არქივი

რობერტ რიპლი – ცხოვრებისეულ საოცრებათა ავტორი

fc9a18544fb4

რობერტ რიპლი – მხატვარი, მოყვარული ანთროპოლოგი, მკვლევარი, ჟურნალისტი, თავგადასავლების მოყვარული და კოლექციონერი და მაძებარი ყოველივე უცნაურისა და არაჩვეულებრივის, იყო შემქმნელი მსოფლიოში ცნობილი Ripley’s Believe It or Not! გაზეთის ილუსტრაციების სერიებისა, რადიო და ტელე შოუსი, რომლებიც მოგვითხრობდნენ უცნაურ ამბებზე მთელი მსოფლიოდან.

c3fc95efa810
რობერტ ლეროი რიპლი (1890–1949)

<

რიპლი მე–20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი იყო. რობერტ ლეროი რიპლი, დაბადებული 1890 სანტა როსაში, კალიფორნიის შტატში, ბავშვობიდან გამოირჩეოდა არტისტული ნიჭითა და ათლეტიზმით. 13 წლის ასაკში იგი ნახევრად–პროფესიონალურ ბეისბოლში ბურთის მიმწოდებელი (pitcher) იყო, მაგრამ მალევე ხელი მოიტეხა, რამაც დაასრულა მისი კარიერა სპორტში. 14 წლის ასაკში, მან პირველი ილუსტრაციები მიჰყიდა ჟურნალ „ლაიფს“ 8 დოლარად. 15 წლის რიპლი უკვე მუშაობდა „სან ფრანცისკო ბულეტინ“–ში და მალევე გადავიდა „სან ფრანცისკო ქრონიკლ“–ში, სადაც სპორტული მოვლენებზე ჩანახატებს აკეთებდა. 1913 წელს საცხოვრებლად ნიუ–იორკში გადავიდა და „ნიუ იორკ გლოუბ“–ისთვის გააგრძელა ილუსტრაციების სკეჩების მზადება სპორტის დეპარტამენტში.

af13880a8a9c
რიპლი თავისი პირველი ილუსტრაციებით

რამდენიმე წლის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს მოუვიდა იდეა შეექმნა მოკლე სკეჩები უჩვეულო და უცნაურ სპორტულ მოვლენებზე. ნახატების სერიების იდეა მალევე აიტაცეს და სვეტს Believe It or Not დაერქვა. სპორტულ მოვლენებს მალე დაერთო უცნაური ფაქტები სხვადასხვა სფეროდან: პოლიტიკიდან, მეცნიერებიდან, ისტორიული, ცხოველებთან დაკავშირებული თუ სხვა. იდეა იმდენად პოპულარული გახდა რომ რიპლიმ დაიწყო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა უცნაური ფაქტებისა და მოვლენების ძიებაში. პერიოდში როცა ადამიანები თავიანთი მშობლიური ქალაქებიდანაც კი არ გადიოდნენ, რომ არაფერი ითქვას საზღვარგარეთ მოგზაურობაზე, რიპლიმ შემოიარა და „გადაჩხრიკა“200–ზე მეტი ქვეყანა. სტუმრობდა ადგილებსა და ხალხებს რომელთა არსებობაზე ამერიკელთა უმეტესობას წარმოდგენაც არ ჰქონდათ – ჩინეთის მინგთა დინასტიის საფლავებიდან ნორვეგიის ჯოჯოხეთად წოდებულ ქალაქამდე. 1929 წელს გამოსცა წიგნი – უცნაურობათა და საკვირველებათა კოლექცია, რომელსაც მაშინვე საოცრებათა კონა შეარქვეს. ამ წიგნით რიპლი პირველი მილიონერი ილუსტრატორი გახდა.

80968f5512cc
რიპლი და სპეციალური წესით დამუშავებული თავი რომელსაც ამაზონის მიდამოებში მტერზე გამარჯვების ტოტემად იყენებდნენ
7bd6f96c1372
რიპლი თავებზე მონადირესთან ერთად

14 წლის მანძილზე ყოველდღიურად გადასცემდა საავტორო შოუს რადიოთი და ხშირად ქონდა ჩართვები ძალიან უცნაური ადგილებიდან: ზვიგენის წყალქვეშა აუზიდან, ჩხრიალა გველის სოროდან, მიწისქვეშა გამოქვაბულებიდან ან თვითფრინავიდან პარაშუტით დაშვებისას. ამ მოგზაურობებისას შეაგროვა უამრავი უცნაური და დაუჯერებელი სუვენირი რომლებიც ამჟამად იმ საოცრებათა კოლექციის ნაწილი არიან რომლებიც დღესაც ართობს საზოგადოებას.

24787b9d54eb
ილუსტრაციები წიგნიდან
2e6494ef93e1
ბავშვი პარაზიტი ტყუპის ნაწილებით
4ddd306ac7a1
კაცი–მარტორქა – მანჯურიელი (ჩინეთი) ფერმერი რომელსაც კეფიდან 75სმ სიგრძის რქა ჰქონდა ამოზრდილი

ყველაზე მეტად ჩინეთით დარჩა აღფრთოვანებული. აღმოსავლეთში მგზავრობიდან რამდენიმე თვეში უკვე თავის ილუსტრაციებს ხელს აწერდა როგორც Rip Li.

1931 წლის იანვრის ნახატების სერიებს, სადაც აღნიშნული იყო რომ აშშ–ს არ აქვს ოფიციალური ჰიმნი, ისეთი სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში რომ იმავე წლის 3 მარტს “The Star Spangled Banner” იქნა დამტკიცებული აშშ–ს ოფიციალურ ჰიმნად.

რიპლი მიიჩნეოდა ძალიან ექსცენტრიულად. მეგობრები „თავისივე საკუთარ ყველაზე დიდ გინდ დაიჯერე, გინდ არა“–ს ეძახდნენ.
მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მორცხვად შეიძლება ჩაგეთვალათ, მისი ჩაცმულობა გამოირჩეოდა ჭრელი და კაშკაშა ფერთა შეუსაბამო კომბინაციით (საუკეთესო მეგობარი მის გარდერობზე ამბობდა რომ გეგონება შიგნით საღებავების ქარხანა აფეთქდაო), ხშირად ეფარა რბილი ჩაფხუტი, ეცვა ესკიმოსების ქურთუკი და ეკეთა „ბანტიკი“. სახლები სავსე ჰქონდა ჩინური ნაკეთობებით, ინდიელთა ტოტემებით, კათხების უზარმაზარი კოლექციით, გერმანელთა წამების ინსტრუმენტების კოლექციით, მოშინაურებული ყავდა 8,5 მეტრიანი მახრჩობელა (Boa constrictor) და ცალთვალა ძაღლი სახელად ციკლოპი. მიუხედავად იმის რომ ფიქრობდა მოწევა და თამაში ეშმაკისეულია, იყო სერიოზული მსმელი და ასევე სერიოზული მექალთანე, ხშირად 5 ან მეტი საყვარელი ჰყავდა ერთდროულად სახლში. ცურვა არ იცოდა თუმცა ბინა დაიდო კუნძულზე და ჰქონდა უცნაური ნავების კოლექცია, მათ შორის კანოეები პანამიდან, გონდოლა ვენეციიდან და ძველებური ჩინური გემი რომელსაც ჩინეთში ჩვ.წ.–ით პირველ საუკუნეში იყენებდნენ. არ იცოდა ტარება თუმცა მანქანების კოლექციონერი იყო. ასევე იყო მოსაზრება რომ ნამდვილი დაბადების თარიღი 26 დეკემბერი გადააკეთა შობის დღის თარიღზე რათა ხაზი გაესვა თავისი ექსცენტრიულობისთვის.

f815395a9983
ილუსტრაცია წიგნიდან – სტეფენ უაითს შეუძლია დგომა ისე რომ ფეხები უკან ქონდეს მიმართული
93d57a193838
სპეციალური წესით დამუშავებული თავი რომელსაც ამაზონის მიდამოებში მტერზე გამარჯვების ტოტემად იყენებდნენ ან უბრალოდ ყიდიან ტურისტებზე
2d273ff1d81a
ექსპონატი რიპლის მუზეუმიდან – ბირმელი ქალბატონი თითბრის ყელსაბამებით
a0614d61239e
ამონარიდი წიგნიდან – "სიტყვა personality 1307 სხვა სიტყვას შეიცავს"
b07eca17052e
ლეზურ არჯან–დანგარი ინდოეთიდან 264 სმ სიგრძის ულვაშით
4f7a9207ef4a
კაცი–შუქურა – 17–18სმ–ის ანთებული სანთლით, რომელიც თავის ქალაში ჰქონდა ჩარჭობილი, გზას უნათებდა ტურისტებს ჩონკინგის (ჩინეთი) ღამის სიბნელეში

მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მას არასდროს გაძნელებია მის მიერ მოძიებული და გავრცელებული ფაქტების უტყუარობა დაემტკიცებინა. სხვადასხვა დარგის მეცნიერები დიდხანს ცდიოლბდნენ რიპლის მიერ მოძიებული ამბები გადაემოწმებინათ. 1930–40წწ–ში რიპლის წიგნების სერია – „გინდ დაიჯერე, გინდ არა!“ ყველაზე პოპულარული იყო მაშინდელ მსოფლიოში. რიპლის გარშემო ატეხილ სკანდალში თითქმის ყველა პროფესიის ადამიანი ჩაერთო . საბოლოოდ გაირკვა რომ რიპლი იმ პერიოდში უფრო პოპულარული იყო ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი.

ათასობით წერილი მისდიოდა რიპლის მკითხველებისგან რომლებშიც დამამტკიცებელ საბუთებს ითხოვდნენ. მარტო ერთ ჩანახატს, რომელიც 1927 წელს გამოვიდა რომელიც აცხადებდა რომ ჩარლზ ლინდბერგი არ იყო პირველი ადამიანი რომელმაც გადაიფრინა ატლანტის ოკეანე, 170 000 წერილი მოჰყვა. რიპლი იმდენად ცნობილი იყო რომ ფოსტის თანამშრომლები წერილს უგზავნიდნენ იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი მისამართი გამომგზავნს სრულად არ ეწერა. ისეთი წერილებიც კი რომელთაც უბრალოდ ეწერათ „რიპ–ს“ ან „მსოფლიოს უდიდეს მატყუარას“ მაინც ყველა უპრობლემოდ მისდიოდა.

63a6a005af48
ქალბატონი მეგა–ტუჩით (მუზეუმის ექსპონატი)
17d4d75b27f9
ორთავა ხბო
fdd534448a57
ილუსტრაციები წიგნიდან

ასეთი დაუჯერებელი ცხოვრების მქონე ადამიანისთვის არც ის იქნება ალბათ გასაკვირი რომ მისმა სიკვდილმაც კი დააფიქრა მსოფლიო „გინდ დაიჯერე, გინდ არა“ გარემოებაზე. 58 წლის ასაკში, რიპლი გულის შეტევით გარდაიცვალა მისი საავტორო ტელეშოუს სერიების მე–13 ეპიზოდის გადაღებაზე, რომელიც სწორედ რომ სიკვდილსა და სიკვდილთან დაკავშირებულ რიტუალებს შეეხებოდა.

774701fdfa0b
საფლავის ქვა სანტა–როსაში

ყველაფერი რაც რიპლიმ მოიძია ცოცხალია Ripley’s Believe It or Not! მუზეუმებში და მისი ტრადიციები გრძელდება Believe It or Not! ნახატების სერიებში, რომლებიც ყოველდღიურად გამოდის 200–ზე მეტ გაზეთში, 42 ქვეყანაში, 17 ენაზე. ყოველ წელს მილიონობით ადამიანი სტუმრობს რიპლის მუზეუმებს სადაც მოცემულია კოლექციები რიპლის მიერ მთელ მსოფლიოში მოძიებული უცნაურობებისა. ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 50–მდე მუზეუმი ფუნქციონირებს აშშ–ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, მექსიკაში, დანიაში, ავსტრალიაში, ქუვეიტში, ინდოეთში, მალაიზიასა და ტაილანდში.

8dea4c2a74b1
რიპლის უცნაურობების უცნაური მუზეუმი გატლინბერგში (ტენესი, აშშ)

დაგეგმილია რიპლიზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღება 2011 წელს სადაც სავარაუდოდ მის როლს ჯიმ ქერი შეასრულებს.

პიტერ პენივით, მისი მთელი ცხოვრება გახანგრძლივებული ბავშობა იყო. იგი არასდროს იღლებოდა ახალი ადგილების მონახულებითა და ახალი საგნების მოძიებით. რიპლის მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს გაზეთებში, წიგნებში, მუზეუმებში, ტელეგადაცემებში, ფილმებში, პოპულარულ ვებ–გვერდებსა და უბრალოდ მეტყველებაშიც კი ერთი ცნობილი ფრაზით: „გინდ დაიჯერე, გინდ არა!“

წყარო:
„აღმოაჩინე იდუმალი სამყარო“, ელფის გამომცემლობა, 2008

Ripley’s Believe It or Not! | Aquariums, Attractions, and Weird News


http://www.findagrave.com
http://www.ripleysnewsroom.com
Wikipedia

–>

Back to top button