არქივი

როგორ გავხდეთ ოპტიმისტი ..

24453b787cff

პოსტი სპეციალურად პესიმისტი ადამიანებისთვის .. იმედია თქვენც ისევე დაგეხმარებათ, როგორც მე ..

მართალია, გარე სამყაროს მართვა არ შეგვიძლია, სამაგიეროდ შინაგანი სამყარო ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის.

ოპტიმიზმი შეიძლება იყოს არა მხოლოდ თანდაყოლილი, არამედ შეძენილიც. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ფრანგმა ფსიქიატრმა ოპტიმიზმის ამგვარი ფორმულა შემოგვთავაზა: “ყოველდღიურად ყველა სფეროში თავს სულ უფრო და უფრო კარგად ვგრძნობ”. ეს ფრაზა დილა-საღამოს ხმამაღლა უნდა გაიმეოროთ. არჩევანი დადებით და უარყოფით განწყობას შორის ხშირად შეუცნობლად წყდება, მაგრამ ჩვენს აზრებს პოზიტიური მიმართულება რომ მივცეთ, ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული.

გულში წყენა არ ჩაიდოთ

ისე არაფერი აფუჭებს განწყობას, როგორც ჩვენი მეხსიერების საკუჭნაოში სათუთად შემონახული წყენა. განცდილი შეურაცხყოფის მოგონების თავიდან ამოგდება არც ისე ადვილია, მაგრამ გამოსავალი არსებობს. უპირველეს ყოვლისა, წარსულზე ფიქრს მოეშვით. საწყენი ეპიზოდებით აღსავსე ერთი და იმავე გაცვეთილი ფირის გონებაში უსასრულოდ ტრიალით და წარმოდგენაში მოწინააღმდეგისთვის საკადრისი პასუხის გაცემით მხოლოდ გულს იკლავთ. თუ შეურაცხყოფა განზრახ მოგაყენეს, წარმოიდგინეთ, მისი ავტორი როგორ გაიხარებდა, რომ იცოდეს, მის ქცევას რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. წარმოიდგინეთ არასასიამოვნო სცენა საბავშვო ან ჩაპლინის კომედიური ფილმების ჩარჩოებში, შექმენით გამნაწყენებლის სასაცილო და უცნაური სახე, მაგრამ არამც და არამც – ავბედითი.

საკუთარი თავის პატიება უნდა შეგეძლოთ

ოპტიმისტები ჩადენილ შეცდომებზე ყურადღებას არ ამახვილებენ, რაც მოხდა, მოხდა, ვეღარ გამოასწორებ, ღირს შეცდომის გამო თავის დასჯა? ამგვარი ტიპის აზრები – “რომ არ მომხდარიყო… ნეტავი, არ მომხდარიყო” – არაკონსტრუქციულია. შეცდომებზე სწავლა ერთია, მაგრამ წუხილით თავის გაწამება – მეორე. მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი საკუთარი ხელით გააფუჭეთ, თვითგვემა სიკეთეს არ მოგიტანთ. არ ღირს ფიქრი: “ყოველთვის ასე მემართება! უკეთესის ღირსი არ ვარ”; ასე არ იქნება, თუ მოისურვებთ.

ვარჯიში არა მხოლოდ სხეულს ესაჭიროება

ყველასთვის ცნობილია, რომ დღის ფიზიკური ვარჯიშით დაწყება სხეულისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მაგრამ სულისთვის? იგივე ვარჯიში საყვარელი მუსიკის ქვეშ გააკეთეთ, რაც თქვენს განწყობაზე სასიკეთოდ იმოქმედებს. შემდეგ სარკის წინ დადექით და თავს რამდენიმე კომპლიმენტი უძღვენით. მაშინაც კი, თუ სარკეში ჩახედვისას ცუდი განწყობა დაგეუფლებათ თქვენი უღიმღამო გარეგნობის გამო, დაღონება არ ღირს. ასწიეთ ნიკაპი, გაიღიმეთ, მხრები გაშალეთ. სახის გამომეტყველება და ხერხემალი კარდინალურად თუ არ შეცვლის თქვენს შინაგან განწყობას, კორექციას მაინც შეიტანს. კარგი იქნება, თუ თქვენს ყველა ღირსებას გაიხსენებთ და დამსახურებულად უძღვნით ქებას.

თავი დადებითად დაიმუხტეთ

“ყველა ადამიანი ცხოვრებიდან იღებს იმას, რასაც ელის” – ეს ძველი ჭეშმარიტება რატომღაც გვავიწყდება. დილიდანვე წარმატებული დღისთვის უნდა განეწყოთ. როგორც გამოკვლევებმა გვიჩვენა, ადამიანი 90 % უარყოფით აზრებს დომინანტურს ხდის. არასოდეს თქვათ: “რომ შემეძლოს”, თამამად წარმოთქვით: “შევძლებ”.

არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში

ნებისმიერი უარყოფითი განცდა (წყენა, გაღიზიანება თუ უხალისობა) არ შეიძლება ვაქციოთ უსასრულო შინაგან მონოლოგად, რომელიც არასასიამოვნო მდგომარეობას მხოლოდ გააღრმავებს. უმჯობესია, ჯავრი ამოიყაროთ და გული გადაუშალოთ მეგობარს, ქმარს, დედას, მოკლედ, იმას, ვისაც, თქვენი აზრით, შეუძლია ფსიქოთერაპევტის როლი იკისროს.

საინტერესო ინფორმაცია

შეუძლებელია, ადამიანი ყოველთვის მხიარული იყოს. დაბადებით ოპტიმისტსაც კი არ შეუძლია მუდამ ეიფორიის მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ არასასურველია უარყოფით ფაზაში ხანგრძლივად დარჩენა. უგუნებობას ადვილად დაძლევთ, თუ ნეგატიურ აზრებზე ყურადღებას არ გაამახვილებთ. გააანალიზეთ თქვენი მღელვარების მიზეზი. ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირად წუხილი – ეს ჩვენი უზომოდ გაზვიადებული ყურადღებაა რაიმე უღირსზე.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კარგი განწყობის შექმნაზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ინტერიერი, ოთახის კედლების ფერი. ფსიქოლოგები გვირჩევენ, კედლები ნათელი, თბილი ფერებით შევღებოთ.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button