არქივი

პიგმეები

69b35a59f411

აფრიკის კონტინენტზე, ტყეთა სიღრმეში, სადაც იზრდება მაღალი ხეები და ბინადრობენ ყველაზე დიდი ცხოველები – სპილოები, ცხოვრობენ დედამიწის ყველაზე პატარა ადამიანები – პიგმეები (მამაკაცის სიმაღლე არ აღემატება 140 სანტიმეტრს, ქალისა კი გაცილებით ნაკლებია).

პიგმეების ტომებია: ეფე, ბასუა, ბაკვე, ბამბუტი, აკა, ბატვა, ბაბინგა და სხვ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პიგმეები მდინარე კონგოს აუზში გაცილებით უფრო ადრე დასახლდნენ, ვიდრე სხვა ხალხები, ამიტომაც ამ ადგილის აბორიგენებად პიგმეებს მიიჩნევენ.
0a842c712de3

პიგმეები განცალკევებულად ცხოვრობენ, თუმცა სამეურნეო კავშირი აქვთ მეზობელ ხალხებთან. მათთან ცვლიან ნანადირევს მიწათმოქმედების პროდუქციაზე – ბანანზე, ფეტვზე.

პიგმეების სოფლები ტყის სიღრმეშია. ისინი ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. მათი საცხოვრებლები პალმის ფოთლებისგან აგებული ფაცხებია, რომლებიც მწვანე გორაკებს ჰგვანან. ფაცხებს ქალები ამგვარად აშენებენ: მიწაში არჭობენ ტოტებს და ზედა ნაწილებს კრავენ ლიანებით ისე, რომ წარმოიქმნება თაღი. თაღების რიგი ქმნის საცხოვრებლის ჩონჩხს, ზედ აწყობენ პალმების დიდ ფოთლებს და ამაგრებენ. ასეთი საცხოვრებლის აშენებას 2-3 საათს ანდომებენ. მასში გამართულია საწოლი – ორი ერთმანეთის გვერდზე მიწყობილი ფიცარი, რომლის ქვემოდან იდება ხის ჯოხი მათ დასაკავებლად.
a260b4204754

საწოლზე არაფერია გადაფარებული, ბალიშის მაგივრად იყენებენ საკუთარ ხელს. ბალიშსა და საბანზე პიგმეებს წარმოდგენაც არ აქვთ. ფაცხები გამძლეა, მყარადაა შეკრული და მშვენიერი თავშესაფარია ტროპიკული თავსხმების დროს. ავეჯსა და ჭურჭელს პიგმეები მხოლოდ მცენარეული მასალისგან – ხის ფოთლებისა და ქერქისგან ამზადებენ, ძირითადად “ერთჯერადი” დანიშნულებისას.
618e1b145fd8

პიგმეების ძირითადი საქმიანობა ნადირობა და შემგროვებლობაა. პირველყოფილი იარაღით მამაკაცები თამამად მიდიან ყველაზე დიდ ცხოველებზე სანადიროდ. მონადირეები ტყეში გვიან გადიან – მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მზე ააორთქლებს ფოთლებზე არსებულ ნამს, რადგან მათ ეშინიათ ჩამოცვენილი ცივი წვეთებისა. პიგმეებმა იციან ლიანებისგან ბადეების დაწნა. ასეთი ბადის სიგრძე ცხრა მეტრამდეა, სიგანე ერთ მეტრამდე.

ისინი ერთმანეთს გადააბამენ 10-20 ასეთ ბადეს და ასობით მეტრზე გადაჭიმავენ. ბავშვები მიდიან შორს და ყვირილით, ხმაურით დევნიან ნადირს, რომლებიც თავის გადასარჩენად მიექანებიან და ბადეში ებმებიან. ფართხალებენ, იბრძვიან თავის დასახსნელად და უფრო მეტად იხლართებიან შიგ.

მონადირეებს გამოჰყავთ ბადიდან ცხოველები, ლიანებით უკრავენ ფეხებს და მიჰყავთ სახლში, დაკლავენ და მოსამზადებლად ქალებს გადაულოცავენ. ამის მერე მამაკაცები ისვენებენ, ქალები კი საჭმელს ამზადებენ. ნანადირევი მთელი თემის საკუთრებაა.
c509f714432f

შემგროვებლობას ქალები და ბავშვები ეწევიან. ისინი არჩევენ საკვებად ვარგის ფესვებს, ბალახს, ხის ფოთლებსა და ქერქს. მთელი “მოსავალი” თანაბრად იყოფა ოჯახებს შორის. შეგროვილ პროდუქტებს საკვებად უმად იყენებენ ან ხარშავენ და სხვადასხვა კერძს ამზადებენ.
df67b04613d0
ზოგჯერ პიგმეები მაიმუნებზეც ნადირობენ. ადამიანებსა და მაიმუნებს შორის ნამდვილი ბრძოლა იმართება. მაიმუნები ზემოდან ისვრიან ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ – გირჩებს, ნაყოფს, ტოტებს. პიგმეები მათ ისრებს უშენენ. თუ დედალი მაიმუნი მოკლეს, მაშინ შვილი, ხშირ შემთხვევაში, თვითონ ვარდება ქვემოთ, ეკვრება მკვდარ დედას და ხელთ უვარდება მონადირეებს..

Back to top button