გასართობისაკითხავისასარგებლო

მარად ცოცხალი ხელოვნება- დიდი ლეონარდო (ნაწ. 1)

მოგესალმებით, ეს ჩემი პირველი პოსტია და გადავწყვიტე, იგი ლეონარდო და ვინჩისთვის მიმეძღვნა. იმხელა გამომივიდა, რომ რამდენიმე ნაწილად მომიწევს გაყოფა. მეც კი ვიცი, რომ და ვინჩიზე უკვე იმდენი დაიწერა, ყველას ყელში აქვს ამოსული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამდენი ჯერ არავის დაუწერია. მაშ, ვისაც გიყვართ ზოგადად ხელოვნება და ეს უდიდესი მხატვარი, დიდი სიამოვნება გელოდებათ წინ.

ლეონარდოზე სიტყვის დაძვრა იგივეა- დედამიწის შემოვლა განიზრახო.

ვინ იყო ლეონარდო? საზრიანი მოწაფეც იტყვის: სწორუპოვარი მხატვარი, მეცნიერი, მათემატიკოსი, მექანიკოსი, ხუროთმოძღვარი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, მუსიკოსი-იმპროვიზატორი, ხელოვნების თეორეტიკოსი, გამომგონებელი, მწერალი… ბიოგრაფებს ავიწყდებათ მთავარი წოდება: რაინდი! ყალმისა და მოწინავე აზრის რაინდი, უდრეკი ტიტანი ტიტანთა შორის!

მაღალი აღორძინების პირველი დიდოსტატის ცხოვრების გზა მის ქმნილებასთან შედარებით საოცრად მოკლე და მარტივი გვეჩვენება.

1452 წლის 15 აპრილს დაიბადა ფლორენციის მახლობლად, დაბა ვინჩის ბინადარი ნოტარიუსის- პიეროს ოჯახში. მამა ადრევე დარწმუნდა, ex ungve leonem- ლომი ბრჭყალებით იცნობაო და 8 წლისა მიაბარა ცნობილ ვეროკიოს. 1460-1476 წლები ამ ოსტატის სახელოსნოში გაატარა. ანდრეა დელ ვეროკიო დონატელოს შემდეგ ფლორენციის მთავარი მოქანდაკე იყო, მაგრამ სურათებიდან მხოლოდ “ქრისტეს ნათლობა” შემორჩა, და აქაც ანგელოზი ლეონარდომ დაუხატა. ამბობენ, თავის ბრინჯაოსებრ ფიგურებთან რომ მოწაფის ცოცხალი ნამუშევარი დაინახა, ხატვაზე ხელი აიღოო. ეს იყო ლეონარდოს პირველი დიდი გამარჯვება. არსებობს ლეგენდა, თითქოს ამის შემდეგ მცირე ხნით ეგვიპტის სულთანს ემსახურებოდა; თითქოს, 1500-1502 წლებში (როცა ის, სინამდვილეში ფლორენციაში იმყოფებოდა) იმოგზაურა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ეგვიპტეში, მცირე აზიაში, კილიკიაში, ტიგროსი უნახავს, სუეცის არხი დაუხატავს, “კაუკაზუს მთის” შესახებ უგროვენის ცნობები, ამერიგო ვესპუჩის მეგობარი ყოფილა, პირველთაგანს გადაუტანია რუკაზე ამერიკა, ჩინეთი, იაპონია… ამ მითიურ მოგზაურობას იტალიელი სწავლული, ისიდორე დელ ლუნგოც შეთხზულად თვლის და ჩვენც ლეგენდას ვეძახით, მაგრამ ლეგენდასაც აქვს თავისი მომხიბლაობა. ყოველ შემთხვევაში, იტალიიდან ეგვიპტე არც ისე შორსაა, სუეცის არხი კი ფარაონების ჟამიდან არსებობდა, მრავალგზის უთხრიათ საუკუნეების განმავლობაში და არ შეიძლებოდა, ლეონარდოს ყურადღება არ მიექცია, თუნდაც მონათხრობით. რაც შეეხება მის მოგზაურობას კილიკიაში, ეს უკვე ლეგენდაზე წამატებული ზღაპარია.

რა შეიძლება ითქვას ეგვიპტეში მოგზაურობაზე, როცა თვით მშობლიურ იტალიაში მიმოსვლის თარიღებიც არაა ზუსტად დადგენილი! მაგალითად, მილანში პირველად ყოფნის თარიღებად ავტორიტეტულ წიგნებში დასახელებულია 1482-1498 წლებიც და 1483-1499 წლებიც. ამ პერიოდში ლეონარდო მილანში მუშაობს. იქ მიიწვია ჰერცოგმა ლოდოვიკო მარომ (“მავრმა”), სფორცას გვარის დიდებულმა. მიიწვია, როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი. მასვე დაავალა აკადემიის დაარსება. ამ აკადემიისათვის დაწერა ლეონარდომ “ტრაქტატი ფერწერაზე”, ყველა დროის მხატვართა ნამდვილი კარაბადინი.

1499 წელს სფორცა მილანიდან ფრანგებმა განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნო წლისთვის ის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც დაახლოებით 6 წელი დაჰყო, მხოლოდ ათიოდე თვით მიატოვა პაპის-კონდოტიერის ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში მიეშურება.

1506-1513 წლებში ლეონარდო ისევ მილანშია, უკვე ფრანგთა მეფის, ლუი XII-ს სამსახურში (ამ ლუიმ განდევნა მორო). საერთოდ, მან თითქმის 23 წელი დაჰყო მილანში, ამ მშვენიერ ქალაქში, სადაც 400 წელზე მეტხანს შენდებოდა დიდი საკათედრო ტაძარი გოთიკური სტილისა (რომანულის შენარევით). ეს ტაძარი 40 000 კაცს იტევს და საქრისტიანოს მესამე უდიდეს ტაძრად ითვლება (სევილიისა და პეტრეს ტაძრების შემდეგ). ჩვენთვის მაინც უფრო მნიშვნელოვანია მეორე-სანტა მარია დელე გრაციეს გუმბათიანი ეკლესია, გრაციების სავანე, რომლის სატრაპეზოც ლეონარდომ შეამკო მილანში პირველად ყოფნის ჟამს (სრულქმნა 1496-1497 წლებში).

1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც რომის პაპმა- ლეო X-მ მიიწვია.

პლაციო დი ესპანია, რომი

1516 წელს კი ფრანგთა მეფის ფრანცისკ I-ს მიწვევით ჩადის საფრანგეთში, სადაც სამშობლოში უსახლკაროსავით კენტად მავალ ტიტანს მეფური პატივით შეხვდნენ. კლუს ციხე-დარბაზი ებოძა ამბუაზას მახლობლად და იქვე გარდაიცვალა სამი წლის შემდეგ, 1519 წლის 2 მაისს- მეფის ხელებზეო, მაგრამ ეგეც მორიგი ლეგენდაა. მსახური ახლდა. აქამდე ატარა დიდი მაშვრალის ტვირთი, აქ კი ეონებს ეზიარა.

გაგრძელება იქნება!

თეგები

Orihara Izaya

დაბადების თარიღი- 1998 წლის 4 დეკემბერი.

მსგავსი ამბები

Close
Close