საკითხავისაქართველო

ინტერნეტი საქართველოში


ძალიან საინტერესო სტატისტიკას მივაგენი, იმის შესახებ თუ რა ვითარებაა საქართველოში ინტერნეტს მოხმარების კუთხით

Internet World Stats -ის 01.03.2009 მონაცემებით, 2008 წელს საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობის აბსოლუტური მაჩვენებელი შეადგენდა დაახლოებით 360,000 ერთეულს, რაც მთელი მოსახლეობის მხოლოდ 7.8%-ია. აღნიშნული წყაროს მონაცემებით, 2000 წლის ბოლოს საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა აბსოლუტური მაჩვენებელი დაახლოებით 20,000 ერთეული იყო, და 2008 წელს 2000 წელთან შედარებით ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში 1,700.0 %-ით გაიზარდა.

2008 წელს ინტერნეტ მომხმარებელთა პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით საქართველოს (7.8%) წინ უსწრებდა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ირანი – 34.9%, ზიმბაბვე – 11.9%, სუდანი – 8.7%, კენია – 7,9% და სხვა.

რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს – ინტერნეტის მომხმარებელთა პროცენტული რაოდენობის მხრივ 15 მოკავშირე რესპუბლიკას შორის საქართველო მე-12 ადგილზეა.

რომ აღარაფერი ვთქვათ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებზე, საქართველოს წინ უსწრებს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი – 18.3%, ყირგიზეთი – 14.0%, ყაზახეთი – 12.4% და უზბეკეთი – 8.8%.

თავის დასამშვიდებლად შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა პროცენტული რაოდენობით საქართველო წინ უსწრებს ტაჯიკეთს – 6.7%, სომხეთს – 5.8.% და თურქმენეთს – 1.4%

Internet World Stats -ის ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, რომ 2008 წელს ინტერნეტით სარგებლობდა საქართველოს მთელი მოსახლეობის მხოლოდ 7.8% – შემცირებულად გვეჩვენება, და მისი სიდიდე ალბათ 3-ჯერ მეტია. აღნიშნული დასკვნის გაკეთების უფლებას გვაძლევს ქართული (და მხოლოდ ქართული) ფენომენი, როდესაც ერთ ინტერნეტ IP-ზე ”ჩამოკიდებულია” 4-5 მომხმარებელი (მეზობელი). მაგრამ, მიუხედავად ამისა, ოფიციალური მონაცემები – ოფიციალური მონაცემებია, და საქართველოში რომ ინტერნეტის მოხმარების ხარისხი და დონე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, ესეც უდავო ფაქტია. აღნიშნული გარემოების მრავალ მიზეზთა შორის შეიძლება დასახელდეს:

1. ანტიმონოპოლიური რეგულირების არარსებობა;
2. ინტერნეტ პროვაიდერთა შორის არაჯანსაღი კონკურენცია;
3. ინტერნეტის საკმაოდ დაბალი ხარისხი და მაღალი ფასი.

ვფიქრობთ, ჩამოთვლილი მიზეზების დაძლევა ხელს შეუწყობს როგორც ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას საქართველოში.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close