ზღაპრებიუცნაური

ქალიშვილებზე მონადირენი (ნაწილი 2)

საინტერესო რამეა :)

მოხუცი დიუი სამსართულიან სახლში ცხოვრობდა. პირველი სართული მეორეხარისხოვან საგალანტერიო მაღაზიას ეკავა, ზედა სართულებში ორი ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც ამ რაიონში მცირე ბიზნესი ჰქონდათ, თავად დიუი კი ერთ პატარა ოთახში იყო, მაღაზიას რომ ესაზღვრებოდა.

კარს რომ მივაწექი, დაკეტილი აღმოჩნდა. დავაკაკუნე კიდეც, მაგრამ არავინ გამომპასუხებია. შემდეგ უფრო მაგრად მივაწექი და კარიც ადვილად გაიღო.

თითქმის ჩაბნელებულ ოთახში ჯერ არაფერი ჩანდა, მერე კი იატაკზე პირდაღმა დამხობილი მამაკაცი შევნიშნე, რომელსაც თავი გვერდზე მოქცეოდა, ხელ–ფეხი კი განზე გაეშალა.

დავიხარე და მამაკაცი ფრთხილად გადმოვაბრუნე. მას პირისახე სისხლში ჰქონდა ამოსვრილი და თავადაც სისხლის გუბეში იწვა…

– ვიღაცას მოუკლავს, – ვთქვი და წამოვდექი, – ნეტავი, ვის?

მოხუცი დიუი მკვდარი იყო და აქ აღარაფერი მესაქმებოდა. კარი რომ გამოვიხურე, ბრაზით ჩავილაპარაკე:

– მოხუცო, პირობას გაძლევ, შენს მკვლელს აუცილებლად ვიპოვი.

›* * *

ვიდი წლით მიტოვებული ჩემი კანტორა ჰაკარდ–ბილდინგში მდებარეობდა, რომლის მეპატრონეც ნატ დრატმანი გახლდათ. ის ისე გულთბილად შემეგება, თითქოს ერთმანეთს გუშინ დავშორდით.

– ჰელოუ, მაიკ! – წამოიწია თავისი მაგიდიდან, – მიხარია შენი ნახვა.

– მეც, ნატ. ჩემი ოფისი რა დღეშია?

– ყველაფერი ძველებურადაა.

– მართლა? მეხუმრები?

– თუ გასაღები გაქვს, მიდი და თავად ნახე.

– რომ არ წამომიღია?

– მაშინ ეს აიღე, – ნატმა ახალი გასაღები გამომიწოდა, რომელსაც ჟეტონი ეკიდა ნომრით 808, – დუბლიკატი დავამზადებინე.

– დიდი მადლობა, მეგობარო. ჩემგან რამდენი გეკუთვნის?

– სულ 7 დოლარი, ანუ წელიწადში ერთი დოლარი, – ღიმილით მომიგო მან.

– ასე ცოტა? – ჯიბიდან ათდოლარიანი ამოვიღე და მაგიდაზე დავუდე, – ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ნატ.

– არაფრის, მეგობარო. ისე, მთლად კარგად არ გამოიყურები.

– ვიცი და მომავლის იმედი მაქვს.

– მაიკ… ველდას გამო ჩამოხვედი, ხომ?

– მიხვედრილი ყოფილხარ, ნატ. აბა, ჯერჯერობით…

ჩემი ოფისიც და კაბინეტიც ზუსტად ისეთივე დამხვდა, როგორც შვიდი წლის წინ დავტოვე, ოღონდ სქელი მტვერი დასდებოდა ყველაფერს, მათ შორის ველდას დატოვებულ ბოლო ბარათსაც, ტელეფონის გვერდით რომ იდო.

რაღაც ჩვარი ვიპოვე, სადაც მივწვდი, მტვერი ყველგან გადავწმინდე და ჩემს საწერ მაგიდას მივუჯექი. ეს ძველი მაგიდა რომელიღაც გაკოტრებული სააქციო საზოგადოებისაგან მერგო და ჩემთვის ერგვარ რელიკვიას წარმოადგენდა, მეორე რელიკვია კი მის ზედა უჯრაში შენახული 45 კალიბრის ავტომატური კოლტი იყო, რომელიც ადგილზე დამხვდა სრულ მზადყოფნაში ანუ გაპოხილი იყო და მისი ვაზნებიც იქვე ეწყო. რაკი იარაღი ახლა არ მჭირდებოდა, უჯრა უკან შევწიე და ავდექი.

თავში სულ ერთი აზრი მიტრიალებდა: ნუთუ პატ ჩამბერსს მართლა უყვარდა ველდა? იქნებ ამან შეუშალა ხელი, კარიერაში უფრო წინ წაწეულიყო? ჯანდაბას მისი თავი! ახლა მთავარი ისაა, რომ რიჩი კოულიც, სენატორი კნეპიც და მგონი, მოხუცი დიუიც ერთმა კაცმა მოკლა, მაგრამ ბოლოზე ეჭვი ჯერ მხოლოდ მე მქონდა. ფრთხილად, ჰამერ! ველდა ცოცხალია, მაგრამ არ იცი, სად არის. თანაც კოულმა თქვა, ვინმე დრაკონი მასაც ემუქრებაო. იქნებ ეს დრაკონია ყველას მკვლელი? ვინ იცის.

ამ ფიქრებით ტელეფონის ყურმილს დავწვდი და ნომერი ავკრიფე.

– ალო?

– რიკერბაი, უნდა გელაპარაკო.

– სად ხარ?

– ჩემს ოფისში, ჰაკარდ–ბილდინგი…

– ვიცი. ათ წუთში მანდ ვიქნები.

– კარგი, ოღონდ სენდვიჩები წამომიღე.

– დასალევი?

– მხოლოდ ორიოდე ბოთლი ლუდი. მეტი არაფერი.

ყურმილი დავკიდე, ფანჯარა გამოვაღე და რესტორნიდან ამომავალი სურნელი შევისუნთქე, რომელიც პირველად მეჩვენა მიმზიდველი. მერე ლამპა ჩავრთე და ისევ მაგიდას მივუჯექი.

ცოტა ხანში რიკერბაიც მოვიდა და დაბარებული მომიტანა.

– დამეწვიე, – შევთავაზე ღიმილით.

– არ მშია, – მომიგო არტმა თავის ქნევით.

ჭამას რომ მოვრჩი, სტუმარს მივმართე:

– გმადლობთ, რიკერტი.

– რიკერბაი.

– უკაცრავად, სულ მეშლება.

– ეგ არაფერი. ახლა რა ვქნათ?

– მოდი, ასე მოვიქცეთ. ერთი ეკითხება, მეორე პასუხობს. ჯერ მე დავიწყებ.

– კარგი, შემეკითხე.

– გამოძიებას შენ ოფიციალური პირის სტატუსით ატარებ?

– არა. რიჩის სიკვდილი ამჟამად ადგილობრივი პოლიციის საქმეა.

– და შენი დაწესებულება ამ საქმეში არ ჩაერევა?

– არა.

– ვთქვათ, დავამტკიცე, რომ მისი სიკვდილი იმ მოვალეობებმა გამოიწვია, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იყო, არც მაშინ ჩაერევიან?

რიკერბაის სიჩუმე თანხმობად ჩავთვალე და განვაგრძე:

– მაგრამ თუ ის წმინდა კრიმინალური გარემოებების მსხვერპლი გახდა, საქმეში პოლიცია ჩაერევა, მისი მეორე სახე კი გაუხსნელი დარჩება. ასე არ არის?

– შენ თურმე სახელმწიფო ინტრიგებსა და სამინისტროების ხალიჩისქვეშა ბრძოლებშიც კარგად ერკვევი, – შენიშნა რიკერბაიმ.

– ამჟამად ეს ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული, შენ კი შენივე სურვილით მოქმედებ.

– მაიკ, მიკვირს, ყოფილი ალკოჰოლიკის პირობაზე ასე სხარტად რომ აზროვნებ, – მან სათვალე მოიხსნა, გაწმინდა და ისევ გაიკეთა, – მოკლედ, საინტერესო პიროვნება ხარ.

– ნუ მაქებ და მიპასუხე, რიჩი კოული რას საქმიანობდა?

– რომც ვიცოდე, მაინც არ გეტყოდი.

– ოკეი, ცოტა მაინც გეცოდინება.

– ნეტავ, რაში გაინტერესებს? – მოიღუშა არტი, – რიჩი მატროსი იყო.

– პროფკავშირის წევრი?

– ჰო. მას სრული ბილეთი ჰქონდა.

›* * *

არი, რომელსაც მოოქროვილი ასოებით “ჰიუ გარდნერი” ეწერა, მესამე დაკაკუნებაზე გაიღო და იქიდან გამოჩენილმა ჟურნალისტმა გაკვირვებით შესძახა:

– მაიკ? საიდან?

– სალამი, ჰიუ.

– შემოდი, შემოდი. აქ ვილაპარაკოთ.

როცა ოთახში შევედით და სკამებზე ჩამოვსხედით, ჰიუმ ამხედ–დამხედა და თქვა:

– ცუდად გამოიყურები.

– ეს უკვე მითხრეს.

– შენზე და პატზე რომ ყვებიან, მართალია?

– რა სწრაფად ვრცელდება ხმები.

– ჟურნალისტებს სხვა რა საქმე გვაქვს? – გაიცინა ჰიუმ, – ჩვენთან არაფერი იმალება, ასე რომ, ყველაფერი ვიცი, ვისთან და როდის იყავი, გინდაც მთვრალი და გინდაც ფხიზელი.

– მერე რატომ არ შემეშველე?

– მაიკ, – ისევ გაიცინა ჰიუმ, – შეიგნე, რომ ყველას საკუთარი პრობლემები აქვს და სხვისთვის ფაქტობრივად არავის სცალია.

– მე მაინც შენთან მოვედი.

– ჰოდა მითხარი, რა გინდა.

– სენატორ კნეპზე მაინტერესებს.

გარდნერი წამით ჩაფიქრდა.

– ჰო… ის მაშინ მოკვდა, როცა მე აქ არ ვიყავი.

– კი არ მოკვდა, მოკლეს, – შევუსწორე მე.

– კარგი, ასე იყოს.

– უკვე სამი წელია.

– მგონი, მეტიც, – ჰიუმ სავარძელში გადაინაცვლა, სიგარა გააბოლა და განაგრძო, – ლეო კნეპი მემარცხენე იდეოლოგიის აშკარა მოწინააღმდეგე იყო და სასტიკად ებრძოდა კომუნისტებს. ეს ის დრო იყო, როცა ზოგიერთები პროფკავშირების გაერთიანების პროგრამას აყენებდნენ, მერე კი ვიღაც ნაძირალებმა ტრივიალური გაძარცვის დროს კნეპი მოკლეს.

– დარწმუნებული ხარ?

– მაიკ, ასე ცუდად მიცნობ?

– კარგი. ახლა შენ მომისმინე. რაც შენ მოყევი, ისედაც ვიცოდი, შენთვის საინტერესო მასალას კი მხოლოდ გამოძიების შემდეგ მიიღებ. ამ საქმეში სერიოზული ხალხია გარეული, მათკენ მიმავალი გზები კი ჩემთვის გადაკეტილია.

– მოკლედ, კონტაქტები დაკარგე და ინფორმაციის მიღება ჩემგან გინდა.

– რა მიხვედრილი ყოფილხარ, ჰიუ!

– კარგი, ვიზრუნებ ამისათვის.

– ოღონდ მერილინს არაფერი გაუმხილო. მისთვის შენ კარგი ქმარი ხარ და არ ესიამოვნება, შუბლგახვრეტილი რომ გნახოს.

– მაგასაც მოვახერხებ, ოღონდ მითხარი, ამ წუთას რა გინდა ჩემგან?

– ისევ და ისევ კნეპი.

– შემიძლია გითხრა, რომ მისი ქვრივი ლაურა ახლა ვილოუსში ისვენებს, სენატორის საზაფხულო რეზიდენციაში, სადაც წლის ბოლომდე დარჩება. ეს ქალი ნიუ იორკში დიდ წვეულებებს მართავს, თანაც ისეთი ლამაზია, შეიძლება გაგიჟდე!

– მართლა?

– სენატორი წარმოსადეგი კაცი იყო და მეუღლეც შესაფერისი აირჩია. მოკლედ, შთამბეჭდავი წყვილი იყო.

– ჩემი წასვლის დროა, – სკამიდან წამოვდექი.

– ახლა რას აპირებ, მაიკ? – წამოდგა ჰიუც.

– ლაურა კნეპს მოვინახულებ. ვნახავ, რა ქალია.

– ფრთხილად იყავი, მაიკ. გახსოვდეს, რომ აქ შენ მტრებიც გყავს, რომლებსაც არ დავიწყებიხარ.

›* * *

ვეიცარიული შალეს სტილში ნაგები კნეპების ვილა ნაძვნარით იყო გარშემორტყმული. იქვე ახლოს კი, ღრმა ხევში, მთის სწრაფი მდინარე ჩამოუდიოდა. ეს რეზიდენცია დიდი ფული ღირდა, მაგრამ სენატორი მდიდარი კაცი იყო და საჭირო ხარჯებს არ ერიდებოდა.

მანქანა კართან გავაჩერე, გადმოვედი და თითი ზარის ღილაკს დავაჭირე. შიგნიდან არც მაშინ გამომხმაურებია ვინმე, როცა ეს პროცედურა რამდენჯერმე გავიმეორე. შემდეგ სახლზე გარშემორტყმულ ვერანდაზე ავედი და ირგვლივ შემოვუარე. ერთ მხარეს ღია აუზი იყო, მეორე მხარეს კი ტენისის სათამაშო მოედანი. ირგვლივ არავინ ჩანდა, მერე კი მუსიკის ყრუ ხმა მომესმა და ხშირ მცენარეულობას შორის მზეზე გასარუჯად მიფიცხებული ქალი დავინახე. მას თვალები დაეხუჭა, ხელები კი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული.

ქალს მივუახლოვდი და ხმადაბლა მივესალმე:

– ჰელოუ!

მან თვალები გაახილა, გამიღიმა და პასუხი დამიბრუნა:

– ჰელოუ!

ის მართლა ძალიან ლამაზი იყო, თითქმის ველური სილამაზის პატრონი. სკამზე გადაკიდებული ხაოიანი ხალათი რომ მივაწოდე და მხრებზე მოისხა, ისევ ღიმილიანი მადლობა გადამიხადა, მერე კი დაჯდომა შემომთავაზა. მე დაბალ სკამზე ჩამოვჯექი, ის კი მოხერხებულად მოეწყო თავის შეზლონგში და მომლოდინე მზერა მომაპყრო:

– თქვენ, მისტერ…

– ჰამერი. მაიკ ჰამერი, – შევაგებე პასუხი, – თქვენ კი მგონია, ლაურა კნეპი უნდა იყოთ.

– დიახ. მისტერ ჰამერ, ჩვენ სადმე შევხვედრივართ ერთმანეთს?

– არასოდეს.

– თქვენი სახე თითქოს მეცნობა.

– ალბათ გაზეთებიდან. ერთ დროს კერძო დეტექტივი ვიყავი.

– გასაგებია. ახლა აქ რისთვის მოხვედით?

– მინდა, რაღაცაში დაგეხმაროთ.

– რას გულისხმობთ?

– თქვენი მეუღლის მკვლელობის დეტალები მაინტერესებს.

– გაზეთებში წაკითხულმა არ დაგაკმაყოფილათ?

მხრები ავიჩეჩე:

– როგორ გითხრათ. პირველ პირში მოსმენა მაინც უფრო საინტერესოა.

– იქნებ ამიხსნათ, რატომ?

– რა თქმა უნდა. რაღაც ფაქტები გამოვლინდა, რამაც თქვენი მეუღლის მკვლელობა შეიძლება სხვა მკვლელობას დაუკავშიროს.

– არაფერი მესმის, – თავი გააქნია ქვრივმა.

– ეს მეორე მკვლელობა და თქვენი ქმრის მკვლელობა ერთი და იგივე იარაღიდან მოხდა, ამიტომ მაინტერესებს, რა როგორ იყო.

– კი მაგრამ, ამ ყველაფერს თქვენ რატომ იძიებთ და არა პოლიცია?

– ისინიც მალე გამოჩნდებიან, მე კი სათანადო ლიცენზია არ მაქვს და პირველი ამიტომ მოვედი.

– რომ არაფერი გითხრათ? – ქალმა ფართოდ გაიღიმა.

– მაშინ…

– კარგით, კარგით, გეტყვით, – გაიცინა მან, – ოღონდ მაინტერესებს, ამისათვის რა საჩუქარს მივიღებ.

– საჩუქარს? – ცოტა დავიბენი, – ხელს აღარ გახლებთ.

– პერსპექტიულად ჟღერს. მითხარით, რისი გაგება გსურთ?

– ყველაფრის, რაც თავიდან მოხდა.

– იმ ღამეს, დაახლოებით ორ საათზე მომესმა, როგორ ჩავიდა ლეო ძირს, მაგრამ ამისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ღამით წახემსება ყოველთვის უყვარდა. შემდეგ შეყვირების და გასროლის ხმები მომესმა. მაშინვე წამოვხტი და ქვევით ჩავედი. ლეო იატაკზე ეგდო…

– მოასწრო რამის თქმა?

– არა. უკვე მკვდარი იყო… პოლიცია გამოვიძახე, მაგრამ არა მაშინვე, რადგან… გამაბრუეს… მერე ეტყობა, მკვლელი ფანჯრიდან გადახტა და ისე გაუჩინარდა, პოლიციამ ვერაფერს მიაგნო. თითების რამდენიმე ანაბეჭდი ისე გადათხაპნილი იყო, ექსპერტიზისთვის აღარ გამოდგა.

– სახლში რამე დაიკარგა?

– სეიფი ღია იყო, თანაც კოდის დახმარებით.

– კოდი ვინ იცოდა?

– მხოლოდ ლეომ.

– ითქვა, რომ სეიფში მნიშვნელოვანი არაფერი ინახებოდა.

– მართალია. მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარი, ჩეკების წიგნაკი, სადაზღვევო პოლისები და ჩემი ცოტა ძვირფასეულობა. ქაღალდები ხელუხლებელი იყო.

– ძვირფასეულობა?

– ისინი ყალბი იყო.

– თქვენ ისინი მართლა ათას დოლარად შეაფასეთ?

– დიახ, ასეა. ასი ათას დოლარად ღირებულ ნამდვილ ძვირფასეულობას ბანკის სეიფში ვინახავდი. შინ მათი ასლები მქონდა.

– ყალბი ბრილიანტები ნაკლებად მიმზიდველია მძარცველისათვის.

– არავინ იცოდა, რომ მას სეიფში ვინახავდი.

– ორმა ადამიანმა იცოდა, თქვენმა ქმარმა და მკვლელმა.

– ლეო ამას არავის ეტყოდა.

– სეიფის კოდი თქვენ რატომ არ იცოდით?

– ამის აუცილებლობა არ არსებობდა… და საერთოდ, მე არც ლეოს საბუთები და სხვა ქაღალდები მაინტერესებდა.

– მსახურები?

– ისინი ასაკში იყვნენ და უკვე გარდაიცვალნენ. არა მგონია, მათ ჩემი ძვირფასეულობის ორი კომპლექტის შესახებ სცოდნოდათ რამე.

– იქნებ სეიფში რამე ისეთი იყო, რაც თქვენ არ იცოდით?

– სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტებს ლეო სამალავში ინახავდა. მისი ანდერძის თანახმად, ეს დოკუმენტები გამოძიების ფედერალურმა ბიურომ წაიღო, – ლაურამ დაკვირვებით შემომხედა, ჩემი რეაქცია რომ გაეგო, – ყველაფერი გასაგებია?

– არც ისე, – ვთქვი და ფეხზე წამოვდექი, – პროფესიონალი ქურდი ყალბ ძვირფასეულობას არ წაიღებდა, დილეტანტი კი სენატორის სახლის გაძარცვას ძნელად თუ გაბედავდა.

– სხვა ხომ არ გინდათ რამე? – გამიღიმა მან.

– იქნებ თქვენი მეუღლის კაბინეტი დამათვალიერებინოთ?

– სიამოვნებით. გადავიცვამ და ახლავე მოვალ.

›* * *

ენატორ კნეპის კაბინეტი ანტიკვარულ მაღაზიას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ ოთახს. აქვე იდგა ის სეიფიც, მე რომ მაინტერესებდა.

– შიფრს ხომ არ მეტყვით? – მივმართე ლაურას.

– ახლავე, – მან საწერი მაგიდის უჯრიდან ბარათი ამოიღო და გამომიწოდა, – შვიდი ციფრია ასაკრეფი, მესამე ციფრზე კი სიგნალი პოლიციაში მიდის.

– საინტერესოა, – ვთქვი და სეიფზე ციფრების აკრეფას შევუდექი.

სეიფი ცარიელი იყო, რაც არ გამკვირვებია. სულ მალე სახლის წინ საპატრულო ფორდი გაჩერდა, მერე კი კაბინეტში ორი შეიარაღებული პოლიციელი შემოიჭრა. იმ დროს ლაურა იქ აღარ იყო, თორემ ორიოდ სიტყვას ალბათ შემაწევდა.

პოლიციელები კართან დადგნენ და პისტოლეტები მომიშვირეს, უფრო მაღალი კი მკვახედ შემეკითხა:

– ვინ ხარ?

– ის, ვინც თქვენ გამოგიძახათ.

– გარკვევით მიპასუხე!

– სეიფის მუშაობას ვამოწმებ.

– ასე არ ამოწმებენ, – ჩაიქირქილა დაბალმა.

– მაპატიეთ… ჯერ თქვენ უნდა მოგთათბირებოდით.

ამ დროს მეორე კარიდან შავ, დეკოლტირებულ კაბაში გამოწყობილი ლაურა გამოვიდა და გაკვირვებით შემეკითხა:

– რა ხდება აქ?

– ისეთი არაფერი, მესამე ციფრზე პოლიციაში განგაში ატყდა და ეს ტიპებიც მაშინვე კაბინეტში გამოგვეცხადნენ.

– დაწყნარდით, ყმაწვილებო, – თქვა ლაურამ ღიმილით, – ეს კაცი ჩემი ნაცნობია.

– სხვა დროს… – დაიწყო მაღალმა, მაგრამ აღარ დავასრულებინე:

– გასაგებია. წინასწარ გაგაფრთხილებთ, ახლა კი მინდა, რაღაცა გითხრათ.

– გისმენთ, – მაღალმა პისტოლეტი ბუდეში შეინახა, დაბალი კი ამას ჯერ არ აპირებდა.

– სენატორი რომ მოკლეს, თქვენ მორიგეობდით?

– კი.

– მერე სასიგნალო სისტემა არ ამუშავდა?

– არა.

– საინტერესოა, რატომ?

– ეტყობა, მკვლელმა სენატორს სეიფის გაღება უბრძანა, ამ უკანასკნელმა კი, რაკი შიგ ფასეული არაფერი ეგულებოდა, სასიგნალო სისტემა თავადვე გამორთო, – განმარტა მაღალმა.

– მაგრამ ის მაინც მოკლეს, – შევნიშნე მე.

– ეს ყველაფერი რატომ გაინტერესებთ? – შემეკითხა დაბალი.

– ჩემი მეგობარიც იგივე პისტოლეტით მოკლეს.

პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე მაღალმა თქვა:

– ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით.

– მალე გაიგებთ, როცა კაპიტან ჩამბერსს შეხვდებით ნიუ იორკიდან.

– გამოძიების წარმოების უფლებამოსილება ალბათ გაგაჩნიათ… – თქვა დაბალმა.

– სამწუხაროდ, არა, თუმცა იყო დრო, როცა ამგვარი უფლება მქონდა.

– მაშინ ხელისუფლების გამოჩენამდე გამოძიება უნდა შეწყვიტოთ, – თქვა მაღალმა, შეტრიალდა და კოლეგის თანხლებით კაბინეტიდან გავიდა.

ყველაფერი ნათელი იყო. იქ რომ ლაურა არ ყოფილიყო, ჩვენი საუბარი ალბათ პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდებოდა.

– მისის კნეპ, – მივუბრუნდი ქალს, – თქვენი მეუღლე ამ შიფრს ყოველთვის მაგიდის უჯრაში ინახავდა?

– არა. ადვოკატმა იპოვა მის პირად ქაღალდებში, მერე კი ყოველი შემთხვევისათვის უჯრაში შევინახე. ნუთუ ამას ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს?

– იქნებ აქვს კიდეც, – მივუგე გაურკვევლად, – თქვენი ქმრის მკვლელი შეიძლება მართლა ძვირფასეულობას ეძებდა, მოკლული კი… კონტრაბანდისტი იყო.

– რას ამბობთ, მაიკ?

– მაპატიეთ, თუ შეიძლება, მაპატიეთ…

– კარგით, მაიკ, – ლაურა ხელზე შემეხო, – მიპატიებია. შემიძლია ახლა რამეთი დაგეხმაროთ?

– არა. მგონი, დროა, წავიდე.

– მაიკ, – ლაურა ისევ შემეხო ხელზე, – თქვენ მარტოსული ხართ, ეს კი სისუსტეა.

– მართლა?

– დიდი ხანია, მეც მარტოსული ვარ და ასეთებს იოლად ვცნობ.

– ძალიან გიყვარდათ, ხომ?

– ისევე, როგორც თქვენ თქვენი დულსინეა… ეს ძლიერი ტკივილია, დრო რომ ძნელად კურნავს… ამიტომაც ვეწევი ქველმოქმედებას.

– მე კი ბოთლს დავეწაფე, რომელი კოშმარიც შვიდ წელიწადს გაგრძელდა.

– ახლაც სვამთ?

– მგონი, აღარ, თუ ორიოდე ბოთლ ლუდს არ ჩავთვლით.

ლაურამ კარამდე მიმაცილა.

– მისის კნეპ, დიდი მადლობა ყველაფრისათვის.

– მაიკ, უბრალოდ ლაურა დამიძახეთ.

– შევთანხმდით.

– მაიკ, ხომ კიდევ დაბრუნდებით? ჩვენ ხომ მარტოსულები ვართ…

– კარგით, ლაურა, დავბრუნდები.

ჩვენი შეხვედრა იმ მხურვალე კოცნით დასრულდა, რომლითაც ამ მომხიბვლელმა ქალმა დამაჯილდოვა და რომელმაც ის გრძნობები გამიღვიძა, ჩემში მიმქრალი რომ მეგონა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close