არქივი

რონალდო დაბადების დღეებზე თანაგუნდელებს ბრაზილიელი ქალებით „უმასპინძლდებოდა“

b33713eceb2b

მსოფლიოში ფინანსური კრიზისი მძვინვარებს და ნებისმიერი ზედმეტი დანახარჯი ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში ხვდება. ყველაზე მეტად ასეთ საქმეებზე ბრიტანელი ჟურნალისტები არიან ჩასაფრებული და მათი გაკიცხვის საგანი ძირითადად ფეხბურთელები გახლავან. კოლოსალური ხელფასების ფონზე, ფეხბურთელები ფინანსურ კრიზისს არად დაგიდევენ და, შესაბამისად, არაფერს იკლებენ.
ბოლოს პაპარაცთა ყველაზე დიდი მოზღვავება ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელის, სოლომონ კალუს დაბადების დღეზე იყო. მან მთელი გუნდი დაპატიჟა და, რაც მთავარია, გამოაცხადა: ვისაც ცოლის წამოყვანა არ სურს, ნუ წამოიყვანს, თავს მარტოდ მაინც არ იგრძნობს, ისეთი ქალები მეყოლებიანო. დაბადების დღე კალუმ ერთ-ერთ კლუბში გადაიხადა. ელიტური კლუბი ამ მოვლენასთან დაკავშირებით დახურეს, მაგრამ ორასამდე სტუმარს შორის ვინ იყო მოწვეული და ვინ შეპარული, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, მეორე დღეს პრესაში ნაირნაირი ფოტო გაჩნდა. რამდენიმე ფეხბურთელმა წვეულებაზე ცოლი მართლაც არ მიიყვანა და ეს საკმაოდ ძვირადაც დაუჯდა. მაგალითად, „ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ სტუმარი ქალების გამასპინძლებას ნახევარი კვირის ხელფასი, 60 ათასი ფუნტი დაახარჯა, მაგრამ ტერი „სანიმუშო მეოჯახეა“ და კლუბი მარტომ დატოვა. დაახლოებით, ამდენივე დახარჯა დიდიე დროგბამ, რომელიც წვეულებაზე მარტო მივიდა, მაგრამ წასვლისას სამი ფერადკანიანი მანდილოსანი „გააყოლა“ ხელს.

ამბობენ, კალუ რომან აბრამოვიჩსაც ელოდა, მაგრამ კლუბის მეპატრონის მეგობარი ქალი, დარია ჟუკოვა, შეუძლოდ იყო, აბრამოვიჩი კი დაშამ მონადირე ქალებში მარტო არ გაუშვა. ფეხბურთელებმა რუსი ოლიგარქის გარეშეც კარგად მოილხინეს და, საერთო ჯამში, კლუბში ნახევარ მილიონამდე ფუნტი დატოვეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრემიერლიგის მოთამაშეები ანალოგიურად იქცევიან. მაგალითად, ტერის დაბადების დღეზე საერთო დანახარჯმა თითქმის მილიონი გირვანქა შეადგინა, თუმცა ის დღეობა სხვა რამით იყო უფრო დასამახსოვრებელი: ეშლი კოული ვიღაც ქალს ჩაუჯდა მანქანაში, მერე მასთან ასევე მანქანაში გაერთო და ავტომობილი მხოლოდ მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც გული აერია და იქაურობა მოსვარა. მეორე დღეს ეს ფოტოები კოულის ცოლმა, მომღერალმა შერილ ტვიდმა ნახა და ქმარი მიატოვა, თუმცა ორ თვეში დაუბრუნდა და დღემდე მასთან ცხოვრობს. ამბობენ, მაშინ შერილმა ცხელ გულზე ქმარს რამდენჯერმე უღალატაო, მაგრამ, რას იზამ, „გადახდა უნდა ვალსაო“, – ხომ გაგიგიათ!

აი, დიდიე დროგბა ელიზაბეთ კანალისის გამო იტალიაში დაფრინავდა და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ დიდიე გუნდის გამოცვლას და იტალიაში გადაბარგებას აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით, მან შეიტყო, რომ დიდიეს არყოფნაში კანალისი სხვა კაცებს ეკურკურებოდა. კოტდივუარელი ფეხბურთელის გულმა და გონებამ ეს ვერ აიტანა და კანალისს დაშორდა. ამ ქალბატონის ბედზე ნუ იდარდებთ, როგორც ამას წინათ უკვე გაცნობეთ, დღესდღეობით იგი იახტით იტალიის გარშემო ცნობილ მსახიობთან, ჯორჯ კლუნისთან ერთად მოგზაურობს.

ღრეობებით განთქმულია „მანჩესტერ იუნაიტედიც“, განსაკუთრებით კი გუნდის კაპიტანი რიო ფერდინანდი გამოირჩევა. იგი წვეულებაზე ქალებს ელიტური ბორდელებიდან იწვევს და თანაგუნდელებს „უმასპინძლდება“. თითოეული ასეთი „გამასპინძლება“ მას ასი ათასზე მეტი უჯდება, მაგრამ დაბადების დღე წელიწადში ერთხელ არის, ასი ათასზე მეტს კი რიო კვირაში იღებს. ისე, „მანჩესტერის“ ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ აშკარად მოიწყენდნენ, რადგან პორტუგალიელი ხშირად აწყობდა რიგგარეშე დაბადების დღეებს და მთელ გუნდს ეპატიჟებოდა. მისმა გატაცებებმა მას შემდეგ იკლო, რაც ქალებმა პრესასთან საუბარი ინებეს და აღნიშნეს, რომ ლოგინში რონალდუ ძალიან ნაზად იქცევა და მამაკაცის არაფერი სცხია, ხოლო ფულის გადახდის დროს ძალიან ძუნწია და სასტუმროს ნომერში ქალებს არაფრით უმასპინძლდებაო.

ლონდონის „არსენალში“ მთავარი მოქმედი პირები შავკანიანი ფეხბურთელები არიან. არსენ ვენგერი თავის შეგირდებს მუდმივად კუდში დასდევს, მაგრამ შარშან აბუ დიაბისა და ბაკარი სანიას დაბადების დღეზე მოთამაშეებმა ისე მოილხინეს, მთელი ლონდონი ამაზე ჭორაობდა. მაშინ მთვრალი ფეხბურთელები ქალებს ქუჩებში დასდევდნენ და ფეხბურთელთა რამდენიმე მეგობარმა თავი პოლიციაში ამოჰყო, თუმცა გირაოს გადახდის შემდეგ ყველა გაათავისუფლეს. „არსენალის“ ფეხბურთელთა სამწუხაროდ, გუნდიდან წავიდა ემანუელ ადებაიორი. ტოგოელი ფორვარდი თვეში ერთხელ ისეთ ამბებს ატრიალებდა, მოსაყოლადაც ძნელია. მან საკუთარ სახლს სპეციალური გალავანიც შემოარტყა, პაპარაცებს სურათების გადაღება რომ გასჭირვებოდათ, მაგრამ ადებაიორს რამდენჯერმე მაინც ჩაავლეს, რადგან მისმა მეგობრებმა სახლის ჭიშკარი ღია დატოვეს, დაცვას კი, უბრალოდ, ჩაეძინა.

სამაგიეროდ, „ლივერპულის“ ფეხბურთელები სიძუნწით არიან განთქმული და დაბადების დღეებსაც მოკრძალებულად იხდიან. ამისთვის გუნდის კაპიტნისა და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის, სტივენ ჯერარდის მაგალითის მოყვანაც კმარა. სტივი ჯის ბოლო დაბადების დღის აღნიშვნა სულ რაღაც ექვსი ათასი გირვანქა დაუჯდა, ანუ იმაზე ნაკლები, რასაც ნახევარ დღეში უხდიან.

მართალია, ინგლისში არ უთამაშია, მაგრამ ბრაზილიელ რონალდოზე და მის მიერ მოწყობილ დაბადების დღეებზე ლეგენდები დადიოდა. მადრიდის „რეალში“ თამაშისას რონიმ ქალები ბრაზილიიდან ჩამორეკა, თანაგუნდელები დაპატიჟა და კატეგორიულად გააფრთხილა, ცოლები არ მოიყვანოთო. ერთადერთი, ვინც მეუღლესთან ერთად მივიდა, ლუიშ ფიგუ გახლდათ. პრინციპში, ფიგუს მეუღლე, ელენ სვედინი, ყოფილი პორნოვარსკვლავია და ბრაზილიიდან ჩამოყვანილ ქალებთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებოდა, თუმცა, როცა დაბადების დღე ორგიაში გადაიზარდა, ფიგუმ და მისმა ცოლმა წვეულება დატოვეს. სხვათა შორის, იმ წვეულებაზე რობერტო კარლოსს ერთი ქალი მოეწონა და მის გამო ცოლსაც კი დაშორდა. ასეა, სადაც არის ბედი შენიო, ხომ გაგიგიათ. მეორე დღეს რონალდოს მეზობლებმა უჩივლეს და მასაც სხვაგან გადასვლა მოუხდა, მაგრამ ასეთი საღამოების მოწყობას მაინც ახერხებდა და, არამარტო მადრიდში, არამედ მილანშიც, როცა ჯერ „ინტერის“, მერე კი „მილანის“ ღირსებას იცავდა.

ექსპერტებმა დაიანგარიშეს და დაადგინეს, რომ პრემიერლიგის ფეხბურთელები დაბადების დღეებში საერთო ჯამში წლიურად ას მილიონზე მეტს ხარჯავენ.

მსგავსი ამბები

Back to top button