არქივი

ავტო-კინოთეატრი – ამერიკის კიდევ ერთი სიმბოლო

c651f08efb23

რა აზრის ხარ იმაზე, კინოთეატრში პირდაპირ შენი საკუთარი ავტომანქანით შესრიალდე, მანქანიდან გადმოუსვლელად შეიძინო პოპკორნი, კოკა-კოლა და უყურო რომელიმე ბლოქბასტერს? მგონი ურიგო არ უნდა იყოს.

რა გვახსენდება ამერიკის ხსენებისას? მაკდონალდსი, კოკა-კოლა, ჯინსი, მიკი მაუსი და ბევრი სხვა.. ასეთი ასოციაციები საკმაოდ მრავლადაა და ერთ-ერთი მათგანია ავტო კინოთეატრი (Drive-in Theater), რომელიც ერთ დროს ამერიკაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დღემდე ამ ქვეყნის კულტურის ნაწილად ითვლება.

ვისაც ფილმი Grease (1978) აქვს ნანახი ჯონ ტრავოლტას მონაწილეობით, ალბათ ახსოვს ფილმის სიუჟეტი, რომელიც მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ამერიკის ცხოვრების წესზე მოგვითხრობს. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, დღეს ამერიკაში მილიონობით ხალხი დგას მაკდონალდსის რიგში, უყურებს სიმპსონებს და პლასტიკური ქირურგიის კეთებაში ეჯიბრება ერთმანეთს და ცოტა არ იყოს ძნელია ნათლად წარმოიდგინო თუ როგორი ცხოვრება იყო გასული საუკუნის შუა წლებში. ამ ყველაფრის კარგად წარმოდგენაში უდაოდ დაგეხმარებათ ავტო-კინოთეატრის მონახულება.

48454e7f085f

ავტო-კინოთეატრმა ორი დიდი, ამერიკული ყოველდღიური ყოფის ნაწილი გააერთიანა – მანქანა და ფილმი. მისი კონცეფცია კი შემდეგში მდგომარეობს: ღია სივრცეში დამონტაჟებულია დიდი მონიტორი და მონიტორის წინ გაკეთებულია სპეციალური პარკინგის ზოლები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ბილეთი, მოახდინოს პარკირება და პირდაპირ საკუთარი ავტომანქანიდან ადევნოს თვალყური ფილმის მიმდინარეობას. გარშემო დამონტაჟებულია დიდი ხმის გამაძლიერებლები, რაც საშუალებას აძლევს მაყურებელს სრულყოფილად აღიქვას ხმა.

25ae7f83d980

ამ ყველაფერს დასაბამი ნიუ ჯერსის შტატში მიეცა ადგილობრივი მცხოვრების, ქიმიური კომპანიების მაგნატის, რიჩარდ ჰოლინგშედის მიერ. მისი კრეატიული წამოწყება სამოყვარულო ავტო-კინოთეატრით დაიწყო და სერიოზული სახე 1933 წელს მიიღო, ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო სამსახურის მიერ გაცემული ბრძანებით. ჰოლინგშედის მიერ გახსნილ ავტო-კინოთეატრს შემდეგი სლოგანი ჰქონდა – „ვეპატიჟებით ყველა ოჯახს, მიუხედავად იმისა რამდენად ხმაურიანი ბავშვები ჰყავს“. ამ დევიზში კარგად იყო დაჭერილი ამ სახის კინოთეატრის მთავარი დადებითი მხარე – მაშინ როცა, ჩვეულებრივ კინოთეატრებში ბევრი ერიდებოდა პატარა ბავშვების თან წაყვანას, გამომდინარე მათი სიცელქიდან. ახლა კი ხალხს მიეცა საშუალება მოთავსებულიყვნენ ნებისმიერ პოზაში, საკუთარი მანქანის კომფორტულობის ხარჯზე და არავინ უშლიდათ ხელს რა საქმით დაკავდებოდნენ ფილმის ყურების პარალელურად.

f4d2da39dd5c

თავდაპირველად საკმაო ხარვეზები აღმოაჩნდა ამ იდეას – ეს იყო ტექნიკური გაუმართაობები თუ სხვა სახის მინუსები. მაგრამ თანდათანობით დაიხვეწა და ტრადიციული კინოთეატრების კონკურენციასაც მიჰყო ხელი.

ba742455b382

ასეთი სახით ფილმის ყურება შესაძლებელია არაკომფორტული აღმოჩნდეს თუ თქვენ ძუნწი მეგობრები გყავთ და სხვის ხარჯზე გართობას ანიჭებენ უპირატესობას. საქმე იმაშია, რომ ბილეთის შეძენა ხდება ავტომანქანების მიხედვით, იმის მიუხედავად შიგ რამდენი მგზავრი ზის. შესაბამისად ცდილობენ რაც შეიძლება ბევრნი მოთავსდნენ სალონში, რაც თავისთავად არაკომფორტულ ჯდომას იწვევს.

თუ ავტომობილების ფანჯრები დაორთქლილად გეჩვენა და შიგნით საეჭვო ხმაური ატყდა, არ გაბედო და სამაშველო სამსახური არ გამოიძახო, ეს ხომ ავტო-კინოთეატრის ტრადიციაა – ავტომანქანებში გაჩაღებული სიყვარულის კოცონი. ალბათ მიხვდით, რომ საკუთარი მანქანა ტრადიციული კინოთეატრის „უკანა რიგების“ მნიშვნელობას შეგიცვლით (თუმცა ამისთვის, ფანჯრების დაბურვა არ დაგავიწყდეთ). აქ ყველანაირად თავისუფლები ხართ თქვენც და თქვენს მანქანაში მჯდომნიც და ასეთ შემთხვევაში ღირს საკუთარ თავს და პარტნიორს სურვილების დაკმაყოფილების უფლება მისცე.

8de676d47b61

თუმცა, შეწუხებაზე როცა ვსაუბრობთ ერთი გარემოებაც არ უნდა გამოგვრჩეს – ფილმის მსვლელობისას სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი, როლიკებზე შემდგარი ახალგაზრდა პერსონალი მოძრაობს, რომლებიც მანქანიდან გადაუსვლელად გთავაზობენ პოპკორნის ან კოლას დამატებას, ან სულაც სწრაფი სადილის მორთმევას. ასე რომ, სრული სიმყუდროვისგან მაინც არ ხართ დაზღვეულები და შესაძლოა დროდადრო ფანჯარაზე კაკუნით შეგაწუხონ.

მიხედავად ერთ დროს ძალიან დიდი პოპულარობისა, დღეს ავტო კინოთეატრების ხანა თავისი ლოგიკური დასასრულისკენ წავიდა. თვით ამერიკაშიც კი მხოლოდ რამდენიმე მსგავსი სახის ობიექტია შემორჩენილი. თუ უწინ მათი ციფრი 5000 -ს აღწევდა, დღესდღეობით მხოლოდ 500 აგრძელებს მუშაობას. ისიც მხოლოდ პატარა ქალაქებსა და სოფლებში და მხოლოდ ზაფხულში ფუნქციონირებს. მისი გაქრობის მიზეზად ბიზნესის არამომგებიანობას ასახელებენ.

4c67b0fcf138

საინტერესო ფაქტები ავტო-კინოთეატრის შესახებ

  • 1933 წელს გახსნილ პირველ ავტო-კინოთეატრში ბილეთის ფასი 25 ცენტი იყო.
  • 1948 წელს გაიხსნა ავია-კინოთეატრი, სადაც 500 ავტომობილთან ერთად 25 ვერტმფრენსაც შეეძლო „გაჩერება“ და ფილმის ყურება.
  • ყველაზე დიდი ავტო-კინოთეატრი ნიუ იორკის ერთ პატარა სოფელში, ქაფიაგში მდებარობს და პარკინგის ზოლში 2500 ავტომობილი თავსდება. აქვე განთავსებულია კაფეტერია და რესტორანი, სადაც მისასვლელად სპეციალური მატარებლები მოძრაობს, რომლის საშუალებით მომხმარებლები საკუთარი მანქანიდან გადადიან სადილის შესაძენად.
  • ყველაზე პატარა ავტო-კინოთეატრები მხოლოდ 50 ავტომობილს იტევენ და პენსილვანიისა და სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარეობენ.
  • ყველაზე პოპულარული სახელები აღნიშნული კინოთეატრებისთვის არის „Starlite”, „Sunset” და „Skyview”.

8fec8805b2e5

აქვე ერთი საინტერესო სიახლე. როგორც სოციალურ ქსელებზე გავრცელებული სარეკლამო გვერდებით გავარკვიე საქართველოში ახლა იგეგმება (!) მსგავსი ტიპის კინოთეატრის გახსნა და იდეის მხარდამჭერებს ეძებენ. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ეს მოხდეს და რამდენად მიმზიდველი იქნება თუნდაც ბიზნესის თვალთახედვით, მაგრამ აქვე მინდა ჩემი სუბიექტური აზრი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით და ბევრი გარემოებების გათვალისწინებით ავღნიშნო, რომ არც თუ ისე წარმატებული ბიზნესი უნდა იყოს 21 საუკუნისთვის, როცა საოჯახო კინოთეატრების ბუმია და ვეღარავის გააკვირვებ დიდი ეკრანით და ახალი ფილმებით. თუმცა, სიმბოლურად (თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანას ერთი მსგავსი ტიპის კინოთეატრი მაინც ქონდეს) ალბათ შესაძლებელია მისი არსებობა.

215d339fa25f

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button