არქივი

3 უძველესი ქართული სახარება

63dc30a26710
ჯრუჭის ოთხთავი — X საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. იგი ქართული ოთხთავის უძველესი რედაქციაა და ერთ-ერთი პირველია კლასიკურად ილუსტრირებულ ხელნაწერთაგან. გადაწერილია შატბერდის მონასტერში, კალიგრაფ გაბრიელის მიერ 936-940 წლებში. ხელნაწერი მოხატულია თევდორე კამარათმწერლის მიერ, მომგებელი კი გრიგოლ მირდატის ძეა.
საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შეიცავს 297 ფურცელს; ფურცლის ზომებია 26X21 სანტიმეტრი. გადაწერილია ასომთავრულით შავი მელნით, სათაურები და საზედაო ასოები კი სინგურითაა შესრულებული. მათესა და მარკოზის სახარებების ბოლო ნაწილები, რომლებიც მინიატიურებიან ფურცლებზე სრულდება, მხატვრის მიერაა გადაწერილი.
ჯრუჭის I ოთხტავი ერთადერთი ხელნაწერია ამ ეპოქიდან, რომელშიც მომხატველის სახელი მოხსენიებულია. ხელნაწერი შემკულია ჯვრებით, კამარებით, რვა კანონითა და რვა მინიატიურით. წინ წამძღვარებული აქვს კვადრიფოლიუმის მოყვანილობის ჯვარი, თაღოვან ჩარჩოში ჩასმული ღვთისმშობელი ყრმითურთ, მახარებლებისა და კურნების სცენები.

07dda7333e7a
პარხლის ოთხთავი — ქართული ხელნაწერი, დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A-1453), შეიცავს 260 ფურცელს, ერთვის ანდერძი, საიდანაც ირკვევა, რომ ხელნაწერი შატბერდშია გადაწერილი იოანე ბერაის მიერ და შეუწირავთ პარხლის ახალი ეკლესიისათვის: „მე იოვანე ბერამან, მწერალმან შატბერდელმან, შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ყოველთა ძმათა შატბერდელთა…” ძეგლი დათარიღებულია: „დაიწერა დასაბამითგანთა წელთა ხფოზ. ქრონიკონი იყო რჟგ”. ხფოზ=6577 (6577-5604=973წ.); რჟგ=193 (780+193=973წ.).
პარხლის ოთხთავს 1889 წელს მიაგნო ექვთიმე თაყაიშვილმა და მის შესახებ გამოაქვეყნა ცნობა 1890 წელს წიგნში „სამი ისტორიული ქრონიკა”. ხელნაწერი ინახებოდა სოფელ ზემო ჭალის მღვდელთან, ვინმე სუხიევთან (სუხიაშვილთან). ამ უკანასკნელის სიტყვებით სახარება მას გორიდან ჰქონდა წაღებული, იგი ეკუთვნოდა იბანე აბაშიძის ქვრივს. ვინაიდან მღვდელმა არ ინდომა სახარების გადაცემა, ეყვთიმე თაყაიშვილი მასთან დადიოდა და სწავლობდა ხელნაწერს. როგორც გაირკვა, სახარება გადაწერილი ყოფილა იმავე იოვაბე ბერაის მიერ, რომელსაც გადაუწერია შატბერდის კრებული, რაც საშუალებას იძლეოდა შატბერდის უთარიღო ხელნაწერის დათარიღებისა. მ. სუხიაშვილისის გარდაცვალების შემდეგ ხელნაწერს ვეღარ მიაგნეს. 1920 წელს ოთხთავი უნივერსიტეტში მიიტანა გერმანიის კონსულმა, რომლისთვისაც შესაძენად შეუთავაზებიათ ეს უკანასკნელი. პირი, რომელსაც განთქმული ოთხთავი თავისად მიაჩნდა, იძულებული შეიქნა უნივერსიტეტისათვის დაეთმო იგი. ასე გადაურჩა ეს ხელნაწერი უცხოეთში გაყიდვას.

359c41daac8c
ვანის ოთხთავი, ვანის სახარება — XII-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერი სახარება. ხელნაწერი გვერდის ზომაა 29¬x21, ნაწერი სვეტისა – 19¬x5,2 სმ; შესრულებულია ეტრატზე ორ სვეტად, ნუსხახუცურით. სათაურები და საზედაო ასოები დაწერილია ასომთავრულით. შედგება 274 ფურცლისაგან. გადაწერილია იოანეს მიერ, პრომაის (რომანის) ქართველთა მონასტერში, კონსტანტინოპოლში, თამარ მეფის დაკვეთით. ტექსტის რედაქცია ეკუთვნის გიორგი მთაწმიდელს. დაცული ყოფილა შორათას მონასტერში (მესხეთში, XIV-XV სს.), ვანში (XVIII ს.), გელათში (XIX ს.). თბილისში ჩამოიტანა ვახტანგ ბერიძემ. ხელნაწერი მდიდრულადაა მოხატული, შემკულია კამარებით, მახარებელთა გამოსახულებებით, თავსამკაულებითა და მინიატიურებით ახალი აღთქმიდან. შესრულებულია მრავალშრიანი საფერწერო ტექნიკით. უხვად არის გამოყენებული ოქრომელანი და სინგური. დაცულია თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A 1335)

 

წყარო : ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button