ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

კომპანია Audi-მ საწვავ e-benzin-ის პირველი პორციები შექმნა

გერმანელები კვლავ განაგრძობენ კვლევებს აღდგენადი რესურსებიდან ალტერნატიული ენერგიის (მზე, ქარი) გამოყენებით, სინთეტიკური საწვავის შესაქმნელად. სპირტ e-ethanol-ზე ჩატარებული ექსპერიმენტების, ხელოვნული მეთანის — e-gas-ის საცდელი დანადგარის შექმნის და სინთეტიკური საწვავ e-diesel-ის მწარმოებელი საწარმოს ამოქმედების შემდეგ, კომპანია „აუდიმ“ და მისმა პარტნიორებმა ბენზინის შემცვლელი საწვავ e-benzin-ის პირველი პორციები მიიღეს.

„აუდი“ თავისი სინთეტიკური საწვავების სხვადასხვა სახეობებს კვარცის გამჭვირვალე სახუფის მქონე სპეციალურ ძრავში ცდის. ეს საშუალებას იძლევა ჩქაროსნული კამერებით ძრავის მუშაობის ყველა ფაზა დაფიქსირდეს. შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხელოვნური საწვავი რიგ მახასიათებლებში აღემატება ნავთობისგან მიღებულს საწვავს. ის უზრუნველყოფს ნარევის უფრო ეფექტურად მომზადებას, სუფთა (მთლიან) წვას და დაბალ გამონაბოლქვს.

პროცესის პირველი ეტაპისთვის მცენარეული ნედლეულისგან ხდება იზობუტილენის მიღება. ამისთვის, კომპანია Global Bioenergies SA-მ საფრანგეთის ქალაქ პომაკლში (Pomacle), რეიმსთან ახლოს საცდელი საწარმო ააშენა. პროექტის მეორე პარტნიორია — ფრაუნგოფერის ქიმიური და ბიოტექნოლოგიური პროცესების ცენტრი გერმანიის ქალაქ ლოინაში (Leuna). აქ, აირ იზობუტილენს სითხედ — იზოოქტანად გარდაქმნიან და სწორედ ეს ნივთიერება წარმოადგენს e-benzin-ს. იზოოქტანი მცირე რაოდენობით პირდაპირი გამოხდის ბენზიშნიც გვხვდება და აგრეთვე ხდება მისი ხელოვნურად მიღება და სხვა საწვავებში ოქტანობის ასამაღლებლად დამატება. ამჟამად, Global Bioenergies-ის მიერ ქალაქ ლოინაში „ე-ბენზინის“ მაწარმოებელი ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს.

გერმანიაში მშენებარე საცდელი საწარმო უფრო დიდი რაოდენობის „ე-ბენზინის“ მიღებას 2016 წელს შეძლებს.

თვითონ სინთეტიკური საწვავის შექმნის იდეა ახლა არ გაჩენილა და საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1920-იან წლებში გერმანელმა მეცნიერებმა ფრანც ფიშერმა და ჰანს ტროპშმა გამოიგონეს პროცესი, რომლის მეშვეობით ნახშირბადის მონოქსიდისა და ჟანგბადის ნარევის (სინთეზ-აირი) თხევად ნახშირწყალბადად გარდაქმნა ხდებოდა. სინთეზ-აირის მიღება თავისუფლად შეიძლებოდა ქვანახშირისგან და წყლისგან. შედეგად, შესაძლებელი გახდა ნახშირისგან ბენზინის შემცვლელის მიღება. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანია და იაპონია ნავთობის დეფიციტის დროს სწორედ ამ ხერხს მიმართავდნენ.

ბოლო დროს ხელოვნური საწვავის შექმნის იდეა ძალიან მრავალწახნაგოვანი გახდა. გამოიგონეს საწვავის აღდგენადი რესურსებიდან მიღების არაერთი პროცესი, როგორც სუფთა ქიმიური, ისე ბიოქიმიური გზით (ბაქტერიების გამოყენებით).

ამჟამად, მსოფლიოში, მცენარეული ნედლეულისგან საწარმოო მასშტაბებით სპირტის, ბიოდიზელის და ბიოაირის მიღება ხდება. თუმცა, სპირტის წარმოება საკვების წარმოებას ეცილება სათეს ფართობებზე, ხოლო ბიოდიზელის და ბიოაირის წარმოებისთვის დანადგარებთან საკმაოდ დიდი რაოდენობის ნარჩენის მიტანაა საჭირო. „აუდის“ გრძელვადიანი მიზანია ეკონომიკურად გამართლებული სინთეტიკური საწვავის წარმოების შექმნა, რომელიც ნედლეულად მხოლოდ წყალს და ატმოსფეროს ნახშიროჟანგის აირს გამოიყენებს. ეს შეამცირებს ინდუსტრიის ნავთობზე დამოკიდებულებას და სოფლის მეურნეობაც არ დაზიანდება. პროექტის პარტიორები ცდილობენ პროექტის მოდიფიკაციას, რათა „ე-ბენზინის“ წარმოებისთვის მხოლოდ წყალი, ნახშირბადი და მზის ენერგია იყოს საჭირო.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close