არქივი

რა ღირს დღეს პლასტიკური სილამაზე?

2cffe7f1385b
ამ კლინიკაში იდეალური წესრიგია – მიღება, გასაუბრება და მკურნალობა. სიჩუმეს დროდადრო არღვევს პერსონალის ფეხაკრეფით სიარული და რიგში მსხდომ ქალბატონთა ჩურჩული. ჩვეულებრივი კლინიკაა, თეთრხალათიანი ექიმებითა და სამედიცინო პროცედურების მოლოდინში იმედით სავსე პაციენტებით.

ერთი განსხვავებით, – ამ შენობაში არასდროს იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად ან ადამიანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ალბათ, მიმიხვდით, ეს ესთეტიკური მედიცინის კლინიკაა…

ანჯელინა ჯოლის ტუჩები მოგწონთ? – ინებეთ, შეგიძლიათ, პამელა ანდერსონის მკერდიც თან გაიყოლოთ…

ქალთა ბედნიერება ანუ სილამაზის მაძიებელნი

პაციენტებს, როგორც “დამნაშავეებს, ისე” ვაკვირდები, ისინიც თითქოს დანაშაულის “კვალს” საგულდაგულოდ მალავენ…
“ეს ქალბატონი უკვე იმ ასაკშია, როცა პლასტიკური ქირურგია გამოსავალი კი არა, სამოთხის კარში შესასვლელია”. “ამ ქალბატონს, ალბათ, ჭარბი წონა აწუხებს, ამ გოგონას ცხვირი, ამას კი ტუჩების დაბერვა უნდა”, – ვფიქრობ ჩემთვის. აუხსნელ მოვლენებთანაც მაქვს საქმე (ერთ პაციენტზე მოგახსენებთ), ვერაფერი გამიგია, 20 წლის გოგონას, რომელსაც ლამაზი ნაკვთები, იდეალური სახის კანი აქვს და ვერც “ულვაშებს” ვამჩნევ, ვერც ზედმეტ ნაოჭს და წონას, რა საერთო აქვს ამ გაუგებრობასთან?

“სარკევ, სარკევ, მითხარი, ვინ არის ყველაზე ლამაზი?” – ცნობილი ზღაპარი მახსენდება. სამწუხაროდ, თანამედროვე სარკე არასდროს ეუბნება მათ, – შენ, ქალბატონოო.

რატომ სურთ ქალებს იყვნენ ლამაზები? – თავს კითხვას ვუსვამ და მგონი პასუხიც მზად მაქვს, – კარგი გარეგნობა თვითდამკვიდრების ქალური საშუალებაა… “უჭკუო ლამაზებისთვის” კი ერთგვარი კაპიტალია, ბიზნესი, გნებავთ, სამოდელო სფეროში, გნებავთ – საწოლში… შეკრული წრეა… წარმატებული მამაკაცი ნადირობს ლამაზ ქალზე, ეს უკანასკნელი კი წარმატებულ მამაკაცზე.
ქალის გარეგნობას დღეს დიდი ფასი დაედო, ისევე როგორც პლასტიკურ ქირურგიას…

– მობრძანდით, ქალბატონო… გმადლობ, ქალბატონო… – მოკრძალებით მიმართავენ პაციენტებს. თეთრად მოელვარე კლინიკაში სილამაზისა და ახალგაზრდობის მაძიებელთა შორის ვზივარ და მათ შემხედვარეს პლასტიკური ქირურგიის ისტორია მახსენდება: როგორ გაგიმართლათ, რომ არ დაიბადეთ ფეოდალურ ინდოეთში, ცხვირის შესაცვლელად ხომ დიდ მსხვერპლზე წასვლა მოგიწევდათ? – ანესთეზიას სპირტიანი სასმელი შეგიცვლიდათ, ცხვირის ძვალს – ხის პროთეზი. მოგვიანებით, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იზრუნეს ექიმებმა თქვენს ნაოჭებზე და სახის კანის გადაჭიმვა დაიწყეს, მაგრამ… დაჭიმული კანი რამდენიმე თვეში ეშვებოდა, ნაკერები კი იხსნებოდა. XX საუკუნის 70-იანი წლები პლასტიკური ქირურგიის ოქროს ხანა იყო, მაგრამ ცნობილი რუსი მსახიობი ლუდმილა გურჩენკო ხომ გახსენდებათ? – სახეს ნიღაბივით რომ ატარებს. მაიკლ ჯექსონიც (აცხონოს ღმერთმა) კომპლექსებისა და პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია.

ანჯელინა ჯოლის ტუჩები მოგწონთ? – ინებეთ, შეგიძლიათ, პამელა ანდერსონის მკერდიც თან გაიყოლოთ და საერთოდ, ვისაც გინდათ, იმას დაემსგავსოთ, მაგრამ…

ჩვენი რჩევა: ერთხელ რედაქციაში საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მამაკაც თანამშრომლებს მათთვის სასურველი ლამაზი ქალბატონები დავასახელებინეთ და მათი ყველაზე ლამაზი ნაკვთებიდან, როგორც გამოცდილმა “ქირურგებმა” (კომპიუტერის დახმარებით), იდეალური ქალის პორტრეტის შექმნა გადავწყვიტეთ. მოხდა პირიქით, სრულყოფილი ქალის ნაცვლად ნამდვილი მის ფრანკენშტაინი მივიღეთ.

იმ ქალბატონებს, რომლებსაც თავიანთი გარეგნობა არ აკმაყოფილებთ, ამასთან, დეფექტის ჩანაცვლებას ცნობილი კინოვარსკვლავების სასურველი ნაკვთებით ცდილობენ, ვურჩევთ, არ მიმართონ ექსპერიმენტს.

როცა კლეოპატრას სილამაზის რეცეპტებს გადაავლებთ თვალს, თაფლის და რძის აბაზანებიო, ყვავილების ეთერზეთებიო, გაგეღიმებათ… ბრძენ ადამიანებს უთქვამთ, ნამეტანი ნუ გადაჰყვებით იმას, რაც წარმავალიაო…

მსხვერპლის საფასური

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, ამბობენ. ახლა იმ მსხვერპლზე მოგახსენებთ, რომელიც თქვენს (ქმრის ან საყვარლის) ჯიბეზე გადის.

ციცინო შურღაია, მედიცინის დოქტორი: – ოქროს ძაფები ოქროს წვრილი ძაფებია, რომელთაც, როგორც ტელეფონის სადენს, გარსი აქვს. კანში ჩადგმის შემდეგ მის გარშემო წარმოიქმნება ფიბროზული ქსოვილი, რომელიც ნაწიბურს ქმნის. შედეგად, კანი მკვრივდება და ფორმას ინარჩუნებს. ყველა ნაწიბური ერთ წელიწადში იშლება. ძვირი სიამოვნებაა, ოპერაცია 3.000-5.000 დოლარი ღირს.

ირინე გორგოძე, ექიმი-კოსმეტოლოგი: – მეზოთერაპია ორი სახისაა: მანუალური, ანუ ინიექციური და აპარატული. ინიექციური მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტის კანქვეშ ე.წ. კოქტეილი, ის საჭირო ნივთიერებები შეგვყავს, რომელიც კანის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. აპარატულის შემთხვევაში, “კოქტეილი” აპარატით შეგვყავს. კვირაში ერთი პროცედურა ტარდება. სულ ცოტა, 6-7 პროცედურაა საჭირო. ინიექციური მეზოთერაპიის ერთი პროცედურის ფასი 115-158 ლარია, აპარატულის (მხოლოდ სახე) +- 150 ლარი, ეფექტის ხანგრძლივობა ერთი წელია.

ბიოსტიმულაცია კანის გასამკვრივებელი მეთოდია. სპეციალური ნივთიერებები ღრმად კანქვეშ ინიექციის საშუალებით შეგვყავს. ათდღიანი ინტერვალით, მინიმუმ, სამი პროცედურა მაინც კეთდება. ერთი პროცედურა 500 ლარი ღირს. აუცილებელია სამი პროცედურა, ეფექტის ხანგრძლივობა ერთი წელია.

ბოტოქსი ნაოჭების კორექციის მეთოდია. ძირითადად, შუბლის არეში და მიმიკურ ნაოჭებზე კეთდება. სახის ქვედა ნაწილში ბოტოქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული. მიმიკური ნაოჭები სპეციალური პრეპარატის საშუალებით სწორდება. ბოტოქსის ფასი 400-500 ლარია, ეფექტის ხანგრძლივობა 8-9 თვე.

ცხვირ-ტუჩის ნაოჭების მოშორება: თუ ბოტოქსი მიმიკური ნაოჭების კორექციის მეთოდია, ამ პროცედურას სტატიკური ნაოჭების გასასწორებლად იყენებენ. ნედლეულად გამოიყენება ფილერები, ანუ ნაოჭების შემავსებელი სპეციალური გელი. ფასი 950 ლარიდან, ეფექტის ხანგრძლივობაა 1-2 წელი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button