არქივი

ვენაცვალე ამის დამწერს…

df485abfbd27

”თიმთიმი” (ჟარგ.) – სხეულის რაიმე ორგანოს თამაში

– შენ ჩემს “თიმში” (team) ხარ?
– აუ, აზრზე არ ვარ, ”ვაფშე” “თიმი” კი არა, ჩემი “თიმ–მემბერები” (team members) ვინ არიან ეგეც არ ვიცი…
(უნივერსიტეტში გაგონილი)

“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება და თუ ამასაც არ ვუპატრონეთ, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?” – ილია

”ომგ, ჯაან, ძაან ქუუულია” – შთამომავლობა…

(უტრირებული) დიალოგი:

– დღეს ”ნაით–ქლაბში” უძაანმაგრესი პონტი იჩითება…
– არა–ა? ტუსოვკაა რამე?
– ჰო, იამაიკური “ივენთია” – “მარლი–ფართი”, ვიღაც იქაური დიჯეი მიქსავს…
–აბა გვიძიგძიგია…

“საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!…
…საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!” (ლადო ასათიანი)

“ღმერთების ენას” დღეს მარტო ღმერთი თუღა უშველის.
ანადგურებს ყველა, ვისაც ლაპარაკი, ან წერა შეუძლია: დაწყებული ჟურნალისტებიდან, გაგრძელებული “თინეიჯერებით” და დამთავრებული პოლიტიკოსებით. ზოგმა გრამატიკა არ იცის, ზოგი წაუინგლისურკეკლუცებს, ზოგსაც ჰგონია, რომ რაც მეტ უცხო სიტყვას გამოიყენებს, ხალხის თვალში უფრო კარგი ტიპი გამოჩნდება. ზოგი უბრალოდ ასოებს ზოგავს, ზოგიც “ძაან უბანში” ცხოვრობს და იძულებულია “გავჩუსტეთი” იმეტყველოს, ზოგი ხშირად “აკომენტებს” და “ფოტკა”–ს შეეჩვია, ზოგმა უბრალოდ სიტყვების ქართული შესატყვისები აღარ იცის და “ფართი” მამა–პაპურ, ძირძველ სიტყვად მიაჩნია… ზოგადად კი, ამდენი “ზოგი” ერთობლიობაში ისეთ დიდ რაოდენობას აღწევს რომ…

ხან ყვავილების ნელი შრიალი
ხან იადონის ხმატკბილი სტვენა
სიტყვა ფრთიანი, ნაპერწკლიანი
ბარაქიანი, ქართული ენა. (იოსებ ნონეშვილი)

…ერთ დროს “ბარაქიანი” ენის მოსავალი წლიდან წლამდე კლებულობს!

დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ… (ირაკლი აბაშიძე)

d4e2fa481185
“ყველას ეშინია დროსი, დროს კი ეშინია პირამიდების…”

დროს იუმორის დიდი გრძნობა აქვს (ერთადერთი ვისზეც მისი ხუმრობები არ მოქმედებს – პირამიდებია), ამიტომ თვით “უჭკნობი” ქართული ენაც კი წელში მოიხარა. დღეს, უბრალოდ, იშვიათია ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გამართული ქართულით წერს და საუბრობს. ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ “ბრთხილად”, “გვერძე” და “შვები” შეცდომაა.

რა გინდა რომ აქ არ იყოს,
ენა იტყვის რას?
სიტყვა გინდა?
მარტო წვიმას,
აქვს სახელი ცხრა… (მუხრან მაჭავარიანი)

აი, დღევანდელ ქართულ ენაში კი საგინებელი ზმნები რომ დაითვალო, მინიმუმ ორი ამდენი გამოვა. გინება კიდევ ცალკე თემაა, (ვისაც დააინტერესებს), ამიტომ სანამ ”დედის იღლიის”, “დედის ჭიპის”, “დედის ნაწლავის” და სხეულის სხვა ნაწილთა ლექსიკას “დედის ენაც” შემატებია, ჯობს “დედა ენაზე” დროულად ვიზრუნოთ…

“დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე
მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად,
რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა
ამხილოს ამით ენითა”

…თორემ ასეთი “წარმატებული სვლა” თუ გავაგრძელეთ, მეორედ მოსვლის დროს “დამარხული ქართულის” გამგები და მთარგმნელი კაციშვილი აღარ დარჩება…

პ.ს: ყოველივე ამის შემდეგ, რაღა გვე–team-team-ება?!

ოკეანე: doin.ge
ავტორი: ბექა ადამაშვილი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button