ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

ვოიაჯერის მისია – დედამიწის საგანძური: ხმა, ხმაური, მელოდია…


1977 წელს “ვოიაჯერის” მისიის ფარგლებში ნასას სპეციალისტებმა ორკვირიანი ინტერვალებით ორი ავტომატური ზონდი გაუშვეს.
ვოიაჯერ 2-მა” სტარტი 1977 წლის 20 აგვისტოს აიღო, რამდენიმე დღეში კი მის კვალს “ვოიაჯერ 1-ც” გაუდგა. “ვოიაჯერ 2-მა” 1979 წელს იუპიტერს, 1980 წელს სატურნს, 1986 წელს ურანს და 1989 წელს ნეპტუნს ჩაუქროლა და ოთხივე პლანეტის ფოტოები მართვის ცენტრს გადმოუგზავნა.

ჩვენი მზის სისტემის ორ უდიდეს პლანეტას, “ვოიაჯერ 1-მაც” 1979 და 1980 წლებში ჩაუფრინა და მათი სატელიტი მინი პლანეტების, ასევე სატურნის სარტყელის ფოტოებიც გადაიღო. სწორედ “ვოიაჯერების” მიერ გადაღებული ფოტოების ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ იუპიტერზე არსებული დიდი წითელი ლაქა, რომლის დიამეტრიც, ჩვენი პლანეტისას თითქმის სამჯერ სჭარბობს, ატმოსფეროში არსებული გაზების (მეტწილად მოლეკულური წყალბადის და ჰელიუმის) წარმოუდგენლად ძლიერი ქარიშხალია. რაც შეეხება სატურნის სარტყლებს, ისინი წვრილი, საშუალო და მსხვილი ზომის (ზოგიერთი ორსართულიანი სახლის ზომისაცაა) ყინულოვანი ნაწილაკებისგან შედგება, რომლებიც ორბიტაზე დიდი სიჩქარით მოძრაობს. იმავე ფოტოებმა აჩვენა, რომ იუპიტერის ერთ-ერთ მთვარეზე, რომელსაც სახელად იო ჰქვია, რვა აქტიური ვულკანი მოქმედებს. არადა, მანამდე მეცნიერებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ორივე ხომალდმა, ამ ორი დიდი პლანეტის გრავიტაციის წყალობით, სიჩქარე მნიშვნელოვნად გაზარდა. “ვოიაჯერ 2-მა” ურანსა და ნეპტუნსაც ჩაუქროლა და მის მიერ გადაღებული ფოტოებით, მეცნიერთა გაოცება გამოიწვია. ამ ფოტოების დახმარებით დადგინდა, რომ ურანი ჰორიზონტალური ღერძის ირგვლივ ბრუნავს. ნეპტუნზე კი, რომელიც მზის სისტემაში, მანათობლიდან ყველაზე დაშორებული პლანეტაა, ჩვენი სისტემის პლანეტებს შორის, ყველაზე ძლიერი ქარიშხლებით გამოირჩევა. დადგინდა, რომ ამ ქარიშხლების სიჩქარე საათში დაახლოებით 2 000 კილომეტრი უნდა იყოს. ამასთან, ნეპტუნზე აღმოჩენილია მუქი ლაქა, სადაც მუდმივი ქარიშხალია. ამ ლაქის ზომა ჩვენი პლანეტის ტოლია.

მზის სისტემის ბოლოდან გადაღებული დედამიწის ფოტო
“ვოიაჯერ 1-მა” მზის სისტემის კიდიდან ჩვენი პლანეტის ფოტოებიც გადაიღო. ამ ფოტოებმა მეცნიერებს პირველად დაანახა დედამიწის მოცისფრო წერტილი 6 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან. ფოტოზე ჩვენს პლანეტას სულ რაღაც 0.12 პიქსელის ადგილი უკავია.

“ვოიაჯერ 1”-მა გაამართლა რიგითი ნომერი, რადგან მზის სისტემის საზღვრისკენ მოკლე და სწრაფი ტრაექტორიით გაუშვეს, რამაც მას თანამოძმისთვის გასწრების საშუალება მისცა.
მართალია, ჩვენი მასშტაბებით თანამგზავრები არნახული სიჩქარით ცდილობენ მზის სისტემიდან “თავის დაძვრენას”, მაგრამ კოსმოსისთვის მათი “ფეხმარდობა” კუს ნაბიჯებია. მათ გაშვებიდან მხოლოდ 36 წლის შემდეგ, 2013 წლის 12 სექტემბერს შეძლეს მზის სისტემის დატოვება და ვარსკვლავთაშორის სივრცეში გასვლა.

ვოიაჯერ 1-ის მდებარეობა 2013 წლისთვის
ვოიაჯერები მომავალში გზავნილებია. ეს გზავნილებია თითოეული აპარატის ბორტზე მოთავსებული მოოქროვილი უნიკალური ფირფიტებიც, რომელზეც ჩაწერილია ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე “ადამიანური” ნიშნები, ესენია: 115 გამოსახულება და დედამიწის ხმები – დაწყებული ტრაქტორის გრუხუნით და დამთავრებული ჭრიჭინას ჭრიჭინით. არამიწიერი ცივილიზაციებისთვის 55 ენაზე მათ შორის ქართულადაც, ჩაწერილია მისალმებებიც. იქვე მუსიკალური ნიმუშები – დაწყებული მოცარტით და დამთავრებული “ჩაკრულოთი”, ერთი სიტყვით, ესაა დედამიწაზე სიცოცხლის აღმნიშვნელი თუ აღმნუსხველი აუდიოვიზუალური მასალები.

NASA იმედოვნებს, რომ ორივე ხომალდს 2025 წლამდე შეინარჩუნებს. ამ დროისთვის, მათი ბირთვული ელემენტების მარაგი ამოიწურება და “ვოიაჯერები” უკონტროლოები გახდებიან, თუმცა ფრენას დაახლოებით მილიარდი წლის განმავლობაში გააგრძელებენ…

ახლა შთაბეჭდილების შესაქმნელად ისიც ვთქვათ, რომ ვოიაჯერ 1, რომელიც საათში დაახლოებით 60 ათასი კილომეტრი სიჩქარით მიჰქრის, ვარსკვლავ AC+79-ს 40 000 წლის შემდეგ მიაღწევს, ვოიაჯერ 2 კი ვარსკვლავ სირიუსისკენ მიფრინავს და მის სისტემას დაახლოებით 296 000 წლის შემდეგ მიადგება.

თქვენს წინაშეა ოქროს ჩანაწერი სრულად, 5 საათი –

 

წყარო : www.24saati.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close