არქივი

2012 წლის ნუ გეშინიათ!

6462a7681a8e

ბოლო პერიოდში მოხშირებულმა მიწისძვრებმა, ქარიშხლებმა, დედამიწის ღერძის და დღე-ღამის ხანგრძლივობის შემცირებამ ადამიანებში პანიკა დათესა და ნეგატიური ემოციები გამოიწვია. 2012 წლისთვის საზოგადოება აღსასრულს ელოდება. რით არის გამოწვეული აღნიშნული მოვლენები და შეიძლება, თუ არა, მივიჩნიოთ ისინი კაცობრიობის აღსასრულის მაცნედ, ამის შესახებ ასტრონომი, პროფესორი შალვა საბაშვილი გვესაუბრება.

ბატონო შალვა, რა ხდება ჩვენს პლანეტაზე?
– არაფერი ისეთი, რაც ადრე არ ხდებოდა. სანამ კონკრეტული საკითხის განხილვაზე გადავიდოდეთ, მკითხველს ინტერვიუს დასაწყისში დავაწყნარებ და ვეტყვი, რომ დედამიწაზე მომდევნო ათეული წლების განმავლობაში არაფერი მოხდება, რაც ჩვენი პლანეტის განადგურებას გამოიწვევს. თავისი არსებობის ოთხ-ნახევარი მილიარდი წლის მანძილზე დედამიწამ მრავალი ცვლილება განიცადა. ასე რომ, ბოლო პერიოდის ცვლილებები არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება!
მოდით უშუალოდ დედამიწს ღერძის გადახრის შესახებ ვისაუბროთ… რამ გამოიწვია ეს მოვლენა?
– აღნიშნული მოვლენა, სავარაუდოდ, ჩილეში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დედამიწის ღერძი კი არ დახრილა, უბრალოდ, 8 სანტიმეტრით გვერდზე გადაინაცვლა! რაც შეეხება დღე-ღამის ხანგრძლივობის შემცირებას 1 მემილიონედი წამით. ეს ცვლილება ფრიად უმნიშვნელოა. წესით, დედამიწის ბრუნვა ღერძის გარშემო უფრო უნდა შენელებულიყო, რაც დღე-ღამის ხანგრძლივობის გაზრდას გამოიწვევდა. დროის ეს მონაკვეთი საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის განიცდიდა ცვალებადობას. აღნიშნულ პროცესს დედამიწაზე მზისა და მთვარის გრავიტაციული ზემოქმედება იწვევს. მთვარე იზიდავს დედამიწას და განსაკუთრებით იმ ნაწილს სადაც ოკეანეა. ამ დროს ოკენაე ამოიბურცება (მოქცევა) მთვარისკენ და მის საპირისპირო მხარესაც, ხოლო ჩაიზნიქება (მიქცევა) შუალედურ არეებშე. დროთა განმავლობასი დედამიწის ბრუნვის საწიინაარმდეგოდ მოძრავი, ოკეანის წყლების ხახუნი წყლის ღრმა ფენებთან ანელებს ჩვენი პლანეტის ბრუნვის სიჩქარეს და ერთი საუკუნის განმავლობაში დღე-ღამის ხანგრძლივობა იზრდება 15-20 მეათასადე წამით. ეს ფაქტი აღმოჩენილია ბოლო 2000 წლის განმავლობაში მომხდარ ციურ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად. თუ შორეულ წარსულში გადავალთ, ვნახავთ, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობა 18 საათი იყო, ხოლო თუ მომავალში გადავინაცვლებთ, ეს დრო შეიძლება რამდენიმე დღე-ღამითაც გაიზარდოს, ათეულობით მილიარდი წლის შემდეგ კი თვის ხანგრძლივობას გაუტოლდეს. საერთოდ, ხალხს უყვარს, რომ ყველაფერში საშინელება დაინახოს და ნებისმიერი მოვლენა სამყაროში რაღაც მისტიკურს დაუკავშიროს, თუმცა, მეცნიერთა აზრით, დედამიწაზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
რას მიაწერთ ბოლო პერიოდში მოხშირებულ მიწისძვრებს?
– დამანგრეველი მიწისძვრები ყველა ეპოქაში ხდებოდა და არცთუ ისე იშვიათად. ეს მოვლენა გამოწვეულია მიწისქვეშა ტექტონიკური ფილების მოძრაობით, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ეჯახებიან და წარმოქმნიან მიწისქვეშა ბიძგებს. ჩილეს მიწისძვრამ შეცვალა როგორც დედამიწის ღერძის ადგილმდებარეობა, ასევე შეამცირა დღე-ღამის ხანგრძლივობა. ანალოგიური რამ მოხდა 2004 წელს, როდესაც სუმატრაზე მიწისძვრამ დედამიწის ღერძი 7 სანტიმეტრით გადაანაცვლა ( :wtf: ) და დღე-ღამის ხანგრძლივობაც ამჟამინდელზე უფრო მეტად შეამცირა.
რა შეიძლება გამოიწვიოს დედამიწის ღერძის სერიოზულმა გადახრამ?
– დედამიწის ღერძის მიმართულება არის მუდმივი და ის მიმართულია პოლარული ვარსკვლავისკენ, რომელის უძრავია, თუმცა, ამის მიუხედავად, საუკუნეების მანძილზე დედამიწაზე პოლუსების მდებარეობა უმნიშვნელოდ მაინც იცვლება. როგორც დედამიწა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო, თვითონ ღერძიც შეუმჩნევლად ბრუნავს. ზოგადად, დედამიწის პოლუსები თავის მდებარეობას წლების განმავლობაში დაახლოებით 30 მეტრის რადიუსით იცვლიან და ეს კანონზომიერი მოვლენაა! ასე რომ, 8 სანტიმეტრით ღერძის გადაწევაში ვერანაირ ტრაგედიას ერ ვხედავ. ეს მოვლენა სერიოზულ ცვლილბებს არ გამოიწვევს დედამიწაზე. დღეს იმასაც ამბობენ, რომ ამ უმნიშვნელო ცვლილების გამო შესაძლებელია, ჩვენს პლანეტაზე კლიმატი შეიცვალოს, რაც მტკნარი სიცრუეა. დედამიწის ღერძი დედამიწის ორბიტის სიბრტყის მიმართ დახრილია 67 გრადუსით და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს კლიმატს. თუ დედამიწის ღერძი გასწორდება, მაშინ ჩვენს პლანეტაზე აღარ მოხდება სეზონთა ცვლა, ხოლო თუ დახრის კუთხე შემცირდება, მაშინ ზაფხულისა და ზამთრის ტემპერატურებს შორის სხვაობა მკვეთრად გაიზრდება. ამჯერად კი დედამიწის ღერძის მდებარეობა ვარსკვლავთა მიმართ არ შეცვლილა, უბრალოდ, უმნიშვნელოდ გადაადგილდა დედამიწის პოლუსი მისივე ზედაპირის მიმართ. ჩვენს პლანეტაზე კლიმატი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიცვლება. პირველი, თუ ღერძის დახრის კუთხე შემცირდება ან გაიზრდება. მეორე – თუ დედამიწის ორბიტის წაგრძელებულობა შეიცვლება ან ორბიტა ოდნავ შემობრუნდება. აღნიშნული სიდიდეები კი ნამდვილად განიცდის რხევებს ათეულათასობით წლის პერიოდებით. მესამე – თუ ატმოსფეროში ძალიან მოიმატებს ნახშირორჟანგის დონე, რომლის მატებასაც თავად კაცობრიობა უწყობს ხელს და მოსალოდნელ დამღუპველ შედეგებზე აღარ ფიქრობს. ცნობისთვის: თუ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით ხუთჯერ გაიზრდება, დედამიწის საშუალო ტემპერატურა 3 გრადუსით მოიმატებს, რაც ყინულის დნობას და ხმელეთის დიდი ნაწილის დატბორვას გამოიწვევს. ეს დრო არც ისე შორსაა. თუ ადამიანები ისეთივე წარმატებით გააგრძელებენ ტყის ჩეხვას და ნახშირორჟანგით გარემოს დაბინძურებას, სავალალო შედეგებამდე მივალთ. საჭიროა, კაცობრიობამ გამოიყენოს მზის ენერგია და თავი დაანებოს დედამიწის წიაღისეულის ამოღებას, რაც მიწისძვრებისა და კატასტროფების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. საკმარისია, დედამიწაზე არსებული მზის ენერგიის თუნდაც ერთი პროცენტი გამოვიყენოთ, რომ აღარ გახდება საჭირო სხვა სახის ენერგიების გამოყენება.
ბატონო შალვა, როგორია თქვენი დამოკიდებულება 2012 წელთან დაკავშირებით?
– მაიას ტომის კალენდრის ერთ-ერთი ხანგრძლივი ციკლი მართლაც 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება, თუმცა, ეს იმის არავითათარ საფუძველს არ იძლევა, რომ სწორედ ამ პერიოდში დასრულდება ცივილიზაციის არსებობა. მსოფლიოში სხვადასხვა საწყისებით უამრავი კალენდარი მოქმედებს, მაგრამ მათი მიხედვით მსჯელობა არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია. მიუხდავად იმისა, რომ დღემდე დედამიწაზე არაერთი კოსმოსური კატასტროფა მომხდარა და ეს არც შემდეგშია გამორიცხული, ჩვენს პლანეტას უახლოეს მომავალში არანაირი ცნობილი საფრთხე არ ემუქრება. საბედნიეროდ, ასტეროიდების ან კომეტების ჩამოვარდნა მოსალოდნელი არ არის კიდევ მრავალი წლის მანძილზე. 2012 წლის 21 დეკემბერი კოსმოსის თვალსაზრისით წყნარი და შეუმჩნეველი იქნება. ამ მომენტის სიახლოვეს მხოლოს მზის დაბნელებაა. ეს მოხდება 13 ნოემბერს ანტარქიდასთან. პირადად მე 2012 წლისთვის არანაირ სამყაროს დასასრულს არ ველოდები. ადამიანებს შეუძლიათ, ამ მხრივ მშვიდად იყვნენ, მაგრამ ის კი უნდა მოახერხონ, რომ თავად არ შექმნან კატასტროფული მდგომარეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაში!!!

ესაუბრა მეგი საჯაია

წყარო: გაზეთი ასავალ-დასავალი; 2010 წლის 22-28 მარტი N12 (808)

PS: იმედია მოგეწონათ პოსტი… საინტერესოდ მეჩვენა სტატია და გამიჩნდა სურვილი თქვენთვისაც გამეზიარებინა. ჩემი ხელებით გადმოვწერე გაზეთიდან და ამ მაფიქრებინოთ, რომ ტყუილად ვიწვალე ;)

nat_nat

raviii... :) ise ...(blush)

მსგავსი ამბები

Back to top button