არქივი

ჯვრის აღმართვა – რუბენსი

q4540740
რუბენსი კათოლიკურ ფლანდრიაში
ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვანი ბაროკოს ეპოქაში ჩრდილოეთ ევროპაში ( ცნობილი როგორც ფლანდრია მე15 საუკუნეში) – რუბენსი და რემბრანტი – მუშაობდნენ განსხვავებულ გარემოში, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან რამოდენიმე ასეული მილის მოშორებით ცხოვრობდნენ, რადგან ფლანდრია გაიყო რელიგიური თვალსაზრისით მე16 საუკუნეში. მხარე, რომელიც დღეს ბელგიის ტერიტორიაზეა დარჩა კათოლიკე ( სადაც რუბენსი ცხოვრობდა), ხოლო მხარე, რომელიც დღეს ჰოლანდიის ტერიტორიაზეა (სადაც რემბრანტი ცხოვრობდა) გამოეყო კათოლიკე ესპანეთს (რომელიც აკონტროლებდა მას) და დააარსეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელის მცხოვრებლებიც ძირითადად კალვინისტები იყვნენ.
მეტი წარმატება, ვიდრე მხატვრობა

რუბენსი ძალიან წარმატებული ხელოვანი გახლდათ 1600იანი წლების პირველ ნახევარში. მის ნამუშევრებს „დასდევდნენ“ მთელს ევროპაში. შორსმჭვრეტელი „ბიზნესმენი“ რუბენსი ღვთისმოშიში კათოლიკე გახლდათ. რუბენსი კარგი მაგალითია მხატვრის სტატუსის შეცვლისა: მისი მეგობრები და ნდობით აღჭურვილი პირები მკვლევარები, არისტოკრატები და ევროპის სამეფო ოჯახის წევრებიც კი იყვნენ (რუბენსი იმდენად სანდო და ჭკვიანი იყო, რომ დიპლომატადაც კი მუშაობდა).

მოგზაურობა იტალიაში

რუბენსმა გაატარა რამდენიმე წელი იტალიაში კარიერის დასაწყისში, ის სწავლობდა იტალიური რენესანსის ხელოვნებას, ასევე კლასიკურ ანტიკურ ხელოვნებას. მასში შეერწყა რენესანსის, ანტიკური ხელოვნებისა და კარავაჯოს გავლენა. რუბენსი იმდენად წარმატებული იყო, რომ მან მოაწყო უზარმაზარი სტუდია მშობლიურ ანტვერპენში. აქ ის ხატავდა დიდი რაოდენობით ნახატებს სამეფო იჯახებისთვისა და მდიდარი კლიენტებისთვის და აფასებდა ნახატებს იმის მიხედვით, თუ რამდენად პერსონალურად დახატა. ნახატის იდეისთვის პასუხისმგებელი ყოველთვის რუბენსი იყო, მაგრამ თუ მისი დამხმარეები ასრულებდნენ ნახატის უმრავლეს ნაწილს, ნახატის ფასი კლებულობდა. რუბენსის სტუდიაში, ის და მისი დამხმარეები სპეციალიზდებოდნენ სხვადასხვა მხრივ ისე, რომ მათ ემუშავათ ნახატის სხვადასხვა ნაწილზე. მიუხედავად იმისა, რომ რუბენსმა სრულყო ეს სისტემა, ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს იყო მიღებული პრაქტიკა „უფროსი“ ხელოვანისთვის, რომ შეექმნა იდეა და გეკეთებინა მოკლე მონახაზი, ხოლო მისი დამხმარეები ამთავრებდნენ ნახატს.

9 ფიგურა აღმართავს ჯვარს

სურათის ცენტრალურ ნაწილში ვხედავთ 9 უზარმაზარ ფიგურას გამოკვეთილი კუნთებით, ისინი ცდილობენ აღმართონ ხის მძიმე ჯვარი, რომელზეც იესო ქრისტეა გაკრული.
სურათის შეხედვისას მაყურებელს თითქოს ესმის 9 ფიგურის ოხვრა იმ დროს როცა ისინი მთელი ძალით ცდილობენ ჯვრის აღმართვას. მათი სხეულების ფორმები ქმნიან ადამიანის სხეულის განსხვავებული პოზიციების ერთიანობას როცა ისინი წევენ დიდ წონას: ზოგიერთი ფიგურა ჯვრის თავზე აწვება ჯვარს უკნიდან წინ, სხვა ფიგურა ჯვრის ცენტრში წევს ქვემოდან ზევით, მისი ტანი უკანაა გადახრილი, შემდეგ ფიგურას მისი ტანი ჯვრის ქვეშ აქვს მოქცეული და ფეხების ძალის გამოყენებით ცდილობს ჯვრის აწევას მაშინ, როცა ორი სხვა ფიგურა მოხრილია ჯვრის ბოლოსთან და ჯვრის წამოყენებას ცდილობს. ერთ-ერთი პერსონაჟი ეხმარება ჯვრის აღმართვას ამაღლებული ადგილიდან, რომელიც ნაწილობრივ დაფარულია ქვებითა და ხის ტოტებით. და კიდევ ერთი ფიგურა ექაჩება თოკს, რომელიც მიბმულია ჯვარზე და ჩვენს თვალებს მიგვაპყრობინებს იესო ქრისტეს ზევით მიპყრობილ და გაშეშებულ მზერასა და ნიშნაზე, რომელიც მიჭედებულია ჯვარზე: „იესო ნაზარეველი, ებრაელთა მეფე“. შესაძლოა ეს არის მომენტი, როცა ქრისტე მიმართავს ღმერთს : „მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან რას სჩადიან“ (ლუკა 23:34).
რთულია თვალში არ მოგვხვდეს ფიგურათა კიდურები – მკლავები და ფეხები თითქოს უერთდება ერთმანეთს ერთი დიდი მცდელობისთვის – ჯვრის აღმართვისთვის. ქრისტეს სხეული წარმოგვიდგება დიაგონალურ ხაზად, რომელიც თითქოს მოძრაობს სივრცეში და ჯვარი ჩვენი მიმართულებით აღიმართება. ზოგიერთი ფიგურა იმდენად თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი, თითქოს სადაცაა ჩვენს სივრცეში გაჩდებიან. რუბენსს გადავყავართ დროის იმ მომენტში, როცა ჯვრის ერთი ბოლო მიწაში იდება ხოლო 9 ადამიანი მის აწევას ცდილობს. ჩვენ ვიხილეთ მომენტი ქაოსისა. ძაღლი ყეფს გაშმაგებით და თითქოს ჩანს შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები განიცდიან მარცხს, ჯვარს ვერ აწევენ და დაუვარდებათ მიწაზე.
ნახატის მარცხენა მხარეს გამოსახული ფიგურები აკვირდებიან ჯვრის აღმართვას, მათ შორის არიან ღვთისმშობელი და იოანე. მარჯვენა ნაწილზე გამოხატულნი არიან რომელი მეომრები და ორი ქურდი, რომლებიც ასევე ჯვარს აცვეს.

იტალიური და ჩრდილოეთის ტრადიციების თავმოყრა

რუბენსი აერთიანებს დაკუნთულ ფიგურებსა, რაც ჩვენ მიქელანჯელოს გვახსენებს, და თვალსაჩინო რეალიზმს, რაც დამახასიათებელია ჩრდილოეთის ტრადიციისთვის. დავაკვირდეთ, თუ როგორ ეცემა სინათლის სხივი ერთ-ერთი ფიგურის შავ აბჯარს მარცნივ. ასევე არის დამახასიათებელი ნიშნები ზოგიერთი ფიგურის სახეზე (აბჯრიანი კაცი, მოხუცი კაცი), რომლებიც გვახსენებს ჩრდილოეთის ტრადიციას.
ქრისტეს სხეული გრაციოზული და ძლევამოსილია, რის შთაბეჭდილებასაც როვებს ის, რომ მისი გულ-მკერდი აზნექილია მარჯვენა მხარეს, ხოლო მისი თავი, მუცელი და ფეხები მიმართულია მარცხნივ. ის მოგვაგონებს იდეალურ და ელეგანტურ ფიგურას გვიანდელი რენესანსისა, მაგრამ რუბენსი ფიგურას უფრო დრამატულს წარმოაჩენს უკან გადაწეული დიაგონალით და გამოხატავს ქრისტეს ადამიანობასა და სისუსტეს დიდი ფრჩხილებით მის ხელებსა და ფეხებზე და სისხლის წვეთებით. ასევე შესამჩნევია იტალიელი ბაროკოს დროინდელი უდიდესი მხატვრის კარავაჯოს გავლენა სინათლისა და სიბნელის ძლიერ კონტრასტში.
რუბენსი აერთიანებს კლასიკური სკულპტურის ფიზიკურობას, მიქელანჯელოს ელეგანტურობასა ( ყურადღებას აქცევს კუნთოვან სისტემას) და ბაროკოს ეპოქისთვის დამახასიათებელ დრამატიზმს, რაც ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით ახასიათებს რუბენსის ამ ნამუშევარს, როგორც მის ყველაზე მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშს.

გამოყენებული მასალები: totallyhistory.com

მსგავსი ამბები

Back to top button