ზღაპრებიუცნაური

ქალიშვილებზე მონადირენი (ნაწილი 5)

იხილეთ სრულიადში 

ნიუ იორკში წვიმიანი ღამე იდგა. მე და ველდას ყოველთვის გვიყვარდა ასეთ ამინდში ქუჩაში სეირნობა. ჩვენ ხელიხელჩაკიდებული მივდიოდით. მე იმ ბეჭედს შევახებდი ხოლმე ხელს, რომელიც ვაჩუქე და რომელსაც სულ თან ატარებდა.

სად არის ახლა ველდა? ნუთუ მას ისევ ვნახავ?

7 წლის წინ ანგარიშგასაწევი კაცი ვიყავი, ახლა კი ვინ ვარ? ერთი საცოდავი ნალოთარი, იარაღის ტარების უფლებაც რომ არ გამაჩნია…

იფიქრე, მაიკ, იფიქრე! იქნებ ამ ფიქრში მიაგნო იმ გასაღებს, ველდას რომ გაპოვნინებს.

სიკვდილის წინ კოულმა ველდა ახსენა. ცხადია, ამოხსნაც სადღაც აქ იმალება.

როგორ გადარჩა ველდა? ის და კოული ფრონტის მეგობრები იყვნენ, ერთად მუშაობდნენ და წელიწადში ერთხელ ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს სალაპარაკოდ. ისინი პროფესიონალები იყვნენ და ერთმანეთთან სწორედ პროფესია აკავშირებდათ.

კოული მე მეძებდა, მაგრამ, როცა მნახა, ეტყობა, იმედი გაუცრუვდა. ამის მიზეზი კი ჩემი ლოთობა გახლდათ. ასე იმედგაცრუებული წავიდა ის ამქვეყნიდან და მეც ბევრი საფიქრალი დამიტოვა, ამასთან მან სიცოცხლის ხალისიც დამიბრუნა, რადგან წარმოთქვა სახელი ველდა!

ველდა!

სადა ხარ ახლა, ამ წვიმიან ღამეს? შენ მე საშველად მიხმე და ჩემი ვალია, ეს იმედი გაგიმართლო, ანუ გიპოვო, სად ხარ?.. ჩემო ველდა…

›* * *

იფტთან ახლა სხვა კაცი მორიგეობდა. სარეგისტრაციო წიგნში ხელი მოვაწერე, კაბინაში შევედი და მელიფტეს სართული დავუსახელე. როცა მერვეზე გავჩერდით, კაბინიდან გამოვედი და ჩემი ოფისისკენ გავწიე, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, ღია დამხვდა, შიგ კი არტ რიკერბაი მელოდა.

სველი ლაბადა სკამზე მივაგდე და სტუმარს შევეკითხე:

– როგორ შემოხვედი?

– გასაღები ნატ დრატმანმა მომცა. კარგი კაცი ჩანს.

– ჰო, მასეა, – დავაქნიე თავი, – შენი ვიზიტი რას მივაწერო? დიდი ხანია, მელოდები?

– არც ისე. მოთმინება ჩემი მემკვიდრეობითი თვისებაა. ახლა ისღა დამრჩენია, მოვლენების განვითარებას მშვიდად ვადევნო თვალი, რაც, როგორც პოლიციელს, შენც კარგად მოგეხსენება.

– პოლიციელი ადრე ვიყავი.

– არა, შენ ახლაც პოლიციელი ხარ.

– მოკლედ მითხარი, აქ რისთვის მოხვედი?

არტმა ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და გამომიწოდა. მასში ის მოწმობა იდო, რომელიც ადრე ვთხოვე.

– მაშ, ამიერიდან იარაღის ტარება შემიძლია? – ღიმილით შევეკითხე.

– სრულიად ლეგალურად, თანაც ნებისმიერ შტატში.

– გმადლობთ. როგორ მოახერხე?

– სიკეთე ბევრისთვის გამიკეთებია და ახლა სანაცვლო მივიღე.

– ოკეი. მადლობა კიდევ ერთხელ.

– ისე, რომ იცოდე, შენთვის არც მიზრუნვია.

– აბა რა ხდება?

– რასაც შენ აკეთებ, მე ძალიან მაწყობს, ანუ ადრე თუ გვიან რიჩის მკვლელს დამისახელებ. შენს საქმეებში არ ჩავერევი, მორალურად კი მხარს დაგიჭერ. გამიგე?

– მგონი, კი.

– ოღონდ ერთ რამეს გთხოვ.

– რას?

– თუ რიჩის მკვლელს ჩემზე ადრე იპოვი, არ მოკლა. მე ის ცოცხალი მჭირდება.

– რატომ?

– ნელ–ნელა უნდა ვაწამო, მერე კი ელექტრულ სკამზე დასვამენ.

– ადამიანის წამება გიყვარს?

– მან ეს დაიმსახურა. თან მეც შორიახლო ვიქნები და დამინახავს, რა სიამოვნებას განვიცდი.

– რიკერბაი, არ მეგონა, ასეთი სასტიკი თუ იყავი.

– ეს შენ არ გეხება. ოდესმე გაიგებ, ნამდვილი წამება რომ სიკვდილი კი არაა, მისი მოლოდინია.

– კარგი. მოვრჩეთ ამაზე.

– მოვრჩეთ, – მან ლუდი სიამოვნებთი მოსვა, – შენთვის რაღაც ინფორმაცია მაქვს.

– რა ინფორმაცია? – ყურები ვცქვიტე.

– ჰერალდ ერლიხის შესახებ შევიტყვე რაღაცა, – განაგრძო არტმა.

საინტერესო ამბის მოლოდინში სუნთქვა შემეკრა.

– ერლიხი მკვდარია, – ამოღერღა ჩემმა თანამოსაუბრემ.

ისეთი სახე მივიღე, აღელვება არ შემტყობოდა.

– 5 წლის წინ მოკვდა. მისი გვამიც ამოცნობილია. აღმოსავლეთ გერმანიაში უპოვიათ გახვრეტილი თავით. როგორც ჩანს, რუსეთიდან ჩამოვიდა და დასავლეთ გერმანიის საზღვრის გადაკვეთას აპირებდა. ზოგის აზრით, ციხიდან იყო გამოქცეული.

– მასზე კიდევ რა გაიგე?

– ის სუპერსაიდუმლო ჯაშუშური ორგანიზაციის ბურჯი ყოფილა და მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობდა.

– სულელები! ეს ხომ შეუძლებელია!

– ზოგიერთებს კი სჯეროდათ და…

– მაინც რატომ მოკლეს?

– ეს საკმაოდ მარტივი ასახსნელია, – არტმა მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები, – ბოლოს ერლიხი მიხვდა თავიანთი ჩანაფიქრის უაზრობას და განზე გადგომა გადაწყვიტა, მშვიდად რომ ეცხოვრა დარჩენილი წლები.

– მესმის მისი, – დავაქნიე თავი.

– მაგრამ მისი ცოცხლად დატოვება არ შეიძლებოდა, რადგან ყველა აგენტს პირადად იცნობდა და შეიძლება მთელი ეს საქმე ჩაშლოდათ, შემთხვევით რომ ვინმეს დაეპატიმრებინა.

– ის თუ გაიგე, ვინ მოკლა?

არტმა დაღლილი მზერა მომაპყრო:

– მათმა მთავარმა გამსაღებელმა ანუ მკვლელმა გორლინმა, რომლის მეტსახელიც დრაკონია, – არტი ინტერესით შემომაცქერდა, მე კი ისეთი გამომეტყველება მივიღე, ვითომც აქ არაფერი, – კიდევ რა გაინტერესებს?

– ჯერჯერობით აღარაფერი. გმადლობთ იმისთვის, რაც შემატყობინე.

– არაფრის, ოღონდ ერთ რამეს შემპირდი.

– რას?

– დრაკონს ხელი არ ახლო.

– გპირდები, არტ.

– მისი დასჯის სიამოვნება მე დამიტოვე. აბა, ჯერჯერობით.

›* * *

რტის წასვლის შემდეგ ის ბანდეროლი გავხსენი, ჩემს თავს რომ გამოვუგზავნე, 45–იანი რევოლვერი ბუდეში ჩავდე და ქამარზე დავიკიდე.

ახლა ყველაფერი ისე იყო, როგორც ძველ დროს.

ის იყო წასვლა დავაპირე, რომ ველდას მაგიდაზე მდგარი ტელეფონი აწკრიალდა.

ყურმილი რომ ავიღე, შორიდან ქალის ხავერდოვანი ხმა მომესმა:

– მაიკ, დღეს საღამოს დაკავებული ხარ?

– რა მოხდა, ლაურა?

– საღამოს ათისთვის ქალაქში უნდა ვიყო და შენც შემოგივლიდი.

– სიამოვნებით, ოღონდ აქ რამე საქმე გაქვს?

– კაპიტანმა ჩამბერსმა დამიბარა, შენმა ძველმა მეგობარმა და ახალმა მტერმა.

– რა მინდაო?

– არ უთქვამს. ისე ალბათ ლეოს ეხება რამე.

– ოკეი.

– კარგად, მაიკ. სად შევხვდეთ ერთმანეთს?

– ბარი “მორიარტი” გაწყობს?

– რატომაც არა!

– აბა, ჯერჯერობით.

ყურმილი აპარატზე დავდე, ისევ ავიღე და ჰიუ გარდნერის ნომერი ავკრიფე. საბედნიეროდ, ის შინ იყო.

– მაიკ, თუ დრო გაქვს, ჩემთან მოდი, – შემომთავაზა მან, – სალაპარაკო მაქვს.

– საჩქაროა?

– ალბათ.

– კარგი. თხუთმეტ წუთში შენთან ვარ.

– გელოდები.

წამოვდექი, ჯერ კიდევ სველი ლაბადა მოვისხი, ქუჩაში გამოვედი და ჰიუს სახლისკენ ფეხით გავუდექი გზას…

›* * *

არი მერილინმა გამიღო და გამიღიმა:

– ჰიუ გელოდება. ნეტავ რა საქმეები გაქვთ? მე აღარაფერს მეუბნება.

– ალბათ ქალის საქმე არ არის და იმიტომ, ჩემო კარგო – მივუგე თავაზიანად.

– მასე იყოს, მე კი მანამდე ყავას მოგიდუღებთ, – მან საჰაერო კოცნა გამომიგზავნა და სამზარეულოში მიიმალა, მე კი ჰიუს კაბინეტში შევედი და მის წინ ჩამოვჯექი.

– პასუხი მივიღე, – თავი ასწია გარდნერმა.

– რა პასუხი?

– ეს ბომბის აფეთქებას ჰგავს. დრაკონი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია ამ “ცივ ომში”, რომელიც იმ ორგანიზაციაში შედის, რომლის კოდური სახელწოდება რენია, თანაც ეს დრაკონი შეიძლება ერთი კი არა, ორი სუბიექტი იყოს.

– მართლა? – იმავ წამს ჩემი რევოლვერის სიმძიმე ვიგრძენი და ხელით მივეალერსე.

– ველდა… – თქვა ჰიუმ, – ისინი მასზე ნადირობენ, ოღონდ რატომ, არ ვიცი.

– ეს არც მე ვიცი, ჰიუ.

– იქნებ მათი სამიზნე ველდა საერთოდ არ არის?

ამაზე აღარაფერი მითქვამს, ამ დროს კარი გაიღო და კაბინეტში მერილინი შემოვიდა სინით ხელში, თან ქმარს რაღაც კონვერტი გაუწოდა:

– ეს ფოტო ახლახან მოვიდა დელისგან.

ჰიუმ ყურადღებით დაათვალიერა ფოტოსურათი, მერე კი მე გამომიწოდა. რაღაც შენობის ფონზე მაღალი ქალიშვილი იყო გადაღებული გრძელი შავი თმით.

– ეს ველდაა, – ვთქვი და ფოტო ჰიუს დავუბრუნე.

– ერთმა ჩემმა გერმანელმა მეგობარმა მითხრა, ფოტო რამდენიმე წლის წინაა გადაღებულიო, – განმარტა ჰიუმ.

– სად იშოვა?

– აგენტების მეტი რაა ამ ქვეყანაზე?

– საჯარო ინფორმაციაა?

– არა. ხელისუფლება მის არსებობას უარყოფს.

– შენ მაინც თუ იცი, ველდა ახლა სად არის?

– ველდას კვალს ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში მიაგნეს.

სკამიდან ძალიან ნელა წამოვდექი:

– გმადლობთ, ჰიუ.

– ყავა მაინც დაგელია?

– სხვა დროისთვის იყოს.

– მაშინ… – მან უჯრიდან მოსქელო კონვერტი ამოიღო და გამომიწოდა, –აი, ეს აიღე და გაეცანი. ბევრ რამეს შეიტყობ სენატორ კნეპზე.

– ისევ გმადლობთ, – კონვერტი ჯიბეში ჩავიდე.

– მაიკ, კარგად ხარ? – მერილინმა, როგორც ჩანს, აღელვება შემატყო.

– კარგად, კარგად. თანაც ახლა ლეგალური მეგობარიც მყავს, – მივუგე ღიმილით და იარაღს ხელი მოვუთათუნე…

›* * *

ახლთან ვიდექი და, ლაურას მოლოდინში, ჰიუს მოცემულ მასალას ვეცნობოდი. კნეპს დიდი მომავალი ელოდა და, ეტყობა, ამიტომაც ესროლა დრაკონმა. იგივე ბედი ელოდა ველდასაც.

მალე ლაურაც მოვიდა და ჩემ გვერდზე ჩამოჯდა. ჯონმა მას მარტინი დაუსხა, მე კი – ლუდი.

– მიხარია, რომ გხედავ, – ვთქვი ღიმილით, – პატს სად უნდა შეხვდე?

– აქვე, – მოიღუშა ის და საათზე დაიხედა, – ხუთ წუთში უნდა მოვიდეს.

– იქნებ მაგიდასთან გადავსხდეთ?

– როგორც გინდა.

როცა კუთხეში მოვთავსდით, ლაურას შევეკითხე:

– პატმა იცის, მეც რომ აქ ვიქნები?

– მე არაფერი მითქვამს.

– ძალიან კარგი.

ხუთ წუთში პატიც გამოჩნდა, ლაურას მიესალმა და ცივად გადმომხედა:

– მიხარია, შენც რომ აქ ხარ.

– მართლა?

– მგონი, იცნობ ხუჭუჭთმიან გოლიათს, ინდიელს რომ ჰგავს და სახე ნაიარევით აქვს დაფარული.

ასეთ ტიპს, ცხადია, შევხვედრივარ, “ბიუიკით” რომ ამედევნა, მერე კი ლაურას აგარაკზე კინაღამო მომკლა.

– არა, არ ვიცნობ, – ეს თითქმის სიმართლე იყო, – მის დაჭერას შენი გულისთვის შევეცდები.

– კარგს იზამ, ახლა კი ბრილიანტებზე ვილაპარაკოთ, – პატმა თვალები მოჭუტა, – პირველად მათ მაშინ გაიელვეს, როცა შენ ერთი ქალიშვილი მავანის ბრილიანტების დასაცავად გაგზავნე. მეორედ მოკლული კნეპის სეიფიდან ყალბი ბრილიანტები დაიკარგა, მესამედ კი კვდება კაციც, რომელიც ძვირფასეულობის კონტრაბანდას ეწეოდა. რაღაცით ეს სამი ფაქტი ერთმანეთს უკავშირდება, მაიკ… და ეს ყველაფერი შენ კარგად უნდა გცოდნოდა…

– მისმინე, პატ…

– მოკეტე! – პატმა ჯიბიდან პატარა ტომსიკა ამოიღო და მაგიდაზე სხვადასხვა სამკაულები გადმოყარა, – ესენი ყალბია, მისის კნეპ. მგონი, თქვენი უნდა იყოს…

ლაურა მაგიდაზე გადაიხარა და ხელების კანკალით დაუწყო ძვირფასეულობას თვალიერება.

– ჰო, ჩემია, მაგრამ თქვენ საიდან გაქვთ?

– ვიღაც ლოთი აპირებდა ლომბარდში ჩაბარებას, მაგრამ ბოლოს პოლიციისთვის მოუწია ახსნა–გამარტების მიცემა. ასე თქვა, სანაგვე ყუთში ვიპოვე, მაგრამ კარგა ხანს არ ვაჩენდიო.

– პატ, კარგად შეინახე, ეს ყალბი ქვები არსად დაგეკარგოს, – ვურჩიე დამცინავად.

– აჯობებს, მოკეტო და გაიხსენო, მისტერ და მისი ჩივასების წვეულებაზე რა მოხდა, – კბილებშუა გამოსცრა პატმა, – იქნებ რეალური ბრილიანტების გატაცებაში სწორედ შენი ხელი ურევია?

– გაგიჟდი?! ჩივასი თვალითაც არ მინახავს! დაცვა მან ტელეფონით გამოიძახა.

პატმა ჯიბიდან პატარა ფოტო ამოიღო:

– აბა დახედე შენს აწ განსვენებულ დამკვეთს. ალბათ მალე ყველაფერს აღიარებ, – მერე ლაურას მიუბრენდა: – მაშ, ეს ძვირფასეულობა თქვენია?

– რა თქმა უნდა! შემიძლია წავიღო?

– მხოლოდ ხვალ, ჩემს კაბინეტში, – პატმა სურათი ხელიდან გამომგლიჯა, – შენ კი სხვა დროს მოგივლი!

კაპიტანი რომ წავიდა, ოფიციანტმა ახალი სასმელები მოგვიტანა.

– მაიკ, რა ჩუმად ხარ? – გამიღიმა ლაურამ, – არ გინდა, სადმე გავერთოთ?

– ხომ არ გეწყინება, დღეს რომ ამაზე უარი ვთქვა?

– აბა რას აპირებ? – გაუკვირდა ქალს.

– უნდა ვიფიქრო.

– საინტერესოა, სად?

– ჩემს კაბინეტში.

– ხომ შეიძლება, ჩემთან იფიქრო?

– ცხადია, შეიძლება.

– მაშინ წავიდეთ.

დანახარჯი გადავიხადე, მერე ქუჩაში გამოვედით და, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ტაქსი მალე დავიჭირეთ. ლაურა მძღოლს უხსნიდა რაღაცას, მე კი თვალწინ პატის ნაჩვენები ფოტო მედგა: რუდოლფ ჩივასი და ჰერალდ ერლიხი ერთი და იგივე პიროვნებები იყვნენ!

გზაში ჩავთვლიმე და მხოლოდ მაშინ გამეღვიძა, როცა ლაურამ შემანჯღრია:

– მაიკ, მოვედით.

წვიმას გადაეღო და ჰაერში სასიამოვნო სურნელი იდგა.

– მსახურები არაფერს იტყვიან? – შევეკითხე და მანქანას წინიდან მოვუარე.

– რა უნდა თქვან, როცა ღამღამობით შინ ვუშვებ? – გაეცინა ლაურას.

– ეს უაზრობაა, – მოვიღუშე, – იმ შემთხვევის მერე სახლში ვინმე უნდა გყავდეს.

– შევეცდები, – შემპირდა ის და ტუჩები ლოყაზე მომადო.

– ნუ მაღიზიანებ, თორემ ვიფეთქებ.

– მეც ხომ ეს მინდა. შენ?

– მეც, მეც, – გამეცინა და ლაურას უკან გავყევი…

მზის შუქმა როცა გამომაღვიძა, ლოგინში მარტო ვიწექი, თანაც შიშველი. სასწრაფოდ წამოვდექი და იქვე დაწყობილი ტანსაცმელი ჩავიცვი. ანაზდად შფოთვა ვიგრძენი, რის მიზეზსაც მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა მაგიდაზე ჩემი 45–კალიბრიანი შევნიშე – მე ის მაკლდა და, ცხადია, მაშინვე გავიკეთე.

ამ დროს კარიც გაიღო და ლაურა შემოვიდა სინით ხელში.

– ჰელოუ, მაიკ!

– სალამი.

– იცი, რა ძნელი იყო შენი გახდა?

– რატომ წუხდებოდი?

– გგონია ადვილია, შეიარაღებულ მამაკაცთან წოლა? – მან ყავიანი ფინჯანი გამომიწოდა: – აჰა, დალიე. შაქარი? რძე?

– ორივე.

– სნობი ყოფილხარ, მაიკ, – ჩაიცინა მან, – თუმცა სნობები მიყვარს. მაიკ, უკვე შუადღეა. ვერანდაზე ხომ არ გავიდეთ?

– კარგი იქნება…

მალე ჩვენ აუზთან ვისხედით და ისე ვსაუზმობდით.

– ლაურა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. წინანდელი თავდასხმა სულ თვალწინ მიდგას. სიცოცხლე ხომ არ მოგბეზრებია?

ლაურამ მხრები აიჩეჩა:

– სახლში ხომ პისტოლეტებიც მაქვს!

– მაინც ფრთხილად უნდა იყო. აქ სერიოზული ბრძოლა მიდის და არა ომობანას თამაში.

– მაიკ, ჯობია რამე მომიყვე. ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის. თუ სიმართლე გინდა, ლეოს სიკვდილის შემდეგ მხოლოდ შენ გააღვიძე ჩემში სიცოცხლის სურვილი.

– ლაურა…

– ნუ მაწყვეტინებ, მაიკ. მე შენ მიყვარხარ და ეს მთავარია ჩემთვის. ვიცი, რომ შენ შეიძლება არც შეგიყვარდე, სამაგიეროდ მე მიყვარხარ ძალიან და ეს ღონეს მაძლევს. მაიკ, რაც უნდა მთხოვო, ყველაფერს შეგისრულებ, ყველაფერს!

– ლაურა, შენ ახლა მათი სამიზნე ხარ, თუმცა არაფერი იცი. არ მინდა, უფრო დიდ სამიზნედ იქცე.

– თუ შენ მოკვდი, მეც მოვკვდები, მაიკ…

– საყვარელო…

– მაიკ, გიყვარვარ?

– მგონი, კი, – მივუგე გულწრფელად, – თუმცა ბოლომდე ვერ გავრკვეულვარ.

– ჩემთვის ესეც კმარა. ადრე გყვარებია?

მაშინვე შარლოტა და ველდა გამახსენდა.

– ჰო.

– ისინიც ჩემსავით გიყვარდა?

– არა. ყველა სიყვარული სხვადასხვაგვარია.

– მესმის… ჩემს ნაცვლად შეიძლებოდა სხვა ყოფილიყო, ხომ?

– ალბათ.

– მომწონს შენი პირდაპირობა, მაიკ… ახლა კი ყველაფერი მომიყევი, კარგი?

შეზლონგზე გადავწექი, თვალები დავხუჭე და დავიწყე:

– ეს ისტორია ერთ ჯაშუშურ ორგანიზაციას უკავშირდება, რომელსაც ჰერალდ ერლიხი ხელმძღვანელობდა და რომელიც, ჰიტლერისა არ იყოს, მსოფლიო ბატონობის იდეით იყო შეპყრობილი. მესამე რაიხის კრახის შემდეგ ეს კაცი წითლებს მიემხრო, თუმცა მათ არ ემორჩილებოდა და იმათაც ერლიხის გაქრობა გადაწყვიტეს. ამ უკანასკნელმა ეს იყნოსა, შტატებში გადმოვიდა, რუდოლფ ჩივასად იქცა და ცოლად მდიდარი ქვრივი შეირთო, მაგრამ წითლებმა ეს გაიგეს და ჩივასიც, საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით, იძულებული გახდა კერძო საგამოძიებო სააგენტოსთვის მიემართა ანუ ჩემთვის, მიზეზად კი თავისი ცოლის სამკაულების დაცვა დაასახელა. მე, რაკი თავად არ მეცალა, ეს საქმე ჩემს ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილ თანაშემწეს, ველდას დავავალე. როგორც კი ჩივასი დაინახა, ველდამ მაშინვე იცნო ის და ერთი წამითაც აღარ მოშორებია. იმ საბედისწერო ღამეს წითელმა აგენტებმა, ვითომ გაძარცვის მიზნით, ჩივასიც გაიტაცეს, მისი ცოლიც და ველდაც, რომელმაც კარგად გაითამაშა ჩივას–ერლიხის თანამზრახველის როლი. ის და ჩივასი წითლებმა ევროპაში გადაიყვანეს, მისი ცოლის გვამი და ძვირფასეულობა კი იქვე დატოვეს კვალის არევის მიზნით. ასე აღმოჩნდა ველდა უცხოეთში, მე კი ამ დროს ვლოთობდი…

– მაიკ…

– მაცალე… მერე, არ ვიცი, როგორ, ჩივასი და ველდა კომუნისტებს ხელიდან დაუსხლტნენ და მათზე დევნა გამოცხადდა, რომლის მთავარი ფიგურაც დრაკონი იყო. ეს ნადირობა შვიდ წელს გაგრძელდა. დრაკონმა მოახერხა ერლიხის მოკვლა, მაგრამ რჩებოდა ველდა, რომელიც ასევე მოსაშორებელი იყო. აქ საქმეში რიჩი კოული ერევა, რომლის დახმარებითაც ველდა შტატებში ბრუნდება, დრაკონის სამიზნე კი, ველდასთან ერთად, უკვე რიჩიც ხდება. ველდამ კოულს ჩემი სახელი უხსენა და აუხსნა, როგორ დამკავშირებოდა მოხუცი დიუის მეშვეობით, რომელსაც ორივე ვიცნობდით. კოულმა ეს კავშირი დაამყარა, მაგრამ დრაკონის ტყვია წამოეწია და სასიკვდილოდ დაჭრა, თუმცა უცებ არ მომკვდარა და ჩვენთან დალაპარაკება მოასწრო.

– მაიკ!

– ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, წითლებმა დიუიც მოკლეს, მერე კი ჩემზე განაგრძეს ნადირობა.

– მაიკ, იქნებ გაგვეცურა, ჰა?

– ჯერ არა.

– მაიკ!

– მგონი, რაღაცის კითხვა გინდა.

– ჰო. ვინ მოკლა ლეო?

– მე მხოლოდ ის ვიცი, რომ რიჩი კოულიც, სენატორი კნეპიც და მოხუცი დიუიც ერთი იარაღიდან მოკლეს, ანუ ეს მკვლელობები ერთი კაცის ნამოქმედარია.

– ეს არ ვიცოდი…

– როგორ ჩანს, ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძვირფასეულობითაა დაკავშირებული… კოული მის კონტრაბანდას ეწეოდა… შენი ძვირფასეულობაც გაქრა…

– ლეო რამე განსაკუთრებულს აკეთებდა?

– არა მგონია.

– მაშ, მისი მკვლელობის გამოძიებაში შენ არ ერევი?

– უფრო მასეა, თუმცა მისი მკვლელის პოვნაც არ იქნებოდა ურიგო. ლეო ხომ დიდი ადამიანი იყო…

– ჰო, მასეა…

– ლაურა, ახლა კი შეიძლება გავცუროთ კიდეც!

ის იყო აუზში საცურაოდ მოვემზადე, რომ ადგილზე გავშეშდი: ოდნავ მოშორებთი ისეთ რაღაცას მოვკარი თვალი, ძარღვებში სისხლი გამეყინა!..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close