გართობაკულტურაუცნაური

ცხოველებსაც უყვართ თურმე ალკოჰოლი

58adf632117e
ეს პოსტი ერთ-ერთ ბლოგზე ვნახე ძალიან მომეწონა და აქა გამოვაქვეყნე

თქვენ გგონიათ, რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა სამყაროში, რომელიც ალკოჰოლით, თამბაქოთი და ნარკოტიკებით “კაიფობს”? თურმე ცხოველებსაც უყვართ ქეიფი და ჯერ კიდევ საკითხავია, პირველად რომელმა გაუსინჯა გემო ბახუსს, – გონიერმა ადამიანმა თუ ცხოველმა.

“რა ღორივით გამომტყვრალხარ”

d64ac121519a

უგონოდ მთვრალ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ძირს ეცემა და მტვერშია ამოგანგლული, ყველა დროში შეიძლებოდა, ხოლო გამოთქმა “ღორივით გამოტყვრა” არცთუ შემთხვევითია. ღორები მართლაც სიამოვნებით მიირთმევენ სპირტიანი სასმლის წარმოებისგან მორჩენილ პროდუქტებს და “შეზარხოშებულნი” ისე იქცევიან, როგორც მთვრალი ადამიანები – ფეხი ერევათ, ტალახში უფრო მეტად იგანგლებიან… ამრიგად, შემთხვევითი არაა, რომ მთვრალ ადამიანს ღორს ვადარებთ.

დებოშიორი სპილოები

თურმე “კაიფზე” უარს არც სპილოები ამბობენ. როდესაც გადამწიფებული ნაყოფი ძირს ცვივა, სპილოები აგროვებენ მას, ორმოში ყრიან, ზემოდან კი ბალახებსა და ფოთლებს აფარებენ. ორმოში იწყება დუღილი. გარკვეული დროის შემდეგ სპილოები ეწვევიან ხოლმე მას და “მაჭარს” ხარბად ეწაფებიან. კარგად გამომთვრალნი კუნტრუშ-კუნტრუშით აწყდებიან ღობე-ყორეს, საყვირის მსგავს ხმებს გამოსცემენ, თვალები კი ისე უჟუჟუნებთ, როგორც კარგად ნაქეიფარ კაცს. მაგრამ ხდება უარესიც. არსებობს ერთგვარი მცენარე მერული, რომელიც გემოთი ნესვს წააგავს, თუმცა ძალიან მათრობელა ნივთიერებებს შეიცავს. მერული მოსავალს ძალიან იშვიათად იძლევა, მაგრამ მტრისას თუ წელიწადი მოსავლიანი გამოდგა – მისი ნაყოფით პირის ჩასატკბარუნებლად ღრიალით მიმავალ სპილოებს ვერაფერი აკავებთ. ოდნავ შეზარხოშებულნი არ კმაყოფილდებიან და მერულის ნაყოფს ახლა სხვაგან ისეთი გაშმაგებით ეძებენ, როგორც ადამიანი, რომელსაც სასმელი “დააკლდა”. ამ დროს ვაი იმას, ვინც მათ გზაზე გადაეღობება – თავს ესხმიან ადამიანებს, ანგრევენ მიწურ სახლებს, ღობეებს. აურზაური კი მხოლოდ მაშინ მთავრდება, როცა სპილოები ბოლომდე “გამოთვრებიან” და მთელ მოსავალს შესანსლავენ.

სპილოებს ისე უყვართ ქეიფი, რომ არც მზა სასმლის დალევას თაკილობენ. ამას წინათ ინდოეთის შტატ ასსამში მათ მიაგნეს საწყობს, რომელშიც ლუდის კასრები ინახებოდა. ამ სასმლით გამომთვრალმა გიგანტებმა ნამდვილი დებოში მოაწყვეს – დაანგრიეს მთელი საწყობი და მოკლეს ექვსი ადამიანი.

მაიმუნური ბახუსი
e64ce62de100

ბიოლოგები ირწმუნებიან, რომ მაიმუნები დიდი მონდომებით დაეძებენ დამპალ ხილს, რომელშიც უკვე დაწყებულია დუღილის პროცესი და სიამოვნებით სანსლავენ მას. იგივე ბიოლოგები მიიჩნევენ, რომ ალკოჰოლი მაიმუნის ორგანიზმს გულის დაავადებებისგან იცავს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც “წამლის” ხშირ მიღებას ის მკაფიოდ გამოხატულ ალკოჰოლიზმამდე მიჰყავს. გორილამ, შიმპანზემ და ორანგუტანგმა, როგორც მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, მემკვიდრეობით გადასცეს ადამიანს მათრობელა სასმლის სიყვარული.

ის, ვინც მაიმუნების ქცევას შესწრებია, როდესაც ისინი ტურისტების ნასუფრალს მიაგნებენ (სადაც სპირტიანი სასმელიც მოიპოვება), დაგვეთანხმება, რომ ეს ცხოველები მას შემდეგ რაც ერთ-ორ ჭიქას “ჩაარტყამენ”, უჩვეულოდ მხიარულობენ და გაჰკივიან, ტოტიდან-ტოტზე ხტიან, თავს ვერ იკავებენ, – ძირს ეცემიან და მორიგ “დოზას” ეძებენ… აღსანიშნავია, რომ მაიმუნებში “ავტორიტეტით” სარგებლობს ის, რომელიც სხვაზე მეტად “გაბრუვდება”.

ალკოჰოლი ყველას უნდა

ალკოჰოლზე უარს არ ამბობს ისეთი “წესიერი’ და უწყინარი ცხოველიც, როგორიც ჟირაფია. როგორც წესი ჟირაფები გარს უვლიან იმ ხეებს, რომელთა ფოთლებიც ალკალოიდებს შეიცავს, ხოლო როცა სეზონი დგება, მიირთმევენ ამ ფოთლებს და თვრებიან. რატომ ეძალებიან ცხოველები ალკოჰოლს? ჯერ-ჯერობით ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მათ მათრობელა ნივთიერებები ორგანიზმიდან წიდების გამოდევნისთვის ესაჭიროებათ.

ძუძუმწოვარა ცხოველებზე არანაკლებად “ლოთობენ” სხვა სახეობებიც. თუკი სპილო დამპალ ხილს ამჯობინებს, ხოჭოს ერთ-ერთი სახეობა მუხის წვენს ანიჭებს უპირატესობას, რომელსაც ხის ფესვები გამოჰყოფს. ეს ხოჭოს საყვარელი ღვინოა და მისით გაბრუებული არაფრით გამოირჩევა იმ კაცისგან, რომელსაც სასმელი მეტი მოუვიდა. მათრობელა წვენის დალევის შემდეგ, ხოჭოებიც მამაცდებიან, იბღინძებიან, ერთმანეთს ეჯახებიან და ხშირად საქმე შეხლა-შემოხლამდეც კი მიდის.

ლოთი ფუტკარი
f2ea2d80cc70

დასალევი ჰყვარებიათ ფუტკრებსაც. ხდება ხილმე, რომ ნექტარის შეგროვებისას ეს მწერი მათრობელა ტკბილ წვენს გადაეყრება. მთვრალ ფუტკარს უჭირს და ეზარება ფრენა, რის ვაი-ვაგლახით აღწევს სკამდე, იქ კი ნამდვილი კოშმარი ელოდება. როგორც ადამიანების წრეში, ფუტკრების ოჯახშიც არსებობს სხვადასხვა სადამსჯელო წესი “სიმთვრალესთან” დაკავშირებით. “წესრიგის დამცველი’ ფუტკრები, “მთვრალს” სკაში არ უშვებენ, ებრძვიან და ასახიჩრებენ.

ბომჟი ვირთხა
86f3d3bd3de8

ქეიფი უყვართ ვირთხებსაც, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, უპირატესობას მზა, ჭურჭელში ჩასხმულ სასმელს ანიჭებენ. მოლხენას კი ერთობ ორიგინალური მეთოდით ახერხებენ: სარდაფში თავღია ბოთლის აღმოჩენისას ისინი ერთმანეთზე დგებიან, თავში მოქცეული ბოთლში კუდს ჩაჰყოფს და სითხით გვარიანად ასველებს, ამის შემდეგ მას თანამეინახენი ლოკავენ. ვერაფერს იტყვი, მთვარაია დასალევი იყოს, თორემ, როგორ შესვამ ეს უკვე ნაკლებმნიშვნელოვანია.

7ddd587929f7

ფრინველები მაინცდამაინც არ ეტანებიან სასმელს, თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. მაგალითად ცნობილია შემთხვევა, როდესაც აშშ-ს ქალაქ მაუნთინვიუს სიახლოვს 400-მდე ფრინველი ბეტონის კედელს შეასკდა. ვინც პირველ ცდაზე გადაურჩა სიკვდილს, “თვითმკვლელობის” რიტუალი ხელმეორედ შეასრულა. სინამდვილეში ჩიტები თავს კი არ იკლავდნენ, უბრალოდ ისე დათვრნენ დამპალი ხილის ჭამისგან, რომ ორიენტაციის უნარი დაკარგეს და, დიდი სურვილის მიუხედავად კედელს გვერდი ვერაფრით ვერ აუარეს.

გარყვნილი ცხოველები
06ce99f5e59d

ადამიანები გასართობადაც ხშირად “რყვნიან” ოთხფეხა მეგობრებს. დღეს უკვე მრავლად არიან არყის, ღვინისა თუ ლუდის მოყვარული ძაღლები, ცხენები, ზღვის გოჭებიც კი. რამდენიმე წლის წინ, ქალაქ გეტვიკის ლუდის ბარში ერთ პინგვინთან დამეგობრებას შეძლებდით, რომელიც იქ ზოოპარკის თანამშრომელს, ვინმე ტონი ფორპეს მიჰყავდა. თავიდან პინგვინი ბარის სტუმრებს მხოლოდ თევზებში ეცილებოდა, მას შემდეგ კი, როცა ვიღაცამ ლუდზე დაპატიჟა, გამოუსწორებელ ლუდის მოყვარულად იქცა, – ბარში შესვლისთანავე უტიფრად ითხოვდა ლუდსა და მისაყოლებელს, ამას კი პატარა ფრთების ტყლაშუნით გამოხატავდა.

49835af08d2b

ვირი არც ისეთი სულელი ცხოველი ყოფილა, როგორც გვგონია. თურმე ერთი ამერიკელი ფერმერი თავის “ლურჯას” ხანდახან ჯამში ლუდს უსხამდა, თავად კი მის დასანახად ბოთლიდან ყლურწავდა. ერთ დღესაც ვირი მიხვდა, რომ ლუდის ბოთლიდან დალევას სხვა “მუღამი” ჰქონდა და თავღია ბოთლი კბილებში მოიქცია. მას შემდეგ მოუხშირა ლუდის სმას და იმდენი ქნა, რომ პატრონი იძულებული გახდა, ალკოჰოლიზმისგან მის განკურნებაზე ეზრუნა.

ერთია, როცა ცხოველები საკუთარი ნებით სვამენ მათრობელა სითხეს და მეორე, როცა ადამიანები ვაჩვევთ მას სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად, ზოგიერთ ცირკში სპილოებს კარგად შესრულებული ნომრისთვის სასმელს ჯილდოს სახით სთავაზობენ. ისედაც ერთი-ორი “ჭიქა” (ანუ ვედრო) ალკოჰოლიანი სასმლის მიღების შემდეგ ეს ცხოველები უფრო თამამები, ხალისიანები და შრომისმოყვარეები ხდებიან.

სპილოები არც თამბაქოზე ამბობენ უარს, როდესაც მას დამამშვიდებელი საშუალების სახით სთვაზობენ. ეს მეთოდი დანერგილია აშშ-ს ქალაქ ბალტიმორის ზოოპარკში და მაშინ მიმართავენ, როდესაც სპილოები “ნერვიულობენ.”

ტაილანდის ერთ-ერთ ტაძარში ტურისტებს საშუალება აქვთ მაიმუნი “ნამვანის” ხილვისა, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად იმეორებს ადამიანის ქცევას. მწეველების შემყურე მაიმუნმა, ჯერ სიგარეტის ნამწვებს გაუსინჯა გემო, დღესდღეობით კი, ნიკოტინს მიჩვეული ნამვანი სიგარეტს ადამიანივით ეწევა, ნამწვს კი ქვაზე მიჭყლეტით აქრობს.

49ef1b6df472

არათუ მაიმუნი, არამედ აქლემიც ცდილობს მიბაძოს გონიერ არსებებს. სამხრეთ ავსტრალიაში, თავისი შესაძლებლობებით ანცვიფრებს მნახველებს აქლემი-ვირტუოზი, რომელიც ძალზე იოლად ხსნის ყველანაირ ბოთლსა თუ თუნუქის ქილას და მათრობელა სითხეს ყლუპებად სვამს. ყველაზე მეტად კი, ლუდი მოსწონს და მნახველები “არტისტს” სიამოვნებით პატიჟებენ სასმელზე. აქლემის მეპატრონე სასმელების გამყიდველია, რომელსაც ოთხფეხა მეგობრის წყალობით საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს.

ასე და ამგვარად, გვერდიგვერდ ქეიფობენ ადამიანები და ცხოველები. პირველისთვის ეს სამხიარულო და საინტერესოა, მეორისთვის – ასევე სასიამოვნო. თუმცა ვეტერინარები გვირჩევენ, რომ სჯობს არ მივაჩვიოთ ისინი სპირტიან სასმელს, რადგან თუ მათ ორგანიზმს სპირტი სჭირდება, მას ჩვენი დახმარების გარეშეც მოიპოვებენ.

წყარო:vinoge.com
ავტორი:ლევან სეფისკვერაძე

პ.ს. ამ სტატიას მეტი სიხალისისთვის და ინტერესისთვის სურათები ჩაუმატე ასერომ მარტო copy & paste არ “ყოფილა”, მეც შევიტანე პატარა წვლილი :)

მსგავსი ამბები

Back to top button