სწრაფი სესხი

ესე იტყოდა ზარატუსტრა (ფრიდრიხ ნიცშე)

ამ პოსტში მოკლედ მოგითხრობთ ნიცშეს ყველაზე ცნობილი ნაწარმოების “ესე იტყოდა ზარატუსტრას” შესახებ.

30 წლის ზარატუსტრა მიემართება გამოქვაბულში და იქ ათ წელს დაჰყოფს. საბოლოოდ გადაწყვეტს, დაუბრუნდეს საზოგადოებას და საკუთარი სიბრძნე გაუზიაროს ადამიანებს. გზად შეხვდება წმინდანს, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა. ზარატუსტრა განცვიფრებულია, რომ ამ კაცს არ სმენია ღმერთის სიკვდილის შესახებ. ზარატუსტრა შემდეგ დაეშვება ქალაქს და იქადაგებს ზეკაცზე. ადამიანი მხოლოდ ხიდია ცხოველსა და ზეკაცს შორის და ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ზეკაცის მოსვლა ამქვეყანაზე დამყარებული რწმენით და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ღირებულებებს, რომლებიც მათში ეჭვს შეგვატანინებს. ზარატუსტრა ასევე ასახელებს უკანასკნელ ადამიანს, რომელიც ზეკაცის ანტიპოდია. ხალხი დაცინვით შეხვდება ზარატუსტრას.

ქალაქში „ჭრელი ძროხა“ ზარატუსტრა რამდენიმე ქადაგებას გამართავს. ის ხაზს უსვამს იმ ტანჯვასა და ბრძოლას, რომელიც საჭიროა, რომ უფრო ძლიერი პიროვნება გახდე და მოუწოდებს ხალხს შეხვდნენ ამ ტანჯვასა და ბრძოლას მხნედ. ზარატუსტრა აქვე განარჩევს ზეკაცისკენ გასავლელი გზის სამ ფაზას: აქლემის, ლომისა და ბავშვის. პირველი საფეხურია აქლემი, რომელიც დატვირთულია მოვალეობებით, რწმენებით, მას ახასიათებს ფრაზა: მე მოვალე ვარ. მოვალეობების თავიდან მოშორების შემდეგ ადამიანი გადადის მეორე, ლომის ფაზაში, ის ამსხვრევს აქამდე არსებულ მორალურ პრინციპებსა და რწმენებს, მას ახასიათებს ფრაზა: მე მსურს. მას შემდეგ რაც ყველანაირი შემზღუდავი და დამაბრკოლებელი დაინგრევა, ადამიანი გადადის მესამე, ბავშვის საფეხურზე, სადაც აღმოვაჩენთ შემოქმედებითობასა და უმანკოებას. ამ საფეხურის მიღწევა მთის მწვერვალის მიღწევასავითაა: შეგვიძლია გადმოვხედოთ განვლილ გზას და აღვივსებით ბედნიერებითა და მხიარულებით და არა – სერიოზულობითა და ტანჯვით. იმისთვის, რომ გავხდეთ ზეკაცები, აუცილებლად უნდა ვიყოთ იზოლირებული ბრბოსგან. ჩვენი ერთადერთი მეგზური უნდა იყოს მეგობარი, რომელიც თავს კომფორტულად კი არ გვაგრძნობინებს, არამედ სტიმულს მოგვცემს, რომ ჩვენი თავი განვავითაროთ. ზეკაცის მიზანი არის საკუთარი ღირებულებების შექმნა. საუკუნეების განმავლობაში ათასობით განსხვავებული ადამიანისთვის განსხვავდებოდა კარგისა და ცუდის აღქმა. ყველა ემორჩილება რაღაცას და თუ ადამიანს არ შეუძლია საკუთარ თავს უბრძანოს, მაშინ სხვა უბრძანებს მას. ზეკაცს აქვს საკმარისი ნება ძალაუფლებისა (will to power), რომ შექმნას საკუთარი კარგი და ცუდი.

ზარატუსტრა ასევე ეწინააღმდეგება მათ, ვინც ქადაგებს სიცოცხლის საწინააღმდეგოდ. მისი პირდაპირი სამიზნეა რელიგია, რომელიც ფოკუსირებას ახდენს სულსა და სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეზე. ჩვენ სისხლისა და ხორცისგან შევდგებით და ისინი, ვისაც სურთ, ჩვენი ყურადღება სხვაგან მიმართონ, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებიან სიცოცხლეს. უდრტვინველობა და სიბრალული სუსტების სათნოებებია, რომლებიც თავს მოხვეულია მათ მიერ, ვინც ბრაზობს ძლიერთა ძალაუფლების გამო. ზარატუსტრა აქებს სამ მოვლენას, რომლებსაც რელიგია გმობს: სექსი, მმართველობისკენ სწრაფვა და ეგოიზმი. რელიგია არ არის ერთადერთი მოვლენა, რომელიც თავისუფალ და ჯანსაღ სიცოცხლეს, ასეთივეა სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ხალხის მდარე ბრბოდ გარდაქმნას და ეგალიტარიანული სული დემოკრატიისა ჩაისახება ცხოვრების ისეთივე გულისწყრომაში და სიძულვილში, როგორშიც რელიგია.

ზარატუსტრას მიხედვით, სიცოცხლე და სიბრძნე მოცეკვავე ქალებს ჰგვანან: მუდმივად იცვლებიან და ყოველთვის მადცურები არიან. ჯანსაღი დამოკიდებულება სიცოცხლისა და ჭეშმარიტების მიმართ არის ამ მუდმივი ცვლილებებისგან სიამოვნების მიღება. ხალხი, რომელიც ჭეშმარიტებას მიიჩნევს როგორც გაქვავებულს, ცხოვრებით დაიღალა, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ მუდმივია, არის ნება: მისმა მუდმივმა სწრაფვამ, რომ განავიაროს იგი და ხელახლა შექმნას საკუთარი თავი შეცვალა მისი ყოველი მახასიათებელი.

ზარატუსტრა ცდილობს დაამარცხოს სამუდამო განმეორებითობის იდეა. თუ დრო უსასრულოა, მაშინ ამჟამინდელი მომენტი უკვე მოხდა უსასრულოჯერ წარსულში და უსასრულოდვე განმეორდება მომავალში, მაშასადამე თითოეული მომენტი განწირულია სამუდამო განმეორებითობისკენ. წარმოუდგენლად დიდი სიმამაცეა საჭირო ამ იდეის მთლიანად აღსაქმელად. ზარატუსტრა შეწუხებულია იმ ფიქრით, რომ კაცობრიობა თავისი სიმდარით უსასრულოდ განმეორდება. საბოლოოდ ის სწავლობს განმეორებითობის მიღებას მხიარულად და აცხადებს „მე შენ მიყვარხარ, ო უსასრულობავ!“

მე4 წიგნში ზარატუსტრა ხვდება ცხრა პერსონაჟს, რომელთაგან თითოეულს აქვს ცხადი დეფექტი, მაგრამ ასევე პოტენციალი სიდიადისა. ზარატუსტრა ესაუბრება ცხრავეს თითო-თითოდ თავის გამოქვაბულში უმაღლეს მთაზე. შემდეგ ხვდება ყველას ერთად გამოქვაბულში, სადაც გამართავენ „საიდუმლო სერობას“, რომელზეც ზარატუსტრა ქადაგებს ზეკაცზე. ახლა, როცა ღმერთი მკვდარია, ადამიანი არის გადასალახი და თვითგადალახვა მოითხოვს სიმამაცეს, ბოროტებას, თვითმოტივაციას, ტანჯვას და მარტოობას. ამ მიზნის სიძნელის მიუხედავად, ზეკაცს ახასიათებს, როგორც სინათლეს, მოცეკვავესა და მოცინარს. საღამოს ზარატუსტრა მღერის სიმღერას ცხოვრებით კმაყოფილი. რადგან ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში, ჩვენი ტანჯვა და მხიარულება განუცალკევებელია. ვერ ვიოცნებებთ მხიარულებაზე ტანჯვის გარეშე. აქ ზარატუსტრა აღმოაჩენს ცხოვრების პოზიტიურ დადასტურებას.

მომდევნო დილას ზარატუსტრა გამოდის გამოქვაბულიდან და დაინახავს ლომს, რასაც იღებს იმის ნიშნად, რომ ზეკაცი მოდის. ის დატოვებს თავის გამოქვაბულს ტრიუმფალური განცდით, რომ მან გადალახა საკუთარი უკანასკნელი სისუსტე: სიბრალული ზეკაცის მიმართ.

ზარატუსტრა, ცნობილი როგორც მისი ბერძნული სახელით, ზოროასტერი, ანტიკური სპარსელი წინასწარმეტყველია, რომელმაც პირველად იქადაგა, რომ სამყარო არის ფუნდამენტური ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ნიცშე ირჩევს ზარატუსტრას, რადგან მისივე თქმით, ზარატუსტრამ შექმნა ყველაზე დამღუპველი შეცდომა, მორალურობა, შედეგად, ის უნდა იყოს ასევე პირველი, რომ შეამჩნიოს ეს შეცდომა. ზარატუსტრას დახმარებით ნიცშე ცდილობს უფრო დიდებული ალტერნატივის ქადაგებას, ვიდრე ქრისტიანული მსოფლმხედველობაა. ტექსტში ვაწყდებით სხვადასხვა ელემენტებს ახალი და ძველი აღთქმებიდან, განსაკუთრებით იესოს ცხოვრებიდან, მაგალითად ზარატუსტრა „(ცხვრის) ფარის“ წინააღმდეგია მაშინ, როცა იესო საკუთარ თავს მწყემსად გვიხატავს, რომელიც ფარას მიუძღვება.

ნიცშეს ქრისტიანობის კრიტიკა, განსაკუთრებით მისი განცხადება, რომ „ღმერთი მოკვდა“, არ უნდა ავურიოთ თვითკმაყოფილ ათეიზმში. ნიცშე ალბათ უფრო შეწუხებულ იქნებოდა იმ უსულო ათეიზმისა, რომელიც ღმერთის სიკვდილს მოსდევს. განაცხადი, რომ „ღმერთი მკვდარია“ უფრო სოციოლოგიური დაკვირვებაა, ვიდრე მეტაფიზიკური განცხადება. ქრისტიანულ მორალსა და მისი თანმდევ კარგისა და ცუდი აღქმას(გაგებას) აღარ აქვს ისეთი ძლიერი გავლენა ჩვენს კულტურაზე, როგორიც ადრე ჰქონდა. ნიცშე მიიჩნევს, რომ მსოფლიოს თანდათანობით შთანთქავს ნიჰილიზმი, ყოველგვარი რწმენის მიტოვება.

 

წყარო:

ფრიდრიხ ნიცშე „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ (ე. ტატიშვილის თარგმანი. თბილისი 1993)

https://en.wikipedia.org/wiki/Thus_Spoke_Zarathustra


ავტორი: Jarhead

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE