გართობა

BMW-ს ახალი ლუქსის კლასის სედანი

9bd446c655c4

BMW-ს მორიგი  ავტომობილი Vision Future Luxury, გვიჩვენებს კომპანიის ხედვას იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი მომავალი ლუქსის კლასის ავტომობილი, კერძოდ კი მე-7 სერიის სედანი.

პირველად ამ ავტომობილის ხილვის პატივი წილად პეკინის მოტორ შოუს დამთვალიერებლებს ხვდათ. პეკინში ბავარიელებმა წერტილი დაუსვეს მოარულ ხმებს, რომლებიც ამ კონცეპტს მომავალი მე-9 სერიის წინამორბედად მოიხსენიებდნენ.
dffaac4f0e2f

კონცეპტუალური ავტომობილი, თავისი გარეგნობით, Pininfarina-ს მიერ შარშან შემუშავებულ BMW Gran Lusso V12 Coupe-ს გაგახსენებთ, თუმცა უფრო მონუმენტური დიზაინით გამოირჩევა. მას კომპანიის საფირმო ნიშანი – ერთგვარი წყვილი თირკმლის ფორმის რადიატორის ცხაური გამოარჩევს. პეკინში პრემიერისას, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იხუმრა კიდეც – თუ რადიატორი ზრდას კვლავ გააგრძელებს, ფარებისთვის ადგილს აღარ დატოვებსო. რა თქმა უნდა, ასე არ იქნება და თუ ასეც მოხდა, საზრიანი დიზაინერები ფარებს რადიატორის სტრუქტურაში მოაქცევენ.

გარდა ამისა, ახალ კონცეპტს, სრულიად ახალი ინტერიერი აქვს, სადაც ხის და კარბონის დეტალები დომინირებს და უხვადაა გამოყენებული ტყავი – სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა – ეს ყველაფერი ხომ მდიდრულობის ატრიბუტებია. კიდევ ერთი თავისებურება, კართა კონსტრუქციაა. სახურავს არ აქვს შუა საყრდენი, რის საშუალებასაც კარების კონსტრუქცია იძლევა – ისინი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იღება და შესაბამისად, წინა და უკანა საყრდენებზეა დაკიდული.
a04ee9acf901

სალონის უკანა ნაწილში პირველი კლასის გარემოა მოწყობილი. აქ მხოლოდ ორი სავარძელია, რომლებსაც თავისი გასაშლელი მაგიდა და ტაბლეტი ემსახურება. წინ კი მძღოლის განკარგულებაშია მთლიანად მასზე ორიენტირებული ცენტრალური კონსოლი, რომელზეც სამი ურთიერთდაკავშირებული დისპლეია მოთავსებული. კონსოლის ქვედა ნაწილში კი სისტემა iDrive-ის მართვის სისტემებია მოთავსებული.
a1f0522f3aa5

 

bdf8053da657
სიახლეები ექსტერიერშიცაა. მაგალითად, ლაზერული ფარები – ბავარიული კომპანია ამ ტექნოლოგიას ინტენსიურად ითვისებს და ალბათ მალე პირველი ავტომწარმოებელი გახდება, რომელიც მას სერიულად გამოიყენებს. „ბეემვე“ ირწმუნება, რომ ლაზერის დახმარებით, გზას შუქის კონცენტრირებული, პარალელური სხივების ჭავლი ანათებს, რომელიც ადვილად სამართავიცაა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ისედაც საკმაოდ ეფექტურ შუქდიოდურ ფარებზე ათჯერ ინტენსიურ შუქს იძლევა. თანაც, შემხვედრი ავტომობილის მძღოლსაც თვალებს არ უზიანებს.

მსგავსი ამბები

Back to top button