გასართობისაკითხავისასარგებლო

როგორ დავაღწიოთ თავი ზამთრის დეპრესიას

ზამთრის მოახლოებისთანავე გვესმის გარშემომყოფთა წუწუნი:  „დაიწყო ჩემი დეპრესიის პერიოდი“,  „ვერ ვიტან ზამთარს“ და მისთანანი. გასაკვირი არაფერია, რადგან ზამთარში ადამიანთა უმრავლესობა სეზონური დეპრესიით იტანჯება.   ამ სიმპტომებიდან რამდენიმე მაინც ალბათ ყველას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი: ენერგიის ნაკლებობა, მუდმივი გადაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, დაბნეულობა, საკვებისა და ტკბილეულის მიმართ ძლიერი ლტოლვა, გაღიზიანება და ცუდი განწყობა. ექიმები ზამთრის დეპრესიას „სეზონურ ემოციურ დარღვევებს“(SAD – Seasonal Affective Disorder) მიაკუთვნებენ.

ზამთრის დეპრესიას, ძირითადად,  ცივი ქვეყნების მაცხოვრებლები უჩივიან. კვლევებით დადასტურებულია, რომ  ამ ემოციურ მდგომარეობას  ქალები მამაკაცებზე 2–ჯერ ხშირად განიცდიან. სეზონური დეპრესიის მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შემოდგომა–ზამთრის პერიოდში დღის ხანგძლივობის შემცირებაა,  რადგან მზის სხივების ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ჰოპოთალამუსის(ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა განწყობა, ძილი, მადა,სექსი  და ა.შ.) მუშაობაზე, არღვევს მელატონინის („ძილის ჰორმონი“) ბალანს , და აფერხებს სეროტონინის („ბედნიერების ჰორმონი“) გამოყოფას.

ზამთრის დეპრესიის ნიშნები, როგორც წესი,  ვლინდება შემოდგომის დასაწყისში, როდესაც საგრძნიბლად მოკლდება დღის ხანგძლივობა,  ხოლო  ადრეულ გაზაფხულზე ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება.  ზამთრის დეპრესია ადამიანებზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს: ზოგს იგი ძალიან მძიმედ გადააქვს, ხოლო ადამიანთა უმრავლესობის შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე მსუბუქი სიმპტომი ჩენს თავს.

რა უნდა გავაკეთოთ , რათა თავიდან ავიცილოთ ზამთრის დეპრესია  ან მნიშვნელოვნად შევამციროთ მისი სიმპტომების სიძლიერე?

1)      რაც შეიძლება ხშირად ისეირნეთ: გარდა იმისა, რომ აგიმაღლდებათ განწყობა, დღის სინათლე D ვიტამინის გამოყოფას უწყობს ხელს, რომლის ნაკლებობაც დეპრესიას და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.

2)      შექმენით დღის შუქის იმიტაცია: გაყიდვაშია სპეციალური, სრული სპექტრის  ნათურები, რომლებიც უზრუნველყოფს ინტენსიური დღის სინათლის გამოყოფას. შემოდგომა–ზამთრის პერიოდში რეკომენდებულია მათი განათების ქვეშ 30–90 წუთით ყოფნა (მაგ.ასეთი განათების ქვეშ კითხვა, ან მუშაობა).

3)      რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ და დაიტვირთეთ ფიზიკურად: ვარჯიშები და მოძრაობა სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, განწყობის ამაღლებაზეა პასუხისმგებელი. განსაკუთრებით სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ვარჯიში: ამით თქვენ ზამთრის დეპრესიას ორმაგ დარტყმას მიაყენებთ.

4)      იკვებეთ დაბალანსებულად და ჯანსაღად: ასეთი დიეტა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ენერგია, გაიუმჯობესოთ განწყობა და არ მოგცემთ ზედმეტი კოლოგრამების დაგროვების საშუალებას. მიირთვით სხვადასხვაგვარი ხილი და ბოსტნეული, რაც საჭირო ვიტამინების მიღებაში დაგეხმარებათ. D ვიტამინის საუკეთესო წყაროებია: ცხიმოვანი თევზი ( ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი და ა.შ.), კვერცხის გული (რომლის მიღება კვირაში რამდენჯერმეა რეკომენდებული). სეროტონინის გამოყოფას  ხელს უწყობს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: ხორცი, თევზი, ლობიო, კვერცხი და B ვიტამინით მდიდარი საკვები.

5)      შეიქმენით განწყობა: მეგობრეთან ერთად სეირნობა, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, ახალი ნაცნობობა და ქალაქგარეთ გასვლები დაგეხმარებათ კარგი განწყობის შენარჩუნებაში. ძილის წინ მოიმზადეთ აბაზანა სურნელოვანი ზეთებით და  ასე განთავსისუფლდით დღის მანძილზე დაგროვილი სტრესისგან.

მოკლედ, უამრავი ხერხი არსებობს ზამთრის დეპრესიისგან თავის დასაღწევად: მთავარია არ დავნებდეთ და არ მივცეთ ზამთარს ჩვენი განწყობის გაფუჭების უფლება.

თეგები

filosofia

მე ვარ მე :)

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close