ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

ჯენის ჯოპლინი ორსახოვანი ქალღმერთი

ჯენისი 1943 წელს დაიბადა ტეხასში – შტატში, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ყვაოდა ბლუზი, ჯაზი, ქანთრი მუსიკა თუ გოსპელ კულტურა. ბავშვობაში აქტიურად უსმენდა ბილი ჰოლიდის, ბიგ მამა თორნტონს და Texas Blues-ისა და რიტმ ენდ ბლუზის სხვა გამოჩენილ შემსრულებლებს.სკოლაში საქმეები მთლად კარგად ვერ მისდიოდა. თანაკლასელები ხშირად დასცინოდნენ, რადგან ცუდად გამოიყურებოდა – ზედმეტი წონისა და კანის პრობლემა აწუხებდა. ისინი, რა თქმა უნდა, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ როკის მომავალ ქალღმერთთან ერთად იღებდნენ განათლებას… უკვე პოპულარულმა ჯოპლინმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სკოლის დამთავრებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ შეკრებაზე მისვლა სურდა, რათა მის თანასკოლელებს დაენახათ, რამდენს მიაღწია ადამიანმა, რომელსაც ისინი ცუდად ეპყრობოდნენ.

17 წლისა იყო, როდესაც ამღერდა. ჯერ ფოლკლორს ასრულებდა, მერე კი რამდენიმე მეგობარი შეიძინა, რომლებმაც ე.წ. “შავი მუსიკა” ცოცხლად მოასმენინეს. ბლუზი, ჯაზი – ეს ის იყო, რაც ჯოპლინს ყველაზე დიდი სასიცოცხლო ენერგიით მუხტავდა. მანამდე, სანამ ალკოჰოლს მიეძალებოდა და ჰეროინს აღმოაჩენდა.კოლეჯში ყველასგან გამოირჩეოდა – დადიოდა ფეხშიშველი; მუდამ თან დაჰქონდა მუსიკალური ინსტრუმენტი, ავტოარფა, რათა ემღერა, როდესაც მოუნდებოდა; რამდენიმე კონცერტზეც გამოვიდა, თუმცა იმხანად ცნობილი მომღერალი ნამდვილად არ ეთქმოდა. ნარკოტიკებს კი ახალგაზრდობიდანვე შეეჩვია, რამაც დროთა განმავლობაში ღრმა კვალი დაატყო მის ცხოვრებას.1966 წელს ის ჰიპებს შორის მეტ-ნაკლებად პოპულარულ ბენდში, Big Brother and the Holding Company-ში, მოხვდა. მუსიკოსებმა საკმაოდ კარგად აუღეს ალღო ჯოპლინის ვოკალს და ერთად რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვან კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. ნელ-ნელა ჯოპლინი უბრალო ვოკალისტობიდან ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. თუ ბენდის აფიშებზე მისი სახელი თავდაპირველად გამოკვეთილი არ იყო, ცოტა ხანში წარწერა “Big Brother and the Holding Company” “Janis Joplin and Big Brother and the Holding Company-თ შეიცვალა.1967-ში ჯგუფი მონტერეის პოპფესტივალზე გამოვიდა. ეს იყო ჯენის ჯოპლინის პირველი მტკიცე ნაბიჯი ვარსკვლავობისკენ. გამოსვლას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მონტერეიდან მცირე ხნის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი გამოუშვეს. ამას მოჰყვა კონტრაქტები, ტურები შტატების სხვადასხვა ქალაქში, ბევრი კარგი გამოსვლა, მათ შორის – ისეთი მუსიკოსების გვერდითაც, როგორებიც იყვნენ ჯიმი ჰენდრიქსი, ბადი გაი და ჯონი მიტჩელი. ნელ-ნელა ჯოპლინმა პრესის ყურადღებაც მიიპყრო. მასზე თითქმის ყველგან წერდნენ, ჟურნალმა Vogue-მა კი ჯენისი ყველაზე ძლიერ ქალ როკვოკალისტადაც კი დაასახელა.სამწუხაროდ, რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევდა, ნარკოტიკებსაც მით მეტად მოიხმარდა. მისი ბენდის წევრები ამბობდნენ, რომ ჯოპლინში ორ სხვადასხვა ადამიანს ხედავდნენ: ერთი მხიარული, ოდნავ შეშლილი და ძალიან თამამი გოგო იყო, სცენაზე ნამდვილ შოუს რომ დგამდა, მეორე კი – სრულიად სხვანაირი, ჩაკეტილი და მარტოსული არსება, რომელსაც საკუთარი გარეგნობის კომპლექსი ტანჯავდა და გამუდმებით პრობლემები ჰქონდა მეგობრებთან. როგორც ჩანს, ჯენისი სწორედ ამ პრობლემებისგან გასაქცევად ეძალებოდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს.1969 წელს პოპულარობის პიკზე მყოფმა ჯენისმა მიატოვა “Big Brother and the Holding Company” და სოლო კარიერას მიჰყო ხელი. შექმნა ახალი ბენდი და ლეგენდარულ ვუდსტოკის ფესტივალზე ერთ-ერთ ჰედლაინერად გამოვიდა. ნარკოტიკებით იყო გაბრუებული და სცენაზე ათას სისულელეს სჩადიოდა, სიმთვრალის გამო რამდენიმეჯერ ხმაც ჩაუწყდა, თუმცა ყველაფერი მაინც იმდენად კარგი გამოვიდა, რომ სცენიდან გასვლის შემდეგ ბისზე სიმღერაც კი მოუხდა. თავად ჯოპლინი არ იყო კმაყოფილი ვუდსტოკის გამოსვლით, ამიტომ მისი წარმოდგენის უდიდესი ნაწილი ფესტივალის ოფიციალურ ვიდეოში არ შესულა.

1970 წლის 3 ოქტომბერს მომღერალი სტუდიაში იმყოფებოდა და ძალიან კმაყოფილი იყო ალბომის ჩაწერის პროცესით. ბენდთან ერთად ის ერთ-ერთ კომპოზიციაზე მუშაობდა. ბედის ირონიით, კომპოზიციას “Buried Alive in Blues” (“ბლუზში ცოცხლად დამარხული”) ერქვა. მუსიკოსები შეთანხმდნენ, რომ ჯენისის ვოკალს მეორე დღეს, 4 ოქტომბერს ჩაწერდნენ, მაგრამ საბოლოოდ ალბომში კომპოზიციის ვოკალის გარეშე შეტანა მოუხვდათ, რადგან 4-ში, შუადღისას, ჯოპლინი საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ჰეროინის ზედმეტი დოზა იყო. ოქტომბრის პირველ კვირას ამავე მიზეზით ლოს ანჯელესში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც ამბობენ, მათ და ჯენისს ერთი და იგივე ნარკოდილერი ამარაგებდა, რომელმაც ზედმეტად “ძლიერი” ჰეროინი გაყიდა.ალბათ ღირს იმის აღნიშვნაც, რომ ჯენის ჯოპლინი ლეგენდარული გიტარისტის, ჯიმი ჰენდრიქსის სიკვდილიდან ზუსტად 16 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ორივე ნარკოტიკებისგან დაიღუპა და ორივენი სულ რაღაც 27 წლის იყო.

ჯოპლინის სხეულს კრემაცია გაუკეთეს, ფერფლი კი კალიფორნიის ერთ-ერთ სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში, მიმოაბნიეს თვითმფრინავიდან. ამ რიტუალით ის თითქოს სამყაროს შეერწყა.ეს და ჩემს მიერ მომზადებული პოსტი ჯიმიზე შეესაბამება ერთმანეთს
ჯენისი უნიკალური იყო – ხმის ტემბრით, სასცენო მოძრაობებით, ბრწყინვალე ვოკალური ფრაზებით, მაგრამ მის შემოქმედებაში მთავარი სიმღერის ტექნიკა კი არა, ის ენერგიაა, რომლითაც ჯოპლინი მილიონობით ადამიანს აკვირვებდა და აყვარებდა თავს. სიმღერის დროს ის ნამდვილი იყო: მეამბოხე, მხიარული, გიჟური… მაგრამ ნამდვილი იყო სცენის გარეთაც, როცა მოიღუშებოდა, თავს მარტოსულად იგრძნობდა და ალკოჰოლს მიეძალებოდა.
აი, ასეთი იყო როკის ორსახოვანი ქალღმერთი ჯენის ჯოპლინი – პირველი როკვარსკვლავი ქალი.
ვარსკვლავი, რომელიც 27 წლისა ჩაქრა.

წყარო:ჯოპლინის ოფიციალური ვებ გვერდი,მე,სხვადასხვა ფორუმები

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close