გართობაუცნაური

თამაში ჭვავის ყანაში(ნაწილი 7,8,9)

837827c5f88f
აბა ეხლა დაესიეთ ნუ ვისაც გინდათ

ნაწილი 7

ფარდის ჭუჭრუტანაში ჩვენი ოთახიდან სინათლის პატარა ჭავლი ატანდა და გავარჩიე, რომ ეკლი იწვა. ვიცოდი, ნამდვილად ეღვიძა.
– ეკლი! – ვთქვი მე, – გღვიძავს?
– ჰო.
ბნელოდა. იატაკზე ვიღაცის ფეხსაცმელს წამოვედე და თავით კინაღამ წავედი. ეკლი წამოიწია და იდაყვს დაეყრდნო. სახე ერთიანად წაეთხუპნა თეთრი რაღკაცით. სიბნელეში მოჩვენებას ჰგავდა.
– რა ჯანდაბას აკეთებ? – ვკითხე მე.
როგორ თუ რას ვაკეთებ?! დაძინება მინდოდა, მაგრამ ვინ დაგაძინა – ისეთი აურზაური ასტეხეთ! ნეტა რა გაჩხუბებდათ?
– სინათლე სადა გაქვთ? – ხელის ცეცებით შემოვიარე მთელი კედელი, მაგრამ ამომრთველს ვერ მივაგენი.
– რა ოხრობად გინდა? – მანდვეა, ხელმარჯვნივ.
როგორც იქნა ვიპოვნე და ავანთე. ეკლიმ თვალებზე ხელი მიიფარა.
– ღმერთო! – შესძახა მან, – ეს რა მოგსვლია? – ახლაღა დაინახა ჩემი გასისხლიანებული სახე.
– მე და სტრედლეიტერი ცოტათი წავკინკლავდით, – ვუთხარი. მერე პირდაპირ იატაკზე მოვირთხი ფეხი. სკამს წამლად ვერ ნახავდი იმათ ოთახში. ვერ გამიგია, რა ოხრობას უშვებოდნენ სკამებს.
– მოიხედე, – ვუთხარი მე, – ერთი ხელი კანასტა არ გინდა?
კანასტის გიჟი იყო.
– სისხლი გდის. რამე დაიდევი მაინც.
– თავისით შემიდედდება. მოიხედე, კანასტა არ გინდა?
– კანასტა?! რა გეკანასტება – ნეტა თუ იცი რა დროა!
– ჯერ ადრეა. თერთმეტი იქნება. დიდი-დიდი, თორმეტის ნახევარი.
– დიდი-დიდი, თორმეტის ნახევარი! – გამომაჯავრა ეკლიმ, – შენ რა გენაღვლება! ხვალ უთენია უნდა წამოვხტე და წირვაზე გავვარდე. თქვენც რაღა შუაღამისას მოგინდათ ჩხუბი და ღრიალი. ვიცოდე მაინც რა ოხრობამ აგტეხათ!
– გრძელი ამბავია. თავს არ მოგაბეზრებ. ხომ ხედავ, როგორა ვზრუნავ შენზე, ეკლი! – ეგღა მაკლდა, რომ ეკლისთვის გადამეშალა გული. სხვას რომ თავი დავანებოთ, სტრედლეიტერზე უფრო სულელი იყო. ამასთან შედარებით სტრედლეიტერი გენიოსი მოგეჩვენებოდათ. – ე, – ვუთხარი მე, – მოდი ელის ლოგინში ჩავწვები ამაღამ! ხვალ საღამომდე მაინც არ დაბრუნდება, კარგი?
ვიცოდი, რომ არ დაბრუნდებოდა. ყოველ შაბათს შინ მიემგზავრებოდა ხოლმე.
– ეშმაკმა იცის, როდის დაბრუნდება, – თქვა ეკლიმ.
ჰოი, ბიჭო, როგორ გამიწვრილდა გული!
– ვითომ რა, არ იცი, როდის დაბრუნდება?! როდის ყოფილა, რომ კვირა საღამომდე დაბრუნებულიყოს!
– ეგეც მართალია, მაგრამ რა ჩემი საქმეა, სხვის ლოგინში ჩაწოლის ნებას როგორ მოგცემ!
ამამნ მთლად მომსპო. არ ავმდგარვარ ისე, იატაკიდან წამოვიწიე და მხარზე ხელი მოვუთათუნე.
– ნამდვილი პრინცი ხარ, ეკლი-ბალღო, – ვუთხარი, – ნამდვილი პრინცი!
– არა, განა იმას ვიძახი… მაგრამ სხვის ლოგინში ჩაწოლის ნება როგორ უნდა მოგცე!..
– ნამდვილი პრინცი ხარ. ჯენტლმენი და სწავლული ხარ, ბალღო, – ვუთხარი მე. და მართლაც ასე იყო, – შემთხვევით, სიგარეტი ხომ არა გაქვს? ნუ მეტყვი, «არაო», თორემ ახლავე ფეხბსა ვფშიკავ.
– არა, არა მაქვს. მოიხედე, მითხარი, – რაზე იჩხუბეთ?
არ ვუპასუხე. წამოვდექი და ფანჯარას მივადექი. უცებ ისეთი ნაღველი შემომაწვა! ნეტა ახლავე გამაცხებინა სული-მეთქი, ვინატრე.
– მაინც, რა ჯანდაბაზე იჩხუბეთ? – ბარე ორმოცდაათჯერ ჩამეკითხა ეკლი. – მანამ ტვინს არ გაგიხვრეტდა, რას მოგეშვებოდა!
– შენ გამო ვიჩხუბეთ.
– ჩემ გამო?! ნეტა რას ბოდავ!
– ნამდვილად. შენს ღირსებას ვიცავდი. დაიჟინა, ეკლი ბინძური კაციაო, ამას მოვუთმენდი?
ერთბაშად აპილპილდა.
– მართლა ასე თქვა? ნუ მომატყუებ. ასე გითხრა?
გეხუმრები-მეთქი, ვუთხარი. მერე მოვბრუნდი და ელის ლოგინზე წამოწექი. ჰოი, ბიჭო, რა ძაღლის გუნებაზე ვიყავი. როგორ მეწურებოდა გული!
– ყარს აქაურობა, – ვთქვი მე, – შენი წინდების სუნი აქა მცემს. ერთხელ მაინც არ გინდა გაარეცხინო?
– თუ არ მოგწონს, იცი, რა ქენი… – მითხრა ეკლიმ. სულ ჭკუით იყო გატენილი. – ამ ოხერ სინათლეს აღარ ჩააქრობ?
მის სიტყვაზე მაინც არ ჩავაქრე. ვიწექი ელის ლოგინში, ვფიქრობდი ჯეინზე და ათას რამეზე. ვგიჟდებოდი პირდაპირ, როცა წარმოვიდგენდი, როგორ იყვნენ მოყუჟული ჯეინი და სტრდელეიტერი იმ გასიებულ ედ ბენკის მანქანაში. რამდენს გავიფიქრებდი, იმდენი ფანჯრიდან გადახტომა მომინდებოდა. თქვენ არ იცით, ვინა ბრძანდება სტრედლეიტერი, მე კი ვიცი. ზოგ-ზოგი ბიჭები ბევრს ბაქიბუქობდნენ, გოგოებს ასე და ისე ვუშვრებითო… ეკლისთანა ვაჟბატონები, მაგალითად… მაგრამ ტყუოდნენ. სტრედლეიტერი კი ნამდვილად აკეთებდა. მაგის ნათრევ ერთ-ორ გოგოს ვიცნობდი კიდეც. არ გეხუმრებით.
– ეკლი, ბალღო, მოდი ერთი შენი მომხიბლავი თავგადასავალი მიამბე, – ვუთხარი მე.
– აღარ ჩაქრობ მაგ ოხერ სინათლეს?! დილით წირვაზე ვარ წასასვლელი.
ავდექი და ჩავაქრე. ეს თუ მიანიჭებდა ბედნიერებას, როგორ დავაყვედრებდი. მერე ისევ ელის ლოგინში ჩავწექი.
– შენ რა, – ელის ლოგინში დაძინებას აპირებ? – მკითხა ეკლიმ. ჰოი, ბიჭო, რა მასპინძლობა გამოიჩინა.
– იქნებ დავიძინო კიდეც, იქნებ – არა. შენ ნუ ღელავ.
– მე კი არა ვღელავ, მაგრამ ვერაფერი სასიამოვნო იქნება, უცებ ელი დაბრუნდეს და ლოგინში დაუხვდე…
– ნუ გეშინია. აქ არ ვაპირებ დაძინებას. ბოროტად არ გამოვიყენებ შენს სტუმართმოყვარეობას.
ორ წუთს არც გაუვლია, რომ გიჟივით ხვრინვა ამოუშვა. მე კი ვიწექი სიბნელეში და ვცდილობდი არ მეფიქრნა, როგორ იყვნენ მოყუჟულნი იმ ოხერი ედ ბენკის მანქანაში ჯეინი და სტრედლეიტერი. ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. უბედურება ის იყო, რომ მშვენივრად ვიცოდი, რა გაქნილიც ბრძანდებოდა სტრედლეიტერი. და ეს კიდევ უფრო მიშხამავდა გუნებას. ერთხელ, სწორედ იმ ედ ბენკის მანქანაში ვსხედვართ და თან ჩვენი გოგოები გვახლავს. სტრედლეიტერი და მისი გოგო უკან სხედან, მე კი წინ ვზივარ და გოგოც გვერდითა მყავს, ჰოი, რა გაქნილი ვაჟბატონი ბრძანდებოდა. რომ მიანაზა ხმა და მოხსნა გუდა, სულიც აღარ მოათქმევინა გოგოს… თან რა გულითადი ხმით ელაპარაკება, ვითომდა – მარტო ლამაზი და მოხდენილი კი არა ვარ, ისედაც ალალი ბიჭი გახლავარო. ლამის გული ამერია, მისი სიტყვები რომ გავიგონე. გოგოს კი – არა და არაო, დაუჟინია. ნუო, ნუ გინდაო. მაგას ნუ იზამო. მაგრამ ერთი რომ დაიქოქა სტრედლეიტერი, სული აღარ მოათქმევინა. ისე მინაზებული და გულითადი ხმით ელაქუცებოდა – გეგონებოდა, აბრამ ლინკოლნი გამოგვეცხადაო. მერე ერთბაშად გაიტრუნენ მანქანის უკანა სავარძელში. ძაან უხერხული იყო. არა მგონია, იმ დღეს რამე ექნას იმ გოგოსთვის, მაგრამ არც რამე დაუკლია. ნამდვილად არ დაუკლია.
ვიწექი და ვცდილობდი, ამეებზე არ მეფიქრა. უცებ გავიგონე, როგორ შემოვიდა პირსაბანიდან სტრედლეიტერი, როგორ მიჰყარ-მოჰყარა თავისი ბინძური პირსაბანი მოწყობილობა და ფანჯარა გამოაღო. სუფთა ჰაერის გიჟი იყო. ცოტა ხნის შემდეგ სინათლეც ჩაქრო. არც კი მიუხედ-მოუხედავს, ნეტა სად წავიაო.
ქუჩაშიაც გულისგამაწყალებელი სიჩუმე იყო. მანქანის ხმასაც კი ვერ გაიგონებდი. ისეთი სიმარტოვე ვიგრძენი და ისე მომეწურა გული, რომ ეკლის გაღვიძება გადავწყვიტე.
– ჰეი, ეკლი! ჩურჩულით გადავძახე, რომ ფარდებს იქით სტრედლეიტერს არ გაეგონა.
მაგრამ ეკლიმ ვერ გაიგონა.
– ჰეი, ეკლი!
ვერც ახლა გავაგონე. მკვდარივით ეძინა.
– ჰეი, ეკლი!
როგორც იქნა, გაიგონა.
– რა ჯანდაბა მოგივიდა? – თქვა მან, – ძლივს ჩამეძინა.
– მოიხედე, მონასტერში როგორ უნდა შევიდეს კაცი? – ვკითხე მე. უცებ გადავწყვიტე მონასტერში შევსულიყავი, – უსათუოდ კათოლიკე უნდა იყო, თუ არა?
– ალბათ. ამისთვის გამაღვიძე, შე ნაბიჭვარო, შე…
– კარგი ერთი, ისევ დაიძინებ. სულერთია, მაინც არ წავალ მონასტერში. იმისთანა იღბალი მაქვს, რომ ყველაზე საშინელ ბერებთან მოვხვდები. რაც ქვეყანაზე შტერები და ნაბიჭვრებია, სულ იქ იქნებიან თავმოყრილი.
ვთქვი თუ არა ეს, ეკლი გველნაკბენივით წამოხტა ლოგინიდან.
– იცი რა გითხრა, – თქვა მან, – პირადად ჩემზე რამდენიც გენებოს ილაპარაკე, მაგრამ ჩემი რელიგიის გამასხარავება თუ დაიწყე…
– დამშვიდდი, კაცო, ვის რაში სჭირდება შენი ოხერი რელიგიის გამასხარავება.
ელის ლოგინიდან წამოვდექი და კარებისაკენ გავემართე. ვეღარ გავძელი იმ სიმყრალეში. ეკლისთან შევჩერდი, მისი ხელი ავიღე და მაგრად ჩამოვართვი. სწრაფად გამომტაცა ხელი.
– რა დაგესიზმრა? – მკითხა მან.
– არაფერიც არ დამსიზმრებია. მადლობა მინდა გითხრა, ასეთი დიდებული პრინცი რომ ხარ. ეგ არის და ეგ, – ისე გულწრფელად ვუთხარი!.. ყოჩაღი ბიჭი ხარ, ეკლი, ბალღო! – განვაგრძე მე, – იცი, რა ყოჩაღი ბიჭი ხარ!
– დიდი ჭკუის კოლოფი მყავხარ! ერთხელაც იქნება, გაგიხეთქავენ მაგ გოგრას და…
აღარ შემიწუხებია თავი მისი ლაპარაკის მოსასმენად. გამოვიუხრე კარები და დერეფანში გამოვედი.
ზოგს ეძინა, ზოგი სადღაც იყო გასული, ზოგიც შინ გამგზავრებულიყო, და დერეფანში საშინელი, გულისშემაღონებელი სიჩუმე იდგა. ლეჰისა და ჰოფმანის კარებთან კბილის პასტის დაცარიელებული კოლოფი ეგდო. გავკარი ჩემი ბეწვშემოვლებული ფოსტლების ჭვინტი და წინ გავიგდე. თან კიბისაკენ მივდიოდი, თან ფეხსა ვკრავდი. გადავწყვიტე, ქვევით ჩავსულიყავი და ჩემი ძველი მელ ბროსარი მომენახულებინა – აბა ერთი რას აკეთებს-მეთქი. მაგრამ ერთბაშადვე გადავიფიქრე. უცებ გადავწყვიტე, ავმდგარიყავი და პენსი სულ მიმეტოვებინა… მაშინვე, იმღამესვე. ოთხშაბათამდე რაღა ჯანდაბისთვის უნდა მეცადა რა უნდა მეკეთებინა? გული დამიმძიმდა, საშინელი მარტოობა დამეუფლა. ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, ნიუ-იორკში ჩავსულიყავი და სასტუმროში ოთახი დამეჭირა… რომელიმე იაფფასიან სასტუმროში… მულერთი იყო, ოთხშაბათამდე იოლას გავიდოდი. დავისვენებდი კიდეც მანამდე, გუნებაც გამომიკეთდებოდა და შინ ისე მივიდოდი. ჩემის ვარაუდით, დედაჩემსა და მამაჩემს სამშაბათ-ოთხშაბათამდე არც უნდა მიეღოთ თარმერისაგან ჩემი გამოპანღურების ამბავი. არ მინდოდა შინ დაბრუნება მანამ წერილს მიიღებდნენ და ამ ამბავს შეურიგდებოდნენ. რა სასიამოვნო იყო შინ ყოფნა, როცა პირველად წაიკითხავდნენ წერილს! დედაჩემს ისტერიკა ემართება ხოლმე. მერედამერე არა უშავს, როცა შეეჩვევა და შეეგუება. მე კიდე ცოტა დასვენება მჭირდებოდა. ნერვები სულ მოშლილი მქონდა, საშინლად გაღიზიანებული ვიყავი.
ერთი სიტყვით, ასე ვამჯობინე. ოთახში შევბრუნდი, სინათლე ავანთე და ბარგის ჩალაგებას შევუდექი. ბევრი რამე უკვე ჩალაგებული მქონდა. სტრედლეიტერს არც კი გაუღვიძია. სიგარეტი გავაბოლე, ჩავიცვი და მერე ჩემი ორი ჩემოდანი ჩავალაგე. ორიოდ წუთში მოვრჩი. ხელად ვალაგებ ხოლმე ბარგს.
ჩალაგების დროს, ცოტა არ იყოს ერთმა რამემ დამაღონა. სულ ახალთახალი ციგურები ჩავაწყვე ჩემოდანში, დედაჩემმა ორიოდე დღის წინ გამომიგზავნა. წარმოვიდგინე, როგორ შედის დედაჩემი სპორტულ მაღაზიაში, ათას სულელურ რაღაცას ეკითხება ნოქარს… მე კი აგერ გამომაპანჩურეს! საშინლად დამწყდა გული. სულ ასე არ მემართება! რამეს მაჩუქებენ და საბოლოოდ უსათუოდ გული უნდა დამწყდეს ხოლმე.
ჩალაგებას რომ მოვრჩი, ფული დავითვალე. კარგად არ მაგონდება, რამდენი მქონდა, მაგრამ ისე ბლომად იყო. სწორედ წინა კვირაში გამომიგზავნა ბებიაჩემმა. ბებია მყავს – სულ არ ენანება ფული. მთლად დალაგებული ვერ არის ჭკუაზე – გადამღრძვალი დედაბერია – და წელიწადში ბარე ოთხჯერ მიგზავნის დაბადების დღეზე ფულს. ერთი სიტყვით, ფული ბლომად მქონდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე – ზედმეტი ვის მოსჭარბებია-მეთქი, რა იცი, რაში დამჭირდება. ასე რომ, დერეფანს დავუყევი და ფრედერიკ ვუდრაფი გავაღვიძე. ჩემი საბეჭდი მანქანა იმას ჰქონდა. რამდენს მომცემ მაგ მანქანაში-მეთქი, ვკითხე. კაი შეძლებული ბიჭ იყო. არ ვიციო, მითხრა. მართალი თუ გინდა, ყიდვას არც ვაპირებდიო. ბოლოს მაინც იყიდა. ორმოცდაათამდე დოლარი ღირდა, მაგრამ ოცზე მეტი არ მომცა. განაწყენებულიც კი დამირჩა – რას გამაღვიძეო.
წასასვლელად რომ გავემზადე, – როცა ჩემოდნებიც ჩავალაგე და ყველაფერი, – კიბის თავში შევდექი და უკანასკნელად გავხედე იმ ოხერ დერეფანს. ტირილი მომერია. არ ვიცი, რატომ. ჩემი წითელი სანადირო ქუდი დავიხურე, კარტუზი უკან მოვაქციე ჩემებურად და რაც ძალი და ღონე მქონდა, დავიღრიალე: «მაგრად იძინეთ, თქვე კრეტინებო!» თუნდა სანაძლეოს ჩამოვალ, რაც ჩემს სართულზე ნაბიჭვრები იყო, სულ გავაღვიძე. ვიღრიალე და კიბეზე დავეშვი. ვიღაც ჩერჩეტს საფეხურებზე თხილის ნაჭუჭები დაეყარა და კისერი კინაღამ მოვიტეხე.

ნაწილი 8

ტაქსს ან რამე სად იშოვიდი ამ შუაღამისას და ისევ ფეხით დავადექი სადგურის გზას. შორს არ ყოფილა მაინცდამაინც, მაგრამ საშინლად ციოდა და ძნელი სასიარულო იყო თოვლზე. ახლა ეს ოხერი ჩემოდნებიც! ფეხებზე მედებოდა. თუმცა გარეთ გამოსვლა და სუფთა მაინც მესიამოვნა. ეგ იყო, რომ ცხვირიც წამეყინა, და ტუჩებიც. სტრედლეიტერმა მომარტყა სწორედ ამ ადგილას. ისე მდრუზა, რომ ტუჩი კბილს მიასრისა, და ახლა მაგრად მტკიოდა. ყურები კი თბილად მქონდა შეფუთნული. ჩემს ახალნაყიდ ქუდს გამოსაშვები საყურეები ჰქონდა და ჩამოვიფარე – ფეხებზე არ მეკიდა, რა შესახედავიც ვიქნებოდი! თანაც კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ყველა ლოგინში იყო შეყუჟული.
იღბლად, დროზე მივედი სადგურში, ათი წუთიღა აკლდა მატარებლის გასვლას. მანამ მატარებელს ვუცდიდი, პეშვით თოვლი ავიღე და სახე მოვიბანე – სულ სისხლი მქონდა შემხმარი.
მიყვარს მატარებდით მგზავრობა. განსაკუთრებით ღამით. ვაგონი გაჩახჩახებულია, ფანჯრები ჩაბნელებული, აგერ ბიჭი შემოდის და შემოაქვს ყავა, სენდვიჩები და ჟურნალები. მე ჩვეულებად მაქვს – ლორის სენდვიჩსა და სამ-ოთხ ჟურნალს ვიყიდი ხოლმე. მატარებელში როცა ვარ, ღამე, ჟურნალებში დაბეჭდილი სულელური მოთხრობებიც კი შემიძლია წავიკითხო – არც გული ამერევა და არც არაფერი. თქვენც გეცოდინებათ ეს მოთხრობები. სახეჩამოგრძელებული ქლესა ბიჭები რომ ჰყავთ გამოყვანილი, ყველას დავითი
ჰქვია, და იქვე თვალთმაქცი გოგოებიც არიან – ლიდა თუ მარსია ჰქვიათ. და იმ ოხერ დავითს წარამარა ცეცხლს უკიდებენ ჩიბუხზე. მატარებელში ამისთანა ნაგავსაც კი წაიკითხავთ ღამით. მაგრამ ახლა ნურას უკაცრავად, აღარ მქონდა კითხვის თავი. ვიჯექი გამოლენჩებული და არაფერს არ ვაკეთებდი. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ სანადირო ქუდი მოვიხადე და ჯიბეში შევინახე.
ტრენტონში ვიღაც ქალი ამოვიდა გვერდში მომიჯდა. ვაგონი ამ შუაღამისას თითქმის ცარიელი იყო, მაგრამ ეს ქალი თავისუფალ სკამზე კი დაჯდა, მე მომიჯდა გვერდში, რადგან ვეებერთელა ჩანთა ჰქონდა, მე კი წინა სკამზე ვიჯექი. აიღო და პირდაპირ გასასვლელში გამოდგა ეს ჩანთა. ვისაც არ უნდა გაევლო – კონდუქტორი იქნებოდა თუ სხვა ვინმე – უსათუოდ ფეხს წამოჰკრავდა. ეტყობოდა, რაღაც დიდი მეჯლისიდან თუ კამპანიიდან ბრუნდებოდა, და თან ჯადვარის თაიგული მოჰქონდა. ორმოცი-ორმოცდახუთი წლისა იქნებოდა, მაგრამ ძალიან ლამაზი კი იყო. ქალებმა მომიღეს ბოლო. ღმერთმანი. იმას კი არ ვამბობ, თითქოს დიდი მუსუსი და ქალებს გადაყოლილი ვიყო, მაგრამ ვნებიანი ნამდვილად ვარ. ერთი სიტყვით, მომწონს ქალები. მუდამ გასასვლელში უნდა გამოდონ ხოლმე თავიანთი ოხერი ჩანთები.
ვსხედვართ და უცებ მეუბნება:
– ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ ეს მგონი პენსის ნიშანი უნდა იყოს, არა?
ზემო ბადეზე შემოდებულ ჩემს ჩემოდნებს შეჰყურებდა.
– დიახ, – მივუგე მე. ერთს ჩემ ჩემოდანს მართლაც ეკრა პენსის ნიშანი.
– აჰ, მაშ პენსის სკოლაში სწავლობთ? – მკითხა მან. მშვენიერი ხმა ჰქონდა. ტელეფონში ისმის ხოლმე სასიამოვნოდ ასეთი ხმა. თან უნდა ატაროს ტელეფონი.
– დიახ, იქა ვსწავლობ, – ვუთხარი მე.
– უჰ, რა სასიამოვნოა! ჩემი ბიჭიც გეცნობათ, ალბათ, ერნესტ მოროუ. ისიც პენსიში სწავლობს.
– დიახ, ვიცნობ. ერთ კლასში ვართ.
რაც ეს ბინძური სკოლა არსებობს, ამის შვილზე საზიზღარ ნაბიჭვარს ალბათ ჯერაც არვის შემოუდგამს ფეხი იქ. შხაპქვეშ რომ იბანავებდა, დერეფანში გამოვიდოდა და თავისი სველი პირსახოცით დაერეოდა ყველას. აი, იმისთანა ვაჟბატონი გახლდათ.
– რა სასიამოვნოა! – თქვა მან. მაგრამ ლაქუცით არ უთქვამს. მომხიბლავი ქალი იყო. – უსათუოდ ვეტყვი ერნესტს. არ შეიძლება, თქვენი გვარი გავიგო?
– რუდოლფ შმიდტ, – პირდაპირ მივახალე. არავითარი სურვილი არა მქონია, ჩემი ვინაობა გამეცნო მისთვის.; რუდოლფ შმიდტი ჩვენი კორპუსის შვეიცარი იყო.
– გიყვართ პენსი? – მკითხა ქალმა.
– პენსი? არა უშავს რა. სამოთხეა-მეთქი, ვერ ვიტყვი და ვერაფერი, მაგრამ სხვა სკოლებსაც არ ჩამოუვარდება. ზოგი მასწავლებელი საკმაოდ კეთილსინდისიერია.
– ერნესტი პირდაპირ აღმერთებს.
– ვიცი, – დავეთანხმე მეც. და იცოცხლე. მოვხსენი თავი ტყუილების გუდას. სული აღარ მოვათქმევინე, – ძალიან საყვარელი კაცია. ღმერთმანი. მე ის მინდა გითხრათ, რომ ყველას ადვილად ეთვისება, იცის ვისთან როგორ დაიჭიროს თავი.
– მართლა? – გაფაციცებით მკითხა. ეტყობოდა, ძალიან დაინტერესდა.
– ერნესტი? რასა ბრძანებთ! – მივუგე მე. მერე ვხედავ, ხელთათმანებს იძრობს. ჰოი, ბიჭო, რა ბეჭდები ჰქონდა.
– ახლა გავიფუჭე ფრჩხილი, ტაქსიდან რომ გადმოვდიოდი, – მითხრა მან. შემომხედა და გამიღიმა. ძალიან უხდებოდა ღიმილი. ღმერთმანი. ხალხი ხომ საერთოდ სულაც არ იღიმება. ან თუ გაიღიმებს, სიცოცხლეს შეგაძულებს, – მე და ერნესტის მამას კი ძალიან გვაწუხებს მისი ამბავი, – განაგრძო, – თითქოს შემგუებელი ვერ არისო, ზოგჯერ გვეჩვენება.
– როგორ?
– როგორ გითხრათ. ძალიან მგრძნობიარე ყმაწვილია. ბიჭებთან მეგობრობას რაღაცნაირად ვერასოდეს ვერ ახერხებს. იქნებ ზედმეტი სერიოზულობით მოსდის. მისი ასაკისათვის შეუფერებელი სერიოზულობით.
«მგრძნობიარეაო!» ამან მომსპო. ფეხსადგილის ფიცარი უფრო მგრძნობიარე იქნება, ვიდრე ეს ვაჟბატონი, ეს მოროუ!
კარგად შევათვალიერე. სულ არ ჰგავდა შტერს. შესახედად ისეთი ქალი იყო, თითქოს უნდა სცოდნოდა, რა ნაბიჭვარის დედაც ბრძანდებოდა, მაგრამ დედებს რას გაუგებ. ცოტად თუ ბევრად, ყველა დედა შერყეულია. მოროუს დედა კი, მართალი თუ გინდათ, მომეწონა. კარგი ქალი იყო.
– სიგარეტს ხომ არ ინებებთ? – ვკითხე მე.
მიიხედ-მოიხედა.
– არ ამგონია, ეს ვაგონი მწეველების იყოს, რუდოლფ, – თქვა მან. «რუდოლფ» – ამან მომიღო ბოლო.
– არა უშავს რა. მანამ გვიყვირებენ, შეგვიძლია მოვწიოთ. – ვუთხარი. სიგარეტი გამომართვა. მე მოვუკიდე.
პაპიროსმა კიდევ უფრო დაამშვენა. ნაფაზსაც არტყამდა და ყველაფერი, მაგრამ ისე გამწარებით არა, ამ ხნის ქალებმა რომ იციან. ძალიან მომხიბლავი იყო. ქალური მიმზიდველობაც ჰქონდა, მართალი თუ გინდათ.
– იქნებ ვცდებოდე, მაგრამ, მგონი ცხვირიდან სისხლი უნდა გდიოდეთ, გენაცვალე, – მითხრა მან.
მე თავი დავუქნიე და ცუხვირსახოცი ამოვიღე.
– თოვლის გუნდა მომხვდა. – ვთქვი, – საშინლად გაყინული.
განა სიმართლეს არ ვეტყოდი, მაგრამ ამის მოყოლას ბევრი წილადობილა დასჭირდებოდა. ძალიან არ მომეწონა, რაც მართალია მართალია. ბოლოს გული დამწყდა, რომ ნამდვილი სახელი და გვარი არ ვუთხარი.
– ერნი, ერნი, – ვთქვი მე, – იქნებ არც კი იცოდეთ: თვალში რომ ჩაუვარდეთ, თითს არ ამოისვამენ მთელს სკოლაში, ისე უყვართ.
– ეგ არ ვიცოდი.
მე თავი დავუქნიე.
– პირველად უკარება ჩანს – დიდხანს ვერ დაუახლოვდები. საოცარი კაცია. ახირებული ხასიათი აქვს… ხომ გამიგეთ? თუნდაც მე რომ გავიცანი. ჯერ რაღაცნაირი გაბღენძილი მომეჩვენა. თავში მომეჩვენა ასე. მაგრამ სულ სხვა გამოდგა. რაღაცნაირი თავისებური კაცია, და ერთბაშად ვერ გაიცნობ.
მისის მოროუ გაიტრუნა. კრინტი არ დაუძრავს, მაგრამ, ჰოი ბიჭო, ერთი უნდა შეგეხედათ, როგორ მივაკარი ადგილს. დედების ამბავი ხომ იცით – ოღონდ შვილი უქეთ, და მეტი არა უნდათ რა.
ახლა კი მთლად ავიშვი და ავიწყვიტე.
– არჩევნებზე არაფერი უთქვამს? – ვკითხე მე, – კლასის არჩევნებზე?
თავი გააქნია. ეტყობა, სულ მოვაჯადოვე ეს ქალი. ღმერთმანი.
– თითქმის ყველას, ერთხმად, კლასის მამასახლისად გვინდოდა აგვერჩია. და თუ მართალი გნებავთ, მასავით სხვა ვერავინაც ვერ გაუძღვებოდა საქმეს, – ჰოი ბიჭო, რა ავიწყვიტე! – მაგრამ სხვა აირჩიეს – ჰარი ფენსერი. რატომ, არ იკითხავთ?! სულ უბრალო და მარტივი მიზეზის გამო – არასდიდებით არ დაგვასახელებინა თავი. ნამეტანი მორცხვი და მოკრძალებულია. თავი მოიკლა, არ მინდაო… ჰოი ბიჭო, რა მორცხვია! როგორმე უნდა გადააჩვიო, – შევხედე, – თქვენთვის არ უამბნია?!
– არა, არაფერი არ უთქვამს.
თავი დავაქნიე.
– აკი ვამბობ. რას გეტყოდათ! მისი ერთადერთი ნაკლი ეგ არის – ნამეტანი მორცხვი და მოკრძალებულია. უნდა გააჩვიოთ თანდათანობით.
ამ დროს კონდუქტორი მოგვადგა მისის მოროუს ბილეთის გასასინჯად და მეც გაჩუმების საბაბი მომეცა. თუმცა ჩემი თავის კმაყოფილი ვიყავი, რომ ამდენი რამე წამოვროშე. მოროუსთანა
ვაჟბატონები – სველ პირსახოცს რომ გირტყამენ ხოლმე და უნდათ როგორმე გაგამწარონ – მარტო ბავშვობაში კი არ არიან ლაჩრები, მთელ თავიანთ დღეს და მოსწრებას ლაჩრობაში ატარებენ. მაგრამ, თუნდა სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ჩემი მონაჭორის შემდეგ, მისის მოროუ თავს შვილს ყოველთვის მეტისმეტად მორცხვ და მოკრძალებულ ყმაწვილად წარმოიდგენს. ეხუმრებით – კლასის მამასახლისადაც კი არ დაგვასახელებინა თავი. ნამდვილად ასე იქნება. ასეა. დედას ადვილად მოატყუებ ამისთანა რამეებით.
– კოკტეილს არ ინებებთ? – ვკითხე მე. თვითონვე მომინდა კოკტეილი, – შეგვიძლია ვაგონ-რესტორანში გავიდეთ. არ გნებავთ?
– ჰო, მაგრამ, გენაცვალე, სასმელის დაკვეთის ნება გაქვთ? – მკითხა მან. ოღონდ ცხვირაბზეკით კი არა. ისეთი მომხიბლავი ქალი იყო, არც შეიძლებოდა ცხვირაბზეკით ეთქვა.
– არა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მაინც ვახერხებ, სიმაღლენ მიწყობს ხელს, – ვუპასუხე მე, – თანაც ჭაღარაცა მაქვს, – თავი მოვაბრუნე და თეთრი თმა ვაჩვენე. დამის გავაგიჟე. – წავიდეთ, ხათრს ნუ გამიტეხთ, ვითომ რატომ არ უნდა დალიოთ! – ძალიან მომინდა მასთან ერთად დალევა.
– არა მგონია, საჭირო იყოს. დიდი მადლობელი ვარ, გენაცვალე, – თქვა მან, – ვაგონ-რესტრანიც, ალბათ, დაკეტილი იქნება. ძალიან გვიან არის. – სულ გადამავიწყდა, რა დრო იყო.
მერე შემომხედა და სწორედ ის მკითხა, რისიც ყველაზე უფრო მეშინოდა.
– ერნესტი მწერდა, ოთხშაბათს ჩამოვალო, საშობაო არდადეგები ოთხშაბათს გვეწყებაო. იმედია, ავად არავინ გაგხდომიათ…
ეტყობა, მართლაც შეაწუხა ამის გაფიქრებამ. მოსაჩვენებლად კი არა, ზედვე ეტყობოდა, რომ ნამდვილად შეწუხდა.
– არა, შინ ყველანი კარგად არიან, – მივუგე მე, – მე თვითონა ვარ საოპერაციო.
– უი, რას მეუბნებით! რა სამწუხაროა! – თქვა მან. მართლაც, ძალიან შეწუხდა. მეც შევწუხდი, რატომ ვიცრუე-მეთქი, მაგრამ უკვე გვიანღა იყო.
– ისეთი არაფერია. ტვინზე პატარა სიმსივნე მაქვს.
– კარგით ერთი! – ხელი უცებ ტუჩებზე მიიფარა.
– ოჰ, ეგ არაფერი, გავუძლებ! გან შიგ ტვინში – ქერქზე მაქვს სიმსივნე, და ისიც ერთი ბეწო. ორ წუთში ამომკვეთავენ.
ჯიბიდან განრიგი ამოვიღე და კითხვა დავიწყე. მინდოდა ამ ტყუილების როშვისათვის ბოლო მომეღო. ერთი თუ ავაწყვე და თუკი არ მომბეზრდა, საათობით შემიძლია ვიქაქანო. არ გეხუმრებით, საათობით!
ამის შემდეგ ბევრი აღარ გვილაპარაკია. მისის მოროუს «ვოგი» ჰქონდა თან და იმაში ჩარგო თავი. მე კი ერთხანს ფანჯარაში ვიყურებოდი. იგი ნიუ-იორკში ჩამოხტა. ჯანმრთელობა მისურვა, ოპერაციას კარგად ჩაევლოსო. სულ რუდოლფს მეძახდა. მერე დამპატიჟა კიდეც – ამ ზაფხულს ერნის ეწვიე გლოსტერში, მასაჩუსეტშიო. ჩვენი სახლი პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს, თან ჩოგბურთის კორტიც გვაქვსო; მაგრამ მადლობა გადავუხადე – ბებიაჩემს სამხრეთ აფრიკაში უნდა გავყვე-მეთქი. ისევ ტყუილი გამოვაცხვე: ბებიაჩემი ათასში ერთხელ თუ გაბობღდება შინიდან, და ისიც წირვაზე წასასვლელად, მაგრამ ქვეყნის ფულიც რომ მომცენ, იმ გარეწარ მოროუს მაინც არ ვესტუმრები, თუნდაც სულ უსახლკარო ვიყო.

ნაწილი 9

ჩამოვხტი თუ არ აპენსილვანიის სადგურზე, მაშინვე ტელეფონის ჯიხურს ვეცი. მინდოდა, ვინმესთვის დამერეკა. ჩემოდნები იქვე დავაწყვე, ჯიხურიდან რომ მეცქირა. მაგრამ ჯიხურში რომ შევედი, ისეთი ვეღარავინ მოვიგონე, რომ დამერეკა. ჩემი ძმა დ.ბ. ჰოლივუდში იყო. ჩემი პატარა და – ფიბი – ცხრაზე უკვე ლოგინშია, როგორღა დავრეკავდი! გაღვიძებისათვის კი არ გამიბრაზდებოდა, მაგრამ მარტო ის ხომ არ იყო სახლში. ან დედაჩემი მოვიდოდა ტელეფონთან ან მამაჩემი. ასე რომ, შინ ვერ დავრეკავდი. ერთი პირობა ვიფიქრე, ჯეინ გადაჰერის დედას დავურეკავ და ვკითხავ, ჯეინს არდადეგები როდის ეწყება-მეთქი, მაგრამ აღარ დამიჯდა ჭკუაში, ჯერ ერთი, ამ შუაღამისას დარეკვაც უხერხული იყო. მერე გადავწყვიტე, იმ გოგოსთვის დამერეკა, რომელსაც ხშირად ვხვდებოდი ხოლმე – სალი ჰეისს, ვიცოდი, სკოლიდან უკვე დათხოვილი იყო საშწობაოდ, თვითონვე მომწერა უშველებელი ბითური წერილი, მეპატიჟებოდა: მესტუმრე და ნაძვის ხე მომართვევინეო. მაგრამ შემეშინდა, ვაითუ დედამისი მოვიდეს ტელეფონთან-მეთქი. დედამისი დედაჩემს იცნობდა, და თვალნათლივ წარმომიდგა, რა კისრისტეხით მივარდებოდა ტელეფონს და ხელადვე შეატყობინებდა, შენი ბიჭი ნიუ-იორკშიაო. ამას გარდა, იმ დედაბერ მისის ჰეისთან საუბარიც ვერაფერი სასიამოვნო იყო. ერთხელ სალის უთხრა თურმე ჩემზე – ველურიაო. ველურია და თანაც ცხოვრებაში არავითარი მიზანი არ გააჩნიაო. მერე კარლ ლიუსსთან დარეკვა დავაპირე – მე და ის ბიჭი ჰუტონის სკოლაში ვსწავლობდით ერთად. მაგრამ მზე არასოდეს ამომდიოდა მასზე. ასე რომ, საბოლოოდ აღარავისთვის დამირეკია. ასე. ოცი წუთის შემდეგ ჯიხურიდან გამოვედი, ჩემოდნები ავიღე, გვირაბში გავძვერი და ტაქსის გაჩერებასთან ტაქსი დავიჭირე.
ისეთი დაბნეული კაცი ვარ, რომ შოფერს ბინის მისამართი მივეცი, ალბათ ჩვეულების მიხედვით – სულ გადამავიწყდა, რომ არდადეგების დაწყებამდე ორი დღე სასტუმროში უნდა გამეტარებინა. შუა პარკს რომ მივაღწიე, მაშინღა გამახსენდა.
– ეი, – ვუთხარი შოფერს, – სადაც მოგიხერხდეს, მოაბრუნეთ მანქანა, შეცდომით სხვა მისამართი გითხარით. ქალაქის ბოლოში უნდა გავიდეთ.
კაი გაქნილი შოფერი შემხვდა.
– აქ ვერსად ვერ მოვაბრუნებ, მაკ. ცალმხრივი მოძრაობაა. მეცხრამეტე ქუჩაზე უნდა გავიდეთ.
ჩხუბს ხომ არ დავუწყებდი.
– აგრე იყოს. – ვუთხარი მე და უცებ რაღაც მომაგონდა: – ერთი ეს მითხარით, ცენტრალური პარკის სამხრეთით რომ ტყაა, იმაში იხვები თუ გინახავთ? აი, პატარა ტბა რომაა? შემთხვევით ხომ არ იცით, სად მიდიან ის იხჯვები, ტყა რომ იყინება? იქნებ ყური გქონდეთ მოკრული.
მართლაც შემთხვევით თუ ეცოდინებოდა.
თავი მოატრიალა და ისე შემომხედა, თითქოს გიჟი ვყოფილიყო.
– შენ რა, დამცინი ძმობილო? მაპამპულებ?
– არა, მართლა მაინტერესებს, რატომ უნდა დაგცინოთ!
აღარაფერი უპასუხნია და არც მე მითქვამს რამე. პარკს რომ გავცდით და მეცხრამეტე ქუჩაზე გავედით, ისევ მომიბრუნდა.
– ახლა საით, ძმობილო?
– აქეთ ნაცნობების შეხვედრას ვერიდები და ამიტომ ისტ საიდის სასტუმროში არ ჩამოვხტები. ინკოგნიტოდ ვმოგზაურობ, – ვუთხარი მე. ძალიან კი მეჯავრება ამისთანა გაცვეთილი სიტყლვები – «ინკოგნიტოდ ვმოგზაურობ» და ამისთანები. მაგრამ შტერს რომ გადაეყრები, შენც შტერულად უნდა ილაპარაკო. – შემთხვევით ხომ არ იცით, რა ორკესტრი გამოდის ან ტაფტში ან ნიუ-იორკერში?
– ახრზე არა ვარ, მაკ.
– კარგი… მაშ «ედმონტში» წამიყვანეთ, – ვუთხარი მე, – გზაში იქნებ სალმე გამიჩეროთ და კოკტეილი დავლიოთ. ჩემს ხარჯზე. ფული ჩეჩქვივითა მაქვს.
– არ შემიძლია, მაკ, ბოდიშს გიხდი.
კაი თანამგზავრი კი შემხვდა, თქვენ ნუ მომიკვდეთ. დიდებული პიროვნება!
მივადებით სასტუმრო «ედმონტს» და მე ოთახი გავიფორმე. ტაქსში რომ ჩავჯექი, ჩემი წითელი სანადირო ქუდი დავიხურე – ისე, თავშესაქცევად. სასტუმროში რომ შევედი, ისევ მოვიხადე, გიჟი არავის ვეგონო-მეთქი. სასაცილო კია. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ეს ოხერი სასტუმრო სულ კრეტინებით და გაფუჭებული ხალხით იყო გამოტენილი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გიჟს შეხვდებოდი.
ერთი საძაგელი ოთახი მომცეს, ფანჯრიდან, სასტუმროს მეორე კორპუსის კედლის გარდა, არაფერი არა ჩანდა. მაგრამ რა მენაღვლებოდა: ძაღლის გუნებაზე ვიყავი და გახედვის თავი ვიღას ჰქონდა, თუნდაც ძალიან ლამაზი ხედი ყოფილიყო. დერეფნის მორიგემ, სამოცდახუთი წლის ბერიკაცმა, ნომერი გამიღო. რაღა ჩემი ოთახი და რაღა ეს ბერიკაცი – ამის დანახვაზე კიდევ უფრო მომეწურა გული. პოსლიკა იყო და, ბევრი მელოდი ვაჟბატონის მსგავსად, მოტვლეპილი თავის დასაფარად, ამას საფეთქლებიდან და კინჩხიდან წამოეღო თმა. ამისთანა ქოჩორს ისევ კოტორა თავი მირჩევნია! საერთოდ, რა ბერიკაცის საქმეა ასეთი სამსახური – უნდა ათრიო ჩემოდნები და უცადო, რს მაჩუქებენო! ალბათ სხვაგან არსად გამოდგებოდა. საშინელება კი იყო.
ის რომ წავიდა, ერთხანს ფანჯარასთან დავდექი პალტოსგაუხდელად და ყურება დავიწყე. საქმე არაფერი მქონია. რომ დაგენახათ, სასტუმროს იქითა კორპუსში რა ხდებოდა, თმა ყალყზე დაგიდგებოდათ. ფარდის ჩამოშვებისთვის
თავი არც კი შეუწუხებიათ. ერთი ჭაღარაშერთული და კარგი შესახედავი კაცი ტრუსების ამარ დატანტალებდა ოთახში და ისეთ რამეებს აკეთებდა, არც დამიჯერებთ რომ გითხრათ. ჯერ აიღო და ჩემოდანი ლოგინზე დადო. მერე ამოალაგა და ამოალაგა ქალის ტანსაცმელი, და თვითონ ჩაიცვა, ნამდვილი ქალის ჩასაცმელები – აბრეშუმის ყეკლიანი წინდები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, ბიუსტგალტერი და რაღაცნაირი კორსეტი, ზედ რეზინები რომ ჩამოკონწიალებთ ხოლმე. ბოლოს ტანზე შემოტმასნილი შავი, საღამური ვიწრო კაბა გადაიცვა. ღმერთმანი. მერე კი ოთახში ბაკა-ბუკს მოჰყვა ქალის ნაბიჯებით, თან სიგარეტს აბოლებდა და სარკეში იყურებოდა. სულ მარტოკა იყო, თუ სააბაზნოში არა ჰყავდა ვინმე. ეს ვეღარ შევამჩნიე. ზედ იმის თავზე, ზემო სართულის ფანჯარაში ვიღაც კაცი და ქალი პირით წყალს ასხამდნენ ერთმანეთს. იქნებ წყალი არც კი იყო, და კოკტეილს ასხურებდნენ. ვერ შევნიშნე, რა ჰქონდა ჭიქაში. ჯერ კაცი გაივსებდა პირს და შეასხურებდა, მერე – ქალი. რიგრიგობით ასხურებდნენ. ღმერთმანი, ერთ ნახვად ღირდა. იცინოდნენ, იცინოდნენ – ისტერიკა დაემართათ. გეგონებოდა, ამაზესასაცილო აღარაფერი უნახავთო. არ გეხუმრებით. სულ შტერებით იყო სასტუმრო გამოტენილი. მთელს შენობაში ერთადერთი ნორმალური კაცი ალბათ მე ვიყავი. ამის შემდეგ თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, როგორ ყოფილა საქმე. ცოტას გაწყდა, დეპეშა არ გავუგზავნე სტრედლეიტერს, პირველივე მატარებელს ჩამოჰყევი ნიუ-იორკში-მეთქი. მთელი სასტუმროს მეფე გახდებოდა.
უბედურება ის არის, რომ უნდა დადგე და, გინდა თუ არა, ამისთანა უხამსობას უყურო. თუნდაც ის გოგო ავიღოთ, წყალს რომ ასხურებდნენ სახეში; მშვენიერი შესახედავი იყო. ჩემი უბედურებაც ეგ არის. გულში ალბათ დიდი გაფუჭებული ადამიანი ვარ. ჩემისთანა გარყვნილი კაცი არც გეყოლებათ ნახული. ზოგჯერ ისეთ სიბინძურეს გავიფიქრებ… და თვითონვე შემიძლია გავაკეთო, შემთხვევა რომ მომეცეს. ისიც კი მშვენიერ გასართობ და თავშესაქცევ ამბად მეჩვენება, ორივენი მთვრალები იყვეთ და გოგოს სახეში დაუწყო წყლის პურჭყება, – წყალი იქნება თუ რაც იქნება, – და იმან კიდევ შენ გაპურჭყოს. ისე კი მართალი თუ გინდათ, ვერაფერი ხუმრობაა. კარგად რომ დაუფიქრდე, დიდი სიბინძურეც არის. ჩემის აზრით, თუ გულით არ გიყვარს გოგო, რაღას მაიმუნობ, ხოლო თუ გიყვარს – მისი სახეც უნდა გიყვარდეს, და სახე თუ გიყვარს, ბინძური რამე – შეფურთხება იქნება თუ შეპურჭყება – არც უნდა აკადრო.
ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ამისთანა უხამსობა ხუმრობა გგონია. ისე, გოგოებიც კაი ბედოვლათები არიან – ზოგჯერ ცდილობ ძალიან დიდი უხამსობა არ გამოგივიდეს და არ გააფუჭო მთელი სილამაზე, მაგრამ რა მერე – თვითონვე გიშლიან ხელს. ერთ გოგოს ვიცნობდი ამ ორი წლის წინათ, თითქმის ჩემზე უფრო გაფუჭებული იყო! ვითომ ვხუმრობდით, თავს ვიქცევდით, ნამდვილად კი უხამსობა გამოდიოდა. საერთოდ ამ სექსუალური ამბებისა ბევრი არაფერი გამეგება. კაცმა არ იცი, რა ჯოჯოხეთში იგდებ თავს. მე თვითონვე ვადგენ ხოლმე ჩემთვის წესებს ამ საქმეში, მაგრამ მევე ვარღვევ. შარშან, მაგალითად, პირობა მივეცი თავს, რომ აღარ დამეწყო მაიმუნობა ისეთ გოგოებთან, რომლებიც ჭირისდღესავით მძულს. რა გამოვიდა, ერთ კვირას არც კი გაუვლია, რომ გავტეხე სიტყვა… მართალი თუ გინდათ, იმავე ღამეს გავტეხე. ერთი საშინელი კოკობზიკა გოგოა – ანა ლუიზა შერმანი – მთელი ღამე ვკოცნიდი და ვეხვეოდი. ეს ისეთი რამეა, რომ ასავალ-დასავალს ვერ გაუგებ. ღმერთმანი, ვერ გაუგებ.
ვიდექი ფანჯარასთან და ვფიქრობდი, ჯეინს როგორ დავურეკო-მეთქი. პირდაპირ მინდოდა, კოლეჯში დაკავშირება. აბა დედამისთან დარეკვას და იმის გაგებას, როდის ჩამოაო, რა აზრი ჰქონდა. მართალია შუაღამისას დარეკვა და სტუდენტების დაღვიძება არ შეიძლება, მაგრამ ამასაც შემოევლება.. და მოვიფიქრე კიბეც. ბიძა ვარ-მეთქი, ვეტყოდი, ტელეფონთან ვინც მოვიდოდა. მამიდამისი მანქანამ გაიტანა და სასწრაფოდ უნდა ველოაპარაკო-მეთქი. რაღა თქმა უნდა გაჭრიდა ეს. მაგრამ გუნებაზე არ ვიყავი და აღარ დამირეკია. გუნებაზე თუ არა ხარ, ტყუილია, ამისთანა საქმე არ გამოგივა.
ცოტა ხნის შემდეგ სავარძელში ჩავჯექი და ერთი-ორი სიგარეტი გავაბოლე. უნდა გამოვტყდე, საშინლად დაძმარული ვიყავი. უცებ რაღაც მომაგონდა. წარსულ ზაფხულს რაღაც შეკრებულებაში ერთი ბიჭი გავიცანი, პრინსტონში სწავლობდა, და მისამართი მომცა. საფულე ამოვიღე და იმ მისამართს დავუწყე ძებნა. როგორც იქნა, მივაგენი. სულ გაცრეცილ-გაყვითლებულიყო საფულეში, მაგრამ მაინც გავარჩიე. ეს იყო ვიღაც გოგოს მისამართი – მთლად ხელიდან წასული არ არის, მაგრამ ზოგჯერ იკისრებსო იმ პრინსტონელმა ბიჭმა მითხრა. ერთხელ თურმე კოლეჯში მიიყვანა საცეკვაოდ, და კინაღამ გამაპანღურეს – ეს ვინ მოგიყვანიაო. კაბარეებში ცეკვავდა, მთლად დედიშობილა ერთი სიტყვით, ტელეფონთან მივედი და დავურეკე. ფეით კავენდიში ერქვა და «სტენფორდის» სასტუმროში ცხოვრობდა, სამოცდამეხუთე ქუჩისა და ბროდვეის შესახვევში. სანაგვე სორო იქნებოდა, რაღა თქმა უნდა.
ჯერ ვიფიქრე, შინ არ არის-მეთქი. დიდხანს არავის გაუცია ხმა. ბოლოს, როგორც იქნა, აიღეს მილი.
– ალო, – ხმა დავიბოხე, რომ ჩემს ასაკზე ეჭვი არ აეღოთ. ისედაც ბოხი ხმა მაქვს, ნუ გეშინიათ.
– ალო! – ვიღაც ქალი გამომეპასუხა, მაგრამ არც მაინცდამაინც ხალისიანად.
– მის ფეით კავენდიშია?
– ვინ ლაპარაკობს? ამ შუაღამისას რა რეკვა აგიტყდა!..
ცოტა არ იყოს შევცბი.
– ვიცი, რომ ძალიან გვიან არის, – მივუგე მე დაბოხებული ხმით, – მაგრამ იმედი მაქვს, მაპატიებთ. ისე ძალიან მინდოდა თქვენი ნახვა!.. – დიდის თავაზიანობით ვუთხარი. ღმერთმანი.
– ვინ ლაპარაკობს? – იკითხა მან.
– თქვენ მე არ მიცნობთ, დი ბერდსელის მეგობარი ვარ. ქალაქში თუ მოხვდეო, ელიმ მითხრა, უსათუოდ დაურეკე და კოკტეილზე დაპატიჟეო.
– ვინაო? ვისი მეგობარი ვარო? – ჰოი, ბიჭო, რა ვეფხვივით ქალი ყოფილა. ისევ მიღრიალა და მიღრიალა!
– ედმუნდ ბერდსელი. ედი ბერდსელი! – ვუპასუხე მე. აღარც კი მახსოვს, ედმუნდი ერქვა თუ ედუარდი. მხოლოდ ერთხელ შევხვდი რაღაც ბითურულ შეკრებულებაში.
– მაგისთანას არავის ვიცნობ, ჯეკ. და შენ თუ გგონია, ძალიან სასიამოვნოა ამ შუაღამისას…
– ედი ბერდსელი! პრინსტონიდან! – აღარ მოვეშვი მე.
გავიგონე, როგორ იმეორებდა ამ გვარს:
– ბერდსელი, ბერდსელი… პრინსტონიდან… პრინსტონის კოლეჯიდან!
– ჰო, ჰო! – შევძახე მე.
– თქვენც პრინსტონის კოლეჯიდანა ხართ?
– ჰო, თითქმის.
– აჰა… ედი რასა იქმს? – თქვა მან, – მაგრამ მაინც დიდი ახირებაა შუაღამისას ხალხის წამოგდება. ღმერთო ჩემო!
– კარგად არის. მოგიკითხათ.
– მადლობელი ვარ, ჩემი მოკითხვაც გადაეცით. – თქვა მან, – დიდებული ბიჭია. ახლა რას აკეთებს? – ხელადვე გამიშინაურდა.
– ისევ ისეა, ხომ იცით… – სად ჯანდაბიდან უნდა ვიცოდე, ახლა რას აკეთებს! ხეირიანად არც ვიცნობდი. ისიც კი არ ვიცოდი, ისევ პრინსტონში იყო თუ არა. – რას იტყვით – ვკითხე მე, – კოკტეილზე არ დამეწვევით?
– იქნებ შემთხვევით წარმოდგენა გქონდეთ, ახლა რა დროა, – მითხრა მან, – თქვენი სახელიც არ ვიცი! – უცებ ინგლისური აქცენდით მოუქცია. – ხმაზე ძალიან ახალგაზრდა ჩანხართ.
გამეცინა.
– ქათინაურებისათვის მადლობელი ვარ, – ვუთხარი დიდის თავაზით, – მე ჰოლდენ კოლფილდი ვარ, – მოგონილი სახელი უნდა მეთქვა, მაგრამ უცებ ვერ მოვისაზრე.
– ჰოდა, მისტერ კოფლ, ჩვეულებად არა მაქვს, შუაღამისას დავუნიშნო ხალხს პაემანი, მე ვმუშაობ.
– ხვალ ხომ კვირაა, – ვუთხარი მე.
– ჰო, მაგრამ ძილი მაინც ტკბილია, ხომ იცით.
– ვიფიქრე, თითო კოკტეილს დავლევთ-მეთქი. არც ისე გვიანია.
– დიდ თავაზიანობას იჩენთ, – თქვა მან. – მაინც საიდან რეკავთ? სადა ხართ?
– მე? ავტომატიდან ვრეკავ.
– აჰ, – თქვა მან. ამას კარგა ხნის დუმილი მოჰყვა. – იცით რა, მისტერ კოფლ, თქვენთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იქნება. მომხიბლავი კაცი ჩანხართ. ხმაზე გეტყობათ, მომხიბლავი კაცი ხართ. მაგრამ ახლა ძალიან გვიან არის.
– მე მოვალ თქვენთან.
– დიდი სიამოვნებით მიგიღებდით. კოკტეილზედაც ხალისით დაგეწვეოდით, მაგრამ ამხანაგი გამიხდა ავად. წუხელ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს!.. ეს წუთია წასთვლიმა, ხომ იცით! ასეა საქმე.
– ძალიან სამწუხაროა.
– სად ჩამოხტით? ხვალ მე აღარ შემიძლია, მარტო ამაღამ მქონდა დრო. – ვინ მექაჩებოდა! რას წამოვროშე!
– ო, ძალიან სამწუხაროა.
– ედის მოკითხვას გადავცემ.
– მართლა? იმედი მაქვს, ნიუ-იორკში კარგ დროს გაატარებთ. დიდებული ქალაქია.
– ვიცღი, გმადლობთ. ღამი ნებისა, – ვუთხარი და მილი დავდე.
ჰოი, ბიჭო, მე თვითონვე არ გავიფუჭე საქმე! სახვალიოდ უნდა დამებარებინა. კოკტეილს მაინც დავლევდით.

მსგავსი ამბები

Back to top button