არქივი

ქალი და კაცი . . .

206187bdd1d0

 ვინ არის ეს ქალი?

მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯი ცხენი,

გადვიჩეხე,

უკურნებლად დაჭრილი ვარ…

დამეხსენი!

შეკიდებიან მთვარეს, როგორც მძიმე მტევნები,

თეთრ-ვარდისფერი ალუჩები და შადრევნები,

ქანდაკებებმა ჩაიარეს მოხდენილ წყებად.

სადღაც შორს მუსიკა კითხულობდა:

ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი

ასეთი ცისფერი?

ჩახმახის წუთი, ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი,

შავი ყვავილის სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი.

ლიუციფერი:

– ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი

ასეთი ცისფერი?

გალაკტიონ ტაბიძე

 ვინ არის კაცი?

კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გაატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში.
კაცი ის არის, ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდ ჯიუტობას არ გასწევს.
კაცი ის არის, ვინაცა
შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდეალადა
სალხინო სამიკიტნოსა.
კაცი ის არის, ვინაცა
არა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.
გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა, იმერეთს, კახეთსა,
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.
კაცი ის არის, სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა, _
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურიანის შვილადა.

ვაჟა ფშაველა

***
ვარდი დააზრო საზამთრო
ნიავის ჩამოქროლამა,
ლამაზი ქალი დააჭკნო
გულს სევდის შამოწოლამა,
გვერდზე კაიყმის არყოლამ,
ბეჩავ ქმარასთან წოლამა,
უდროოდ ჩამოათეთრა
ზამთრის ფიფქების თოვამა,
როგორც მიმინომ, წაიღო
სიკვდილის ჩამოქროლამა,
უღვთო, უგულო სოფელმა,
ყოფნა-არყოფნის ბრძოლამა.

გოდერძი ჩოხელი
***
კაცი სხვის რითმებს წვრთნის, _
სახავს უწყინარ ლაღობად,
გალაკტიონი თვლის
ჯიბეში ხელის ჩაყოფად.

წერს: `რა ხდებაო ეს?!~
წუხს: `ჯოგის ხელში ცვდება _
სადაც ჩავხედე ლექსს,
სულ ჩემი რითმა მხვდება!~

წერს: `რითმაც უთაქია,
რიტმებსაც ჩემსას ავლენს, _
იცოცხლე, უთარგმნია
ბლოკი მშვენივრად პავლეს!~

`მართალი გახლავს ზოგი,
ვინც ქართულ თარგმანს აქებს,
კი, ნაღდად იგებს ბლოკი,
ოღონდ _ პავლია აგებს!~

`ქურდობს დღისით და მზისით,
ძარცვაში ტოლი არ ჰყავს,
ქარგავს რითმებით სხვისით,
სხვისი რიტმებით ჩარხავს…~

და იქვე დასძენს: `სხვაა,
და არც არავის არ ჰგავს,
გალაკტიონი _ ზღვაა,
ამით არაფერს კარგავს…~

კაცი სხვის რითმებს წვრთნის, _
სახავს უწყინარ ლაღობად, _
გალაკტიონი თვლის
ჯიბეში ხელის ჩაყოფად.

მურმან ლებანიძე

***
რაინთან ჩურჩულს გააბამენ მარგრიტები და
ქალის სურნელი დაიტყვევებს ცაცხვების ჩრდილებს,
რეკენ კელები სადილისას, პურის სუნს ირევს
ნელთბილი ქარი, მობერილი შორი მთებიდან.

სავსე თავთავებს ართობთ რწევა, ცა მოივერცხლა
და ყაყაჩოზე ბაგისფერი დამწიფდა ცეცხლი.

ცალი ტოროლა სიმაღლეებს სიმღერად შვენის,
ლივლივს დაჰყვება, ირგვლივ ყველგან სასიმღეროა.
ხის ფესვებიდან წამოსული სიმძიმე წვენის
ტკბილი სისველით დაარწყულებს უწვდენ წვეროებს.

იოზეფ ვაინებერი

eb64ed761d75
 ბოშა ქალი

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები…
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი…
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები…
შეხედეს და… შეუკურთხეს გამჩენი…
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და… ისიც ეტყვის ურიგოს…
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
-მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე…
ანა კალანდაძე

 ქართველი ქალი

მწუხარე და სევდიანი

სერზედ იდგა ერთი ქალი,

ფერმიხდილსა მღელვარებით

შორს ეჭირა გზისკენ თვალი.

მას უნდოდა, რომ შეეტყო

მისი ქვეყნის ბედისწერა;

შიკრიკს მოჰკრა შორით თვალი

და დაუწყო გულმა ძგერა.

მიაძახა ახლოს მოსულს:

“ნუ დაჰფარავ ნურაფერსო,

თორემ ბოლოს გაზღვევინებ,

გეფიცები ზეციერსო!”

წინ წამოდგა მონამ ბიჯი,

ტირილითა მოახსენა:

“ვაი ჩემს თავს!.. სჯობს დამებას

ცოდვილი და მწარე ენა!

“ვხედავ, შენზედ უჩხავლია

შავბედითსა ყორანს შავსო!

რაღა გითხრა მე საბრალომ

შენ, შვილების დამკარგავსო!”

ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ!

ჯერ მითხარი შენ ესაო:

თათრებს დარჩა გამარჯვება,

თუ ჩვენს ძლიერს მეფესაო?”

“ეგ რა ბრძანეთ?!. ქართველ ჯარსა

განა სძლევდა თათარიო?

თვით არ მივა, და მოსულ მტერს

რომ დაუხვდეს, მზად არიო!

“ზარი დასცეს სერასკირსა,

არ მოსულა ჯერაც გონსა!

ქართველები ღმერთს მადლობენ,

ადიდებენ სოლომონსა!”

ქართვლის ქალი პირჯვარს იწერს:

“მადლი ზენა ქართველებსო!

აბა ახლა მომიყევი,

რაც გადახდა ჩემს შვილებსო”.

“შენი პირმშო აღარა გყავს:

ალექსანდრე მოგიკლესო,

უმცროსი ძმა მიეშველა,

იმასაც დღე უმოკლესო.

“თათრის ტყვიამ გაუხვრიტათ

ორთავ გულის ფიცარიო;

მოკვდენ, მაგრამ სახელი კი

ნახეს დაუვიწყარიო!..”

დედას ცრემლი უნებურად

წამწამებზედ შეუჩერდა;

ნაცრის ფერი გადაედვა,

გული ხშირად აუძგერდა.

მაგრამ ეს სთქვა: “გამიზრდია

ქართველ ქალსა ქართვლის შვილი!

ეს ნაღველი დედისათვის

მწარე არის და თან ტკბილი!

“მამულისთვის მიშობია

მისი ჭირის სანაცვლოდო;

ქართველ დედებს ვალად გვაძევს,

ამ ჭირს უნდა გავუძლოთო”.

ესა სთქვა და ისევ ჰკითხა:

“საშუალომ რაღა ქნაო?

ამოიგო ძმების სისხლი?

თათრის მძორის დასდგა ძნაო?”

“არა, ჩემო ქალბატონო,

ვერ გავბედავ ტყუილსაო;

ეგ სახელი არ უნახავს

ქალაჩუნა თქვენს შვილსაო!

“უფროსი და უმცროსი ძმა

მტრის რაზმში რომ გაჰკიოდა,

საშუალო ტყეში იწვა:

გულ-მუცელი ასტკიოდა”.

ეს რომ ესმა, ქართვლის ქალი

უცნაურად დაიღრიჯა,

ამოჰყარა ძუძუები,

მოთქმით თავი მოიგლიჯა:

“ვაი ლეჩაქს, შერცხვენილსა,

ვაჰ ძუძუებს გაკიცხულსო,

ვაი დედას, თითქმის პირშავს,

რა მახვილი მეცა გულსო!

“არა ვსტირი იმ ორ შვილსა,

ომში მოკლულს გმირულადო,

ვიგლოვ ცოცხლად დარჩენილსა

უსახელოდ… ვირულადო!”

აკაკი წერეთელი

 მწყემსი ქალი

დაგძინებია, ქალაო,

ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო,

ნეტავი გამაგებინა,

რა გესიზმრება, ღვთიანო?!

მოფრენა უდაბურს ტყეში

ღამით რისაგან გრგენია?

ვაჰმე, რო საით შემოგხვდეს

ვეფხვი, დათვი, ან მგელია!

ფეხთ ქალამნები აცვია,

ტანთ კაბა გაცვეთილიო;

თავი უდვია მკლავზედა,

უჩანს თითები თლილიო…

თუმც დაღლილს დასძინებია,

მითც სუნთქვა მესმის ბთხილიო.

ზურგზედა გუდა ჰკიდია,

თავით კობალი უძევსო.

ამ ტყის ანგელოზს გოგონას

ტკბილს ძილს არა-რა ურღვევსო.

საბთხილო კია ზეცაო,

შენ გევედრები ბეჩავი,

იმ დღიდან ამ დღემდისინა

მუდამ ვყოფილვარ ბედშავი:

მა გოგოს კალთა აფარო,

არიდო ყველა მას ავი.

თუ მის თვალები გაჰქრება

და სხივს არ მომაყრიანო,

გულის წყლულს არ მომირჩენენ,

ნისლებს არ გადმიყრიანო,

რაც ქვეყანაზე მიწაა,

სულამც მე მომაყრიანო.

თქვენც გეხვეწებით, ხეებო,

და შენც, მდინარევ ხმიანო,

ე გოგო – ჩემი სიცოცხლე –

არაფრით დამიზიანო!
ვაჟა ფშაველა

3ed87d0f8e1a
 ქალი და ხელოვნება

ხავერდოვან მინდვრის ბალახს მობიბინე არხევს ქარი,

თითქო ალერსს ევედრება და ჩურჩული ისმის წყნარი.

მაგრამ მალე დაღლილ ყვავილს გაშორდება ცელქი ქარი,

გაიტაცებს ობოლ ყვავილს სწრაფ-უმიზნო ნიაღვარი.

გატაცებულ მგოსნის ჰანგებს გაგიჟებით ისმენს ქალი,

თითქო სურს რომ ამ ჰანგებში გარდაიქმნეს ძილგამკრთალი.

მაგრამ მალე ცელქი ქალი, ვით ყვავილებს თეთრი მტვერი,

გაშორდება დაღლილ მგოსანს, მობეზრდება ყველაფერი.

მე მინახავს, ყვავილებზე მონავარდე თრთის პეპელა,

აშრობს და სცლის ყვავილის გულს ისე ნაზად, ისე ნელა…

მაგრამ მალე ყვავილის მტვერს კმაყოფილი მოსცილდება,

ყვავილი სულს განუტევებს, პეპელა კი პეპლად რჩება!

ასე მგოსნის წრფელ სიმღერას ქალის ნაზი სევდა ბურავს,

სულ ქალი სვამს ამ სიმღერას, სანამ მთლად არ ამოსწურავს,

ამოაშრობს გრძნობიერ გულს, საუკუნოდ მოსცილდება,

სიმებს დასწყვეტს საბრალო ქნარს და ქალი კი ქალად რჩება.

დავიღალე მე ამ ამბით… თქვენ, მხატვრებო, თქვენც, მგოსნებო,

დაგრჩათ კიდევ ქალში რამე სანეტარო, საოცნებო?

გალაკტიონ ტაბიძე

მსგავსი ამბები

Back to top button