არქივი

დროპას ქვები

5e8735abaa55
1936 წელს ჩინელმა არქეოლოგებმა ათეულ ათასობით წლის წინანდელი ქვები იპოვეს, თუმცა მათზე დატანილი ჩანაწერების გაშიფრვა მხოლოდ 1960 წელს მოხერხდა. ჩანაწერები იმდენად დაუჯერებელი შინაარსის აღმოჩნდა, რომ პეკინის ისტორიის სამინისტრომ მათი გამოქვეყნება აკრძალა. წლების შემდეგ ჩანაწერები მაინც გამოქვეყნდა და ისინი იმდენად სკანდალურია, რომ ქვებისა და ჩანაწერების სერიოზულად შესწავლას ვერავინ ბედავს.

უცნაური სამარხი

ჩინეთსა და ტიბეტს ერთმანეთისგან ბენ-კარა-ულას მთები ყოფს. უხსოვარი დროიდან გავრცელებული ლეგენდების მიხედვით, ამ მთებში გამოქვაბულებისა და მიწისქვეშა გვირაბების საიდუმლო სისტემა არსებობდა. 1936 წელს მთებში ჩინური ექსპედიცია გაემგზავრა სპეციალური მისიით. ისტორიკოსებმა რამდენიმე გამოქვაბული მოიარეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. შემდეგ ერთ-ერთში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც ადამიანის მსგავსი არსების ჩონჩხები იყო. თავდაპირველად ჩონჩხები გორილას მიამსგავსეს, მაგრამ კარგად შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ეს არსებები მაიმუნები არ იყვნენ.
გამოქვაბულის დეტალურად გამოკვლევის შემდეგ მეცნიერებმა მიწაში სანახევროდ ჩაფლული უჩვეულო ქვები იპოვეს, რომელსაც გონიერი ადამიანის ხელი ეტყობოდა, რადგან დიდი ოსტატობით დამუშავებულ ქვის დისკებზე სპირალური ჩანაწერი იკითხებოდა. ქვა მართლაც უძველესი აღმოჩნდა, ეგვიპტის პირამიდებზე ძველიც კი. მისი წაკითხვა ვერავინ შეძლო, რადგან ჩანაწერი უცნაური იეროგლიფებით იყო შესრულებული. მათი გაშიფრვა ბევრმა მეცნიერმა სცადა, თუმცა ამაოდ. წარწერები მხოლოდ 1965 წელს, აღმოჩენიდან თითქმის 30 წლის შემდეგ გაიშიფრა.

”შეშლილი” მეცნიერის სტატია

გამოქვაბულში 716 უცნაური არსების ჩონჩხი და ამდენივე ქვა აღმოაჩინეს და პეკინის მუზეუმში გადაიტანეს. მეცნიერები მაშინვე შეუდგნენ მათ შესწავლას. ქვაზე წარწერები იმდენად წვრილი შრიფტით იყო შესრულებული, რომ მათ წასაკითხად მძლავრი ლუპები გახდა საჭირო. მაშინვე გაჩნდა შეკითხვა – როგორ შეძლო 10 ათასი წლის წინ, უხსოვარ დროს მცხოვრებმა ხალხმა ამ წარწერების შესრულება და რა მიზნით გაკეთდა ქვები?
მეცნიერთა ჯგუფი დიდი ხნის მუშაობის შედეგად ნელ-ნელა გაშიფრა ქვაზე დატანილი სიტყვები, თუმცა მისმა შინაარსმა ყველა გააოგნა. მეცნიერების განცხადებით, ჩანაწერები მართლაც უხსოვას დროს გაკეთდა და მათი ავტორი ხალხი საკუთარ თავს დროპას ტომს ეძახდა. მუშაობის დასრულების შემდეგ მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა შედეგები შეაჯამა, სტატია მოამზადა და მისი გამოქვეყნება მოინდომა, თუმცა ჩინელ მეცნიერთა აზრი ორად გაიყო – აღმოჩენა იმდენად აბსურდული ჩანდა, რომ ისტორიის სამინისტრომ მისი გამოქვეყნება აკრძალა. ”მსოფლიომ არაფერი არ უნდა იცოდეს დროპას ხალხსა და მათ დედამიწაზე ჩამოსვლასთან დაკავშირებით:, – დაასკვნეს ქვეყნის ავტორიტეტულმა მეცნიერებმა. მეცნიერი არ დანებდა, უამრავი ინსტანცია მოიარა და შედეგს მაინც მიაღწია – მას სტატიის გამოქვეყნების ნება დართეს იმ იმედით, რომ ”შეშლილ” მეცნიერს მაინც არავინ დაუჯერებდა. პროფესორმა სტატია სამი წლის შემდეგ გამოაქვეყნა. მას ერქვა – ”ჩანაწერი ქვის ფირფიტებზე დედამიწის 10 ათასი წლის წინანდელი სტუმრების შესახებ”. ჩინეთის ისტორიის სამინისტროს ვარაუდი გამართლდა – მეცნიერის ნაამბობი იმდენად ზღაპრული იყო, რომ მას მართლაც არ დაუჯერეს და აღნიშნეს, რომ გამოკვლევასა და სტატიას ისტორიული ღირებულება არ ჰქონდა.

საიდუმლო ნაწერები და უცხო ტომები

დროპას დისკებზე მოთხრობილია იმ კოსმოსური ხომალდის ისტორია, რომელიც დედამიწაზე შორეული პლანეტიდან მოფრინდა და იძულებული გახდა, ბენ-კარა-ულას მთებთან დაშვებულიყო, რადგან ხომალდი დაზიანდა. უცხოპლანეტელებმა ჰიმალაის მთებს შეაფარეს თავი და გამოქვაბულებში დასახლდნენ. უცხოპლანეტელები სამტროდ არ ჩამოსულან, თუმცა ეს ჰიმალაიში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას ვერ გააგებინეს და რამდენჯერმე შეებრძოლნენ კიდეც.
როგორც ქვებზე დატანილი ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი, დროპას ტომი მალე საკუთარი ხომალდის შეკეთებას შეუდგა, მაგრამ ის სერიოზულად იყო დაზიანებული, ვერ შეაკეთეს და ვერც საკუთარ პლანეტაზე დაბრუნდნენ.
დღეს ჰიმალაის მთებში სხვებისგან განცალკევებით ორი ტომი ცხოვრობს, რომლებიც საკუთარ თავს ჰენისა და დროპას ეძახიან. შესაძლოა, რომელიმე მათგანი სწორედ იმ უცხოპლანეტელთა შთამომავლები იყვნენ, რადგან მეცნიერებს დღესაც უჭირთ ამ ტომის წარმომადგენელთა რომელიმე კონკრეტული რასისთვის მიკუთვნება. გარეგნულად ისინი არც ჩინელებს ჰგვანან და არც ტიბეტელებს, აქვთ თხელი, თითქმის გამჭირვალე კანი, არაპროპორციული აღნაგობა, კიტრივით წაგრძელებული თავები და აზიელებისთვის უჩვეულოდ დიდი თვალები.
დროპას ქვები და დროპას ტომი არქეოლოგებისა და ისტორიკოსებისთვის დღემდე გამოცანად რჩება. ჯერ კიდევ ვერავინ შეძლო ზუსტად დაედგინა, მართლა შორეული პლანეტიდან ეწვია ეს ხალხი დედამიწას თუ უძველესი დროის განადგურებულ უცხო ცივილიზაციასთან გვაქვს საქმე.

მსგავსი ამბები

Back to top button