არქივი

ცნობისმოყვარეობა – ფილოსოფოსის “უნარი”(II ნაწილი – ბუნების ფილოსოფოსები)

Screen shot 2011 10 21 at 11.42.00 AM

საიდან გაჩნდა ყოველივე არსებული? რა განაპირობებს ბუნების მუდმივ ცვალებადობას?როგორ ჩნდება მატერია? – მრავალი ათასწლეულის განმავლობაში ადამიანები ამგვარი კითხვებისთვის პასუხის გასაცემად მითოლოგიას იშველიებდნენ, თუმცა ეს მაინცდამაინც არ მოსწონდათ ბერძნებს, რომლებიც ცდილობდნენ სხვაგვარად აეხსნათ ეს ყველაფერი და რომლებსაც ბუნების ფილოსოფოსები ეწოდებათ…

ადამიანები, მათ შორის ფილოსოფოსები გამუდმებით ხედავდნენ, რომ ბუნება გამუდმებით იცვლებოდა(იცლება), ამიტომაც უჩნდებოდათ კითხვა – რა განაპირობებდა ამ ცვალებადობას? როგორ ხდებოდა, რომ წყლიდან იბადებოდა თევზი, მკვდარი მიწიდან კი – ვეებერთელა ხეები და საუცხოო ყვავილები. როგორ ხდებოდა, რომ რაღაც ჯერ მატერია იყო, შემდეგ კი ცოცხალ არსებად იქცეოდა? ძველ ფილოსოფოსებს აერთიანებდათ რწმენა, რომ ყოველგვარ ცვლილებას პირველადი ელემენტი უდევს საფუძვლად. რთული ასახსნელია, როგორ მივიდნენ ისინი ასეთ დასკვნამდე, თუმცა ის შემიძლია ვთქვა, რომ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა აზრი პირველად სუბსტანციაზე, როგორც ბუნებაში მომხდარი ყოველგვარი ცვლილების ფარულ მიზეზზე. – უნდა არსებობდეს “რაღაც”, რისგანაც ყველა საგანი მოდის და რასაც ყველა საგანი უბრუნდება.

თუმცა, ჩემი აზრით, საინტერესოა არა ის, თუ რა აზრები მოდიოდათ თავში ამ იდეის ავტორებს, არამედ ის – როგორი იყო მათი აზროვნების წესი. ისინი სვამდნენ კითხვებს იმ ცვლილებების შესახებ, რასაც ფიზიკურ სამყაროში ხედავდნენ. ისინი ბუნების შინაგან კანონებს ეძებდნენ. სურდათ, გაეგოთ, რა ხდებოდა მათ ირგვლივ, ოღონდ ისე, რომ ძველისძველ მითებს არ მიბრუნებოდნენ. და, რაც ყველაზე მთავარია, სურდათ, ჩასწვდომოდნენ რეალურად მიმდინარე პროცესებს თვით ბუნების შესწავლით, ამიტომაც ასეთ ფილოსოფოსებს ბუნების ფილოსოფოსები ეწოდებათ.  ასეთი მიდგომა კი იყო ახალი ეტაპის დასაწყისი, ანუ დასასრული იმ ეპოქისა, როცა ჭექა-ქუხილი, ელვა, ზამთარი და ზაფხული ღმერთების თავგადასავალს(მითოლოგია) უკავშირდებოდა. ამგვარად, ფილოსოფია თანდათანობით გათავისუფლდა რელიგიისგან. შეიძლება ითქვას, რომ ბუნების ფილოსოფოსებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს მეცნიერული განსჯისკენ და ამით მეცნიერების წინამორბედად მოგვევლინნენ.

ბუნების ფილოსოფოსებსა და მათი ნააზრევის შესახებ ცნობებს მათზე 2-3 საუკუნის შემდეგ მოღვაწე არისტოტელე გვაწვდის. ეს ფილოსოფოსებია: თალესი, ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე. შევეცდები მოკლედ და გაერთიანებულად მიმოვიხილო მათი ნააზრევი და მოგითხროთ მათ შესახებ:

ჩვენთვის ცნობილი პირველი ფილოსოფოსია თალესი, რომელიც დაიბადა მილეთში, მცირე აზიის ტერიტორიაზე მდებარე ბერძნულ კოლონიაში. მან მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა, მათ შორის ეგვიპტეშიც, სადაც, როგორც ამბობენ, გამოთვალა პირამიდის სიმაღლე მისივე ჩრდილის მიხედვით სწორედ იმ მომენტში, როცა თვით თალესის ჩრდილი მისი სიმაღლის ტოლი იყო. იმასაც ამბობენ, რომ ზუსტად იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება ჩვ.წ.აღ 585 წელს.

თალესს მიაჩნდა, რომ ყველაფრის საწყისია წყალი. ალბათ, ზუსტად ვერ ვიტყვით, რისი თქმა სურდა ამით ფილოსოფოსს, შესაძლოა იმის, რომ სიცოცხლე წყლიდან წარმოიშვა და წყლადვე იქცევა. ეგვიპტეში მოგზაურობისას ის ნახავდა, თუ როგორ იზრდებოდა ყანები მას შემდეგ, რაც ადიდებული ნილოსი კალაპოტში ჩადგებოდა და ხმელეთიდან თავისი დელთის მიდამოებში უკუიქეოდა. ალბათ, ფილოსოფოსი იმასაც შეამჩნევდა, როგორ ჩნდებოდნენ ბაყაყები და ჭიები წვიმის გადაღებისთანავე. სავარაუდოა, რომ თალესი აკვირდებოდა, თუ როგორ იქცეოდა წყალი ორთქლად და ყინულად, შემდეგ კი – ისევ წყლად.  თალესსავე მიეწერება გამოთქმა, რომ “ყველაფერი ღმერთებითაა სავსე”. იგი ხედავდა, როგორ იბადებოდა შავი მიწიდან ყველაფერი  ყვავილებითა და მოსავლით დაწყებული-მწერებითა და ტარაკანებით დამთავრებული და წარმოიდგენდა, რომ მიწა აღსავსე იყო უმდიდრესი “სიცოცხლე-ჩანასახებით”. ყოველშემთხვევაში, ერთი რამ ნათელია, თალესი ღმერთებში მითოლოგიურ ღმერთებს არ გულისხმობდა.

მეორე ფილოსოფოსი იყო ანაქსიმანდრე, რომელიც მილეთში ცხოვრობდა დაახლოებით თალესის დროს. ანაქსიმანდრეს აზრით, ჩვენი სამყარო ერთ-ერთია აურაცხელ სამყაროთაგან და ისინი იშვებიან და იღუპებიან იმის წიაღში, რასაც ის “უსაზღვროს” უწდებს. რთულია თქვა რას გულისხმობდა იგი ამაში, მაგრამ ფაქტია, არა – რომელიმე ელემენტს, როგორც იქცეოდა თალესი. შესაძლოა ანაქსიმანდრე გულისხმობდა, რომ სუბსტანცია, რომლისგანაც ყველა საგანი იშვება, უნდა განსხვავდებოდეს მის მიერვე შექმნილი საგნებისგან. რადგან ყველა საგანი განსაზღვრული, დასაზღვრულია, ამდენად, ის რაც მათ წინ უძღვის უნდა იყოს “უსაზღვრო”. ცხადია ანაქსიმანდრეს ეს ბუნდოვანი იდეა ვერ იქნება ისეთი ჩვეულებრივი რამ, როგორც “თალესის წყალი”.

მესამე მილეთელი ფილოსოფოსი იყო ანაქსიმენე, რომელიც ძვ.წ.აღ მეექვსე საუკუნეში ცხოვრობდა. ის ყველა საგნის პირველად წყარო ჰაერსა და ორთქლს ასახელებდა. რასაკვირველია, ანაქსიმენე იცნობდა თალესის თეორიას წყალზე, მაგრამ მას გაუჩნდა კითხვა – საიდან იშვა წყალი – ის ფიქრობდა, რომ წყალი კონდენსირებული ჰაერი იყო და ჰაერი ჩათვალა “უზენაესად”. აგრეთვე, ის ფიქრობდა, რომ ყლის კიდევ უფრო მეტად დაწნეხვით მიწა წარმოიქმნებოდა, რადგან ამჩნევდა, როგორც ჩნდებოდა ქვიშა და მიწა ყინულის ლღობის შემდეგ. იგი იმასაც კი ფიქრობდა, რომ ცეცხლი გაიშვიათებული ჰაერი იყო. საბოლოოდ, ანაქსიმენეს მიხედვით ჰაერი იყო მიწის, წყლის და ცეცხლის საწყისი. აქედან გამომდინარე, ისიც, თალესის მსგავსად, ფიქრობდა, რომ არსებობდა ერთი, საწყისი “სუბსტანცია” – ბუნების ყოველგვარი ცვლილების საფუძველი.

გაგრძელება – “არაფრისგან არაფერი წარმოიშვება”…

ინფორმაციის ნაწილი: “სოფის სამყარო”

მსგავსი ამბები

Back to top button