ქართული ვაზის ჯიშები

მსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის.

გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.


ალადასტური

ალადასტური, ქართული ვაზის ჯიში. მისი ყლორტების 75-77% ნაყოფის მომცემია. ნაყოფი წითელია, საღვინე და სუფრისა. მტევანი საშუალოდ 200 გ იწონის. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხევებში, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. მოსავლიანობა – ჰექტარზე 70-100 ცენტნერი. ალადასტური გავრცელებულია ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანისა და სამტრედიის რაიონებში. მისგან აყენებენ წითელ ღვინოს, რომელსაც ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდება, საუკეთესო სხეულოანობა და სასიამოვნო სურნელება აქვს. გადამწიფებული ყურძნისაგან მზადდება მაღალხარისხოვანი, ნახევრად ტკბილი ღვინო “ალადასტური”.

ალექსანდროული

ალექსანდროული, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. იზრდება საშუალო ინტენსივობით. ნაყოფს იძლევა ყლორტების 70-90%, მტევნის საშუალო წონაა 90-100 გ. ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს, საშუალო მოსავლიანობა 55-60 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია ამბროლაურისა და ცაგერის რაიონებში. როცა ყურძნის შაქრიანობა 27-28%-ია, მჟავიანობა კი – 6-8%, აყენებენ მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს “ხვანჭკარას” (ძირითადად ხვანჭკარის მირკორაიონში), ხოლო ნაკლებშაქრიანობისას (20-21%) სუფრის ღვინოს – ” ალექსანდროულს”.

ბუდეშური

ბუდეშური, ქართული ვაზის უძველესი ჯიში. ცნობილია წითელი ბუდეშური (თამარეული), უხვმოსავლიანი სუფრის ჯიში. მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში. ნაყოფის შაქრიანობა 15,5-16,5%, მჟავიანობა – 5,5-6,0გ/დმ3. არატრანსპორტაბელურია. გვხვდება ქართლში, კახეთსა და დასავლეთ საქართველოში. თეთრი ბუდეშური, საღვინე და სუფრის ჯიშია. მწიფდება სექტემბრის ბოლოს. შაქრიანობა 18-20%, მჟავიანობა 6,5-7გ/დმ3-მდე, საშუალო მოსავლიანობა 100 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია ქართლსა და კახეთში, მცირე რაოდენობით გვხვდება ასპინძისა და ახალციხის რაიონებში. თეთრ ბუდეშურს იყენებენ შამპანური და სუფრის ღვინის საკუპაჟე მასალად.

გორულა

გორულა, ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. იზრდება ინტენსიურად. მისი ყლორტების 75-84% ნაყოფის მომცემია. უხვმოსავლიანია, ჰა-ზე საშუალოდ 100 ც-ზე მეტი იკრიფება. ყურძენი სქელკანიანი, ხორციანი და ნაკლებწვნიანი. მწიფდება შუა ოქტომბერში. შაქრიანობა 18-19%, მჟავიანობა 5-6%-მდე. გორულა ტრანსპორტაბელური, მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშია. გავრცელებულია მცხეთის, ახალგორის, კასპის, გორის რაიონებში და თბილისის გარეუბნებში.

გორული მწვანე

გორული მწვანე, ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ყლორტების 80-90% ნაყოფის მომცემია. საშუალო მოსავლიანობა 80 ც/ჰა-ზე. ყურძენი სქელკანიანია, საკმაოდ წვნიანი და ხორციანი. მწიფდება ოქტომბრის I ნახევარში. შაქრიანობა საშუალო 21,6-22%, მჟავიანობა 9-100/00-მდე. გორული მწვანე მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. იყენებენ ევროპული, სადესერტო და შამპანიური ღვინოების დასამზადებლად. გავრცელებულია უმეტესად ქართლში, მცირე რაოდენობით კახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში.

თითა

თითა, სასუფრე ყურძნის ჯიში. გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა რაიონში. განსაკუთრებით ცნობილია “ქართლური თითა”, რომელიც შიდა ქართლისა და მესხეთში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ. ფოთოლი კვერცხისმაგვარი ფორმისაა, ძლიერ დანაკვთული, მარცვალი გრძელია, თითისებრი მოყვანილობისა (აქედან სახელწოდება). ფერად მომწვანო-მოყვითალოა, მოტკბო-მომჟავო გემო და სუსტი არომატი აქვს. ძლიერ იზრდება, ზოგიერთი რქის სიგრძე 2-3 მ აღწევს. მოსავალს დარგვიდან მესამე წელს იძლევა. მტევნის საშუალო წონაა 151 გ (უდიდესი – 400 გ). მოსავალი ჰექტარზე 56 ც აღწევს. ქართლში მისი მოშენება ძლიერ შემცირდა, პერსპექტიულია მესხეთისათვის.

კამური თეთრი

კამური თეთრი, ქართული ვაზის ჯიში. მიეკუთვნება გურიის ვაზთა ჯიშების ჯგუფს. ნაყოფი თეთრია, სუფრისა, ლამაზი მარცვალი და მტევანი აქვს, კარგად ინახება. გვხვდება ერთეული ძირების სახით გურიისა და იმერეთის რაიონებში. ჯიში დაცულია საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტების საკოლექციო ვენახებში.

კაჭიჭი

კაჭიჭი, აფხაზური შავყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ვაზის კულტურის ჯიშების კოლხეთის კერის ტიპობრივი წარმომადგენელია. აქვს შებუსული ფოთოლი, საშუალო სიდიდის მტევანი (100-160 გ), შავი და მრგვალი მარცვალი. გვხვდება აფხაზეთისა და სამეგრელოს რაიონებში (1,72 ჰა, 1976), სადაც კიდევ შენდება სადედე ვენახები. ამზადებენ მაღალხარისხოვან მუქი ფერის საშუალოსხეულიან სუფრის ღვინოს.

კლარჯული

კლარჯული, ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში (გურიისა და აჭარის რაიონებში). ვაზი ინტენსიურად იზრდება, უხვმოსავლიანია. ყურძენს (მწიფს ოქტომბერში) აქვს მაღალი საგემოვნო თვისებები, მტევანი ცილინდულ- კონუსური ფორმისაა, მარცვალი მომწვანო-მოყვითალო, კარგად ინახება, ტრანსპორტაბელურია. საქართველოში გავრცელებულ აბორიგენულ ჯიშთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სასუფრე ყურძნის ჯიშია.

კრახუნა

კრახუნა, ქართული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რაიონებში. საშუალო მოსავლიანობა 80-100 ც/ჰა. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვნის შაქრიანობა 21-24%. შეტანილია საქართველოს სამრეწველო ვაზის ჯიშთა სორტიმენტში. კრახუნასგსნ მზადდება მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო. ჯიშის მცირე გავრცელების გამო კრახუნასგან სუფთა ჯიშურ ღვინოს არ ამზადებენ და სამარკო ღვინის კუპაჟში იყენებენ.

მუჯურეთული

მუჯურეთული, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. მტევანი 60—90 გ იწონის, მოსავლიანობა 60—80 ც/ჰა აღწევს. მწიფდება შუა ოქტომბერში. გავრცელებულია ამბროლაურისა და ცაგერის რაიონებში. იმ შემთხვევაში, როცა ყურძნის შაქრიანობა 25—27%ია, ხოლო მჟავიანობა 5,5—7%, ალექსანდროულთან ერთად იყენებენ ნახევარდტკბილი ღვინის „ხვანჭკარის“ დასამზადებლად. მისგან ცალკე დაყენებული სუფრის ღვინო გამოირჩევა კარგი შეფერილობით და ჰარმონიულობით.

მწვანე კახური

მწვანე კახური, უძველესი ქართული თეთრყურძნიანი საღვინე სტანდარტული ვაზის ჯიში. იზრდება საშუალო ინტენსივობით. აქვს დანაკვთული ფოთოლი, საშუალო შებუსული, საშუალო ზომის კონუსური მტევანი, ოვალური მარცვალი. ყურძენი სექტემბერში მწიფდება. ძირითადად გავრცელებულია საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, უმეტესად კახეთში (1977 წელს ეჭირა 3267 ჰა-მდე), მცირე რაოდენობითაა სხვა რესპუბლიკებშიც. მისგან ამზადებენ მაღალი ხარისხის, ევროპულ და კახური ტიპის სუფრის ღვინოს, აგრეთვე ბუნებრივად ტკბილ ღვინოს „ახმეტას“. იყენებენ სამარკო ღვინოების „წინანდლის“, „გურჯაანისა“ და „ტიბაანის“ წარმოებაში.

ოცხანური საფერე

ოცხანური საფერე, ქართული შავყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გვიან მწიფდება. კოლხეთის ფორმათწარმოქმნის კერის ვაზის ჯიშია. მცირე რაოდენობით გვხვდება შუა და ზემო იმერეთის რაიონებში (71 ჰა). აქვს შებუსული ფოთოლი, საშუალო ან მომცრო მტევანი, საშუალო სიდიდის მრგვალი მარცვალი. მოსავლიანობა (ცენტნერი ჰექტარზე) — დაბლარისა 40-70, მაღლარისა 80-100. ოცხანური საფერესგან ამზადებენ მაღალხარისხოვან, მუქი წითელი ფერის სუფრის ღვინოს.

ოჯალეში

ოჯალეში, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებში (სენაკი, მარტვილი, ზუგდიდი, სოხუმი, გუდაუთა, გაგრა). მწიფს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის შუა რიცხვებში. აქვს ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი მტევანი; მუქი ლურჯი, საშუალო ზომის მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი. შაქრიანობა მერყეობს 21,2-იდან 24,3%-მდე, მჟავიანობა 7-9 ‰. ოჯალეშიგან ამზადებენ მუქ-წითელ მაღალხარისხოვან ორიგინალურ მშრალ ან ნახევრად ტკბილ სუფრის ღვინოს — „ოჯალეშს“. ლეჩხუმში გავრცელებული ოჯალეში ანუ ორბელური ოჯალეში საფრანგეთიდანაა შემოტანილი, რომლის ნამდვილი სახელწოდებაა „მერლო“.

რქაწითელი

რქაწითელი — ქართული ტექნიკური ვაზის ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ჯიში განეკუთვნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამ-ხუთფრთიანი, მტევანი საშუალო ზომის ან დიდი, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო-ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით. პერიოდი დაკვირტვიდან ტურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100-3200 c პირობებში მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. ჯიში ყინვაგამძლეა. ნახევრადმდგრადია მილდიუს მიმართ მცირედ ზიანდება იოდიუმით.

რქაწითელით მზადდება სუფრის მშრალი თეთრი სამარკო ღვინო “რქაწითელი”, ადგილობრივი კახური მეთოდით. ასევე რქაწითელი, ხიხვისა და მწვანეს ჯიშის ღვინომასალებთან, კუპაჟში, გამოიყენება ღვინის “რქაწითელი ხორნაბუჯულლის” დასამზადებლად, რომელიც ასევე კახური ტიპისაა. რქაწითელი, მწვანეს ჯიშის ღვინომასალასთან ერთად, კუპაჟში, განოიყენება თეთრი სამარკო ღვინის “ტიბაანის” დასამზადებლად. რქაწითელის, საფერავისა და კაბერნე სოვინიონის ჯიშის ღვინომასალები გამოიყენება სუფრის ნახევრადმშრალი ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად. ასევე ეს ჯიში ჩინურის, ჩხავერის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ღვინომასალები რქაწითელის, ხიხვის, მწვანეს ჯიშისაგან გამოიყენება თეთრი მაგარი, პორტვეინის ტიპის “კარდენახის” დასამზადებლად.

საფერავი

საფერავი — მუქი წითელი, შავი ვაზის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ჯიში. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით საფერავი ეკუთვნის ზოგად ჯიშთა ჯგუფს, თუმცა წარმომავლობით კახური უნდა იყოს. გავრცელებული იყო თითქმის მთელ საქართველოში. არსებობს ორი სახეობა – დიდი და პატარა საფერავი. კახეთში გავრცელებული ყოფილა ასევე “განჯური საფერავი”. მოსავლიანობის, შაქრის დიდი შემცველობისა და საღებავის სიუხვით ძვირფას ვაზის ჯიშად ითვლება. საჭმელად ნაკლებად იხმარება, უპირატესად საღვინე ჯიშია. საფერავისგან დაყენებული წითელი ღვინო გამოირჩევა სურნელით, ფერითა და სიმაგრით. იყენებენ სხვა ღვინოების გაუმჯობესებისა და შეფერადებისთვის. დაძველების მიხედვით მისგან დაყენებული ღვინის მარკებია “საფერავი” (ერთ წლიანი), “ქინძმარაული” (ორ წლიანი) და “მუკუზანი” (სამი და ზევით).

საფერავი-ძველი ქართული ტექნიკური ჯიში. დამწიფების გვიანდელი ვადით ფოთლები დიდი მომრგვალო, სამფრთიანი. მტევანი საშვალო ან დიდი. კონუსური. მარცვალი საშუალო ან დიდი ოვალური. მუქი ლურჯი. რბილი კანით. წვნიანი რბილობით. პერიოდო დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე ხორნაბუჯის ტერიტორიაზე საშუალოდ 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3000 c პირობებში. მოსავლიანიბა 80-120ც/ჰა. ყინვაგამძლეობის თვალსაზრისით ყველაზე პირველია. ჯიში ნახევრადმდგრადია სოკოვანი დაავადებების მიმართ. განსაკუთრებული ადგილი აქვს საფერავს, სუფრის ნახევრადტკბილი ღვინის დასამზადებლად. საფერავის ჯიშის ღვინომასალა, ალექსანდროული ჯიშის ღვინომასალასთან ერთად გამოიყენება ნახევრადტკბილი ღვინის დასამზადებლად. რომელიც ხარისხით არ ჩანოუვარდება საქვეყნოდ ცნობილ ღვინის “ხვანჩკარა”.

ქისი

ქისი — ყურძნის ქართული ტექნიკური ჯიში. დამწიფების გვიანდელი ვადით. იგი ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო. მარცვალი ოდნავ ოვალური. ძირითადად სამფრთიანი. მტევანი საშუალო, კონუსური ან ცილინდრო-კონუსური. მარცვალი საშვალო, ოვალური მომწვანო თეთრი ფერის. თხელი კანით, წვნიანი რბილობით. პერიოდი დაკვირტვიდან ყუირძნის ტექნიკურ სიმწიფემდე ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 140 დღეა, აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 2950c პირობებში. მოსავლიანიბა 55-80ც/ჰა. მდგრადობა სოკოვანი დაავადებების მიმართ, შედარებით სუსტია.

ჩხავერი

ჩხავერი – ქართული ტექნიკური ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით იგი ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამფრთიანი, მტევანი საშუალო ცილინდრული. მარცვალი საშუალო, მუქი-წითელი, თხელი კანი, ხორციანი რბილობი. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 218 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3880c პირობებში. მოსავლის აღება ხდება ნოემბერში. ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმი ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით მილდიუთი. შაქრიანობა არანაკლებ 22%-ისა. ამავე ჯიშის ღვინომასალა რქაწითელისა და ჩინურის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.

ხიხვი

ხიხვი – ქართული ტექნიკური ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ფოთლები დიდი, მრგვალი, სამფრთიანი. მტევანი საშუალო მომწვანო ყვითელი ფერის. გარჯული ლაქებით მზის მხარეს. რბილი კანით, წვნიანი რბილობით. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 150დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100 c პირობებში მოსავლიანობა 60-80ც/ჰა. ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმი, ყინვაგამძლე და გვალვაგამძლეა. ნაკლებად ზიანდება მილდიუთი და ძლიერ ოიდიუმით. შაქრიანობა არანაკლებ 29%-ია. ეს ჯიში გამოიყენება, რქაწითელის მწვანეს ჯიშებთან ერთად კუპაჟში, მაღალხარისხიანი ღვინის, კახური ტიპის, “რქაწითელი ხორნაბუჯულის” დასამზადებლად.


ავტორი: Gogola

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

  • HOOLIGAN

    mec biologiashi :D :D

  • bachana

    biologiashi damexmara :D

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC