არქივი

იაპონური კომპანია კოსმოსურ ლიფტს 2050 წლისთვის გვპირდება

26372 4f5a06df1c263
იაპონური სამშენებლო კომპანია “ობაიაში კორპორეიშნი” გვპირდება, რომ 2050 წლისთვის კოსმოსურ ლიფტს აამოქმედებს.

როგორც გაზეთი “დეილი იომიური” იუწყება, კოსმოსური ლიფტით შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრების გადაყვანა, ასევე კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ატანა. ტრანსპორტირება სპეციალური ვაგონით განხორციელდება, რომელიც ნახშირბადოვანი ნანომილაკებისგან შემდგარ კაბელზე იმოძრავებს. ლიფტის მეშვეობით, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე არსებული მანძილის მეოთხედის გავლა იქნება შესაძლებელი.

ზედა სადგური ზღვის დონიდან 96 000 კილომეტრის სიმაღლეზე მოთავსდება, რომელიც იმავდროულად, საპირწონის მოვალეობასაც შეასრულებს. სწორედ ამ სადგურს მოუწევს 96 000 კილომეტრის სიგრძის კაბელის წონის გაძლება. მაგრამ მგზავრები და ტვირთები ამ სადგურამდე არ ავა (ზედა სადგურამდე ლიფტი მხოლოდ რემონტის საჭიროების შემთხვევაში ავა). მას მხოლოდ დამხმარე დანიშნულება ექნება. ზღვის დონიდან 36 000 კილომეტრის სიმაღლეზე, სადგური ტერმინალი მოთავსდება, რომელშიც საკვლევი ცენტრი და ასტრონავტების საცხოვრებელი იქნება ინტეგრირებული. ვაგონის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს მიაღწევს, ამ სიჩქარით სადგურამდე მისაღწევად კი მას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

სადგური ტერმინალი აღიჭურვება მზის ელემენტების ბლოკით, რომელიც ლიფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ენერგიასაც გამოიმუშავებს და ჭარბ ენერგიას ხმელეთზე გამოაგზავნის. ამასთან შესაძლებელია, რომ კაბელის ზედა ნაწილში, მზის ელემენტების რამდენიმე ქვესადგური განთავსდეს.

აღსანიშნავია, რომ კოსმოსური ლიფტის იდეა ჯერ კიდევ 1895 წელს დაიბადა, როდესაც რუსმა მეცნიერმა კონსტანტინ ციოლკოვსკიმ ეიფელის კოშკი იხილა. მან წამოაყენა ორბიტაზე გეოსტაციონარული სადგურის მოწყობის იდეა, რომელსაც მეცნიერები კოშკისა და მასში მოთავსებული ლიფტის საშუალებით მიაღწევდნენ. მაგრამ მაშინ არსებული ტექნოლოგიები, ამ იდეის განხორციელების საშუალებას არ იძლეოდა და ამიტომ, ის სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში “დაასაწყობეს”. თუმცა, ბოლო წლებში, ნანოტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე, მეცნიერებმა ციოლკოვსკის იდეა გაიხსენეს და გარდა იმისა, რომ მას რამდენიმე კონფერენცია მიუძღვნეს, რამდენიმე კომპანიამ და NASA-მაც კი, შესაბამისი, რეალური პროექტების შემუშავება დაიწყეს.
კოსმოსური ლიფტის შექმნასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა, მსუბუქი და მტკიცე კაბელის შემუშავებაა, რომელმაც საკუთარ სიმძიმესაც უნდა გაუძლოს და ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციაც უზრუნველყოს. “ობაიაშის” სპეციალისტები თვლიან, რომ ასეთი კაბელის შესაქმნელად, ნანომილაკები მისწრება იქნება. თუმცა, პროექტის განხორციელებამდე, კიდევ არაერთი ტექნოლოგიური გარღვევა იქნება საჭირო.

“ობაიაშის” სპეციალისტებს ჯერ არ დაუდგენიათ, თუ რა დაჯდება კოსმოსური ლიფტის მშენებლობა. თუმცა კომპანია ირწმუნება, რომ ლიფტით ერთდროულად 30 ადამიანის და აუცილებელი ეკიპირების გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამასთან, ლიფტს მამოძრავებელ ძალას მაგნიტურ ხაზოვანი ელექტროძრავები მიანიჭებს.

“ობაიაში” არ აკონკრეტებს, თუ სად შეიძლება განთავსდეს ლიფტის ქვედა, საბაზო სადგური. თუმცა, ცნობილია, რომ პლანეტის ბრუნვის გამო და იმისათვის, რომ კაბელი მუდმივად დაჭიმულ მდგომარეობაში იყოს, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება, თუ სადგური ეკვატორულ ზოლში აიგება.

წყარო: 24saati.ge

Donna

Me Var !

მსგავსი ამბები

Back to top button