საკითხავისასარგებლოუცნაური

ასკორბინმჟავა

ვიტამინი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი კოფერმენტების სინთეზის მიზნით იყენებს ძირითადად. უნდა გვესმოდეს, რომ ერთნაირად საშიშია როგორც ავიტამინოზი, ისე ჰიპერვიტამინოზი. C ვიტამინი(ასკორბინმჟავა) მიეკუთვნება წყალში ხსნად ვიტამინებს და აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ანტიოქსიდანტები შლიან თავისუფალ რადიკალებს, რომელთაც მრავალი დაზიანების, მათ შორის, ბირთვული და მიტოქონდრიული დნმ-ის ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობაში შეუქცევადი ცვლილების გამოწვევა შეუძლია. ამგვარი ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს E ვიტამინს. ოღონდ ეს უკaნასკნელი ცხიმში ხსნადია.

C ვიტამინი შედის მცენარეული და არა ცხოველური საკვების შემადგენლობაში. ის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება ციტრუსებში.

აგრეთვე, ასკორბინმჟავას შეიცავს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული და პომიდვრები. დედის რძე საშუალოდ 30-55 მგ/ლ C ვიტამინს შეიცავს. ვიტამინი თერმოლაბილურია, ასე რომ დიდი ხნის განმავლობაში დუღილის შემთხვევაში ის იშლება. ვიტამინის დაშლა მეტალთან კონტაქტის დროსაც კი შესაძლებელია, მისი არასტაბილურობიდან გამომდინარე (მაგ.: ხილის დაჭრის დროს).

ვიტამინის აბსორბციას წვრილ ნაწლავებში უზრუნველყოფს ტრანსპორტერი და ეს პროცესი  ნატრიუმის ლუმენურ(ნაწლავის ღრუში) კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს შეწოვა თეძოს ნაწლავში და ეს ჰგავს შაქრებისა და ამინომჟავების აბსორბციას. ასკორბატის ნაწილი შეიწოვება მარტივი დიფუზიის გზით.

ასკორბინმჟავის რეკომენდებული დღიური დოზაა 100 მგ, აბსორბციის ეფექტურობა შეადგენს 80-90%-ს.

ორგანოებს შორის ასკორბინმჟავა ყველაზე დიდი რაოდენობით თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან ნივთიერებაში გვხვდება. შესაძლოა, ის კორტიკოსტეროიდების სინთეზისთვის იყოს საჭირო. ჯირკვლის ტვინოვან ნივთიერებაში ასკორბატის შემცველობა შედარებით ნაკლებია.

C ვიტამინის მსუბუქი დეფიციტი იწვევს კაპილარების სიმყიფეს. უფრო მძიმე ფორმაა სურავანდი, რომელიც შემაერთებელ ქსოვილებს აზიანებს განსაკუთრებით. C ვიტამინი მნიშვნელოვანია ცილა კოლაგენის სინთეზში, კერძოდ კოლაგენის სამმაგი სუპერსპირალის ფორმირებაში. ვიტამინი აძლიერებს პროლილ და ლიზილ ჰიდროქსილაზების აქტივობას. შესაბამისად, მისი დეფიციტი კოლაგენის შემცველ ქსოვილებს აზიანებს.

ანემია სურავანდის დროს შეიძლება დაკავშირებული იყოს რკინის მეტაბოლიზმთან ან ფოლატის მეტაბოლიზმთან. ცნობილია, რომ ასკორბინმჟავა რედუქტანტია და რკინას აღადგენს Fe+3-დან Fe+2-მდე. შესაბამისად, მონაწილეობს მის აბსორბციაში.

ასკორბატი მონაწილეობს არაპირდაპირ ცხიმოვანი მჟავების ბეტა-ოქსიდაციაშიც, წარმოადგენს რა ელექტრონების დონორს კარნიტინის სინთეზში მონაწილე 2 ფერმენტისთვის. აგრეთვე, დოფამინ ბეტა-მონოოქსიგენაზისთვის, რომელიც მონაწილეობს ნორეპინეფრინისა(ნორადრენალინი) და ეპინეფრინის(ადრენალინი) სინთეზში.

ასკორბინმჟავა ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების(LDL – Low Density Lipoproteins) ოქსიდაციას, ლიპიდების პეროქსიდაციასა და ოქსიდანტების კონცენტრაციას.

აგრეთვე, საშიშია C ჰიპერვიტამინოზი. მიდრეკილების მქონე პირებში ასკორბიმჟავას სიჭარბე შეიძლება ოქსალატური ქვების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. ამრიგად, C ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღებაც  არ არის რეკომენდებული.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close