არქივი

ნიკოლა ტესლას წინასწარმეტყველებები 21-ე საუკუნეზე

tesla
1930-იან წლებში New York Times-ის, Time-ისა და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები რეგულარულად სტუმრობდნენ ნიკოლა ტესლას, რომელიც იმ დროს მანჰეტენში მდებარე სასტუმრო Governor Clinton-ის მეოცე სართულზე ცხოვრობდა. მეცნიერი მათ უამბობდა თავის პირველ გამოგონებებზე, ასევე უზიარებდა მოსაზრებებს, თუ როგორ წარმოედგინა მომავალი.

 

განსაკუთრებით საინტერესოა 1935 წლის 9 თებერვალს ჟურნალ Liberty-ში გამოქვეყნებული სტატია. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ ჰგავდა იმ პერიოდში მრავლად დაბეჭდილ უბრალო ინტერვიუებს. გერმანელ-ამერიკელმა ჟურნალისტმა სილვესტერ ვაირეკმა სხვადასხვა დროს ინტერვიუ აიღო ისეთი ცნობილი ადამიანებისგან, როგორებიც იყვნენ ალბერტ აინშტაინი, თეოდორ რუზველტი და ადოლფ ჰიტლერი. სწორედ მისი დამსახურებით შემორჩა კაცობრიობას ერთ-ერთი უდიდესი გამომგონებლის წარმოდგენები 21-ე საუკუნეზე.

● აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს შექმნამდე ჯერ კიდევ 35 წელი იყო დარჩენილი, მაგრამ ტესლამ იცოდა, რომ შემდეგი 100 წლის განმავლობაში მსგავსი რამ აუცილებლად შეიქმნებოდა.

— ჰიგიენა და ფიზიკური კულტურა მთავრობის მიერ აღიარებული დარგები გახდება. 2035 წელს აშშ-ის პრეზიდენტისთვის ჰიგიენისა და ფიზიკური კულტურის სამდივნო გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ომის სამდივნო. გარემოს იმ მასშტაბით დაბინძურება, როგორიც დღეს ნიუ-იორკშია, მიუღებელი იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, ისევე როგორც ჩვენი ცხოვრებაა წარმოუდგენელი წყალსადენების გარეშე. წყლის მიწოდებას უფრო ყურადღებით მოეპყრობიან და მხოლოდ მთვარეული თუ დალევს გაუფილტრავ წყალს.

● ტესლას წარმოდგენილ სამყაროში ადამიანებისთვის პრიორიტეტი იქნებოდა მეცნიერული აღმოჩენები და არა ომი.

— დღესდღეობით ცივილიზებული ქვეყნების უმეტესობა შემოსავლის მაქსიმუმს ხარჯავს ომზე და მინიმუმს – განათლებაზე. 21-ე საუკუნე ამ დამოკიდებულებას შეცვლის. ომის ველზე დაღუპვაზე უფრო ღირსეული საქმე უცოდინრობასთან ბრძოლა გახდება. ახალი მეცნიერული რეალობის აღმოჩენა თავისი მნიშვნელობით დიპლომატების კინკლაობაზე წინ დადგება. ჩვენი დროის გაზეთებიც კი მეცნიერულ აღმოჩენებსა და ახალი ფილოსოფიური იდეების გაჩენას უკვე ახალ ამბებად აღიქვამენ. 21-ე საუკუნის გაზეთებში კრიმინალი და პოლიტიკური დაძაბულობა ბოლო გვერდებზე გადაინაცვლებს, პირველი გვერდის სათაურები კი ახალ მეცნიერულ ჰიპოთეზებს დაეთმობა.

● სიცოცხლის ბოლო წლებში ტესლამ ადამიანის ოპტიმალურ დიეტაზეც შეიმუშავა თავისი თეორია. ის მიირთმევდა უფრო მეტ რძესა და თაფლს, თვლიდა, რომ ეს ორი რამ იყო ყველაზე სუფთა საკვები. 1940-იანებში ტესლამ წონა დაკარგა და საკმაოდ გახდა, რამაც ხელი შეუწყო იმ აზრის გავრცელებას, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში მეცნიერს საარსებო სახსრებიც აღარ ჰქონდა.

— უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება ან დაავადდება დაბინძურებული წყლით, ვიდრე ყავისგან, ჩაისგან, თამბაქოსგან და სხვა სტიმულანტებისგან. მე პირადად ყველა სტიმულანტს თავს ვარიდებ. ასევე ვერიდები ხორცს. მჯერა, რომ შემდეგ საუკუნეში ყავა, ჩაი და თამბაქო პოპულარული აღარ იქნება. თუმცა ალკოჰოლი ისევ ხმარებაში იქნება. ის არა სტიმულანტი, არამედ სიცოცხლის ელექსირია. სტიმულანტების აკრძალვა ძალის გამოყენებით არ მოხდება. უბრალოდ მოდაში აღარ იქნება ორგანიზმის მოწამვლა საშიში ინგრედიენტებით. ბერნარ მაკფადენმა აჩვენა, როგორ შეიძლება გემრიელი დიეტის მიღება ისეთი ბუნებრივი პროდუქტებით, როგორიცაა რძე, თაფლი და ხორბალი. მჯერა, რომ საკვები, რომლებსაც მის რესტორანში ამზადებენ, ოცდამეერთე საუკუნეში საყოველთაო გახდება. საკმარისი ხორბალი იქნება იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო გამოიკვებოს, მათ შორის ინდოელი და ჩინელი მოსახლეობა, რომლებიც ამჟამად შიმშილის ზღვარზე არიან.

● ტესლა რობოტიკაში 1890-იანები ჩაება, როცა დააპატენტა შორიდან კონტროლირებადი ნავი, ამ გამოგონებამ შოკში ჩააგდო 1898 წლის გამოფენაზე მედისონ-სკვერ-გარდენში მისული მნახველები.

— ამჟამად ჩვენს ცივილიზაციაში არეულობაა, რადგან მანქანების ეპოქას ჯერ ვერ მივესადაგეთ. პრობლემების აღმოფხვრის გზა არა განადგურებაში, არამედ მექანიზმების დამორჩილებაშია. უამრავი რამ, რასაც ამჟამად ადამიანები აკეთებენ, შესრულდება მანქანების მიერ. ამერიკელი მეცნიერები ცდილობენ ლაბორატორიაში შექმნან ე.წ. „მოაზროვნე მანქანა”. მე ვიცოდი, რომ ასეც მოხდებოდა. რამდენიმე «რობოტი» მეც მაქვს შექმნილი. 21-ე საუკუნის რობოტები კი იმ ადგილს დაიკავებენ, რომლებიც ანტიკურ ცივილიზაციებში მონებს ეკავათ. ეს გაათავისუფლებს კაცობრიობას და დაეხმარება მისწრაფებებისკენ სვლაში.

— შემდეგი საუკუნის დადგომამდე ტყის მასივების აღდგენა და ბუნებრივი რესურსების მეცნიერული განკარგვა ბოლოს მოუღებს გამანადგურებელ გვალვებს, მასიურ ხანძრებსა და წყალდიდობებს. წყლის ძალის გამოყენება და მისი შორ მანძილებზე გადაცემა გამოიწვევს ენერგიის საფასურის შემცირებას და საწვავი მასალის მნიშვნელობის შემცირებას. გადარჩენისთვის ბრძოლა ისეთი მწვავე აღარ იქნება, განვითარება კი იდეალური ხაზით უფრო წავა, ვიდრე მატერიალურით.

ნიკოლა ტესლას ბევრი გამოგონების საჭიროება დღეს უფროა აღიარებული, ვიდრე წარსულში. მისი იდეები მომავალ სრულყოფილ სამყაროზე შესაძლოა ცოტა უცნაური იყო, თუმცა მან სწორად განჭვრიტა, რას დააფასებდნენ 21-ე საუკუნეში – სუფთა ჰაერი, ჯანსაღი საკვები და მოაზროვნე მანქანები.

 

წყარო : charliuss.com

Back to top button