კულტურაუცნაური

ქალაქების მიმოხილვა – სიღნაღი (მეხუთე ნაწილი)

56531c3d7e13
სიღნაღი – ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 2,1 ათასი 2002 წლის მონაცემებით ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი. სიღნაღი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას და აქ მდებარეობს ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია.

სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა და „თავშესაფარს“ ნიშნავს.

ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის.

სიღნაღი თელავის მსგავსად მეფისეულ მამულად ითვლებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქიზიყში საერთოდ არ ყოფილა ბატონყმობა. შესაბამისად, ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. სამოქალაქო ხელისუფლებას აქ მოურავი განაგებდა; სამხედრო განაწესის მიხედვით კი ჴიზიყი პირველ მოწინავე სადროშოს წარმოადგენდა, რომელსაც ბოდბის ეპისკოპოსი განაგებდა.

სიღნაღი მისი მდებარეობის წყალობით ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი ჩამოყალიბდა. აქ რამდენიმე სავაჭრო გზა იკვეთებოდა. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისკენ.

199828c4eb31
6aa4b124466b
f6960bf240e0

სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.

სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულ ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული.

სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ მას ჴიზიყს უწოდებდნენ. კამბეჩოვანი (კამბისენე ძველ ბერძნულ წყაროებში) ძველი წელთ. II-I საუკუნეებში შედიოდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში. ახალ წელთაღირცხვაში მისი ცენტრი ქალაქი ხორნაბუჯი გახდა.

საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ეს მხარე დიდ მნიშვნელობას იძენს. აქ აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო. მეფე ვახტანგ გორგასალმა ჰერეთი და მასში შემავალი კამბეჩოვანი საუფლისწულოდ აქცია და თავის ძეს, დაჩის, მისცა, ხოლო ხორნაბუჯში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. ხორნაბუჯზე გადიოდა მაგისტრალური სავაჭრო-საქარავნო გზა.

VIII-IX საუკუნეებში, მიუხედავად არაბთა დამანგრეველი შემოსევებისა, ჰერეთი ძლიერდება და სამთავროდ ყალიბდება. XI საუკუნეში მეფე ბაგრატ III-მ კაჰეთ-ჰერეთი გაერთიანებულ საქართველოს შეუერთა, რაც საბოლოოდ დავით აღმაშენებელმა განსმტკიცა. XIII საუკუნეში ჯალალედინისა და მონღოლთა თარეში კამბეჩოვანსაც შეეხო, რომელიც მონღოლთა ერთ-ერთ დუმენად (სამხედრო ოლქად) იქცა.

1264 წელს ბერქა ყაენის გამანადგურებელი შემოსევის დროს ხორნაბუჯის ციხეც დაეცა. ამის მერე ხორნაბუჯი, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი, კარგავს მნიშვნელობას. მოიშალა გზები, რომლებიც ამ ქალაქზე გადიოდა. არემარე პერიფერიაზე აღმოჩნდა. კამბეჩოვნის ცენტრმა ჩრდილო-დასავლეთისკენ ჴიზიყში გადაინაცვლა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო სამეურნეო საქმიანობა და მოსახლეობა. ეს დაახლოებით XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მოხდა.

ჴიზიყი მნიშვნელოვნად გაძლიერდა XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის დროს (1744-1798). სიღნაღის ქალაქად ჩამოყალიბება სწორედ ამ დროს ხდება. მეფე ერეკლეს ბრძანებით 1770 წელს შედგენილ ქალაქთა ნუსხაში სიღნაღიც არის მოხსენიებული. სიღნაღს გარს აკრავს დიდი გალავანი 28 კოშკით, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ლეკებისაგან დასაცავად ააგო. მისი სიგრძე დაახლოებით 4კილომეტრია. ქალაქი შემორჩენილია თითქმის იმავე სახით, როგორიც ის 200 წლის წინ იყო.

რუსეთთან მიერთების შემდეგ სიღნაღი მაზრად გადაკეთდა. 1938 წელს, საბჭოთა წყობილების დროს სიღნაღის რაიონი შეიქმნა.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სიღნაღი კვლავ სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია.

დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.
964ba3df8417
0c5d051a8f6f
ecb2f2a417e9

შემდეგ პოსტში მიმოვიხილავ ლონდონს ხოლო ლონდონის შემდგომ მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურს

 

წყარო : ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button