არქივი

სვანეთი

e13b0eb4e05d
ამ პოსტს ვუძღვნი ყველა სვანს, მაგრად განსაკუთრებით svani ის :)

მოკლე ინფორმაცია:
სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.

ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.

ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.

სვანები
სვანები – ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში (დალის ხეობა, ისტორიული მისიმიანეთი, იგივე აფხაზეთის სვანეთი). სვანი ეკომიგრანტები დღეს საქართველოს ბევრ რეგიონშია ჩასახლებული: იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. სვანურ ტომებს წარსულში უზარმაზარი ტერიტორია ეკავათ დიდი კავკასიონის როგორც სამხრეთ კალთებზე, ასევე ჩრდილოეთში (მდინარე ყუბანის ზემო წელში). სვანური ტომები ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო, რომლის საფუძველზე მოხდა თანამედროვე ქართველი ხალხის ფორმირება. წარსულში სვანებს ახასიათებდათ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები, როგორებიც იყო კოშკური არქიტექტურის ორიგინალური ფორმები, ალპური მეურნეობის განვითარება, სამხედრო დემოკრატიის გადმონაშთები და სხვა. სვანების დიდი ნაწილი ორენოვანია: ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში იყენებენ სვანურს, რომელიც ქართველურ ენებს მიეკუთვნება. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 80.000 ქართველი, სვანური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.

ვახუშტი ბაგრატიონი სვანებს ასე ახასიათებს:
”ქართველების ტომის უფრო შორეულს შტოს სვანები შეადგენენ… სვანების ცხოვრებაში ბევრს ქართველურ ჩვეულებასა და ხასიათს ხედავს მოგზაური… სვანი ადვილად საცნობია. იგი არა ჰგავს იმ მთის ხალხებს, რომლებიც სვანეთის გარშემო ბლომად ცხოვრობენ… პირისახით სვანი მაშინვე მთის ქართველებს მოგაგონებთ: თუშებს, ფშავებსა და ხევსურებს: ტანით წარმოსადეგია და საღი შეხედულება აქვს. სვანის ტანსაცმელი მხოლოდ ცოტათი განირჩევა მეგრელისა და იმერლის ტანისამოსისაგან. თავსახური სვანს ორნაირი აქვს: ზამთარში იგი იხურავს მაღალსა და წვეტიან ნაბდის ქუდსა, თეთრსა ან შავსა; ზაფხულში სვანი ხმარობს იმერულს ფაფანაკს, რომელიც ისე პატარაა, რომ საქოჩრეს ძლივსა ჰფარავს, სვანს ტანისამოსზე უფრო უყვარს იარაღი: თოფი, დამბაჩა და ხანჯალი; ხმალს კი სვანები არ ხმარობენ. როგორც თითქმის ყველა მთიულ ხალხს, სვანსაც გამჭრიახი გონება აქვს… როგორც სხვა მთის ხალხს, ისე სვანებსაც თავისი სამშობლო მეტისმეტად უყვართ. სვანი ძნელად დასტოვებს თავის ქვეყანას მოკლე ხნობითაც კი. ბევრი სვანი ისე დაბერდება, რომ ლეჩხუმის მეტი მხარე არა ნახოს. ბევრს ზემო სვანელს არ უნახავს ქვემო სვანეთი. უცხო ქვეყნის ჰაერი სვანებზე ცუდად მოქმედობს… თუ ჰკითხავ, რატომ ზამთარში იმერეთში სამუშაოდ არ ჩამოდიხართო, სვანები მაშინვე მოგიგებენ, ჰავისა გვეშინიანო… უმთავრესი ზნეობითი სენი სვანებისა არის მოსისხლე მტრობა…”.

იტალიელი ჟურნალისტის თვალით დანახული სვანეთი
5 000 მეტრის სიმაღლის მწვერვალებს შორის შეყუჟული სვანეთი, რომელიც თბილისიდან 10 საათის სავალ გზაზე მდებარეობს, ბუნებრივი ციხე-სიმაგრეა. საუკუნეების განმავლობაში მისი მცხოვრებლები სამლოცველოებსა და საკუთარ სახლებში ინახავდნენ საგანძურს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებდა.

მას მურთაზ ფარჯიანი გვიჩვენებს. ეს კარადასავით კაცი, მის საგანძურს ფხიზლად დარაჯობს. სვანეთის ერთ-ერთ სოფელ ლატალში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, XI საუკუნის საუცხოო სამლოცველოა აღმართული, რომლის გასაღებიც მხოლოდ მასთან ინახება. ეს სამლოცველო ოქროს ხატებს, კედლის მხატვრობის ნიმუშებს და ძვირფასი ქვებისგან გაწყობილ თაროებს ინახავს, რომლებიც თავიანთი სინატიფით, საოცარ კონტრასტს ქმნიან მის მცველთან, რომელიც მოჭიდავეების მწვრთნელია. 45 წლის მურთაზს, ხარის კისერი და ანგელოზის თავაზიანობა გამოარჩევს. იგი თავის ოჯახთან ერთად, ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს ამ მთიან რეგიონში. ბევრი არაფერი გააჩნია, მაგრამ მისი განძი ფასდაუდებელია. ის სხვა მცხოვრებლებთან ერთად, უნიკალური, მამაპაპისეული ქონების მემკვიდრეა. ესენია: ინკუსტრირებული განძი, მოვერცხლილი ხმლები, გამოთლილი ლანგრები, ოქროთი და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ხატები, ხელნაწერები, ალექსანდრე დიდის მონეტა. ეს განძი ლუვრის მუზეუმსაც დაამშვენებდა. უამრავი ნაკეთობა ხელუხლებლად ინახება მათი ეკლესიებისა და სახლების ზარდახშებში. “უმრავლეს შემთხვევაში, სოფლებს ბევრი სამლოცველო აქვთ” – ჰყვება მურთაზი. თითოეულის გასაღებს მისი მცველი ჰყავს, რომლებიც ტრადიციულად, სოფლების მიერ შერჩეული ძლიერი გვარების წარმომადგენლები არიან, რადგან დამპყრობლებთან ბრძოლას, სწორედ ძლიერი გვარის წარმომადგენლები სჭირდებოდა. საბჭოთა კავშირის დროს გვარები, რომლებიც კომუნისტურ რეჟიმს და მისთვის დამახასიათებელ ანტი-ქრისტიანულობას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდნენ, აღრიცხვაზე ჰყავდათ აყვანილი. მურთაზის სვანურ ოჯახში, მამების ექვსი თაობა გადასცემთა შვილებს მცველთა ამ ესტაფეტას.

პეიზაჟები, რომელთა ფონზეც შუასაუკუნეების თავგადასავლები განვითარდებოდა

სვანეთი – კავკასიის პირველყოფილი და წმინდა მიწა. 5 000 მეტრის სიმაღლეზე აკიდულ მწვერვალებს შორის შეყუჟული მწვანე სოფლები მთელი ზამთრის განმავლობაში, სამყაროს მოწყვეტილები არიან. საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან, ამ ბუნებრივ ციხე-სიმაგრეს, ტრანსპორტით 11 საათიანი მოგზაურობის და დაღარული გზის გავლის შემდეგ მიადგები. პეიზაჟები თითქოს შუასაუკუნეებზე გადაღებული ფილმის კადრებიდანაა. 12 000-მდე სვანი საქართველოს 17 სოფელსა და 72 დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს. შესასვლელებში დიდი ძაღლები ყეფენ. ქათმები, ტახები და ხარები ტალახიან გზებზე მოძრაობენ. ქალები შავებში არიან გამოწყობილები. საუკუნეების განმავლობაში სწორედ აქ, ქვეყნის დასალიერისკენ მიისწრაფვოდნენ კავკასიელები, რომ თავიანთი ძვირფასეულობა – ბიზანტიელთა, ოტომანთა, სხვადასხვა იმპერიათა და ბოლშევიკთა შემოსევებისგან გადაერჩინათ… მეფეები საგანძურს აქ აგზავნიდნენ და ბრძოლებში გამარჯვების შემთხვევაში, ისევ იბრუნებდნენ.

სვანებმა საკუთარი მამა-პაპისეული ქონების დაცვა იციან. ისინი კეთილგანწყობილად გიღებენ კარს და ერთი ჭიქა ჭაჭის (ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელი) დალევის შემდეგ, ამ ისტორიული პასუხისმგებლობის შესახებაც გიამბობენ. მურთაზის მეზობლის, ლატალის ძველი გამგებლის ვალერი კვანჭიანის სახლში, მისი მეუღლე და ქალიშვილი რეკორდულ დროში გიწყობენ სუფრას. “ჩვენ საკუთარი ენა, სვანური შევინარჩუნეთ. იცით მისი ერთ-ერთი ღირსება რა არის?” – კითხულობს ის და თან ხაჭაპურს (ადგილობრივი ყველის ორცხობილა) მიირთმევს – “ეს ერთადერთი ენაა, სადაც უწმაწური სიტყვები არ არის, თორემ ერთმანეთს დავხოცავდით. რეგიონში ლამის იმდენი იარაღია, რამდენი ცხოველიცაა” – ხუმრობს ეს სამოცი წლის კეთილშობილი კაცი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სვანეთი უსამართლობისა და უკანონობის, მძარცველთა და კრიმინალთა სათარეშო ადგილად იქცა. დღეს შედარებით გამოსწორებულია სიტუაცია…, მაგრამ ამაში არა მგონია სააკაშვილს დიდი წვლილი მიუძღოდეს… ვოტ

უფრო მაღლა მთებში, რუსების საზღვრის გასწვრივ, სადაც ძალიან მკაცრი კლიმატი და დაუნდობელი ბუნებაა, სოფელი უშგულია – იუნესკო-ს მიერ კაცობრიობის საგანძურად აღიარებული და თვალწარმტაცი კოშკებით მოფენილი, რომლებმაც საუკუნეებსა და ბუნებრივ კატაკლიზმებს გაუძლეს. ზამთარში იქ მცხოვრები ადამიანები, ერთმანეთისგან თითქმის დამოუკიდებლად არსებობენ. 73 წლის დამი ჩარკვიანი ამას შეჩვეულია. ის აქ დაიბადა და აქვე დატოვებს ამ წუთისოფელს. მისი ყოველდღიური საქმიანობა ასეთია: ძროხებს ხელით წველის, მინდორს და მიწას ამუშავებს, განძით სავსე სამლოცველოს კარს აღებს და კეტავს… ისევე როგორც ყველა აქ მცხოვრები ადამიანი, დამი საოცრად მორწმუნე ადამიანი, ერთდროულად მართლმადიდებელი ქრისტიანობისა და ძველი, მთის საკულტო რელიგიური კულტურის ელემენტების მატარებელია – “საგანძური ჩვენმა რწმენამ გადაარჩინა, მძიმე დღეებში მათი უმრავლესობა ეკლესიის მფარველობის ქვეშ გადავეცით, რადგან სვანებს რელიგიისადმი განსაკუთრებული მოწიწება გვაქვს. დაამნაშავეებს, თუკი ასეთები მაინც აღმოჩნდებოდნენ, ერთ დღეს ღმერთი მაინც სჯიდა”.

კაცობრიობის კულტურის დაცვით ამაყი სვანები

მხოლოდ ერთი სერიოზული ქურდობა დაფიქსირდა. 1979 წელს ბანდიტებმა ლათას ეკლესია გაძარცვეს. უიშვიათესი, ოქროს ფირფიტებით და ძვირფასი ქვებით მოჭედილი XIII საუკუნის ვენეციური ჯვარი გაიტაცეს. 1981 წელს, მას ოდესაში მიაგნეს და თავის ადგილას, ძირძველ ეკლესიაში დააბრუნეს. “სვანებში სულიერების ესთეტიზმი ძალიან მაღალია” – გვიხსნის ადგილობრივი ეთნოგრაფი თათო გუჯეჯიანი – “ისინი ამაყობენ, რომ კაცობრიობის კულტურის მცველები არიან”. იგი იხსენებს, რომ 1921 წელს, როდესაც ეროვნული მთავრობის წევრები ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ ემიგრაციაში წავიდნენ, მათ შავი ზღვით გემებზე უამრავი საგანძური გადაიტანეს, მაგრამ პარიზში ემიგრაციაში სიღატაკეში ცხოვრობდნენ და ისე გარდაიცვალნენ, რომ ამ განძისთვის თითი არ დაუკარებიათ. მერე კი 1945 წელს საქართველოში დააბრუნეს.

მწყემსი ომარიც ოქროს მაძიებელია

საგანძური ხალხის სამსახურშია. ის ნივთებიც კი, რომლებიც რეგიონის ცენტრში, მესტიის მუზეუმშია გამოფენილი, მინებიან ვიტრინებში უსარგებლოდ არ დევს. მღვდლები იქ მიდიან და წირვას ხატების წინ ატარებენ. ყოველ ოთხშაბათს, რუსიკო ქოჩაკიანი რელიგიის მსახურებსა და მათ მრევლს კარს უღებს. ეს დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობის ხელოვნების ისტორიკოსი, მუზეუმში 1984 წლიდან მუშაობს. მისი ყოველთვიური ხელფასი 100 ევროს არ აღემატება, მაგრამ დაუფიქრებლად შესწირავდა თავს 6 000 ნაკეთობისგან შემდგარი კოლექციის თითოეულ ნიმუშს. იგი ხეივანში მიგვაცილებს და თითოეული ნაკეთობის ისტორიას გვიყვება. “ამ კოლექციის დიდი ნაწილი ჩვენმა მოსახლეობამ საბჭოთა პერიოდში გადმოგვცა” – გვიხსნის იგი – “მათ უსაფრთხოების გამო გვაბარებდნენ, რადგან კომუნისტები, ყველა რელიგიურ საგანს რომელსაც პოულობდნენ, უბრალოდ ანადგურებდნენ, ეკლესიის კედლებს კი ღებავდნენ. მოსახლეობას მიაჩნდა, რომ ეს ნივთები ამ სახით მაინც, მათი მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა. სხვა მუზეუმების კოლექციაში, მსგავსი არაფერი აქვთ”.

ბაგრატ ნაკანი ქვეყნის ყველაზე ძვირფას ნივთს ფლობს. 78 წლის მოხუცი დიდ სახლში, თავისი გვარის 13 წარმომადგენელთან ერთად ცხოვრობს. საკუთარი სახლის ზღურბლზე ეჭვიანი მზერით გვეგებება – “თქვენ წესებს არ იცავთ?” მერე პატარა ნაბიჯებით გვტოვებს და მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ ბრუნდება. “მობრძანდით, მაგრამ ქალები ხატებს ხელით არ შეეხონ”. პატარა საკურთხევლის თაროზე ოქროთი გაწყობილი ტრიპტიხი დევს. “ბატონებო, ეს წმინდა გიორგია!” – გვიხსნის ბაგრატი – “ჩვენთვის ეს ლეგენდარული რაინდი ყველაზე დიდი წმინდანია. ის მიწათმოქმედებას მფარველობდა”. თითოეულ კუთხეში მთავარანგელოზის ხატია, ემალის ტიხრებით გაფორმებული. საოჯახო ლეგენდის მიხედვით, მეფე თამარმა ბაგრატის წინაპრებს სიმამაცისთვის ხატი უბოძა, რომლითაც მეფე საკუთარი კურთხევის დღეს 1184 წელს დალოცეს. მოხუცი საქართველოს პატრიარქის ხელმოწერილ საბუთს მოკრძალებულად გვაწვდის – “მე ვლოცავ ოჯახს, რომელიც ჩვენს მამაპაპეულ სიწმინდეს ერთგულად იცავს”. “ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, მომავალში მათ ვის დავუტოვებ შესანახად, მაგრამ იგი აუცილებლად მამაცი მემკვიდრე უნდა იყოს, რომელიც ამ ხატისთვის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებს…”

თავად წმინდა გიორგის მინიატურა მშრომელი სვანის გამოსახულებას წააგავს. სვანეთში საკმარისი რაოდენობის ოქრო მოიპოვება. მწყემსი ომარი, თავისი თანამემამულეების მსგავსად, პარალელურად სხვა საქმითაც არის დაკავებული, ის ოქროს მაძიებელია. ფეხებით წყალში დგას და წყლის მოტანილ კენჭებს დიდი ჭურჭლით ატყვევებს, მერე ჭურჭელს ანჭყრევს და ნამცეცებს პოულობს. საუკუნეების წიაღიდან შემონახული მეთოდია. სვანებს კიდევ ერთი, მუდმივი, ცოცხალი ტრადიცია აქვთ: მათ განძის მცველი ერთგული და მამაცი ხალხის იდენტურობა უნდა შეინარჩუნონ.

მსგავსი ამბები

Back to top button