უცნაური

ანა კალანდაძის ბიოგრაფია

24af40088c36
იხილეთ სრულიადში 

ანა პავლეს ასული კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში 1941 წელს, იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს. 1952 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით.
1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. დაჯილდოებულია ”საპატიო ნიშნის” ორი ორდენით და ღირსების ორდენით.
1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
1985 წელს ციკლისათვის ”თავაწეული ქართული დროშები” და ბოლო წლებში გამოქვეყნებული მთელი რიგი ლექსებისათვის მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს მიენიჭა გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემია.
1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დრაგში – თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის.
2006 წელს ანა კალანდაძეს კიდევ ერთი ლიტერატურული პრემია მიანიჭეს – სწორედ ის გახდა საპატიო “საბას” ლაურეატი, რომელიც ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს. “დღეს ბედნიერი ვარ, რადგან თანამედროვე ქართული ლიტერატურის ჯილდო გადმომეცა. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ლექსები ჯერ კიდევ აინტერესებს ახალგაზრდა მკითხველს”, – ასეთი იყო ანა კალანდაძის მცირე კომენტარი.
ანა კალანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. გარდაცვალებამდე 3 თვის წინ პოეტმა ინსულტი გადაიტანა, რაც მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად იქცა. ანა კალანდაძე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ანა კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ ”ლიტერატურა და ხელოვნებასა” და ჟურნალ ”მნათობში”. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. მისი პოეტური კრებულები შემდგომში მრავალჯერ გამოიცა (1957, 1960, 1967, 1976, 1984, 1985). ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია ს. მალარმეს, ა. პუშკინის და სხვა პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები, მოგონებები.ანა კალანდაძის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.
ანა კალანდაძის პოეზია უაღესად თვითმყოფადია. მან ქართულ პოეზიაში ხანგძლივი ინტერვალის შემდეგ კვლავ გამოხატა სულიერი სინაზე და სიფაქიზე. მისი ლექსები გამოირჩევა სინატიფით და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურით. ნებისმიერ თემაზე დაწერილი მისი ლექსები გამოირჩევა სულიერი სინაზით, ინტიმური ელფერით, ჰარმონიული სადა სტილით და ასევე ჰარმონიული ფორმით. პოეტური პათეტიკისა და გულითადობის შეზავება ხდება ზომიერი არქაიზაციისა და სასაუბრო ინტონაციების შერწყმით.
ასე აჟღერდა მის ლექსებში, კერძოდ მშვიდობიანი ცხოვრების დასაწყისის თემაც (“კარში გამო ჭიაჭია მარია”,1946); ასეთია ბუნების განცდა (“თუთა”, 1945; “ჟუჟუნა წვიმა მოვიდა”, 1946; “ბეთანიის გზაზე”, 1954). ისტორია ანას ლექსში არასოდეს არ გვევლინება გაყინული სახით და თანადროულობაც პოეტის წარმოდგენაში ხშირად იწვევს გარდასულ დროთა ცხოველ მოგონებას (“შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“, “ასეთი დარი თუ იყო მაშინ“, ორივე 1945; “ღრუბლები”,1953). ანა კალანდაძის პატრიოტიზმი გამოხატავს ერის არსებით თვისებათა -სიკეთის, ქედუხრელობიის, სიდიადის, შეწყალების ორგ. განცდას “საქართველოო ლამაზო,” მრავალლჟამიერ”, 1952, “ფეხი დამადგით”, მას ალავერდის დიდებულ ტაძარს”, ორივე 1959). მისი ლექსის ჟღერადობა ეფუძნება თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი სიწმინდისა და ამაღლების დაცვას (“ნუ მიმცემ ეჭვთა”, 1957; “ისევ გახსენი გული ჩენი”, 1961). სიყვარული ანას შემოქმედებაში განუმეორებელი კდემით აღსავსე, ამაღლებული და სევდანარევი რომანტიკული განცდა (“რისად არ მომხედავ “, 1945, “შეყვარებული ოდეს ქარები”, 1954).
ანა კალანდაძე სიცოცხლეშივე იყო აღიარებული სახალხო პოეტად, მისი ლექსები კი ჩვენს ბავშვობას გასდევდა რითმებად. ანა კალანდაძე ქართული პოეზიის ნამდვილი დედოფალი იყო, რაზეც არა მხოლოდ ქართველი მკითხველის დამოკიდებულება, არამედ მის მიმართ უცხოელი პოეტებისა თუ ლიტერატორების მიერ გამოთქმული სიტყვებიც მოწმობს.
ბელა ახმადულინა თავის წერილებში უდიდესი სითბოთი იხსენებს ანა კალანდაძესთან და მის პოეზიასთან პირველ შეხვედრას: “70-იანი წლების დასაწყისში თბილისში სტუმრობისას ჩემი მასპინძლები ქართველი მწერლები და პოეტები იყვნენ. როდესაც პოეზიაზე ჩამოვარდებოდა საუბარი, ყველა ანა კალანდაძეს ახსენებდა. მისი რამდენიმე ლექსის რუსული თარგმანი წაკითხული მქონდა, რამაც ამ პოეტის შესახებ ძალიან თბილი შთაბეჭდილება დამიტოვა. ერთ-ერთ შეკრებაზე კი თავადაც მობრძანდა და რამდენიმე ლექსი წაიკითხა. ეს იყო დაუვიწყარი სიტყვები, ფრაზები, რითმები. თვითოეული ლექსი ჩემს წარმოსახვაში ულამაზეც ნახატებად იშლებოდა. მოგვიანებით მომეცა საშუალება ანას ლექსები რუსულად მეთარგმნა, კრებული გამოიცა და უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. თარგმნისას კი ჩემს სამუშაო ოთახში საქართველოს მშვენიერი ბუნება იშლებოდა და თითქოს იმ ისტორიულ ადამიანებსაც ვხედავდი, რომლებზეც ანა კალანდაძე წერდა”

მსგავსი ამბები

Back to top button