გასართობისაკითხავიუცნაური

ვულკანი ერებუსი


მეცნიერები დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცივ წერტილში იმ არსებების საპოვნელად მოვიდნენ, რომლებიც გაუსაძლის სიცხეში თავს მშვენივრად გრძნობენ. იქ, სადაც ოთხი თვის განმავლობაში მზე საერთოდ არ ჩადის, ეძებენ უკუნი სიბნელის ბინადრებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანტარქტიკაში, კუნძულ როსზე მდებარე მთა ერებუსის აყირავებულ სამყაროში!

მთა ერებუსი დედამიწის ყველაზე სამხრეთით მდებარე მოქმედი ვულკანია, რომლის ფორმირება დაახლოებით 1,3 მლნ წლის წინ დაიწყო. ამჟამად მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3794 მეტრია. მისი ფერდობები თოვლითა და ყინულით, მყინვარებით და ნაპრალებითაა დაფარული, თუმცა მწვერვალიდან ყოველთვის ორთქლი ამოდის, რაც მთის წიაღში სიცხის არსებობაზე მეტყველებს. ასეთია ერებუსი – გარედან გაყინული, შიგნით კი მდუღარე.

ერებუსი 1841 წელს სერ ჯეიმს კლარკ როსის ექსპედიციამ აღმოაჩინა. როსმა მას თავისი ერთ-ერთი ხომალდის – სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „ერებუსის“ სახელი უწოდა. თავად ხომალდს კი, სიბნელის ბერძნული ღვთაების სახელი ერქვა თუმცა 1908 წლამდე ერებუსის წვერზე არავინ ასულა. პირველები სერ ერნესტ შეკლტონის ექსპედიცია „ნიმროდის“ წევრები იყვნენ. შეკლტონმა ექსპედიცია მაშინ შეწყვიტა, როცა სამხრეთ პოლუსამდე დაახლოებით 180 კმ იყო დარჩენილი. უკან დაბრუნება ჯგუფის წევრების გადასარჩენად გადაწყვიტა.

ამ ადგილის ბიოლოგია საკმარისად არაა შესწავლილი. ამის მიზეზი კი ნაწილობრივ ისაა, რომ ერებუსზე არსებული ბიოლოგიური ფორმები უმეტესად მიკროსკოპული ზომისაა (გამონაკლისებია მცირეოდენი ხავსები და ციანობაქტერიები, რომლებიც მცენარეების მსგავსად, მზის სინათლეს ენერგიად გარდაქმნიან და თვალით დასანახი ზომის კოლონიებს ქმნიან). დღემდე უცნობი მიკრობების შესწავლა ძალიან ძნელი იყო. ლაბორატორიაში თუ არ გამოზრდიდი, ისე მათი აღწერა, მით უმეტეს შესწავლა, შეუძლებელი ხდებოდა. მიკრობების უმრავლესობას კი, ლაბორატორიაში ცხოვრება არ მოსწონს.

ახლა, მიკრობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მისი ლაბორატორიაში გამოზრდა აუცილებელი აღარაა. ბოლო ათწლეულში გენეტიკური ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ მიკრობთა თანასაზოგადოების დახასიათება მხოლოდ მათი დნმ-ის მიხედვითაა შესაძლებელი, რაც მიკრობებისა და მათი საბინადრო გარემოს შესახებ გაცილებით უფრო სრულყოფილ სურათს იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ერებუსის ცხელ ნიადაგებში სიცოცხლე ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინეს, მისი საფუძვლიანი შესწავლის საშუალება მხოლოდ ახლა გაჩნდა.

მკვლევრებს კი იმედი აქვთ, რომ ვულკანის გულიდან ამოფრქვეულ და შემდეგ გაყინულ ნატეხებს მოიპოვებენ, რომლებიც მიკრობებს შეიცავენ და მიწისქვეშა სამეფოს სიცოცხლის შესახებ ინფორმაციას ატარებენ.






წყარო : nationalgeographic.ge

loading...
თეგები

vendetta

me var studenti miyvars saintereso da shemecnebiti gadacemebis yureba
Close
Close