გასართობისაკითხავისაქართველო

საუკეთესო ლექსები თოვლზე

საუკეთესო ლექსები თოვლზე

თორრნიკე ნაროზაული-თოვლი მოვიდა მარიამ

ცისარტყელები ცეკვავენ ცისფერ და ცვრიან ცაზე,
შვიდივე ფერი თეთრია, შვიდივე ფერი მშვიდი –
თოვლი მოვიდა მარიამ, თოვლი შენს გაშლილ თმაზე
წვიმად იქცევა და უკან ცვრიანი ცისკენ მიდის.
თოვლი მოვიდა მარ !
ქვაფენილები მღერიან ანგელოზების ხმაზე,
ყველა სარკმელი თეთრია, ყველა სახლი და ქუჩა,
თოვლი მოვიდა მარიამ და ჩემს მაგივრად მხარზე
შემოგაფინა მკლავები – დუმხარ და თვალებს ხუჭავ.
თოვლი მოვიდა მარ !
ფიფქებს წკრიალი გაუდით გულის მოგლეჯილ კარზე,
მოდგა მოგვივით ზამთარი, ბავშვივით არ მიხარია,
არც დალალები მიწყვია შენი დათოვლილ მკლავზე,
გესმის?!
მოვიდა მარიამ,
თოვლი მოვიდა მარ!
ქარი კი ისევ ქარია და ძველებურად ქრის,
გზაზე,
რომელიც თეთრია და დათოვლილი მთლიანად,
თოვლი მოვიდა მარიამ, ცა ანგელოზებს ცრის,
თოვლი, რომელმაც ძალიან, ძალიან დაიგვიანა
მოსვლა შენსავით მარ.
თოვლი მოვიდა მარიამ.
თოვლი მოვიდა მარ…

 

გიორგი ქადაგიძე-სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!

ზეცა აფარებს მიწას თეთრ საბანს
ფიფქებით ქათქათა პერანგებს ქსოვს,
თოვლი ბილიკებს ცოდვისგან დაბანს
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!

ჭაღარა მთების მშურს ისე ძლიერ
პირველი ფიფქი,რომ დაათოვს
მზე სირცხვილისგან შეიცვლის იერს
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!

ჩუმად შევცქერი ფიფქების ცეკვას
როგორ ნატიფად არხევენ რტოს
ო,როგორ მინდა კვლავ ჩემი გერქვას
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!

გარეთ ვზივარ და მათოვს ფიფქები
დამზრალი გული სიყვარულს მთხოვს,
სხეულს კი ათბობს შენზე ფიქრები
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!

ცა ხეებს აცმევს ქორწილის კაბებს
მე,რომ ჩაგაცვა თუ მეტყვი ხოს?
ფიფქებს ვუყვები მე შენზე ამბებს
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!

მე ყოველ დილით ვეალერსები
შენი სულივით ამ სპეტაკ თოვლს,
ცხოვრებამ ჩაჭრა ჩემი რელსები
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!

ხან მიკოცნიან ღაწვებს ფიფქები
გული კი შენს თავს არავის თმობს
გადაწყდა! დღესვე შენთან ვიქნები
სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!

მთის ქარაფიდან გადავვარდები
ფიფქებად მოვალ შენ,რომ დაგათოვს
და შენც მაშინვე შეგიყვარდები,
ჩემი სურნელი ისე დაგათრობს

ციდან მოვალ და დაგითოვ ტუჩებს
დამზრალ ბაგეზე დავდნები მყისვე
და ყოველ ზამთარს მოგირთავ ქუჩებს,
რომ შეგახსენო მიყვარხარ ისევ…

 

ნიკო გომელაური – მერე რა რომ ზამთარია
მე მიყვარს თოვა
სიცელქე ანცი
მეც ვემსგავსები თავგასულ
ყმაწვილს..
მიყვარს ზამთარში სიძუნწე
ფერთა,
მიმოფანტული ველებზე
თეთრად,
მიყვარს ნაძვის ხე,
ბუხარი, სითბო..
ის ვინც საჩუქრებს
ყოველ წელს ითხოვს..
ჩემს ბიჭებთან
როგორ მიყვარს დღის და
ღამის არევა,
რომც გტკიოდეს, რომც გციოდეს,
იქ თქვი ლუდის დალევა..
ჩვენ ერთად ვართ მთავარია
მერე რა რო ზამთარია…

 

ვალერიან გაფრინდაშვილი – ზამთრის მშვენება
ჩვენ რომ გვეძინა, იგი მოფრინდა,
სასიხარულო იანვრის გედი,
და ისევ ვნახე მე თოვლი წმინდა,
– უცხო სიამის წინამორბედი.

როგორ ანელებს სითეთრე გრძნობას…
ო, რა ნაზია ეს ნეტარება!
და ამ სიჩუმეს, და ამ მშვიდობას
თვითონ სიკვდილიც ვერ შეედრება.

ზამთრის შვენება მე შევითვისე,
საყვარელია ბუნების ძილი!
და ჩემი სული ფითრდება ისე,
როგორც სუმბული – ბინდის ყვავილი.

გალაკტიონ ტაბიძე – თოვლი
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში…

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში…
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

ანა კალანდაძე – თეთრი თოვლის ქვეშ…

სძინავს უთვალავს…
როცა ისინი მოიშორებენ
თოვლის სუდარას,
მეც მაშინ მოვალ შენთან, მთებში,
ჩემო ლურჯთვალავ…

ტერენტი გრანელი – რა ვქნა, მე თოვლი მღალავს..

რა ვქნა, მე თოვლი მღალავს,
პოეტს ისედაც მოღლილს
თოვლი ეცემა ქალაქს,
ისმის შრიალი თოვლის.

ეს ფიქრი ისევ ელავს,
ფიქრი გაივლის ქარებს.
ათოვს საფლავებს ნელა,
ათოვს მიმავალ ქალებს.

რამდენ წამებას ვიტან,
ქრიან წუთები თრთოლის.
ნელა ეცემა ციდან
თეთრ ყვავილივით თოვლი.

ოთარ ჭილაძის-მარინას თოვლი

„თოვლი მოვიდა, მარინა, თოვლი.
არც ისე მკაცრი ყოფილა ღმერთი.
დედოფალივით სუფთას და მოვლილს,
ჩემთვის აგზავნის და მხოლოდ ჩემთვის.
მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს,
ცისკენ გარბოდა თვალი თავისით.
და აი, ისიც, მოვა და მკითხავს…
თუმცა რას მკითხავს თოვლი, რა ვიცი.
მარინა, თოვლი შენი სულია!
და განგებაა გამოგზავნილი,
რომ ამირიოს გზები სრულიად
და გზის ნაპირას დამსვას მგზავრივით.
ვითომ მივდივარ, თორემ ნამდვილად
კი არ მივდივარ, შენ გელოდები
და თეთრი სივრცე ფიქრს მიადვილებს,
მორთული ნაძვის მწვანე ტოტებით.
და თოვლი, ცივი ქურქით შეფუთვნილს,
თავზე მევლება ქალური თრთოლვით,
მაგრამ მე ვიცი, რომ შენ გეკუთვნი,
გარემოცულიც ამხელა თოვლით.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close