გართობაუცნაური

რამდენად ჭკვიანები არიან მაიმუნები?

chimp tool use

მაიმუნების ინტელექტის შესახებ სერიოზული მტკიცებულებები 1960-იან წლებში გაჩნდა გომბეში, ტანზანიაში. ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, ჯეინ გუდოლი აკვირდებოდა შიმპანზეებს და შენიშნა, რომ ისინი ჭიანჭველების “მოსანადირებლად” რტოებს იყენებდნენ (იხ. სურათი). ეს გახლდათ პირველი დადასტურება იმისა, რომ შიმპანზეებიც აკეთებენ და იყენებენ იარაღს ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად. მანამდე იარაღის გამოყენება ითვლებოდა უნიკალურ, მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელ მოვლენად. ამ აღმოჩენის შემდეგ მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ჩვენი ევოლუციური ნათესავები ჟესტების ენას იყენებენ, ამზადებენ შუბის მაგვარ იარაღებს და მათი მეშვეობით ნადირობენ, მეხსიერების ტესტებში კი ზოგჯერ სტუდენტებსაც ჯობნიან.
koko gorilla sign language
1976 წლის 21 მაისს ფრანსინ “პენი” პატერსონი (მარცხნივ) იყენებს ამერიკულ ჟესტების ენას და ეკითხება გორილას, სახელას კოკოს, შია თუ არა. კოკო პასუხობს, რომ მშიერია. კოკო დაბლობის გორილაა, დაბადებული 1971 წელს და დღემდე ითვლება ენის ყველაზე კარგ მცოდნე ცხოველად. ორგანიზაცია Gorilla Foundation-ის მიხედვით, მისი ენა შედგება 1000-ზე მეტი ჟესტისგან, იგებს 2000 ინგლისურ სიტყვას და ესმის დიალოგების ძირითადი შინაარსი. კოკოს ინტელექტუალური კოეფიციენტი 70-დან 95-მდეა, ადამიანურ საზომში კი 100 ითვლება ნორმალურ მაჩვენებლად. მაიმუნების მკვლევარის, ტომას ბრეუერის მიხედვით, “დიდ მაიმუნებს აქვთ ჟესტების კომუნიკაციის ენა, რომელიც პატარა ბავშვებისას მიაგავს. ადამიანებისგან განსხვავებით, ურთიერთობისთვის მათ შექმნეს ნიშნების ენა, რადგანაც არ შეუძლიათ ბგერების ისე წარმოქმნა, როგორც ჩვენ.”

 

kanzi bonobo lexigram symbols
მკვლევარი სიუ სავაჟ-რამბო ეხუტება ჯუჯა შიმპანზეს, სახელად კანზის, ატლანტის ენების კვლევის ცენტრის მოსწავლეს, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა ენის აღქმისა და სინტაქსის გამოცდაში. კანზი 1980 წელს დაიბადა და აიოვაში მდებარე მაიმუნების ენისა და ინტელექტის შემსწავლელი ორგანიზაციის, Great Ape Trust-ის მიხედვით, მსოფლიოს უდავო ჩემპიონია მაიმუნების ენის ცოდნაში. ის პირველი მაიმუნი იყო, რომელიც ბავშვის მსგავსად თავის ენას ავითარებდა და აფართოებდა, ასევე პირველი მაიმუნი, რომელმაც გამოავლინა, რომ ინგლისური ენის აღქმა შეეძლო. სინტაქსის სწავლა უფრო რთულია, ვიდრე ცალკეული სიტყვებისა, რადგან მოითხოვს სიტყვებს შორის კავშირის გააზრებას. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, კანზის უნარები ამით არ მთავრდება – მას შეუძლია ქვის იარაღების დამზადება და სრულად ესმის თამაში Pac-Man.

 

azy orangutan
1996 წელს ჩატარებული კვლევის დროს ორანგუტანი, სახელად აზი ირჩევს ვაშლის სიმბოლოს ეკრანზე, მას შემდეგ, რაც მეცნიერი მას ვაშლის ნაჭერს უჩვენებს. National Geographic-ის ჟურნალის მიხედვით, “აზი არამარტო უკავშირებს თავის ფიქრებს აბსტრაქტულ სიმბოლოებს, არამედ ახდენს ე.წ. გონების თეორიის დემონსტრაციას და აკეთებს ლოგიკურ, დაფიქრებულ არჩევანს. ამით ის აჩვენებს, რომ საკმარისად აქვს გონებრივი მოქნილობა, რაც ხშირად აკლიათ შიმპანზეებს.” ეკრანზე დაახლოებით 70 სიმბოლოა და მათ არ აქვთ ვიზუალური კავშირი იმასთან, რასაც წარმოადგენენ. სიმბოლოები 7 კატეგორიად იყოფა: საკვები, ხალხთა საკუთარი სახელები, ზმნები, ზედსართავი სახელები, არაბული რიცხვები, სხვა ობიექტები და ორგანგუტანთა სახელები. მართალია, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა მაიმუნი სიმბოლოებით გადმოსცემს აზრებს, მაგრამ აზის მიღწევა მიანიშნებს, რომ ადამიანების გარდა სხვა სახეობებსაც შეუძლიათ განსაზღვრება მისცენ ისეთ სიმბოლოებს, რომლებიც ერთი შეხედვით უაზრო და უმნიშვნელოა.

 

gorillas wild tools
კონგოს ეროვნულ პარკში მდედრი დაბლობის გორილა სასიარულო ჯოხს იყენებს, რათა წყლის სიღრმე გაზომოს. ეს ქცევა, რომელიც ჟურნალმა “PLoS Biology”-მ დააფიქსირა 2005 წელს ჩატარებული კვლევისას, გახდა პირველი მტკიცებულება იმისა, რომ ველურ ბუნებაში გორილები იარაღს იყენებენ. კიდევ უფრო ადრე მეცნიერები აკვირდებოდნენ შიმპანზეებს, ბონობოებსა (ბონობო – ჯუჯა შიმპანზე) და ორანგუტანებს, როგორ იყენებდნენ იარაღებს. მაშინ მიიჩნეოდა, რომ გორილებს ეს უნარი დაკარგული ჰქონდათ, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა. ბოლოს და ბოლოს, გორილები ყველაზე მსხვილი და ძლიერი მაიმუნები არიან და მათ შეუძლიათ, თხილი უბრალოდ კბილით გატეხონ ან ტერმიტების ბუდე ტორებით დაშალონ, იარაღის გამოყენების გარეშე. კვლევის საბოლოო დასკვნის მიხედვით, “დაკვირვება გვაჩვენებს, რომ იარაღის მოხმარებისთვის საჭირო ინტელექტი ჯერ კიდევ მაშინ განვითარდა, სანამ გორილას წინაპრები გამოეყოფოდნენ ადამიანებსა და სხვა დიდ მაიმუნებს. ეს კი თავის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ინტელექტი მხოლოდ ადამიანისთვის არაა დამახასიათებელი.” გორილები სხვა დიდ მაიმუნებთან შედარებით ნაკლებად სხარტ არსებებად მიიჩნეოდნენ, თუმცა ამ აღმოჩენებმა ეს მოსაზრება გააქარწყლა.

 

chimps spears
მაიმუნების მკვლევარს, ჯილ პრუტცს, უჭირავს ხის ტოტი, რომელიც დამუშავებულია შიმპანზეს მიერ და გამოიყენება შუბის მსგავსად. პრუტცი ერთ-ერთია იმ მეცნიერთაგან, რომელიც დაფინანსებას იღებს National Geographic Society-ის სამეცნიერო კვლევა-ძიების კომიტეტისგან. ის იმ სამეცნიერო ჯგუფის წევრი იყო, რომელიც 2007 წელს სენეგალში გაემგზავრა და და განახორციელა პირველი მეცნიერული დაკვირვება შიმპანზეებზე, თუ როგორ ამზადებენ და იყენებენ სხვა ძუძუმწოვრებზე სანადირო იარაღებს. მკვლევარებმა კადრზე აღბეჭდეს, როგორ გარდაქმნიდნენ ველური შიმპანზეები ჩვეულებრივ ჯოხებს სანადირო “შუბებად”, რომლებითაც შემდეგ პატარა პრიმატებზე ნადირობდნენ. 2007 წელს 22 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. მეცნიერ ტომას ბროიერის თქმით, მათი ასეთი ქცევა აჩვენებს, რომ პრობლემების გადაწყვეტის უნარი მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული, ისევე როგორც მონადირე-შემგროვებლებს ჰქონდათ. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან პირველყოფილი ადამიანებიც სავარაუდოდ ასე იქცეოდნენ ხორცის მოსაპოვებლად და მუცლის შესავსებად.

 

chimps memory test
შიმპანზე, სახელად აიუმუ იწყებს მეხსიერების ტესტის გავლას, რომელიც ეკრანზე გაბნეულ რიცხვებს წარმოადგენს. იაპონიის ქალაქ კიოტოში მდებარე პრიმატების შესწავლის ინსტიტუტის მკვლევარებმა ახალგაზრდა შიმპანზეები დააპირისპირეს მოზრდილი ასაკის ადამიანებთან ხანმოკლე მეხსიერების ორ ტესტში. შიმპანზეებმა აშკარა უპირატესობით გაიმარჯვეს (ვიდეო). შიმპანზეები არამარტო უკეთ იმახსოვრებენ, არამედ უფრო სწრაფებიც არიან. ეს იყო დიდი გამოწვევა უამრავი ადამიანისთვის, მათ შორის მეცნიერთა გარკვეული ნაწილისთვისაც, რომლებსაც მტკიცედ სჯეროდათ, რომ ადამიანები შიმპანზეებს აღემატებიან ყველანაირ შემეცნებით (კოგნიტიურ) ფუნქციებში. კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ტეცურო მაცუზავამ, განაცხადა, რომ ისიც კი გაოცებული იყო შედეგებით. მაცუზავა პიონერია შიმპანზეების გონებრივი შესაძლებლობების შესწავლის სფეროში.

 

წყარო : charliuss.com

Back to top button