საკითხავისაქართველო

საახალწლო სუფრის ძველი ტრადიციები

ძველი ქართული საახალწლო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთი უხვი და მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი, მაგრამ ასეთ სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა საქართველოს ცალკეული კუთხეების ტრადიციები და ზოგადად სუფრის ფენომენისადმი დამოკიდებულება.

იმერეთი თავისი სამზარეულოთი ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს სხვა კუთხეებისაგან და ეს საახალწლო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა. მხალეულობისა და საკმაზის მრავალფეროვნება და ხორცეულის მეტად ორიგინალურად დამუშავების ცოდნის გამო, იმერული სუფრა რაც არ უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც გემრიელი იქნებოდა. მთაში ძირითადად ხორცეულისაგან ამზადებდნენ კერძებს, უმეტესად ყოველგვარი საკაზმის გარეშე და იქაურ სუფრას ნამდვილად აკლდა მრავალფეროვნება.

ქართლ-კახეთში საშობაო-საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა (სხვათა შორის, დღესაც ითვლება) ნაზუქები. სამეზობლოში რომელი ქალიც ყველაზე კარგ ნაზუქებს დააცხობდა, მომავალ წელს ლხინისა თუ ჭირის სუფრებზე სწორედ ის ქალი ინიშნებოდა ქალების ხელმძღვანელად და მთავარ მზარეულად.

მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, გებჟალია და სხვა) აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა”.

რაც შეეხება სასმელს, ძველქართულ საახალწლო სუფრაზე ღვინო აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ცნობილი ამბავია, რომ სვანები, მთიულები, ფშავლები და სხვა მთაში მცხოვრები ქართველები, ახალი წლის წინა დღეებში ბარში ჩადიოდნენ ღვინის საყიდლად, რადგან უბრალოდ არ არსებობდა საახალწლო სუფრა ღვინის გარეშე. მთაში რა თქმა უნდა, სუფრაზე ლუდიც იყო და არაყიც, მაგრამ ახალი წელი, ღვინის გარეშე ხომ წარმოუდგენელია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close