისწრაფება გასჩენია და ამ მისწრაფების დაკმაყოფილება მის გარემოს ვერ შესძლებია. ან ეჩვენება _ ჩემი გარემო ამას ვერ დამიკმაყოფილებსო. და ამიტომ ხელი ჩაუქნევია, აღარც ცდილობს დაკმაყოფილებას. ჯერ მიღწევას არცა ცდილა და უკვე ხელი ჩაიქნია. მისმენ?
_ დიახ, სერ.
_ ნამდვილად?
_ დიახ.
წამოდგა და კიდევ დაისხა ვისკი. მერე ისევ დაჯდა. კარგა ხანს ხმა არ გაუღია.
_ არ მინდა შეგაშინო, _ მითხრა მან, _ მაგრამ თვალნათლივ ვხედავ, როგორ ვაჟკაცურად ეწირები ყოვლად უღირსსა და უმნიშვნელო საქმეს, _ რაღაც უცნაურად გამიშტერა თვალი. _ ერთი რაღაც რომ დაგიწერო, გულისყურით წაიკითხავ? შეინახავ მერე?
_ დიახ. რა თქმა უნდა. _ ვუთხარი მე. ავუსრულე კიდეც. ახლაც მაქვს ის ქაღალდი, მაშინ ეომ მომცა.
საწერ მაგიდასთან მივიდა ოთახის მეორე კუთხეშუ და არც დამჯდარა, ისე რაღაც დაწერა. მერე მობრუნდა და დაჯდა. ქაღალდი ხელში ეჭირა.
_ უცნაური ის არის, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის არა პოეტს, არამედ ფსიქოანალიტიკოსს _ ვილჰელმ შტეკელს. ნახე, რას… არ მისმენ?
_ გისმენთ, როგორ არ გისმენთ.
_ ნახე, რას ამბობს: «ადამიანის მოუმწიფებლობის ნიშანი ის არის, როცა ისწრაფვის ვაჟკაცურად შეეწიროს საქმეს, ხოლო მომწიფებული ადამიანი ცდილობს მშვიდად იცხოვროს და ამ საქმეს ემსახუროს».
გადმოიხარა და გადმომცა ქაღალდი. მაშინვე წავიკითხე. მადლობა გადავუხადე და ჯიბეში შევინახე. რაც უნდა იყოს, დიდი სიკეთე გამოიჩინა, რომ ასე შეიწუხა ჩემთვის თავი. ნამდვილად. ოღონდ, უბედურება ის იყო, რომ ფიქრის თავი აღარ მქონდა. ჰოი, ბიჭო, როგორ მოვწყდი ერთბაშად.
მისტერ ანტოლინის კი სულაც არ ეტყობოდა დაღლა. თუმცა კაი მაგარი მთვრალი იყო.
_ მე მგონი, მალე დაგიდგება ის დღეც, როცა იძულებული იქნები გადაწყვიტო… საით უნდა წახვიდე. და მაშინ ხელადვე უნდა დაადგე არჩეულ გზას. დაუყოვნებლივ. ერთი წუთიც არ უნდა დაკარგო. შენთვისვე იქნება ცუდი.
თავი დავუქნიე, იმიტომ, რომ პირდაპირ თვლებში შემომყურებდა, მაგრამ მისი სიტყვები მთლად კარგად არ მესმოდა. თითქოს კი ვხვდებოდი, მაგრამ მაშინ კარგად არ ჩავმწვდარვარ მთავარ არსს. საშინლად დაღლილი ვიყავი.
_ ბევრი ჩიჩინი არ მიყვარს, _ თქვა მან, _ მაგრამ ჩემის აზრით, როცა ამ გზას აირჩევ, მაშინვე სკოლაშიაც უნდა მოეწყო. ეს შენთვის აუცილებელია. შენ მეცნიერ ხარ _ სულერთია, მოგწონს ეს სახელწოდება თუ არა. ცოდნას ხარ მოწყურებული. როცა იქნება, უკან მოიტოვებ ამ მისტერ ვინსებს, თავიანთი ზეპირი თხზუ…
_ მისტერ ვინსონი, _ ვთქვი მე. მისტერ ვინსონები უნდა ეთქვა, ვინსები კი არა. მაგრამ მაინც არ უნდა შემეწყვეტინებინა.
_ კარგი _ მისტერ ვინსონები იყოს. უკან მოიტოვებ ამ მისტერ ვინსონებს და თანდათანობით მიუახლოვდები _ რა თქმა უნდა, შენ თვითონვე თუ მოისურვებ და მოიწადინებ _ ცოდნის იმ საფეხურს, რაც ძალიან, ძალიან სასურველი იქნება შენი გულისათვის. ბევრ სხვა რამესთან ერთად, მაშინ იმასაც მიხვდები, რომ ხალხის უსაქციელობასა და უსულგოლობას მარტო შენ კი არ შეუწუხებიხარ, მარტო შენ კი არა აუფორიაქებიხარ და დაუშინებიხარ. მიხვდები, რომ კენტად არა ხარ ამ საქმეში და ეს გაგახარებს და ძალა შეგმატებს. ბევრს, ძალიან ბევრს განუცდია ისეთივე სულიერი და მორალური აფორიაქება, რასაც განუცდია ისეთIვე სულიერი და მორალური აფორიაქება, რასაც ახლა შენ განიცდი. საბედნიეროდ, ზოგს ჩაწერლი აქვს ყოველი ასეთი გასაჭირი. შეგიძლია ისწავლო
მათგან _ თუკი მოისურვებ. ასევე სხვებსაც შეეძლებათ ისწავლონ შენგან, თუ მიწადინებ და გაუზიარებ. ურთიერთდახმარება დიდებული საქმეა. და არა მარტო ცოდნის სამქეში. პოეზიაშიც, ისტორიაშიც, _ შეჩერდა, კარგა ბლომად მოსვა და კვლავ განაგრძო. ჰოი, ბიჭო, მართლაც რა მაგრად იყო მომართული! კიდე კარგი, რომ არ ვაწყვეტინებდი _ სულაც არ მინდა გიმტკიცო, თითქოს მხოლოდ განათლებულსა და მცოდნე ხალხს სეეძლოს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ცხოვრებაში. ეს ტყუილია. მაგრამ ამას კი ვიტყვი, რომ განათლებული და მცოდნე ადამიანები, თუ ამათსან ნიჭიერნი და ხელოვანებიც არიან _ თუმცა ეს, საუბედუროდ იშვიათად ხდება ხოლმე _ უბრალოდ ნიჭიერი და ხელოვანი ხალხი. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მკაფიოდ გამოთქვან აზრი, და ფიქრი როგორმე ბოლომდე მიიყვანონ. რაც მთავარია, ათიდან ცხრა შემთხვევაში მათ უფრო მეტი უბრალოება ახასიათებთ, ვიდრე არამეცნიერ მოაზროვნეებს. ხომ მიმიხვდი?
_ დიახ, სერ.
დიდხანს აღარაფერი უთქვამს. არ ვიცი, გამოგიცდიათ თუ არა ასეთი მდგომარეობა, მაგრამ ძალიან ძნელი კია იჯდე და იცადო, როდის მოიფიქრებს და იტყვის რამესო. მართლაც, რომ ძნელია. თავს ვიკავებდი, რომ არ დამემთქნარებინა. განა მისი ლაპარაკი მომბეზრდა, სულაც არა. მაგრამ ერთბაშად ძილი მომერია.
_ ერთი უპირატესობა კიდევ აქვს აკადემიურ განათლებას: მნიშვნელოვან ცოდნას რომ შეიძენ, წარმოდგენა შეგექმნება – რა შესაძლებლობისაა შენი გონება, რა მოერგება და რა არ მოერგება. რამდენიმე ხნის შემდეგ მიხვდები, რა ფიქრები უფრო მოუხდება შენს ჭკუასა და გონებას. ამით დიდ დროსაც დაზოგავ, აღარ დაგჭირდება ბევრი რჩევა და ცდა _ რა უფრო მომიხდება და რა არ გამომადგებაო. შენს ჭეშმარიტ საზომს გამოიმუშავებ და ჭკუას შესაფერისი სამოსით შემოსავ.
ამ დროს უცებ არ დამამთქნარა! ვიცი, რომ პიროტყვობაა ასეთი რამ, მაგამ რა უნდა მექნა!
მისტერ ანტოლინის არაფერი უთქვამს, გაეცინა მხოლოდ.
_ აბა, _ თქვა და წამოდგა, _ შენი ლოგინი გავშალოთ.
კარადისკენ გაემართა და მეც გავყევი. ბევრი იწვალა ზემო თაროდან ზეწრებისა და საბნების ჩამოსაღებად, მაგრამ ცალ ხელში ვისკიანი ჭიქა ეჭირა და ვერ მოახერხა. აიღო და გამოცალა, ჭიქა იატაკზე დადო და მერე გადმოიღო თეთრეული. მე მივეშველე და სავარძლამდე მივატანინე ყველაფერი. ლოგინს ერთად ვშლიდით ორივე. მაინცდამაინც დიდი სიმარჯვე არ გამოუჩემია. არ ეხერხებოდა ხოლმე ასეთი რამეები. მაგრამ ჩემთვის სულერთ იყო. ისე დავიქანცე, რომ ფეხზე დგომელაც დავიძინედი.
_ გოგოები როგორა გყავს?
_ რა უჭირთ? _ ისედაც საძაგელი მოსაუბრე ვარ და ახლა მითმეტეს დანა პირს არ მიხსნიდა.
_ სალი როგორაა? _ შალი ჰეისს იცნობდა. სადღაც გავაცანი ერთხელ.
_ სალისაც რა უჭირს. სწორედ დღეს შევხვდი. ჰოი, ბიჭო, თითქოს ოცი წელიწადი გასულიყოს მას შემდეგ! ბევრი აღარაფერი დაგვრჩა საერთო.
_ ღმერთივით გოგოა. მეორე გოგო როგორღა გყავს? აი, რომ მიამბობდი, მეინში გავიცანიო.
_ აჰ, ჯეინ გალაჰერი! კარგად არის. ხვალ ალბათ დავურეკავ.
ლოგინის გაშლას მოვრჩით.
_ აჰა, მოისვენე, _ მითხრა მისტერ ანტოლინიმ. _ მაგრამ ამ შენს ფეხებს რაღას უზამ, არ ვიცი, სად დასტევ!
_ არა უშავს რა. მივეჩიე მოკლე საწოლებს, _ ვუთხარი მე. _ დიდი მადლობელი ვარ, სერ. თქვენ და მისის ანტოლინიმ პირდაპირ მიხსენით დღეს.
_ სააბაზანო სადაც არის, იცი. თუ რამე დაგჭირდეს, დამიძახე. ერთ ხანს სამზარეულოში ვიქნები… სინათლე ხომ არ შეგიშლის?
_ არა… რასა ბრძანებთ. ღამე ნებისა.
_ ღამე ნებისა, სერ. დიდი მადლობა.
ის სამზარეულოში გავიდა, მე კი სააბაზანოს მივაშურე, გავიხადე და ყველაფერი. ოღონდ კბილები ვერ გავიხეხე, ჯაგრისი არა მქონია თან. არც პიჟამა მქონდა, მისტერ ანტოლინისაც დაავიწყდა თავისი ეთხოვებინა. სასტუმრო ოთახში შევბრუნდი, სინათლე ჩავაქრე და ტრუსების ამარა შევძვერი ლოგინში. მართლაც ძალიან მოკლე გამოდგა ჩემთვის ეს სავარძელი, მაგრამ ფეხზე დგომელაც რომ ვყოფილიყავი, ისე დავიძინებდი, თვალს არ დავახამხამებდი. ორიოდე წამი მისტერ ანტოლინის სიტყვებზე ვფიქრობდი _ რაღაც საზომს გამოიმუშავებ და ჭკუას მოარეგეო. ნამდვილად ჭკვიანი კაცი იყო. მაგრამ თვალები დამეხუჭა და ჩამეძინა.
მერე რაღაც მოხდა. გახსნებაც კი აღარ მინდა.
უცებ გამეღვიძა. არ ვიცი, რა დრო უნდა ყოფლიყო, მაგრამ გამეღვიძა. თავზე რაღაც ვიგრძენი, ვიღაცის ხელი. ჰოი, ბიჭო, როგორ შემეშინდა. მისტერ ანტოლინის ხელი აღმოჩდა. პირდაპირ იატაკზე ჩამჯდარიყო, სავარძელთან, იმ სიბნელეში, და არ ვიცი მაკოცა, არ ვიცი ხელი გადამისვა ჩემს ოხერ თავზე. ჰოი, ბიჭო, ათას ფუნტზე მაინც შევხტი! სანაძლეოს ჩამოვალ.
_ რას შვრებით? _ შევძახე მე.
_ არაფერს! ისე ვზივარ და შენი ცქერით ვტკბე…
_ არა, მაინც რას შვრებით? _ ისევ ჩავეკითხე. ენა დამება, აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, ერთბაშად გავოგნდი და დავიბენი.
_ რა გაღრიალებს? ისე ვზივარ ჩემთვის და…
_ სულერთია, უნდა წავიდე, _ ვთქვი მე. ჰოი, ბიჭო, როგორ მომეშალა ნერვები! სიბნელეშივე დავიწყე ჩემი ოხერი შარვლის ჩაცმა, მაგრამ ისე ვიყავი აღელვებული, რომ ფეხი ძლივს გავუყარე. გაფუჭებული ხალხის მეტი რა მინახავს, სკოლაშიაც და ყველგან. ჩემდენი ვის ეყოლება ნახული!
_ სად უნდა წახვიდე? _ მკითხა მისტერ ანტოლინიმ. ვითომ ძალიან დამშვიდებულად და გულგრილად ირჯებოდა, მაგრამ მერწმუნეთ, სულაც არ იყო დამშვიდებული.
_ ჩემოდნები და ბარგი სადგურში მაქვს დატოვებული. ბარემ წავალ და გამოვიტან. ყველაფერი იქა მაქვს.
_ დილამდე სად გაგექცევა! დაწექი. მეც წავალ და დავწვები. რა მოგივიდა?
_ რა უნდა მომსვლოდა. ფულიც და ყველაფერიც იმ ჩემოდნებში მაქვს. ახლავე დავბრუნდები. ტაქსში ჩავჯდები და ხელად მოვალ, _ ვუთხარი მე. ჰოი, ბიჭო, კისერი კინაღამ მოვიტეხე იმ სიბნელეში. _ საქმე ისაა, რომ ჩემი ფული კი არ არის, დედაჩემისაა და…
_ ნუ აიხირე, ჰოლდენ. ჩაწექი. მეც უნდა წავიდე და დავწვე. შენი ფული იქვე დაგხვდება დილ…
_ არა, არ გეხუმრებით. უნდა წავიდე, უსათუოდ უნდა წავიდე. _ უკვე ჩაცმული ვიყავი. ოღონდ ყელსახვევი ვერ ვნახე. ვეღარ გავიხსენე, სად დავკიდე
ჩემი ყელსახვევი. ქურთუკი ჩავიცვი. უყელსახვევოდ წავალ, რა მოხდება! მისტერ ანტოლინი ახლა დიდ სავარძელში იჯდა, ჩემი ლოგინიდან მოშორებით და შემომცქეროდა. ბნელოდა, არაფერი ჩანდა, ხეირიანად ვერც ვხედავდი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ მე მიცქეროდა, ისევ ვისკის წრუპავდა. გარკვევით ვხედავდი, როგორ ეჭირა ხელში თავისი ერთგული ჭიქა.
_ ძალიან, ძალიან უცნაური ბიჭი ხარ.
_ ვიცი, _ ვუთხარი მე. ყელსახვევი აღარც მიძებნია. ისე წამოვედი, უყესახვევოდ. _ მშვიდობით, სერ. დიდი მადლობელი ვარ. დიდი მადლობა.
კარებამდე გამომყვა. ლიფტი რომ გამოვიძახე, ზღუებლთან შეჩერდა და სულ იმას დუდღუნებდა _ «ძალიან, ძალიან უცნაური ბიჭი ხარო». უცნაური! დიახ! მანამ ის ოხერი ლიფტი ამოვიდოა, იქვე იდგა, ზღურბლზე. ჩემს დღეში ამდენი ლოდინი არ დამჭირვებია. ღმერთმანი.
აღარც კი ვიცოდი, რა ოხრობა მეთქვა, მანამ ლიფტს ველოდებოდი, ის კი ზღურბლიდან ფეხს აღარ იცვლიდა, მერე ესღა მოვახერხე:
_ კარგი წიგნები უნდა შევარჩიო და კითხვა დავიწყო. ნამდვილად. _ რამე ხომ უნდა მეთქვა. საშინლად დაბნეული ვიყავი.
_ დაავლე ხელი იმ ჩემოდნებს და უკანვე გამოქანდი. კარებს ღიას დავტოვებ.
_ დიდი მადლობა, _ ვუთხარი მე, _ ნახვამდის. _ როგორც იქნა ლიფტსაც ეშველა. კარი მივხურე და დავეშვი. ჰოი, ბიჭო, როგორ გიჟივით მიკანკალებდა ყველაფერი. ოფლში ვცურავდი. როცა ამნაირი უხამსობა შემემთხვეოდა, სულ ოფლს დამასხამს ხოლმე. ერთი ოცჯერ მაინც შემმთხვევია ამისთანა საზიზღარი საქმე ბავშვობის შემდეგ. საშინელებაა!

ნაწილი 25

გარეთ რომ გამოვედი, უკვე თენდებოდა. საშინლად ციოდა, მაგრამ მესიამოვნა კიდეც, რადგან ოფლში ვცურავდი.
არ ვიცოდი, სად ჯანდაბაში წავსულიყავი. სასტუმროში წასვლას და ფიბის დოლარების ხარჯვას გული არ მაძლევდა. ბოლოს, ლექსინგტონამდე ფეხით მივედი და იქიდან მეტროთი ცენტრალური სადგურისკენ გავემართე. იქა მქონდა ჩემოდნები დატოვებული, თან ვიფიქრე _ იმ ფეთიან მოსაცდელ ოთახში ყოველ ფეხის ნაბიჯზე მერხები ყრია და ცოტას წავიძინებ კიდეც-მეთქი. ასეც ვქენი. პირველად არა უშავდა რა, ხალხი იმდენი არ ყოფილა და სკამზე ფეხის გამართვა შეიძლებოდა. მაგრამ სულაც არ მეხალისება ამეების გახსენება. საშინელებაა. ნურც გამოცდით. ნამდვილად გეუბნებით. გული გაგიწყალდებათ.
ცხრა საათამდე მეძინა, მეტი არა. მერე კი მოაწყდა და მოაწყდა ხალხი მოსაცდელ ოთახს, და იძულებული ვიყავი ფეხები დაბლა ჩამომეშვა. ფეხები თუ იატაკზე მაქვს ჩაკიდული, რაღა დამაძინებს! რა უნდა მექნა _ წამოვჯექი. თავი ისევ მტკიოდა. ახლა კიდევ უფრო მაგრად. გული ისე მეწურებოდა, რომ ალბათ ჩემს დღეში არ ვყოფილვარ ასე მოჟამულ გუნებაზე.
სულაც არ მინდოდა, მაგრამ მისტერ ანტოლინიზე ფიქრი დავიწყე _ ნეტა რას ეტყვის მისის ანტოლინის, როცა იგი სასტუმრო ოთახში შევა და იქ აღარ დავხვდები-მეთქი. თუმცა ამ ფიქრს დიდად არ შევუწუხებივარ _ მისტერ ანტოლინი ჭკვიანი კაცი იყო და ვიცოდი, ხელად მოიგონებდა რამეს. შინ წავიდაო, ეტყოდა. ერთი სიტყვით, ამას დიდად არ შევუწუხებივარ. მე იმის გახსენება მტანჯავდა _ როცა გამოვიძინე და ვნახე, თავზე ხელს მითათუნებდა!
ვაი თუ შორსა ვდებ, იქნებ იმ კაცს სულაც არ ჰქონია ბინძური ზრახვები-მეთქი. იქნებ ასეთი ხასიათი აქვს _ მძინარე ხალხისათვის თავზე ხელის სმა უყვარს! გადაჭრით ხომ ვერ იტყვი ამას? ვერა, ვერ იტყვი. ის კი არა და, ერთი პირობა ვფიქრობდი, მოდი ჩემოდნებს გამოვიტან და სიტყვას არ გავტეხ, უკანვე მივბრუნდები-მეთქი. კიდეც რომ იყოს გაფუჭებული კაცი, ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია-მეთქი. სულაც არა სწყენია, შუაღამეზე რომ დავურეკე, პირიქით, მაშინვე ის მითხრა, თუ გინდა, ახლავე მოდიო! როგორ იმტვრევდა თავს და რა გამწარებით მირჩევდა, ჭეშმარიტი საზომი უნდა გამოიმუშაო და ჭკუას მოარგოო. ეგეც რომ არ იყოს, მე რომ ჯეიმს კასლის ამბავი გიამბეთ, ხომ ვერავინ გაბედა მასთან მისვლა, ეს კი პირველი მიიჭრა მკვდართან. ასეთი ფიქრები მიტრიალებდა თავში და რამდენსაც მეტს ვფიქრობდი, მით უფრო მეტად მეწურებოდა გული. იქნებ აჯობოს, უკანვე მივბრუნდე-მეთქი! რასაც მეტს ვფიქრობდი, სულ უფრო და უფრო მოვიშალე და ავფორიაქდი. ამ თვალებმაც რომ გამამწარა: უძილობისაგან ჯოჯოხეთურად მკტიოდა და მეწოდა. ამას სურდოც დაერთო, მე კი ერთი ქეციანი ცხვირსახოციც არა მქონია ჯიბეში. ჩემოდანში კი მეწყო, მაგრამ დამეზარა ჩემოდნის გამოტანა და ამდენ ხალხში გახსნა.
იქვე, სკამზე, ვიღაცას ჟურნალი დარჩენოდა და კითხვა დავიწყე, ვიფიქრე, იქნებ ცოტა ხნით მაინც გადამავიწყოს მისტერ ანტოლინის ამბავი და ათასი სხვა ამნაირი უსიამოვნო ფიქრები-მეთქი. მაგრამ ისეთი დაწყვეტილი სტატია შემხვდა, სულ მომშალა და მომათავა. ჰორმონებზე იყო. თუ ჰორმონები ნორმალურად გაქვთ, მაშინ ასეთი და ასეთი სახე და თვალები უნდა გქონდეთ და ამნაირი შესახედავი იყოთო. სწორედ ისეთი შესახედავი არ ვიყავი. მოშლილჰორმონებიანი კაცი ჩაეხატათ იქვე, და იმას ვგავდი. ახლა ჰორმონების დარდმა შემაწუხა. მეორე სტატია წავიკითხე _ როგორ უნდა მიხვდე, გაქვს თუ არა კიბო. პირის ღრუში თუ წყლული გაგიჩნდა და მალე არ მოგიშუშდა, ნამდვილად კიბო გქონიათო. მე კი მთელი ორი კვირაა, პატარა წყლული მაქვს ტუჩზე! მორჩა, კიბო მქონია-მეთქი, გადავწყვიტე. კაი მხიარული ჟურნალი გამოდგა! თავი მივანებე და გარეთ გამოვედი. ორიოდ თვე და კიბო მომიღებს ბოლოს-მეთქი, ვფიქრობდი, ნამდვილად. თავი დავაჯერე, რომ კიბო მქონდა. რაღა თქმა უნდა, დიდად არც ამ ფიქრს გამოუსწორებია ჩემთვის გუნება.
თითქოს წვიმას აპირებდა, მაგრამ მაინც გამოვედი გარეთ. ჯერ ერთი, უნდა მესაუზმნა. სულ არ მშიოდა, მაგრამ რამე ხომ უნდა ვჭამო-მეთქი. ვიტამინებიანი რამე მაინც. აღმოსავლეთ კვარტალებისკენ გავსწიე _ საცა იაფი რესტორნებია. ფული არ მემეტებოდა.
გზაზე ორ ბიჭს უზარმაზარი ნაძვისხე გადმოჰქონდათ საბარგო მანქანიდან. ერთი მათგანი წარამარა გაჰყვიროდა: «ასწი, ასწი ეს ძაღლიშვილი! ცოტა კიდევ ასწი!» ძალიან კი უხდებოდა ამისთანა სიტყვები შობის ხეს. მაგრამ მაინც სასაცილო იყო და გამეცინა კიდეც. ამაზე უარესს ალბათ ვერაფერს ვერ ვიზამდი _ დავიწყე თუ არა სიცილი, მაშინვე გული ამერია. ცოტას გაწყდა, არ წამაღებინა, მაგრამ ისევ გადამიარა. არ ვიცი, რა მომივიდა. ამჟავებული ან ასეთი რამე არაფერი მიჭამია, კუჭიც მაგარი მაქვს. ერთი სიტყვით გადამიარა და გადავწყვიტე რამე მეჭამა. ერთ ძალიან იაფ რესტორანში შევედი და ფუნთუშა და ყავა მოვატანინე. ოღონდ ფუნთუშა არ მიჭამია, ვერ გადავყლაპე. როცა მოშხამულ გუნებაზე ხარ, ყლაპვაც გიჭირს. ოფიციანტი კაი კაცი გამოდგა. ფუნთუშები
უკანვე წაიღო, ფული არ გადაუხდევინებია. მარტო ყავა შევხვრიპე. მერე გამოვედი და მეხუთე ავენიუსკენ გავემართე.
ორშაბათი იყო, შობა ახლოვდებოდა და მაღაზიები სულ დაეღოთ. ასე რომ, მეხუთე ავენიუზე მოწყენილობა მაინცდამაინც არ განმიცდია. შობის სიხარული იგრძნობოდა. გაწლიკული სანტა კლაუსები კუთხეებში მიმდგარიყვნენ და ზარებს რეკდნენ, მოხალისე ქალთა არმიის გოგოებიც გამოსულიყვნენ, _ აი ტუჩებზე რომ არაფერს არ იცხებენ და არ ითხუპნებიან ხოლმე, _ და ისიც ზარებს რეკდნენ. ვიფიქრე, გუშინ რომ საუზმეზე შევხვდი, იქნებ იმ ორ მონაზონს გადავეყარო-მეთქი, ბევრი ვაცეცე თვალები აქეთ-იქით, მაგრამ ვერ ვნახე. ვიცოდი, რომ ვერ ვნახავდი, აკი მითხრეს, ნიუ-იორკში მასწავლებლად უნდა ვიმუშაოთო, მაგრამ მაინც ვეძებდი. ერთი სიტყვით, საშობაო განწყობილება უცებ მეც გადმომედო. მილიონობით ბავშვები გამოსულიყვნენ დედებთან ერთად; შედიოდნენ და გამოდიოდნენ მაღაზიებიდან, ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ ავტობუსებზე. ნეტა ფიბიც აქ იყოს-მეთქი, ვინატრე. არც ისეთი პატარაა, რომ სათამაშოებზე დაკარგოს ჭკუა, მაგრამ სეირის ყურება და ქუჩაში ხეტიალი მაინც უყვარს. შარშან მე გამოვიყვანე ქალაქში საყიდლებზე. ჰოი, რა არ მოვიგონეთ! მგონი ბლუმინგდეილის მაღაზია იყო. ფეხსაცმელების განყოფილებაში შევედით; უსაშველოდ მაღალყელიანი ფეხსაცმელები რომაა, ვითომ ის უნდოდა ფიბის, აი მილიონი თასმის გასაყრელი ნახვრეტი რომ აქვს. გავაგიჟეთ საწყალი გამყიდველი. ოცი წყვილი მაინც მოირგო ფიბიმ და იმ საწყალმა ბიჭმა ოცჯერვე ბოლომდე შეუკრა თითო ცალი ფეხსაცმელი. ძალიან ბინძური ხუმრობა იყო, მაგრამ ფიბი პირდაპირ გიჟდებოდა. ბოლოს ერთი წყვილი მოკასინები ავირჩიეთ და დავავალეთ, შინ გამოეგზავნათ. დიდებული გამყიდველი გამოდგა. მე მგონი, მიხვდა კიდეც, რომ თავს ვიგდებდით, იმიტომ რომ ფიბი განუწყვეტლივ ხითხითებდა.
ერთი სიტყვით, მივდიოდი და მივდიოდი მეხუთე ავენიუზე, არც ყელსახვევი მეკეთა და არც არაფერი. უცებ უცნაური რაღაც დამემართა. კვარტალს რომ გავივლიდი და მეორე მხარზე გადასასვლელად იმ ოხერ ქუჩაზე გადავიდოდი, ყოველთვის ისეთი გრძნობა მომიცავდა, თითქოს მეორე მხარეს გადასვლას ვეღარ ვეღირსებოდი. ასე მეგონა, ვეშვები ქვევით, ქვევით, სულ ქვევით და კაციშვილი ვეღარ დამინახავს-მეთქი. ჰოი ბიჭო, რა დავფეთქდი! ვერც კი წარმოიდგენთ. ისევ ოფლი დამასხა, პერანგი და საცვლები სულ გასაწური გამიხდა. და უცებ რაღაც მოვიგონე. კვარტლის ბოლოს რომ მივუახლოვდებოდი, წარმოვიდგენდი, თითქოს ელის ველაპარაკებოდი, ჩემს ძმას. «ელი, ხელი მომაშველე, არ ჩავვარდე! ელი, ხელი მომაშველე! ელი, ხელი მომაშველე! შენი ჭირიმე, ელი!» ხოლო მეორე მხარეს რომ მივაღწევდი მშვიდობიანად, მადლობას გადავუხდიდი ხოლმე. გავცდებოდი მეორე კვარტალს და ისევ თავიდან ვიწყებდი. მივდიოდი და მივდიოდი. მგონი, მეშინოდა შეჩერებისა… მართალი გითხრათ, კარგად აღარ მახსოვს. მესამოცე ავენიუზე ისე გავცდი ზოოპარკს და ყველაფერს, ერთხელაც არ შევჩერებულვარ. იქ კი სკამზე ჩამოვჯექი. სულს ძლივს ვითქვამდი, ოფლი წურწურით ჩამომდიოდა. მახსოვს, მთელი ერთი საათი ვიჯექი. ბოლოს, ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, იქაურობას გავცლოდი. აღარც შინ დავბუნებულიყავი და აღარც სხვა სკოლაში შევსულიყავი. მარტო ფიბის ვნახავ, გამოვემშვიდობები, საშობაო საჩუქრების ფულს დავუბრუნებ და შარაზე გავალ, დიდ ავტომანქანებს გადავეყრები, ჩავუჯდები და იალა, დასავლეთისკენ მოვუსვამ-მეთქი. ჯერ ჰოლანდტანელში ჩავალ, ავუწევ
ხელს და გზას გავაგრძელებ, კიდევ სხვა მანქანას, კიდევ… და რამდენიმე დღეში შუაგულ დასავლეთში ამოვყოფ თავს. მშვენიერი სამყოფელია, მზე კაშკაშებს, კაციშვილი ჩემი მცნობი არ არის. რამე საქმეზე მოვეწყობი. ბენზინის საწყობებში სამუშაოს როგორ ვერ ვიშოვი-მეთქი, ვფიქრობდი. გამოივლის ხალხი მანქანებით, ჩავუსხამ ბენზინს და გავუშვებ. ფეხებზე მეკიდა, რა სამუშაოც იქნებოდა! მთავარი ის იყო, არც მე ვეცანი ვინმეს, და მეც არავინ მეცნო. ყველაზე კარგი იქნებოდა, თავი ყრუ-მუნჯად გამესაღებინა. ხალხთან ყოველგვარ სულელურსა და უსარგებლო ლაქლაქს თავს დავაღწევდი. თუ ვინმეს რამე დასჭირდებოდა, ქაღალდს აიღებდა, დამიწერდა და მომცემდა. ბოლოს და ბოლოს ეგეც მობეზრდებათ და სულ გავთავისუფლდები, ჩემს დღეში აღარ დამჭირდება ლაპარაკი. ყველას გაუბედურებული ყრუ-მუნჯი ნაბიჭვარი ვგონივარ და კაცი არ მაქცევს ყურადღებას. ვუსხამ ბენზინს თავიანთ ბითურულ მანქანებში, ჯამაგირს ვიღებ, ფულს ვაგროვებ, სადმე ქოხს ავიშენებ და იქ გავატარებ მთელს ჩემს სიცოცხლეს. ქოხს ტყის ნაპირას დავიდგამ, შიგ ტყეში არა, რადგან სულ მზეში მინდა ვიყო. საჭმელს მე თვითონ მოვიმზადებ. უფრო მოგვიანებით კი, ცოლის შერთვა თუ მომინდა, გამოვძებნი ვინმე ლამაზ გოგოს, ჩემსავით ყრუ-მუნჯს, და შევირთავ. ისიც ჩემთან ერთად იცხოვრებს ქოხში, და რამის თქმა თუ დასჭირდა, მაინც სხვებივით ქაღალდზე უნდა დამიწეროს. ბავშვები თუ გაგვიჩნდა, სადმე გადავმალავთ. წიგნებს ვუყიდით და ჩვენ თვითონვე ვასწავლით წერა-კითხვას.
ამას ვფიქრობდი და თან საშინლად ვღელავდი. მეც ვიცი, რომ ყრუ-მუნჯობის მოგონება სიგიჟეა, მაგრამ ფიქრი მაინც მსიამოვნებდა. დასავლეთისკენ გამგზავრება კი მტკიცედ გადავწყვიტე. ოღონდ ჯერ ფიბის უნდა გამოვმშვიდობებოდი. უცებ ვიშვირე ფეხი და გიჟივით შუა ქუჩაში გავიჭერი _ მართალი თუ გნებავთ, კინაღამ თავი გავწირე _ მეორე მხარეს გადავედი. საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში შევვარდი და ბლოკნოტი და ფანქარი ვიყიდე. მინდოდა მიმეწერა _ გამომსამშვიდობებლად და საშობაო საჩუქრის ფულის უკანვე დასაბრუნებლად სად შევხვედროდი. ამ წერილს სკოლაში მივიტანდი და კანცელარიის თანამშრომელს ფიბისთან გავატანდი. მაგრამ ისე ვიყავი აღელვებული, რომ მაღაზიაში ვეღარ მოვახერხე დაწერა. ბლოკნოტი და ფანქარი ჯიბეში ჩავიდე და რაც ძალი და ღონე მქონდა, მისი სკოლისკენ გავქანდი. მინდოდა მიმესწრო, მანამ შინ წავიდოდა სასაუზმოდ, დრო კი ცოტაღა იყო.
რაღა თქმა უნდა, მისი სკოლა ვიცოდი: მე თვითონ იქ დავდიოდი პატარაობისას. სკოლაში რომ მივედი, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. არ მეგონა შიგნითა მოწყობილობა თუ მეხსომებოდა, თურმე მშვენივრად მახსოვდა. ისევ ისე დამხვდა ყველაფერი, როგორც დავტოვე. იგივე დიდი სპორტული დარბაზი, ოდნავ ჩაბნელებული, ფანრებზე შემოხვეული მავთულის ბადურები, რომ ბურთი არ მოხვედროდა და ნათურები არ ჩაემტვრია. იატაკი ძველებურადვე თეთრი სათამაშო წრეებით მოხატული. იგივე კალათბურთის რგოლები უბადოდ _ მარტო ფიცრები და რგოლები.
კაცის ჭაჭანება არ იყო _ ალბათ იმიტომ, რომ მეცადინეობა მიმდინარეობდა და საუზმის შესვენება ჯერ არ დაწყებულიყო. მარტო პატარა ბავშვს მოვკარი თვალი, ზანგის ბიჭს, საპირფარეშოსკენ მიცუნცულებდა, ჯიბეში ხის ნომერი მოუჩანდა, _ სწორედ ისე, როგორც ჩემს დროს, _ ეს იყო საპირფარეშოში წასვლის ნებართვა.
ოფლი ახლაც მომდიოდა, მაგრამ ისე ძალიან აღარა. კიბესთან მივედი. პირველივე საფეხურზე ჩამოვჯექი და ჯიბიდან ბლოკნოტი და ფანქარი ამოვიღე. კიბეს ახლაც ისეთივე სუნი ასდიოდა, როგორც ჩემსობას. თითქოს ახლახან დაესველებინოს ვინმეს. ყველგან ასეთი სუნი აქვს ხოლმე სკოლის კიბეებს. ერთი სიტყვით, დავჯექი და დავწერე:
ჩემო ფიბი!
ოთხშაბათამდე ვეღარ დავიცდი, ალბათ დღეს საღამოსვე გავწევ დასავლეთისაკენ. პირველის თხუთმეტზე, თუ მოახერხებ, ხელოვნების მუზეუმის შესასვლელეთან დამხვდი, შენი საშობაო საჩუქრების ფული უნდა მოგცე. ბევრი არ დამიხარჯავს.
შენი ჰოლდენი.
მუზეუმი იქვე იყო, სკოლასთან ახლოს, სასაუზოდ შინ წასული ფიბი სწორედ წინ ჩაუვლიდა. ასე რომ იმედი მქონდა, უსათუოდ შევხვდებოდი.
კიბეებს კანცელარიისკენ ავუყევი. მინდოდა ვინმე მენახა და ფიბისთან წერილი გამეტანებინა. ათად მაინც დავკეცე ქაღალდი, რომ არავის გაეხსნა. ამ ოხერ სკოლებში ვის უნდა ენდოს კაცი! მაგრამ ვიცოდი, რომ ძმის წერილს უსათუოდ გადასცემდნენ.
კიბეზე რომ ავდიოდი, ისევ ამერია გული, წამაღებინებს-მეთქი ვიფიქრე. მაგრამ არაფერი მომსვლია. წამით საფეხურზე ჩამოვჯექი და გამიარა. საფეხურზე რომ ვიჯექი, ისეთი რამე დავინახე, ლამის გავგიჟდი. შენი ასე და ისეო, ვიღაცას დაეწერა კედელზე. ცოტას გაწყდა ჭკუა არ დავკარგე. წარმოვიდგინე როგორ წაიკითხავდა ამას ფიბი, ან სხვა პატარა ბალღები. გაუკვირდებოდათ, ნეტა რას ნიშნავსო. მერე ვიღაც ბნძური ბიჭი გამოჩნდებოდა და ეტყოდა, რასაც ნიშნავს. დაიწყებენ მერე ამაზე ფიქრს და ვინ იცის, მთელი ორი დღე მოეშხამოთ. მინდოდა ერთი წამეხრჩო ამის დამწერი. ალბათ ვინმე გაფუჭებული არამზადა იყო, ღამით მოსაშარდად შეიპარებოდა სკოლაში და მერე ამას წააჯღაბნიდა კედელზე. წარმოვიდგინე, როგორ ჩავავლებდი ხელს, თავს ქვაზე მივახეთქებინებდი, სისხლში ამოვთხვრიდი და იქვე გავათავებდი. მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ საამისოდ ვაჟკაცობა არ მეყოფოდა. წინასწარვე ვიცოდი. ეს რომ გავიფიქრე, კიდევ უფრო მოვიღალე. მართალი თუ გინდათ, ამის წაშლაც კი ვერ გავბედე. შემეშინდა, ვინმე მასწავლებელი დამინახავს წაშლის დროს და ჩემი დაწერილი ეგონება-მეთქი. მაგრამ ბოლოს მაინც წავშალე. მერე ისევ კანცელარიისკენ გავსწიე, ზევით.
დირექტორი არსად სჩანდა, საბეჭდ მანქანას კი ვიღაც ასი წლის დედაბერი უჯდა. მე-4 «ბე» კლასელი ფიბი კოლფილდის ძმა ვარ-მეთქი, ვუთხარი, და ვთხოვე, ეს წერილი გადაეცათ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა-მეთქი, ვუთხარი, დედაჩემი ავად გახდა და საუზმე ვერ მოუმზადა, ახლა მე უნდა წავიყვანო სასაუზმეში-მეთქი. კეთილი დედაბერი გამოდგა. ბარათი გამომართვა და მეორე ოთახიდან ვიღაც ქალს გამოუძახა. იმას გაატანა ფიბისთან. ამ ასი წლის დედაბერმა კი საუბარი გამიბა. კეთილი ქალი იყო და ვუამბე, ჩვენ სულ ამ სკოლაში დავდიოდით-მეთქი _ მეც და ჩემი ძმებიც. ახლა სად სწავლობთო, მკითხა. პენსიში-მეთქი, ვიპასუხე. პენსი ძალიან კარგი სკოლააო. ძალიანაც რომ მდომოდა, მაინც ვერ მოვახერხებდი მის ჭკუაზე მოყვანას თუ კარგი სკოლა ჰქონია პენსი, ეგონოს, მე რა მენაღვლება! ასი წლის ადამიანის გარდაქმნა იქნება?! არც მოგისმენს. ცოტა ხნის შემდეგ გამოვემშვიდობე და წამოვედი. სასაცილო კი
იყო _ ბებერი სპენსერივით მომაძახა _ «გზა მშვიდობისაო!» ღმერთო, რა საშინელებაა, როცა სადმე მიდიხარ და _ «გზა მშვიდობისაო» მოგაძახებენ.
დაბლა მეორე კიბით დავეშვი და ახლა სხვა კედელზე დავინახე წარწერა _ შენი ასე და ისეო. ამისი წაშლაც ვცადე, მაგრამ დანით თუ რაღაცათი იყო ამოჭრილი და ვერ მოვახერხე. ან კი რა აზრი ჰქონდა. მილიონი წლის სიცოცხლეც რომ გქონდეს, რაც ქვეყანაზე «შენი ასე და ისე» წერია, იმის ნახევარს ვერ წაშლი. ყოვლად შეუძლებელია.
სპორტდარბაზში საათს შევხედე. თორმეტს ოცი აკლდა. ფიბისთან შეხვედრამდე დრო ბევრი მქონდა, მაგრამ მაინც მუზეუმისაკენ გავემართე. ან კი სად უნდა წავსულიყავი. ერთი პირობა კი ვიფიქრე, მანამ დასავლეთისკენ გავწევდე, მოდი ჯეინ გალაჰერს დავურეკავ-მეთქი, არც ვიცოდი, ჩამოსული თუ იქნებოდა საშობაო არდადეგებზე. ასე რომ, პირდაპირ მიზეუმისკენ გავწიე და იქ დავერჭვე.
მანამ მუზეუმის შესასვლელში ვიდექი და ფიბის ველოდებოდი, ორი ბავშვი მომადგა _ მუმიები სად არის, ხომ არ იცითო, მკითხეს. ერთ მათგანს, სწორედ იმას, მე რომ გამომელაპარაკა, შარვალი გახსნილი ჰქონდა. ვუთხარი, ასეა საქმე-მეთქი და ისიც იქვე შეუდგა შეკვრას _ თან მელაპარაკება და თან იკრავს, იმითაც არ შეუწუხებია თავი, რომ ბოძს მაინც ამოფარებოდა. მომსპო კაცი. სიცილი ძლივს შევიკავე _ შემეშინდა, ისევ არ ამერიოს გული-მეთქი.
_ ჰა, სადა აქვთ ეს მუმიები? _ ისევ ჩამეკითხა ბავშვი, _ არ იცით?
მოდი, ცოტას გავამასხსარავებ-მეთქი, ვიფიქრე.
_ მუმიებიო? მუმიები რა არის? _ ვკითხე მე.
_ როგორ არ იცით. მუმიები _ რომ მოკვდებიან და მერე აკუდამებში მარხავენ.
აკუდამებში! მომსპო და მომათავა. ვითომ, აკლდამებშიო.
_ სკოლაში რატომ არა ხართ, ბავშებო? _ ვკითხე მე.
_ დღეს სკოლა არა გაქვს, _ მიპასუხა იმავე ბავშვმა, მე რომ მელაპარაკებოდა მატყუებდა, თავი მომიკვდეს, ეს პატარა ნაბიჭვარი. მეც, ფიბის მოსვლამდე, საქმე არაფერი მქონია, და გავყევი მუმიების საჩვენებლად. ადრე თვალდახუჭული მიავგნებდი იმ მუმიებს, მაგრამ რამდენი ხანი გავიდა, იქ აღარ ვყოფილვარ.
_ ასე მაგრად გაინტერესებთ მუმიების ნახვა? _ ვკითხე მე.
_ მაშა.
_ შენს მეგობარს ენა არა აქვს?
_ სადაური მეგობარია _ ძმა არის ჩემი.
_ მერე მუნჯია?.. _ იმას გადავხედე, ხმას რომ არ იღებდა, ლაპარაკი არ იცი, ბიჭო?
_ როგორ არ ვიცი, _ მითხრა მან, _ არ მინდა და არ ვლაპარაკობ.
ბოლოს მივაგენით მუმიების ოთახს და შევედით.
_ ეს თუ იცით, ეგვიპტელები თავიანთ მკვდრებს როგორ მარხავდნენ? _ ვკითხე ერთს.
_ ნწუ.
_ უნდა იცოდეთ. ძალიან საინტერესოა. აიღებდნენ რამე ქსოვილს, რაღაც სითხით გაჟღინთავდნენ და სახეზე დააფარებდნენ. მერე წაასვენებდნენ და თავიანთ აკლდამებში დამარხავდნენ _ ათასი წელიც რომ გასულიყო, არც გაიხრწნებოდა და არც არაფერი. ეგვიპტელებს გარდა, არავინ არ იცის ამის გაკეთება. თანამედროვე მეცნიერებმაც კი არ იცის.
მანამ მუმიების განყფილებაში გახვიდოდი, უნდა გაგევლო ძალიან ვიწრო გასავლელი ოთახი, რომლის კედლები ფარაონის სამარხიდან წამორებული ქვის ფილებით იყო მოპირკეთებული. კაი მაგარი შესაშინებელი ადგილი იყო და შევატყვე ამ ჩემს გულად ბიჭებსაც წაუხდათ საქციელი. მაგრად მომეკრნენ და იმ ერთმა, ხმას რომ არ იღებდა, სახელოში ჩამჭიდა ხელი.
_ წავიდეთ, _ უთხრა ძმას, _ ყველაფერი ვნახე. წამო, წავიდეთ _ მიტრიალდა და გაიქცა.
_ მშიშარაა, ერთ მილზე გაურბის ყველაფერს, _ მითხრა მეორემ. _ მშვიდობით! _ და ისიც გაშპა.
მარტოკა დავრჩი ამ სამარხში. მესიამოვნა კიდეც _ სიწყნარე იყო, სიმყუდროვე და უცებ… თქვენს დღეში ვერ მიხვდებით, ისეთი რამე დავინახე კედელზე. ისევ «შენი ასე და ისე…» წითელი ფანქრით თუ რაღაცათი დაეწერათ, ზედ შუშის ყუთს ქვეშ, ქვაზე.
მთელი უბედურებაც ეგ არის. რამდენიც არ უნდა ეძებო, მყუდრო და წყნარ ადგილს ვერ ნახავ. ასეთი ადგილი არ არსებობს. იქნებ მოგეჩვენოს, ვნახეო, მაგრამ მანამ იქამდე მიაღწევდე, გამოძვრება ვინმე ნაბიჭვარი და ზედ ცხვირწინ დაგიწერს «შენი ასე და ისეო»… თქვენ თვითონ ნახეთ და დარწმუნდით. ზოგჯერ ვიფიქრებ ხოლმე _ მოვკვდი უკვე, დამმარხეს, გულზე საფლავის ლოდი დამადეს, ზედ ამოსჭრეს «ჰოლდენ კოლფილდი», ქვეშ _ რომელ წელს დავიბადე, როდის გარდავიცვალე. და ამეების ქვეშ _ «შენი ასე და ისეო…» მიაწერენ. ნამდვილად ასე იქნება. მუმიების განყოფილებიდან რომ გამოვბრუნდი, პირდაპირ საპირფარეშოსკენ გავქანდი. უკაცრავად სიტყვაა და, კუჭი ამეშალა. მაგრამ დიდად არ შევუწუხებივარ ამ კუჭის აშლას _ სხვა რამემ შემაწუხა. საპირფარეშოდან გამოსვლისას, ზედ კარებთან, გული შემიღონდა. ბედი ჩემი, კარგად გადავრჩი. ხომ შეიძლებოდა იატაკზე დამერტყა თავი და იქვე გავთავებულიყავი. კიდევ კარგი მხარით დავეცი. უცნაური ამბავი შემემთხვა. გულის შეღონების შემდეგ უფრო კარგად ვიგრძენი თავი. ნამდვილად. ხელი კი ვიტკინე დაცემის დროს, მაგრამ სამაგიეროდ თავბრუსხვევამ გამიარა.
პირველის ათი წუთი იყო და გარეთ გამოვბრუნდი. შესასვლელში დავუწყე ფიბის ლოდინი. ვაითუ უკანასკნელად უნდა ვნახო-მეთქი, ვფიქრობდი. ფიბიც და ყველა ჩემიანიც. ნახვით იქნება კი ვნახო ოდესმე, მაგრამ ვინ იცის, როდის. მანამ ოცდათხუთმეტი წლისა არ გავხდები, იქნებ არც ჩამოვიდე _ ვინმე ავად თუ არ შეიქნა და და სიკვდილის წინ მომინატრა, თორემ ისე არასდიდებით არ მივატოვებ ჩემს ქოხს და არ წამოვალ. წარმოვიდგინე კიდეც, როგორი იქნებოდა ჩემი ჩამოსვლა. ეს ხომ ნაღდია, რომ დედაჩემი საშინლად აღელდება და ტირილს მორთავს, ხვეწნას დამიწყებს, შინ დარჩი, იმ ქოხში ნუღარ დაბრუნდებიო. მაგრამ მაინც წავალ. მე რომ გავჯიქდები, მტრისას! დედას დავამშვიდებ, მერე სასტუმრო ოთახის მეორე კუთხეში მივალ, ჯიბიდან სათუთუნეს ამოვიღებ და პაპიროსს გავაბოლებ ცივად და გულგრილად. ყველას მივიპატიჟებ _ თუ მოგეგუნებოთ მეწვიეთ-მეთქი, მაგრამ ხვეწნას არ დავუწყებ. ამას კი მოვაწყობ, რომ ფიბი მესტუმროს ხოლმე ყოველ ზაფხულს, და საშობაო არდადეგებზე. სააღდგომოდაც. ზოგჯერ დ.ბ.-ც მეწვიოს, თუ უნდა, წყნარი და მყუდრო ადგილი თუ დასჭირდება სამუშაოდ, მაგრამ ჩემს ქოხში კინპო-სცენარებს არასდიდებით არ დავაწერინებ. მარტო მოთხრობები და წიგნები. ეს წესი უსათუოდ უნდა გავატარო _ ვინც არ უნდა მესტუმროს, არავითარ სიყალბეს ჩემს ქოხში არ
მოვითმენ. თუ ვინმე სიყალბეს და თვალთმაქცობას მოინდომებს _ იმ წუთში ფეხს ამოვაკვეთინებ ჩემი ქოხიდან.
უცებ საათს მოვკარი თვალი საგარდერობოში, პირველს ოცდახუთი აკლდა. შიშმა გამკრა _ ვაითუ დედაბერმა ის მეორე ქალი გააფრთხილა, წერილს ნუ გადასცემო. ვაი თუ მაშინვე ცეცხლში ჩააგდებინა წერილი. მაგრად შევშინდი. ძაან გულით მინდოდა ფიბის ნახვა, მანამ გზას დავადგებოდი. რაც მთავარია, საშობაო საჩუქრების ფული მინდოდა დამებრუნებინა.
ბოლოს, როგორც იქნა, დავინახე. მინის კარებიდან შევნიშნე, ჩემი სანადირო ქუდი ეხურა და იმით ვიცანი. იმ ქუდს ათ მილზე შევნიშნავ.
გამოვედი და შესაგებებლად ქვის კიბეზე დავეშვი. ერთ რამეს ვერასდიდებით ვერ მივხვდი _ ამოდენა ჩემოდანს რომ მოათრევს, ნეტა რად უნდა! ის იყო, მეხუთე ავენიუ გადმოსჭრა და მოცოცავს, ძლივს მოათრევს იმ ოხერ ჩემოდანს. რომ მივუახლოვდი, ვიცანი _ ჩემი ძველი ჩემოდანი იყო, ჰუტონში ნაქონი. ოღონდ ვერ მივხვდი, რა ჯანდაბად უნდოდა.
_ ჰეი! _ შემომძახა ფიბიმ. სულს ვეღარ იბრუნებდა ამ ოხერი ჩემოდნის თრევით.
_ მე კიდე მეშინოდა, ვაითუ არ მოვიდეს-მეთქი, _ ვუთხარი, _ ამ ჩემოდანში რა ჯანდაბა გიდევს? მე არაფერი არა მჭირდება, როგორც მხედავ, ასე მივდივარ. სადგურზე რომ ჩემოდნები მაქვს, ისიც კი არ მიმაქვს. მაინც რა ჯანდაბა გაქვს შიგ?
ფიბიმ ძირს დადო ჩემოდანი.
_ ჩემი ტანსაცმელი, _ მითხრა მან. _ მეც გამოგყვები. ხომ წამიყვან? ხომ?
_ რაო? _ ეს რომ გავიგონე, კინაღამ იქვე ჩავიკეცე. ღმერთმანი. ერთბაშად თავბრუ დამესხა და ისევ გული მიღონდება-მეთქი, მომეჩვენა.
_ უკანა ეზოდან გამოვიპარე, რომ ჩარლინას არ დავენახე. მძიმე არ გეგონოს. ბევრი არაფერი ჩამიდვია _ მარტო ჩემი ორი კაბა, მოკასინები, საცვლები, წინდები და ასეთი რაღაცეებია. ნახე! სულაც არ არის მძიმე. მოკიდე ხელი.. ხომ წამიყვან? ჰა, ჰოლდენ? ხომ წამიყვან? შენი ჭირიმე!
_ არა! ხმა ჩაიკმინდე!
გული მიღონდება-მეთქი, მომეჩვენა, თორემ როგორ დავუღრიალებდი «ხმა ჩაიკმინდეო». მეგონა, ეს არის გული მიღონდება-მეთქი.
_ რატომ არ მიგყევარ შენი ჭირიმე, ჰოლდენ… განა ხელს შეგიშლი _ წამოგყვები და ვიქნები ჩემთვის! შენ თუ მეტყვი, ამ ტანსაცმელსაც არ წამვიღებ… მარტო ერთ…
_ არაფერსაც არ წამოიღებ. და არსადაც არ წამოხვალ. მარტოკა უნდა წავიდე. ასე რომ, ხმა ჩაიკმინდე!
_ წამიყვანე, ჰოლდენ! წამიყვანე, შენი ჭირიმე. ნახე, როგორი კარგი, ძალიან კარგი… შენ ვერც კი…
_ არსადაც არ წახვალ. და კმარა, ხმა ჩაიკმინდე! ჩემოდანი აქ მომეცი, _ ვუთხარი მე. გამოვართვი, ისე მომინდა ერთი მიმეტყიპა! ერთი წუთიც და, ასე მგონია, მივტყეპავდი კიდეც. არ გეხუმრებით.
მაგრამ ტირილი ამოუშვა.
_ მე მეგონა, პიესაში გამოდიოდი სკოლაში ბენედიქტ არნოლდს თამაშობს-მეთქი, ვფიქრობდი, _ ვთხვი მე. ძალიან ბინძურად კი გამომივიდა. _ რა ღმერთი გიწყრება? პიესა აღარ გინდა?
ამაზე კიდევ უფრო ამოიკვნესა გული. მაგრამ მე გამიხარდა. ნეტა იმდენი იტიროს, თვალები სულ დაითხაროს-მეთქი, ვინატრე. ლამის შემძულდა. მე, მგონი, იმან უფრო გამამწარა, რომ წარმოდგენას თავს ანებებდა და ჩემთან წამოსვლას აპირებდა.
_ წამოდი, _ ვუთხარი მე. ისევ მუზეუმის კიბეებს ავუყევი. გადავწყვიტე, ის ოხერი ჩემოდანი, საგარდერობოში მიმებარებინა. სამ საათზე სკოლიდან გამოივლიდა და წაიღებდა. აბა სკოლაში ხომ არ წაათრევდა ჩემოდანს. წამოდი, _ გავუმეორე მე.
მაგრამ ფეხიც არ მოიცვალა, არ გამომყვა. მე მაინც ავედი, ჩემოდანი მეგარდერობეს მივაბარე და უკანვე ჩამოვედი, ზურგი შემაქცია. ამისთანა რამეები მისი მოგონილია! თუ მოეხუშტურა, შეგაქცევს ზურგს და მორჩა.
_ მეც აღარ მივდივარ. გადავიფიქრე. გაჩუმდი, რაღა გაღრიალებს! _ ვუთხარი მე. სასაცილოდ კი გამომივიდა: უკვე აღარ ტიროდა, ეს რომ ვუთხარი. მე კი მაინც ვუთხარი. _ წამოდი სკოლამდე გამოგყვები. აბა! დაგაგვიანდება!..
ხმაც არ გაუცია. ხელზე წავეპოტინე, მაგრამ გამომტაცა ხელი. სახეს მარიდებდა.
_ ისაუზმე? _ ვკითხე მე, _ უკვე ისაუზმე?..
არ მიპასუხა. ქუდი მოიხადა _ ჩემი ნაჩუქარი ქუდი _ და სახეში მომიქნია. მერე ისევ შემაქცია ზურგი. ლამის გავთავდი კაცი, მაგრამ არაფერი მითქვამს. ქუდი ავიღე და ჯიბეში ჩავიდევი.
_ წამოდი-მეთქი, არ გეყურება?! სკოლამდე გამოგყვები, _ ვუთხარი მე.
_ მე აღარ წავალ სკოლაში.
აღარ ვიცოდი რა მეთქვა. ცოტა ხანს უხმოდ ვიდექი.
_ უნდა წახვიდე. უსათუოდ უნდა წახვიდე. წარმოდგენაში გამოსვლა არ გინდა? არ გინდა, ბენედიქტ არნოლდის როლი შეასრულო? ჰა?
_ არა.
_ კი გინდა. ნამდვილად გინდა. გეყოფა ახლა, წამოდი. _ ვუთხარი მე. _ ჯერ ერთი, მეც აღარ მვდივარ, აკი გითხარი. შენ უნდა დავბრუნდე. მიგიყვან სკოლაში და მაშინვე შინ დავბრუნდები. ჯერ სადგურში გავივლი, ჩემოდნებს წამოვიღებ და პირდაპირ…
_ მე კიდე აღარ წავალ სკოლაში. შენ რაც გინდოდეს, ის ქენი, მე სკოლაში აღარ წავალ, _ თქვა მან. _ ასე რომ, ხმა ჩაიკმინდე!
პირველად გავიგონე მისგან ეს სიტყვა. საშინელება იყო. ო, ღმერთო, რა საშინელება იყო! შეგინება მერჩივნა. ჩემკენ მაინც არ იყურებოდა. რამდენს წავეპოტინებოდი მკლავზე ან მხარზე, იმდენს დამისხლტებოდა ხოლმე.
_ მოიხედე. არ გინდა, სადმე გავიაროთ? _ ვკითხე მე, _ არ გინდა, ზოოპარკში წავიდეთ? სკოლაში რომ არ გაგიშვა და ზოოპარკში წაგიყვანო, დაანებებ თავს ამ სულელურ გაბუტვას?
არ მიპასუხა და ისევ გავუმეორე:
_ სკოლა რომ გაგაცდენინო და სასეირნოდ წაგიყვანო, არ დაანებებ თავს ამ სულელურ გაბუტვას? ხვალ ხომ ჭკვიანი გოგო იქნები? ხომ წახვალ სკოლაში?
_ მინდა _ წავალ, არ მინიდა _ არ წავალ! _ თქვა მან. მერე შეტრიალდა და სირბილით გადასჭრა ქუჩა _ არც კი მიუხედ-მოუხედავს, მანქანები თუ მოდისო. ზოგჯერ ასე მოუვლის ხოლმე სიგიჟე.
მაინც არ გამოვედევნე. ვიცოდი, რომ თავისით გამომყვებოდა, ასე რო პირდაპირ ზოოპარკისკენ გავწიე. მე ბაღის გაყოლებაზე მივდევდი ქუჩას, ის კი
გადაღმა მიდიოდა, იმავე მიმართულებით. ჩემკენ ერთხელაც არ გამოუხედავს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ცალი თვალი ჩემკენ ეჭირა და მითვალთვალებდა, საით მიდისო. ასე მივადექით ზოოპარკს. მხოლოდ მაშინ თუ შევწუხდებოდი, როცა ორსართულიანი ავტობუსი ჩამიქროლებდა ქუჩაში და ფიბის ჩამოეფარებოდა. მაგრამ ზოოპარკს რომ მივადექით, გავძახე: ფიბი მე ზოოპარკში მივდივარ! შენც წამოდი! არ გამოუხედავს, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ გაიგონა. ხოლო როცა ზოოპარკის კიბეებზე დავეშვი, მივიხედე და ვნახე, ქუჩაზე გადმოდიოდა, ჩემკენ მოემართებოდა.
საძაგელი ამინდი იდგა და მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ იყო ზოოპარკში. მაგრამ ზღვის ლომების აუზთან კარგა ბლომად მოეყარათ თავი. გვერდს ავუვლი-მეთქი ვიფიქრე, მაგრამ ფიბი შედგა და ყურება დაიწყო, როგორა კვებავდნენ ლომებს _ ვიღაც ბიჭი თევზებს უყრიდა აუზში _ ასე რომ, მეც მივბრუნდი. მარჯვე შემთხვევა მომეცა. მივედი, უკან ამოვუდექი და მზარზე ხელი ჩამოვადე. მაგრამ ჩაცუცქდა და დამისხლტა _ თუ მოეხუშტურა, ისეთი მუდოა!.. დგას და უყურებს, როგორ კვებავებ ზღვის ლომებს, მეც უკან ვდგევარ, მაგრამ მხარზე აღარ ვადებ ხელს, არც ვეკარები, ვაითუ გამექცეს-მეთქი. ბავშვებს რას გაუგებ! ფრთხილად უნდა იყო.
აუზს რომ მოვშორდით, გვერდზე გამოყოლა არ ინდომა, მაგრამ არც ძალიან დამშორებია. ტროტუარის ერთ კიდეს ის მიჰყვებოდა, მეორეს _ მე. ვერაფერი სასიამოვნო იყო, მაგრამ წეღანდელივით ერთი მილის დაშორებით სიარულს მაინც ასე სჯობდა. პატარა სერზე ავედით და დათვებს დავუწყეთ ყურება. მაგრამ ბევრი არაფერი ყოფილა სანახავი. მხოლოდ ერთი დათვი იყო გარეთ _ პოლარული დათვი. მეორე კი, მურა დათვი, არასდიდებით არ გამოძვრა თავისი ბუნაგიდან. მარტო წითელი უკანალი მოუჩანდა. ჩემს გვერდზე ერთი ბიჭი იდგა, კოვბოის ქუდი ყურებზე ჩამოეფხატა, აუტყდა მამამისს. ფიბის კარუსეის ფული მივეცი. ერთი ემომხედა, ფული გამომართვა და სირბილით გაექანა კარუსელისკენ. როცა კარუსელი გაჩერდა. ფიბი ცხენიდან ჩამოხტა და ჩემთან მოირბინა.
_ ახლა შენც ჩაჯექი, _ მითხრა მან.
_ არა. მე აქედან გიყურებ. ასე ჯობია, _ კიდევ მივეცი ცოტაოდენი ფული, _ აჰა, ბილეთი აიღე.
ფიბიმ ფული ისევ გამომართვა.
_ მე უკვე აღარ ვარ შენზე გაბრაზებული, _ მითხრა მან.
_ ვიცი. ჩქარა… თორემ დაიძრება.
უცებ მომვარდა და მაკოცა. მერე ხელი გაშალა და თქვა:
_ წვიმს. წვიმა მოდის.
_ ვხედავ.
მერე ისეთი რამე ქნა, რომ კინაღამ მომკლა: ხელი ჯიბეში ჩამიყო, ჩემი წითელი სანადირო ქუდი ამოიღო და თავზე დამახურა.
_ შენ არ გინდა?
_ ცოტა ხანს შენ გეხუროს.
_ კარგი. ჩქარა გაიქეცი, საცაა დაიძრება. შენს ცხენსაც სხვა ვინმე დაიჭერს.
მაინც არ მშორდებოდა.
_ წეღან მართალი მითხარი? მართლა არსად წახვალ? შინ დაბრუნდები? _ მითხა ფიბიმ.
_ ჰო, _ მართალი ვთქვი. არ მომიტყუებია. მართლაც დავბრუნდი შინ. _ აბა ჩქარა!
ფიბი გაიქცა, ბილეთი აიღო და ძლივს მიუსწრო იმ ოხერ კარუსელს. მერე იგრგვლივ შემუარა და ისევ თავის ძველ ცხენზე შესკუპდა. ხელი დამიქნია და მეც დავუქნიე ხელი.
ჰოი, ბიჭო, რა წვიმა დაუშვა! ნამდვილი კოკისპირული. დედები, მამები, ვინც იქ იყო, სულ წამოიშალნენ და კარუსელის სახურავს შეაფარეს თავი, გაწუწვისა შეეშინდათ. მე კი არც გავნძრეულვარ _ კარგა ხანს ვიჯექი იქვე. სულ გავილუმპე. საყელო, შარვალი გასაწურავი გამიხდა. ჩემმა სანადირო ქუდმა ცოტათი კი მიშველა, მაგრამ მაინც მაგრად გავილუმპე. არაფრად არ ჩამოგდია: ფიბი ისე დაჰქროდა კარუსელზე, რომ უცებ ბედნიერად ჩავთვალე თავი. მართალი თუ გინდათ, ისეთი ბედნიერება ვიგრძენი, რომ ცოტას გაწყდა, არ ვიღრიალე. არ ვიცი კი, რატომ. ისეთი ლამაზი ჩანდა, ისე გახარებული ჩამიქროლებდა და ჩამიქროლებდა, ისე უხდებოდა თავისი ლურჯი პალტო! ნეტა, თქვენც იქ ყოფილიყავით.

ნაწილი 26

ყველაფერი გიამბეთ, რისი თქმაც მინდოდა. შეიძლებოდა ისიც მეამბნა, შინ დაბრუნების შემდეგ რა გადამხდა თავს, ავად როგორ გავხდი, გაის შემოდგომაზე რომელ სკოლაში მიპირებენ მიბარებას, აქედან რომ გამოვეწერები, მაგრამ, მგონი საჭირო აღარ არის. ნამდვილად. აღარ მაინტერესებს.
ათასი ვინმე მეკითხება, განსაკუთრებით აქაური ფსიქოანალიტიკოსი, მომავალ სექტემბერს სკოლაში რომ შეხვალ, სწავლას თუ მოიწადინებო. მე რომ მკითხოს კაცმა, ყოვლად სულელური კითხვაა. ჯერ არ შესულხარ და წინასწარ საიდან უნდა გაიგო, რას გააკეთებ. არ ვიციო, უნდა უპასუხო. ალბათ, მოვიწადინებ, მაგრამ წინასწარ როგორ უნდა ვთქვა. სულელური კითხვაა, მე და ჩემმა ღმერთმა.
დ.ბ. ხომ სხვებსა სჯობს, მაგრამ შეკითხვებით ისიც აღარ მაძლევს მოსვენებას. წარსულ შაბათს ერთი ინგლისელი გოგო მოიყვანა, მის ფილმში უნდა გადაიღონ. დიდი კოკობზიკა ვინმე ჩანდა, მაგრამ ძალიან ლამაზი კი იყო. ქალების ტუალეტში რომ გავიდა ეს გოგო, დერეფნის ბოლოში, დ.ბ. მეკითხება, ამ ამბებზე რას ფიქრობო _ მე რომ გიამბეთ, იმ ამბებზე. აღარ ვიცოდი, რა ჯანდაბა მეპასუხნა. მართალი თუ გინდათ, მე თვითონ არ ვიცი რასა ვფიქრობ, ახლა ვნანობ, რომ ამდენი ვინმეს ამბავი გიამბეთ. ვინც კი ვახსენე აქ, ახლა ყველა თვალში მაკლია. თვითონ სტრედლეიტერი და ეკლიც კი. ასე მგონია, ის ოხერი მორისიც კი მომენატრა-მეთქი. საოცარია. ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული.

მსგავსი ამბები

Back to top button