არქივი

მადამ დე პომპადური- ულამაზესი მეფის ყველაზე საყვარელი ულამაზო ქალი

91a9382d1f72

მარკიზა დე პომპადური 20 წელი საფრანგეთის მეფის , ლუდოვიკო XV ფავორიტი იყო და იმდენად განუზომელი ძალაუფლება ჰქონდა, რომ საფრანგეთის უგვირგვინო დედოფალს ეძახდნენ. სასახლის კარზე დაბალი წარმომავლობის გამო ვერ იტანდნენ და ვერ გაეგოთ, რატომ ჰქონდა ასეთი გავლენა მეფეზე.

ლუდოვიკო XV -ს გარშემო გაცილებით ლამაზი, ახალგაზრდა და წარჩინებული ქალები ეხვია. მას კი ეს ქალი, რომელიც არც ლამაზი იყო და არც მგზნებარე საყვარელი, ყველას ერჩია. მისი ნამდვილი სახელი ჟანა ანტუანეტა პუასონია (Jeanne-Antoinette Poisson) , მარკიზა დე პომპადურის ტიტული ლუდოვიკომ უბოძა. მართალია, ფრანსუა ბუშეს ნახატებზე იგი ულამაზეს ქალადაა გამოხატული,(ბუშეს მარკიზა მფარველობდა და შესაძლოა, სწორედ ეს გარემოება გახლდათ იმის მიზეზი, რომ მხატვრის მიერ შექმნილ ტილოებზე მარკიზა მართლაც უზადოდ გამოიყურება და სილამაზის ეტალონადაა წარმოჩენილი) მაგრამ მარკიზა საკუთარ თავს ლამაზად არ თვლიდა, საკუთარი ნაკლი შესანიშნავად იცოდა.მას მეტისმეტად ვიწრო თეძოები, მამაკაცური სხეული, მკვეთრად გამოხატული ყბები ჰქონდა და ძალიან დაბალი გახლდათ, თუმცა თავი განსაკუთრებულ ქალად მიაჩნდა. მარკიზა თავის სიდაბლეს ძალიან განიცდიდა, თუმცა გამოსავალი იპოვა – ქუსლიანი ფეხსაცმელი გამოიგონა. გარდა ამისა, მოცულობით ვარცხნილობას იკეთებდა, რომელსაც დღემდე მადამ დე პომპადური ჰქვია და თითქმის ნახევარი მეტრი სიმაღლისაა.  მართალია მარკიზა გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ უჭკვიანესი ქალი იყო, შესანიშნავად ხატავდა, მღეროდა, კარგი ხმა ჰქონდა, ლექსებს ისე კითხულობდა, გარშემომყოფები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

წინასწარმეტყველება

ჟანა-ანტუანეტა 9 წლისიყო, როდესაც დედამ მკითხავთან მიიყვანა.მკითხავმა ისტორიული სიტყვები წარმოთქვა: ”ეს პატარა ერთ მშვენიერ დღეს მეფის ფავორიტი გახდება”. ეს ამბავი დედასაც გაუკვირდა და შვილსაც, თუმცა ჟანას ეს სიტყვები არასოდეს დავიწყებია. ამ კეთილ ქალბატონს მარკიზამ სიცოცხლის ბოლომდე პენსია დაუნიშნა.
19 წლის ჟანა ჯერ კიდევ გასათხოვარი იყო. ის არც სილამაზით გამოირჩეოდა, არც სიმდიდრით და არც ჯანმრთელობოით. ასე, რომ გათხოვების დიდი შანსი თითქოს არ ჰქონდა. თუმცაღა საქმრო მალე გამოუჩნდა. ჟანა თავისი მფარველის ძმისშვილს გაჰყვა ცოლად. შარლ დე ეტიოლი ტანდაბალი, შეუხედავი მამაკაცი იყო, მაგრამ ძალიან მდიდარი და წარჩინებული გახლდათ. რაც ყველაზე მთავარია, საცოლეზე უგონოდ იყო შეყვარებული. ქორწინების წლისთავზე მათ გოგონა შეეძინათ.

შეხვედრა

საფრანგეთის ნამდვილი დედოფალი, მარია ლეშინსკაია, (პოლონეთის ყოფილი  მეფის სტანისლავის ქალიშვილი) ქმარზე 7 წლით უფროსი იყო. ლუდოვიკოს იგი უყვარდა და ქორწინების პირველი 12 წელი მისი ერთგულიც იყო. დედოფალმა მას 10 შვილი გაუჩინა. მეფე ღამეს , როგორც წესი მის საძინებელში ატარებდა. დედოფალმა ერთ-ერთ სეფექალს შესჩივლა:  ” ერთად წოლა, ორსულობა, მშობიარობა … როგორი მოსაწყენია”. იგი ქმარს ხშირად ეუბნებოდა უარს ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებაზე. ამის გამო ლუდოვიკომ საყვარლების ძებნა დაიწყო.

a472357d27a3

1745 წელს მეფემ ჟანა-ანტუანეტა ერთ-ერთ მეჯლისზე გაიცნო.ლუდოვიკო XV მაშინ 35  წლის იყო და მას სამეფო კარზე ყველაზე ლამაზ მამაკაცს, ლუდოვიკო მშვენიერს ეძახდნენ. მასკარადზე ჟანა მეფის წინაშე ღვთაება დიანას სამოსით წარდგა. ლუდოვიკო გამოელაპარაკა და ქალის მახვილგონიერებითა და იუომირით მოიხიბლა.მეფე მის ახლო გაცნობას აპირებდა, მაგრამ.. ნიღბიანი ქალი გაუჩინარდა, თუმცა ამ დროს ცხვირსახოცი დაუვარდა. მეფემ ამ მშვენიერი უცნობი ქალის ძებნა დაიწყო და საკმაოდ მალე იპოვა, ქმრის შარლ დე ეტიოლის ციხესიმაგრეში. რამდენიმე დღეში კი ვახშმად მიიწვია. ისინი იმ დღესვე დაახლოვდნენ, თუმცა მეფემ აგრძნობინა, რომ მასთან შეხვედრების გაგრძელების დიდი სურვილი არ ჰქონია. ჟანა-ანტუანეტამ გადაწყვიტა საოცნებო მამაკაცისთვის თავი არ მოებეზრებინა და სასახლეში საერთოდ აღარ გამოჩენილა,ამით მეფე ერთობ დააინტერესა. ლუდოვიკო ეჭვებმა შეიპყრო, იფიქრა რომ ქალს იმედები გაუცრუა. მეფემ კამერდინერს დაავალა, მადამ ეტიოლის მოძებნა. გაირკვა, რომ მადამს მეფე თავდავიწყებით უყვარდა, მაგრამ განიცდიდა, რომ ქმარს უღალატა და ახლა მხოლოდ სიკვდილს ნატრობდა. ლუდოვიკომ კიდევ ერთხელ მოისურვა მასთან შეხვედრა და დარწმუნდა, რომ ქალს მართლაც თავდავიწყებით უყვარდა. ისინი დაახლოვდნენ და როგორც საფრანგეთში ამბობდნენ სწორედ ამ დროიდან დაიწყო საფრანგეთში მადამ დე პომპადურის ეპოქა.

მარკიზა დე პომპადურის ეპოქა

მარკიზამ სამეფო კარი გაახალისა, მას ხომ შესანიშნავი განათლება ჰქონდა, მღეროდა, ცეკვავდა,ძვირფასი ქვების დამუშავება იცოდა. მის სალონში კვირაში 2-ჯერ მხატვრები, მწერლები და ფილოსოფოსბი იკრიბებოდნენ (ბუშარდონი, მონტესკიე, ფრაგონარი, ბუშე, ვანლოო, რამო, ბუფონი, ვოლტერი … ) ყველაზე დიდ პატივს მარკიზას ვოლტერი მიაგებდა.პომპადურის სურვილით პარიზში ვეტერანთა შვილებისთვის  სამხედრო სკოლა გაიხსნა.სასახლეში მან პატარა თეატრიც დაარსა, პომპადურის ფავორიტის ჟან-ჟაკ რუსოს პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ჟანამ მამაკაცის მთავარი როლიც შეასრულა… მეფე აღფრთოვანებული იყო მისი მსახიობური ნიჭით. “თქვენ საფრანგეთის ყველაზე მომხიბვლელი ქალი ხართ”, – უთხრა მას სპექტაკლის დასრულების შემდეგ. ამ ფრაზამ მარკიზას უპირატესობა მეფის დანარჩენ ფავორიტებთან შედარებით, ყველასთვის ნათელი გახადა. პომპადური თავის მდგომარეობას იყენებდა და საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას ყოველ მოსახერხებელ მომენტში ცდილობდა. მარკიზა თავმდაბლობით არასდროს გამოირჩეოდა. შეეძლო, ელჩები და სხვა, ძალზე პატივსაცემი სტუმრები მიეღო მდიდრულად მოწყობილ დარბაზში, სადაც მხოლოდ ერთი სავარძელი იდგა: თავად ჯდებოდა, დანარჩენები კი იძულებული იყვნენ, ფეხზე მდგარიყვნენ!..   მარკიზა დე პომპადურამდე უნატიფეს ფაიფურს მხოლოდ გერმანიაში, მეისენში მაზადებდნენ. მან გადაწყვიტა ფაიფურის წარმოება სევრშიც დაეწყოთ. მისი ექსპერიმენტების შედეგად მიიღეს უნაზესი ვარდისფერი ფაიფური, რომელსაც ვარდისფერი პომპადური უწოდეს მის საპატივცემულოდ.

მეფის მეგობარი

სულ მალე გაირკვა, რომ მეფის ახალ ფავორიტს, მარკიზა დე პომპადურს, იგივე პრობლემები ჰქონდა, რაც დედოფალს- სულაც არ იყო მგზნებარე და ვნებიანი საყვარელი. მარკიზა მიხვდა, რომ მეფის საყვარლობას დიდხანს ვერ შეძლებდა და ის აუცილებლად შეეცდებოდა შედარებით ახალგაზრდის მოძებნას. მეფეს მართლაც ბევრი საყვარელი ჰყავდა, მაგრამ მარკიზასთან იმდენად ახლოს იყო, რომ კავშირი არ შეუწყვეტია. მარკიზა მეფის უახლოესი მრჩეველი იყო და ქვეყნის პოლიტიკაზე ახდენდა გავლენას, ფაქტიურად საფრანგეთს მართავდა პომპადური. პერიოდულად ვრცელდებოდა ხმა იმის შესახებ , რომ პომპადურის მდგომარეობა ეჭვქვეშ იყო: “მთავარი სულთანი თავის მდგომარეობას კარგავს” … თუმცა, ლუდოვიკომ მარკიზას ყველა პრივილეგია შეუნარჩუნა, თუმცა ვითარება გართულდა მას შემდეგ, რაც მარკიზამ ავსტრიასთან პოლიტიკური მოლაპარაკებები გამართა. ამან 2 ქვეყანას შორის ურთიერთობა შეცვალა.საფრანგეთი პრუსიის ტრადიციული მოკავშირე იყო და ამჯერად ავსტრიის გახდა.

უცნაური ამინდი

მარკიზა 43 წლის ასაკში ვერსალში მეფის პირად საძინებელში გარდაიცვალა. მას ადრეც არ ჰქონდა კარგი ჯანმრთელობა და ბოლო ხანებში სულ ავადმყოფობდა. ამბობდა , რომ არსებობა მაშინ დაასრულა , როცა ქალიშვილი გარდაეცვალა. ერთადერთი ქალიშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, რომლის დაქორწინებასაც მეფის უკანონო შვილზე აპირებდა, ასეთი იშვიათი გამძლეობის ქალიც კი ჭკუიდან გადაიყვანა. მას ეჭვი ჰქონდა, რომ შვილი მტრებმა მოუკლეს და გვამის გაკვეთა მოინდომა, მაგრამ ამით ვერაფერს მიაღწია. მარკიზამ ძალზე მძიმედ გადაიტანა შვილის სიკვდილი და მარტოობას ისე მძაფრად გრძნობდა, როგორც არასდროს. მისი ყველაზე ახლო მეგობარი მტრებმა მოისყიდეს, მეფე კი სანდო მეგობრად აღარ ეგულებოდა. სულიერმა კრიზისმა მარკიზას სასახლიდან წასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა. მან ქმარს წერილი გაუგზავნა, სადაც მიყენებული ტკივილის გამო პატიებას სთხოვდა. როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ მიტოვებულ ოჯახში დაბრუნებას ცდილობდა. ქმარმა უპასუხა, რომ ყველაფერს აპატიებდა, მაგრამ მეტის გაკეთება არ შეეძლო… მას ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, რომლის მკურნალობაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მარკიზა იძულებული გახდა, ფული ესესხა. მძიმე ავადმყოფმა კი საყვარელიც გაიჩინა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მარკიზა მეფეს გვერდიდან არ სცილდებოდა და ყველგან თან დაჰყვებოდა. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს გონება დაკარგა. ყველა მიხვდა, რომ მისი აღსასრულის დღე არცთუ ისე შორს იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვერსალში სიკვდილის უფლება მხოლოდ მეფის ოჯახის წევრებს ჰქონდათ, ლუდოვიკომ მარკიზა სასახლის აპარტამენტებში გადააყვანინა.
მისი დაკრძალვის დღეს პარიზში თოვლიანი წვიმა მოდიოდა. მეფე მთელ ცერემონიალს აივანზე თბილი ტანსაცმლის გარეშე დაესწრო და ბოლოს ჩაილაპარაკა: ”მადამ თქვენი უკანასკნელი გასეირნებისთვის არც ისე კარგი ამინდი შეარჩიეთ ”. მარკიზა პარიზის ცენტრში, პატრა ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. დღეს იმ ადგილას აღარც ეკლესიაა და აღარც მარკიზა დე პომპადურის საფლავი.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button