საკითხავისასარგებლო

ლუდი

ლუდი, მცირეალკოჰოლიანი არომატული სასმელი, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს; ღებულობენ ქერის ალაოს,სვიისა და წყლისაგან მიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით.ზოგიერთი ხარისხის ლუდის მისაღებად ქერის ალაოს ნაწილობრივ ცვლიან ბრინჯის, სიმინდის ან ქერის ფხვნილით, აგრეთვე შაქრით. ლუსის მიღების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი სტადიებია: ქერის, ალაოსა და ლუდის ტკბილის დუღილი ლუდის საფუვრით; დადუღება (დამწიფება); გაფილტვრა და ჩამოსხმა. ალაოს მისაღებად ქერს წმენდენ, ახარისხებენ, ალბობენ, აღივებენ. შემდეგ მწვანე ალაოს აშრობენ, აცლიან ღივებს და აყოვნებენ. ლუდის ტკბილის მისაღებად ალაოს აპრიალებენ, აქუცმაცებენ და წყალში ურევენ, მიღებულ მასალაში განსაზღვრულ ტემპერატურაზე მიმდინარეობს ფერმენტაციული პროცესები, რომელთაგან ძირითადია სახამებლის დაშაქრება, რომლის დამთავრების შემდეგ მასალას ფილტრავენ და გამჭვირვალე ტკბილის სვიასთან ადუღებენ საჭირო სიმკვრივის ნარევის მიღებამდე. შემდეგ ტკბილს აცლიან სვიას, წმენდენ და აცივებენ. ტკბილს ადუღებენ ლუდის სპეციალური საფუვრით. სადუღარ აპარატებში (ტემპერატურა 5-9 °C, დროის ხანგრძლივობა -7-8 დღე-ღღამე), რის შედეგად მიიღება მჭვანე ლუდი, რომელსაც დასადუღებლად და დასამწიფებლად გადიტანენ დახურულ ცილინდრულ ჭურჭელში, ე.წ. ტანკში (დროის ხანგრძლივობა 21-90 დღე-ღამე, ტემპერატურა 0-2 °C). აქ ლუდი გაჯერდება ნახშირორჟანგით, იწმინდება და იღებს საჭირო გემოს. საბოლოოდ ლუდს ფილტრავენ, შემდეგ კი ჩამოასხამენ.

ლუდი მთის ყოფაში

საქართველოს მთაში ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული თუ საკულტო რიტუალი ლუდთან იყო დაკავშირებული და ლუდით იყო გაწმენდილ-გაპატიოსნებული, ვაჟიშვილის ძეობიდან დაწყებული მოჩხუბარ-მოშუღლეთა შერიგებით დამთავრებული.

საინტერესოა, რომ როცა შუაკაცებით მოჩხუბრები არ რიგდებოდნენ, მაშინ ხატის სახელით დაანამუსებდნენ. მოჩხუბართ ჯვრის კარზე მიიყვანდნენ. დამნაშავეს ლუდით სავსე თასს მისცემდნენ, რაც უკვე იმას ნიშნავდა, რომ შერიგების ნაბიჯი მას პირველს უნდა გადაედგა, უნდა დაედასტურებინა მოშუღარის მიმართ სიტყვებით “ეს თასი შენი პატივისა იყოს”, ეს იმას ნიშნავდა, რომ უკან იხევდა და თავის დანაშაულს აღიარებდა. ასეთი შერიგება ლუდის გარეშე არ შედგებოდა, რაც ამ სასმელის მიმართ კიდევ ერთი დიდი პატივისცემის გამოხატულებად უნდა იქნეს მიჩნეული.

კიდევ რამდენიმე ტრადიცია, რომელიც პირიქით ხევსურეთში იყო გავრცელებული: სოფ. ახიელში, წინაშუადღის დღესასწაულისას, იმართებოდა გასართობი, სასეირნო სანახაობა – “ქალის მოტაცება”. ორ ჯგუფად გაყოფილი სოფლებიდან ერთნი იტაცებდნენ ქალს, ხოლო მეორენი არ ანებებდნენ და იმართებოდა “ხელჩართული ბრძოლა”. ამ თეატრალიზირებულ დადგმაში საბოლოოდ ერთი კაცი “იჭრება” და სამკურნალოდ უნიშნავდნენ ლუდის დალევას, ხოლო გატაცებულ ქალს, რომელმაც კარგად შეასრულა თავისი როლი, დიდი პატივით საწდეთი მიართმევდნენ ლუდს. ამ თამაშობაში მონაწილეობას ღებულობდნენ მგლოვიარე ქალებიც, რომლებიც, მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, საერთო მხიარულებაში იყვნენ ჩართულნი და მათაც პატივისცემისა და გლოვისაგან ახსნის ნიშნად მიერთმეოდათ ლუდი.

ინიციაციის უძველესი წესის გამოხატულებას წარმოადგენს ლუდის დალევით ახალგაზრდის სრულფასოვან მამაკაცად აღიარება. ხევსურეთში თოთხმეტი წლის ახალგაზრდას ლუდის დალევის უფლება ჰქონდა. ამ დროიდან იგი “მასმურად” ითვლებოდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ლუდის გამოხდის დროს ასეთი ახალგაზრდებიც საერთო მსმელთა სიაში შეეყვანათ და მათზე ჩვეულებრივ ყოფილიყო გათვალისწინებული ლუდი. რაც შეეხება, პატარა ბავშვებს, დღესასწაულის დროს მათაც ასმევდნენ ერთ მომცრო კათხა ლუდს და შუბლზე ნახშირის წასმით დანიშნავდნენ, ხელმეორედ რომ არ ეცადათ დალევა.

გერმანული ლუდი

ამბობენ, რომ გერმანიაში ლუდის ყველაზე მეტი ნაირსახეობა არსებობს. პირველად ბავარიის გაიზენფელდში განსაკუთრებული “ქერის წვენის” შესახებ საუბარი 736 წელს დაიწყო. 766 წელს ლუდის ისტორიაში პირველად, ხელი მოეწერა შეთანხმებას ლუდის ქ. გაიზინდენიდან სანქტ გალენის მონასტერში მიწოდების თაობაზე.

შუა საუკუნეებში მონასტრები დიდ როლს თამაშობდნენ ლუდის წარმოებაში. სწორედ ამიტომ ბევრ ლუდს ახლაც რელიგიური ორდენების სახელი ჰქვია, ასე მაგალითად Paulaner ან “Franziskaner”. თავდაპირველად ლუდს სამხრეთ გერმანიაში ხარშავდნენ. მოგვიანებით კი ის ისეთი პოპულარული გახდა, რომ მისი წარმოება მთელ ქვეყანაში დაიწყო.

1516 წლის 23 აპრილს, ბავარიის ჰერცოგმა ვილჰელმ IV-მ ლუდის სისუფთავესთან დაკავშირებით, სპეციალური დებულება გამოსცა, რომელსაც 1919 წლიდან გერმანიაში დიდი ძალა აქვს. მასში ნათქვამია, რომ ლუდის დასამზადებლად ნებადართულია მხოლოდ თავთავის, სვიისა (Humulus L.) და წყლის გამოყენება. ასე დაიბადა მსოფლიოში პირველი კანონი სასმელი პროდუქტის შესახებ.
1888 წელს მიუნხენში ლუდის ფასის უმნიშვნელოდ ზრდის გამო, არეულობა მოხდა. ამასთან, სამიკიტნოებში სტუმრები ისე იქცეოდნენ, რომ მთელი არც მაგიდა რჩებოდა და არც სკამი. ეს მოვლენები ისტორიაში Salvatorschlacht-ის სახელწოდებით შევიდა.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close