არქივი

იცით თუ არა რომ…

89ffd1127ec0

მსოფლიოში ყველაზე პატარა ყავის მადუღარა

იტალიელმა იუველირმა პიეტრო მარმომ ვერცხლისგან მსოფლიოში ყველაზე პატარა ყავის მადუღარა დაამზადა. მისი სიმაღლე 2,5 სმ–ია, აქვს 2 ფილტრი და მასში მხოლოდ 10 წვეთი წყალი ჩადის. ამ მინიატურული ნივთის და სპეციალურად მისთვის პატარა ოქროს ფინჯნის შესაქმნელად მარმოს რამდენიმე თვე დასჭირდა. იუველირს უახლოეს მომავალში ჩაის მინიატურული სერვიზის შექმნაც აქვს განზრახული. ისიც ძვირფასი ლითონისგან იქნება დამზადებული და ძვიფასი ქვებითვე მოირთვება.

————————————————————————————————–

63206e91bfe5

ყვავილები, ვახშამი და ბოულინგი პატიმრობის სანაცვლოდ

ფლორიდის შტატის ერთ–ერთ ქალაქში მოსამართლე ჯონ ჰერლიმ საყოფაცხოვრებო ძალადობაში ბრალდებულ 47 წლის ჯოზეფ ბრეის მეუღლისთვის ყვავილების ჩუქება, რესტორანში დაპატიჟება, შემდეგ კი ბოულინგის სათამაშოდ წაყვანა „მიუსაჯა.“

საქმე ისაა, რომ მამაკაცს ცოლისთვის დაბადების დღის მილოცვა დაავიწყდა. ქალს ეს ძალიან ეწყინა და ჯოზეფს ამის გამო იმდენი უსაყვედურა, სანამ იგი მოთმინებიდან არ გამოიყვანა. მამაკაცმა დივანთან მდგომ მეუღლეს ხელი კრა და მუშტიც მოუღერა, მაგრამ არ დაურტყამს, ცოლმა კი პასუხად პოლიციაში დარეკა.

ბრეი დააპატიმრეს, მაგრამ იმის წყალობით, რომ იგი მანამდე არასდროს ყოფილა ნასამართლევი და მის მეუღლესაც კონფლიქტის შედეგადა არანაირი ტრავმა არ მიუღია, მინიმალური სასჯელით მალევე გაათავისუფლეს.

————————————————————————————————–

c89c24b255bc

თინეიჯერთა ორსულობამ ამერიკაში საგრძნობლად იკლო

თინეიჯერთა ორსულობის მაჩვენებელი ამერიკაში 40 წლის წინანდელ დონეს გაუთანაბრდა, თუმცა შავკანიან და ესპანელ თინეიჯერთა ორსულობის შემთხვევები კვლავ საგრძნობლად მაღალია მათ თეთრკანიან თანატოლებთან შედარებით.

Guttmacher Institute-ის წარმომადგენლებმა შეისწავლეს მთავრობის კვლევა თინეიჯერების სექუალური ცხოვრების, ფეხმძიმობის და მშობიარობის შესახებ. კვლევის თანახმად, ფეხმძიმობის შემთხვევები 15-19 წლის ასაკში 42 პროცენტითაა შემცირებული 22 წლის წინანდელ პიკთან შედარებით და ასევე ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან, რომელიც 1972 წელს დაფიქსირდა, როცა ერთი წლის წინ უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ქალებს აბორტის უფლებას ანიჭებდა.

საერთო ჯამში, 2008 წელს 20 წლამდე ასაკის დაახლოებით 750,000 ამერიკელი ქალი დაორსულდა, მათგან 98 პროცენტი 15 – დან 20 წლამდე ასაკის იყო.

როგორც როიტერი მკვლევარებზე დაყრნობით წერს, თინეიჯერთა დაორსულების შემცირება კონტრაცეპტივების გამოყენების გააქტიურებამ განაპირობა.

The New York Times-ის მიერ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან მოპივებული ციფრები კი აჩვენებს, რომ 2006-2010 წლებში იმ დაუქორწინებელი თინეიჯერი წყვილების რიცხვი, რომლებსაც სექსი აქვთ, 50 პროცენტამდე დაეცა.

თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს მონაცამები თინეიჯერთა მონაყოლზეა დაფუძნებული.

————————————————————————————————–

5d0eb9b876cb

როგორი პროდუქტების მირთმევა შეიძლება საღამოს 6 საათის შემდეგ

ავსტრალიელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ღამით მშვიდად ძილს იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ საღამოს 6 საათის შემდეგ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებს მივირმევთ (გლიკემიური ინდექსი გვიჩვენებს თუ რა გავლენა აქვს ნახშირწყლებს სისხლში შაქრის შემცველობაზე), რადგან მათში ნაკლები ნახშირწყლებია. დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებს მიეკუთვნება ხილი, ბოსტნეული, პარკოსანი მცენარეები, რძის პროდუქტები.

————————————————————————————————–

55979526d889

მუსიკა ტვინს დაბერებისგან იცავს

ამერიკელი მეცნიერების აზრით მუსიკა, უფრო კონკრეტულად კი მუსიკაში მეცადინეობა ტვინს დაბერებისგან იცავს. მათ საკუთარი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ექსპერიმენტი ჩაატარეს. მასში ნორმალური სმენის მქონე 87 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მოხალისეთა ერთი ჯგუფში ხანდაზმულები გაერთიანდნენ, თანაც ისეთები, რომლებიც 9 წლის ასაკიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში მეცადინეობდნენ მუსიკაში, მეორე ჯგუფში კი ის ახალგაზრდები მოექცნენ, რომლებიც მუსიკაში მეცადინეობით მხოლოდ სამი წელი იყნენ დაკავებულნი.

ექსპერიმენტში მონაწილე პირებს აჩვენებდნენ ადამიანების საუბრის შემცველ ვიდეოს და ყველა ბგერის კვალდაკვალ მათი ნეირონების მდგომარეობას აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულთა ნეირონებს ახალგაზრდული რეაქცია ჰქონდათ შენარჩუნებული. ისინი ბგერაზე იგივე სისწრაფით და აკურატულობით რეაგირებდნენ, როგორც ახალგაზრდების ნერვული უჯრედები.

————————————————————————————————–

c863ce5d7a06

რეგულარულ ვარჯიშს საძილე აბების ჩანაცვლება შეუძლია

ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ღამით უკეთესად რომ გვეძინოს, დღისით კი მხნედ ვგრძნობდეთ თავს, დღეში 150 წუთი მაინც უნდა დავუთმოთ ვარჯიშს. სპეციალისტებმა 18-დან 85 წლამდე ასაკის 2600 ადამიანი გამოკითხეს. გაირკვა, რომ იმ ისინი, ვინც რეგულარულად ვარჯიშობდნენ, ღამით ღრმად ეძინათ, დღისით კი არ უჩიოდნენ მოთენთილობას. მკვლევარები იმასაც კი აცხადებენ, რომ რეგულარულ ვარჯიშს საძილე აბების მაგივრობაც კი შეუძლია გასწიოს.

————————————————————————————————–

639f7ca71c0d

ისრაელში „გოთიკური“ პომიდორი მოიყვანეს

ისრაელში ყოველწლიურ სასოფლო–სამეურნეო გამოფენაზე ადგილობრივმა სპეციალისტებმა შავი პომიდორი წარადგინეს. იგი მეცნირებმა ბაღჩისა და ველური სახეობების შეჯვარებით მიიღეს და მას „შავი გალაქტიკა“ დაარქვეს. სელექციონერთა თქმით, „გოთიკური“ პომიდორი დიდი რაოდენობით C ვიტამინსა და სასარგებლო ანტიოქსიდანტებს შეიცავს.

————————————————————————————————–

93d5abd3d0a5

ქათმის ფრთების ყველაზე ჩქარი მჭამელი

ფილადელფიაში ტრადიციული კონკურსი „Wing Bowl XX“–ი ჩატარდა, რომლის წლევანდელი გამარჯვებულიც იაპონელი ტაკერუ კობაიასი გახდა, მეტსახელად „ცუნამი.“ მან ნახევარ საათში ქათმის 337 ფრთა შეჭამა (სულ 20 ათასი კალორია) და მსოფლიოს ახალი რეკორდსმენიც გახდა (წინა რეკორდი 255 ფრთა იყო). გამარჯვებულს საჩუქრად 20 ათასი დოლარი გადაეცა.

————————————————————————————————–

674a1f770de7

ლონდონში ცხოველთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ლონდონში ერთ–ერთი საუნივერსიტეტო კოლეჯის ზოოლოგიის მუზეუმში მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკში მობინადრე ცხოველების, კერძოდ სპილოების, შიმპანზეების, ორანგუტანგებისა და გორილების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა გაიხსნა, რომელიც 9 მარტამდე გასტანს. როგორც ექსპოზიციის ორგანიზატორები აცხადებენ, სპილოებს ძირითადად ხეებისა და ყვავილების ხატვა უყვართ, მაიმუნები კი აბსტრაქციონიზმის მიმდევრები არიან.

 

————————————————————————————————–

87440893c5ca

სახლი კუპიურებისგან

ირლანდიელმა მხატვარმა ფრანკ ბაკლიმ ძველი და უვარგისი ევროებისგან, უფრო კონკრეტულად კი მილიარდ 400 მილიონი კუპიურისგან, 15 სმ სიგრძისა და 5 სმ სიგანის აგურები დაამზადა და სახლი ააშენა. იგი საძინებლისგან, სასტუმრო ოთახისგან და აბაზანისგან შედგება. საცხოვრებლის ასაშენებლად საჭირო „მასალით“ მხატვარი ირლანდიის ცენტრალურმა ბანკმა მოამარაგა.

 

 

————————————————————————————————–

e51f534b1b0a

ამერიკელმა გოგონამ შენობაზე იქორწინა

ამერიკელმა ვავილონია ალვაზმა სიეტლში 107 წლის წინ აშენებულ შენობაზე იქორწინა. ცერემონიამ წესების სრული დაცვით ჩაიარა. გოგონას თეთრი კაბა ეცვა, „რჩეულს“ აკოცა კიდეც და დაპატიჟებულ 30 სტუმართან ერთად კარგადაც მოილხინა. ალვაზი იმედოვნებს, რომ ამ საქციელით იგი შენობას დანგრევისგან იხსნის. როგორც ირკვევა, საწყობადქცეული და მიგდებული შენობის ადგილზე ერთ–ერთ სამშენებლო კომპანიას ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის აგება სურს. საქორწინო ცერემონიის მიუხედავად შენობის დემონტაჟი არ შეჩერებულა და როგორც ადგილობრივები ხუმრობენ, „ოკუპანტი“ მალე დაქვრივდება.

————————————————————————————————–

e4912c3711f9

მსოფლიოში ყველაზე დიდი ყველის ტორტი

46 წლის ბრიტანელმა შეფ–მზარეულმა ტენის პალინმა ყველისგან მსოფლიოში ყველაზე დიდი ტორტი–სკულპტურა შექმნა და გინესის რეკორდების წიგნშიც დაიმკვიდრა ადგილი. მას აღნიშნული „დესერტის“ შესაქმელად ნახევარი ტონა ყველი და 90 საათი დასჭირდა.

————————————————————————————————–

5ad6d79f38fe

მსოფლიოში ყველაზე დიდი დაკიდული ხიდი
მექსიკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი დაკიდული ხიდი ააგეს სახელწოდებით Baluarte Bicentennial. იგი 403 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ერთმანეთთან სინალოასა და დურანგოს შტატებს აკავშირებს. ხიდის მშენებლობას 4 წელი და 159 მილიონი დოლარი დასჭირდა. მის გახსნას მექსიკის პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი და გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქვეყნის პირველმა პირმა ხიდზე მანქანითაც კი გაისეირნა.

 

————————————————————————————————–

boni%20da%20klaidi

ბონი და კლაიდის იარაღი აუქციონზე გაიყიდა

ცეცხლსასროლი იარაღები, რომელიც ოდესღაც შეყვარებულ-ყაჩაღებს ბონის და კლაიდს ეკუთვნოდა, აუქციონზე გაიყიდა. ნივთები აუქციონზე იმაზე ძვირად გაყიდეს, ვიდრე ორგანიზატორები ვარაუდობდნენ.

ტომპსონის ავტომატი და „ვინჩესტერის“ სისტემის თოფი კანზას-სიტის აუქციონზე გაიყიდა.

მყიდველმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, 130 000 დოლარი ავტომატში, ხოლო 80 000 თოფში გადაიხადა. ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ნივთები 35 და 25 ათას დოლარად გაიყიდებოდა.

პოლიციამ იარაღი 1933 წელს, ბონის და კლაიდის ოთახის დარბევის შემდეგ ამოიღო. შეყვარებულებს იარაღის დატოვება და მიმალვა მოუწიათ.

ბონი და კლაიდი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა 1934 წლის 23 მაისს მანქანაში ჩაცხრილეს.

წყარო:onlinenews.ge

MaKhaRa

Giga Makharashvili. 1996.

მსგავსი ამბები

Back to top button